აფხაზეთის ომის შედეგ 2003 წლამდე ყველა ნაბიჯზე შეხვდებოდით ბანერს წარწერით: “დავიბრუნოთ აფხაზეთი”. 2003 წლის შემდეგ ეს წარწერა შეიცვალა: “გვახსოვდეს აფხაზეთი”- ით. ახლა აგვისტოა, ჩვენი ქვეყნისთვის საბედისწერო თვე, და უკვე რამდენიმე დღეა, ტელეფონზე გზავნილები მოდის: “გვახსოვდეს გმირები _ რუსეთი ოკუპანტია”… ფაქტია: ტექსტები, ასე ვთქვათ, დეგრადაციას განიცდის, მაგრამ მხოლოდ ტექსტები რომ იყოს, არ შეშფოთდებოდა ადამიანი _ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე სულ უფრო იშვიათად საუბრობენ პოლიტიკოსები… შემოდგომაზე მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ამომრჩეველი ისმენს ყველანაირ დაპირებას, რისი მოსმენაც შეიძლება და არ შეიძლება, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი პარტია და არც ერთი ლიდერი უკვე აღარ საუბრობს დაკარგულის დაბრუნებაზე, თუნდაც დაბრუნების მცდელობის გეგმაზე. “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე:
_ ტექსტების დინამიკა და პათოსი მართლაც იცვლება, მართლაც ვართ მოწმენი იმისა, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პათოსიდან მხოლოდ ხსოვნაზე გადავედით. დღეს საქართველოს არ შეუძლია, ძალისმიერი მეთოდით დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა. საქართველოს პოლიტიკური ელიტა გამოუცდელი იყო, რადგან ის საბჭოთა კავშირის ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენდა და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებდა. იმჟამინდელი პოლიტიკური ელიტა არ ფლობდა ინფორმაციას, რომელიც საერთაშორისო პროცესებთან იყო დაკავშირებული.
სიმართლე გითხრათ, იმჟამინდელ მოვლენებს დღეს უკვე სხვანაირად აღვიქვამ _ ქართველები გულუბრყვილონი ვიყავით. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა მარტივი არ არის, ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-საქართველოს შორის გადასაწყვეტი საკითხი, ის გლობალურია. გადავხედოთ ისტორიას. როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი ბორის ელცინი ანგარიშვალდებული იყო ამერიკის პრეზიდენტის წინაშე. ახლახან ვთარგმნე ევგენი პრიმაკოვის წიგნი “რვა თვე პლუს”, რომელშიც შესანიშნავადაა აღწერილი, როგორ არ იყო რუსეთი სუვერენული და ელცინი როგორ აბარებდა ანგარიშებს ამერიკის პრეზიდენტს. ჩვენ ვიცით ისიც, რომ ელცინს ორი ჰარვარდელი პროფესორი ჰყავდა მრჩევლად, რომელთა მითითებებსაც უსიტყვოდ ასრულებდა. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა გლობალურ ჭრილშია განსახილველი. ის, რაც მოხდა 1992-93 წლებში, არც რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა… წლები გადიოდა და ეს პრობლემა უფრო და უფრო იხლართებოდა, ამიტომ მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს აღნიშნული პრობლემის გადაჭრა არ შეუძლიათ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება დასავლეთსა და რუსეთს შორის, ამერიკასა და რუსეთს შორის. რუსებმა თავის დროზე ვერანაირი მექანიზმი ვერ გამონახეს ნატოს გაფართოების წინააღმდეგ, გარდა ბრუტალური ხერხებისა, რომლებშიც საქართველო მოყვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ინფორმაციას არ ვფლობდით და გამოუცდელები ვიყავით. ქართველები ემოციურები ვართ და ბევრი შეცდომაც სწორედ აქედან მომდინარეობს.
_ ამბობთ, რომ იმჟამინდელ ხელისუფლებასა და პოლიტიკოსებს გამოცდილება არ ჰქონდათ, რადგან წლების განმავლობაში დამოუკიდებლები არ ვიყავით, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ახლა ყველა ხელისუფალი ტრაბახობს, რომ სუვერენულ ქვეყანას მართავს, მაგრამ უკვე მეათე მოწვევის პარლამენტს ვირჩევთ და, სამწუხაროდ, დღეს თითქმის არავინ აღარ ლაპარაკობს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ამ პრობლემის მოგვარებაზე არ უფიქრია, არც ერთს არ აქვს პროგრამაში ამ პრობლემის გადაჭრის გზა…
_ როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა, რადიკალური ზომებით გადაეჭრა ტერიტორიული პრობლემები, ვნახეთ, რა უკუშედეგი მივიღეთ. არსებობს ბიბლიური ჭეშმარიტება _ “არის დრო ქვების შეგროვებისა და არის დრო ქვების განბნევისა”. საქართველომ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც რადიკალური ზომები მიიღო. ეს სააკაშვილმა თვითონაც კარგად იცოდა. ის ქართულ თამაშს არ თამაშობდა, დიპლომატიური ურთიერთობებიც კი გაწყვიტა რუსეთთან, რაც საბოლოოდ დამღუპველი აღმოჩნდა ბევრი მიმართულებით.
_ სააკაშვილის დაწყებული საქმე გრძელდება, არც დღეს ფიქრობენ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე…
_ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა შანსს გვაძლევს, რომ რუსეთს დაველაპარაკოთ, რადგან ომით ჩვენ ვერაფერს ვერ დავიბრუნებთ.
ნაციონალების პოლიტიკაა, აგინონ რუსებს და ჩუმად აკეთონ ცუდი, არაქართული საქმეები. რიგითი მოქალაქე, რომელიც არ არის ვალდებული, ერკვეოდეს პოლიტიკაში, რუსების გინებით გულს იფხანს, მაგრამ აქ გავიხსენებ ილიას სიტყვებს: “ფხანა ქეცმა იცის”… დაკარგული ტერიტორიების საკითხში, გვინდა თუ არა ეს ქართველებს, გადამწყვეტ როლს რუსეთის ფედერაცია თამაშობს.
დღეს გლობალისტურ ძალებს ამერიკის პრეზიდენტი ებრძვის, რაც ჩვენთვისაც მისაღებია. ნაცმოძრაობა და მათთნაირი ჯგუფები გლობალისტებს არიან მიტმასნილი და ამიტომ არ აძლევთ ხელს ტრამპის პოლიტიკის გატარება. თუ ისეთი პოლიტიკა გატარდება, როგორიც ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს სურს, საქართველოს გაუჩნდება შანსი, დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები.
უკვე დიდი ხანია, ვამბობ, რომ საქართველო ნატოში ვერ შევა. 30 წელიწადია, თავს ვიტყუებთ. ჩვენი გადამეტებული მცდელობა ნატოში შესვლისა მუდამ პრობლემას გვიჩენდა.
ამერიკას ჯარები გაჰყავს გერმანიიდან, რადგან პრეზიდენტი თვლის, რომ ნატო წამგებიანი ორგანიზაციაა. სახელმწიფოების ჰეგემონიას აქვს დაღმავალი ციკლი, ტრამპი არის კრიზისმენეჯერი, რომელიც ლაპარაკობს ამერიკის დიდებაზე და ამბობს, რომ მას, შესაძლოა, ამოსუნთქვა სჭირდება. ის ფინანსური მოდელი, რომელიც აქამდე არსებობდა, საპნის ბუშტივით შეიძლება გასკდეს სულ მალე… ამერიკის პრეზიდენტს სურს, უარყოფითი შედეგები თავიდან აიცილოს.
_ ქალბატონო თამარ, წინა შეკითხვას დავუბრუნდები. რატომ არ ახსენებენ ჩვენი პოლიტიკოსები ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას წინასაარჩევნოდ მაინც… მათ ხომ ამ თემაზე ლაპარაკს მაინც არავინ უშლის? პირიქით, ხშირად გვეუბნებიან ჩვენი ე.წ. პარტნიორები, რომ ველაპარაკოთ რუსებსაც, ოსებსაც და აფხაზებსაც?
_ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებაზე გონივრულად უდგება ამ საკითხს და საერთაშორისო პრობლემებსაც, მაგრამ უბედურება არის ის, რომ სააკაშვილმა ცხრა წლის განმავლობაში ისეთი ვითარება დაამკვიდრა, რომ ადამიანები, რომლებიც წინსვლასა და კარიერის აწყობაზე ფიქრობენ, ერიდებიან საჯაროდ საუბარს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე, ეს “წამგებიანი” თემაა. რამდენიმე ხნის წინათ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა: ჩვენ გვინდოდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, მაგრამ ოპოზიცია ამის საშუალებას არ გვაძლევსო. არავის არ უნდა, “რუსეთუმეს” იარლიყი მიაწებონ.
პოლიტიკაში ჯობია, საქმე აკეთო, პოლიტიკას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. ჩვენი ტერიტორების პრობლემა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გლობალურ ჭრილშია გადასაჭრელი და გადაიჭრება კიდეც, მაგრამ საამისოდ ჩვენგანაც სულ მცირე რამაა საჭირო: წინდახედული და გონივრული ქცევა.
_ ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ხელისუფლებები დაკარგულ ტერიტორიებსაც დათმობენ, თუ ნატოში შესვლის რეალური შანსი გაჩნდება, მათ, უბრალოდ, ხალხის რისხვის ეშინიათ…
_ არ არის ასე. ტერიტორიები რომც დათმოს ხელისუფლებამ, ნატოში მაინც ვერ შევალთ, რადგან აქ არის რუსეთის ფაქტორი, ნატოში რუსეთის გამო მაინც არ მიგვიღებენ. 2008 წლის ომი იყო ტესტი, როგორი რეაქცია ექნებოდა რუსეთს. ეს იყო გლობალური ომი, რომელიც სააკაშვილმა გააჩაღა ჩვენს ტერიტორიაზე. საქართველოს ხელისუფლებამ იცის, უარიც რომ თქვას ტერიტორიების დაბრუნებაზე, ნატოში მაინც არ მიიღებენ. დღეს ნატო აქტუალური აღარ არის, რიტორიკა, რომელიც არსებობს, ინერციით მოდის საქართველოში. თქვენ წეღან თქვით, _ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ახლა ყველა ხელისუფალი ტრაბახობს, სუვერენულ ქვეყანას მართავსო და ამაზეც გაგცემთ პასუხს.
სუვერენიტეტის ცნება შეცვლილია. საქართველოს ეუბნებიან, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ხარო, რაც დასავლეთისთვის არის მოხერხებული, თორემ რა სუვერენიტეტზეა საუბარი, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანა აღარ ვართ. ჩვენ ვართ იმ გაერთიანების იდეისა და მოქმედების გამზიარებლები, ვისთანაც ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ დასავლეთის წესებით. ამიტომ აღარ გაგიკვირდეთ ლოზუნგების პათოსის შეცვლაც _ “დავიბრუნოთ აფხაზეთი”-დან, “გვახსოვდეს გმირებამდე”…
_ რომელი ქვეყნის ინტერესშია, რომ ჩვენ ტერიტორიები ვერ დავიბრუნოთ?
_ ეს მარტივია. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვერ გაითვალისწინებს ვერავინ, თუ ჩვენი ქვეყანა თვითონ არ იზუნებს ამაზე. ეს ფაქტი საწყენი არაა, რადგან ყველა ქვეყანა და განსაკუთრებით ჩვენი მეზობლები, თავიანთი ქვეყნებისა და ხალხების ინტერესებზე ზრუნავენ და შესაბამისად მოქმედებენ კიდეც. საქართველომ გამუდმებით უნდა იზრუნოს თავის ინტერესებზე და იფიქროს იმ მატრიცაზე, რომ ჩვენი უპირველესი პრობლემა _ ტერიტორიების დაბრუნება, როგორმე მოახერხოს და შეძლოს. სწორედ ამაშია პოლიტიკის სირთულეც და წარმატებაც. ქართველ პოლიტიკოსებს მოსწონთ ანგლოსაქსების პოლიტიკა, ამიტომ შეხედონ, რა მშვიდად და ლამაზად ახერხებენ ისინი თავიანთი მიზნების განხორციელებას.
საქართველომ თავისი შესაძლებლობების გათვალისწინებით უმტკივნეულო პოლიტიკა უნდა განახორციელოს. დიპლომატია უნდა გვქონდეს ძლიერი, მაგრამ, სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამჟამინდელი კადრებით შორს ვერ წავალთ. საერთოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს პოლიტიკას, ის არის შემსრულებელი, ქვეყნის კურსის გამტარებელი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ქვეყნის კურსსაც სხვა გეგმავს. ეს, ალბათ, საქართველოს ოცდაათწლიანი ისტორიის ბრალია.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი