არასრული ორი კვირაც და არჩევნების წინა ზაფხულიც მიიწურება. ჩვენ ხომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობთ!
სექტემბერიც თვალსა და ხელს შუა შემოგვადნება და დადგება ოქტომბერი, რომელიც გარდატეხის მიჯნად მიგვაჩნია. ასე გვეუბნებიან _ სხვა რეალობაში ვიცხოვრებთო.
თუ მანამდე არ დავჭამეთ ერთმანეთი.
საბოლოოდ.
კოვიდ-19-ის პანდემიით, ყურისძირში სომხეთ–აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირებით, სოციალური მოუწყობლობის, ახალგაზრდების სიცოცხლის ხელყოფისა და კიდევ ბევრი სხვა მოუგვარებელი საკითხით დამძიმებულ ჩვენს ხალხს მაინცდამაინც არ სჯერა საოქტომბრო ლოზუნგებისა და დაპირებების.
გამოცდილება გვაქვს, გაკვეთილები _ გავლილი.
ჩიხია!
სად ვეძებოთ გამოსავალი? არსებობს კი?
დღეს შემოგთავაზებთ ისრაელის ცნობილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწის, ექსპერტ იაკობ კედმის საყურადღებო ანალიზს ამ თემაზე.
საუბარი რუსეთში არსებული იმ პრობლემების ფონზე მიმდინარეობს, რომელთა მსგავსი ამ შემთხვევაში (და, საერთოდ) ჩვენც გვაწუხებს აქ, საქართველოში.
და ღირს დაფიქრებად…
* * *
კედმი ამბობს:
_ რუსეთი, ეს უდიდესი, მრავალეროვნული, მრავალკონფესიური ქვეყანა ვერ იარსებებს, როგორც სახელმწიფო, ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების გარეშე.
წარმოუდგენელია.
დაიშლება.
(მკითხველებს ვთხოვ, აქედანვე ყურადღება გაამახვილონ იმ პარალელებზე, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს უახლეს ისტორიასა და დღევანდელობაში აშკარად არის გამოკვეთილი).
ხალხის როლს თუ შევეხებით, უნდა ვთქვა, რომ ხალხს (მასას) რაციონალური კატეგორიებით აზროვნება არ შეუძლია, ცალკეულ ადამიანებს _ კი. ხალხი შეიგრძნობს, შეგრძნებით აზროვნებს. არჩევნების დროს და ყველა სხვა შემთხვევაშიც. რაციონალურობა არავითარ როლს არ თამაშობს, როცა მთელ ხალხზე ვლაპარაკობთ. შიში იმისა, რომ ხვალ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება დაინგრეს და დაიშალოს, ის კაცი თუ წავა, ჩემთვის კარგად არის ცნობილი.
ამაზე გავიზარდე.
მახსოვს სტალინის უკანასკნელი წელიწადი, უკანასკნელი დღეები, როცა ვგრძნობდი, რომ ყველაფერი დაინგრევა.
ეს შეგრძნება გამართლდა.
არ ყოფილა იგი (ეს შიში) ნააზრევის ნაყოფი _ არც ჩემი, არც ვინმე სხვისი.
რუსეთს არასოდეს ჰქონია ისეთ მცირე ტერიტორია, როგორიც დღეს აქვს (ყირიმის დაბრუნების შემდეგ ცოტა მოიმატა. ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში უფრო ნაკლები იყო).
ისღა გაკლდათ, რომ ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ კიდევ რამე დაგეკარგათ (კედმი რუსეთის მრავალმილიონიან ტელემაყურებელთა მასას მიმართავს).
არასოდეს დამუქრებია რუსეთს, მის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს იმდენი საფრთხე, რამდენიც დღეს: ჩრდილოეთ პოლუსიდან რუსეთის ცენტრამდე მოფრენას თხუთმეტიოდ წუთი სჭირდება, ხვალ _ გაცილებით ნაკლები.
საბჭოთა ხელისუფლების პირველი 10-15 წლის გამოკლებით ქვეყანა ისეთ მტრულ გარემოცვაში არ მოქცეულა, როგორშიც დღეს არის. ასეთია ობიექტური ვითარება. და უშიშროების ამ პრობლემის გადაწყვეტა, ხალხის აზრით, შეუძლია მხოლოდ ერთ კაცს.
სხვა არავინაა.
სხვას ვერავის ხედავს ხალხი.
მაგრამ ეს კერძო პრობლემაა.
სახელმწიფოს ღრმა და საფუძვლიანი პრობლემების გადაჭრა ამჟამად მიმდინარეობს, მაგრამ არავინ არის დარწმუნებული, რომ ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება, რადგან ისინი (პრობლემები) ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. და რადგან არ არის მოგვარებული, ხალხი დაეჭვებულია: რას გვიქადის ხვალინდელი დღე?
მეორე პრობლემაა ძალაუფლების მემკვიდრეობითობა: ვინ იქნება შემდეგი?
ასე რატომ დგას საკითხი? იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ძალა, არ არის პოლიტიკური პარტია, არ არის იდეოლოგია. არ არის პარტია ისეთი იდეოლოგიით, რომელსაც გააზრებული აქვს ქვეყნის მომავალი ცხოვრება.
არ არ-სე-ბობს!
ეს გააზრებული აქვს მხოლოდ ერთ ადამიანს, ყოველ შემთხვევაში, იმ მოცულობით, როგორითაც ამჟღავნებს. სხვა ყველანი ან ბანს აძლევენ, ან ბუზღუნებენ.
არის სხვა ქვეყანა, ისიც რთულია და დიდი, მაგრამ მას არ აქვს შიში იმისა, თუ ვინ წავა და ვინ დაიკავებს მის ადგილს.
ჩინეთი.
ვთქვათ, წავიდა სი ძინპინი. ჩინელები ამის გამო ისტერიკაში ჩავარდებიან? არა! ხალხი მშვიდად იქნება.
რატომ?
იმიტომ, რომ ჩინეთში არის მყარი და მდგრადი, მემკვიდრეობითობის პრინციპზე აგებული ხელისუფლება, ერთი იდეოლოგიითა და სამომავლო პროგრამით. მაო ძედუნის შემდეგ ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში, ხვალიდან ყველაფერი უკუღმა ხომ არ დატრიალდება, ამის შიში ჩნელებს არ აქვთ. რადგან არის პარტია, რადგან არის ხელისუფლება.
რუსეთში პარტია არ არის. მახსოვს, როგორ ქმნიდნენ პარტიას, რომელსაც სახელისუფლო პარტია ჰქვია. მახსოვს, ვინ ქმნიდა. მახსოვს, როგორ ირჩევდა თანამოაზრეებს. ვეკითხებოდი, რატომ ირჩევდა ამა თუ იმ ადამიანს. მიხსნიდა.
არ არსებობს სახელისუფლო პარტია. არიან ადამიანები, რომლებიც არიან ჩაფრენილი ძალაუფლებას, რათა ამ ხელისუფლების პირობებში რამენაირად იარსებონ და იმოღვაწეონ.
* იდეოლოგია არ აქვთ. ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს სახელმწიფომ, არ გააჩნიათ.
* როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა, არ იციან.
* როგორი იქნება სოციალური სისტემა, ვერ წარმოუდგენიათ.
* და, საერთოდ, რას წარმოადგენს რუსეთი დღეს, არ ესმით.
* რას ნიშნავს, იყო რუსეთის მოქალაქე, ასევე ცოტა ვინმე თუ აგიხსნით.
* ამას მოჰყვება ადგილობრივი პრობლემები: რუსები კითხულობენ, ვინ ვართ ჩვენ _ რუსები? რატომ ვართ რუსები?
ჩვენც გვაქვს ისრაელში ჩვენი პრობლემები: ვინ ვართ ჩვენ _ ისრაელიანნი? მაგრამ ეს სხვა პრობლემაა. მოვერევით რამენაირად.
ძალიან ბევრია გადაუწყვეტელი, გაურკვეველი პრობლემა. და მეტისმეტად ბევრია ამ პრობლემების გადაწყვეტის გზა, ან, როგორც ამჟამად ამბობენ, პრობლემები და კრიზისები კი არ უნდა გადავწყვიტოთ, არამედ ვმართოთ ისინი.
საკითხების გადამწყვეტი კი თქვენი (რუსეთის) პრეზიდენტია, თუმცა ყველას და ყველაფერს ჯერ ვერ გასწვდა, ქმედუნარიანი პოლიტიკური ელიტის შექმნასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ელიტა არ არსებობს. მაშ, ვის უნდა ენდოს ხალხი?
მახსოვს, სტალინის სიცოცხლეში ჩვენ ბავშვური მიდგომით ვაფასებდით, რომ მის დროს იყვნენ ბელადები, თანამებრძოლნი. დღეს თანამებრძოლებიც კი არ არიან.
ხალხისთვის არ არსებობენ.
ხალხი ერთ კაცს ხედავს. ხალხი ფიქრობს: მას რამე თუ დაემართა, ვინ შეცვლის? მის გარდა არავინ არის. მთელი ხელისუფლება ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული, იდეოლოგია ერთ ადამიანშია, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ერთ ადამიანშია.
უთუოდ დაიხმარს ვინმეს, მოეთათბირება, უყვარს რჩევის მოსმენა, მაგრამ ეს საერთო პრობლემას ვერ გადაწყვეტს.
უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება, ავტორიტეტული, ან პოლიტიკური პარტია ერთიანი იდეოლოგიით, რომელიც ხალხს უჩვენებს სამომავლო გზას.
* * *
ასე თქვა კედმიმ.
და თქვენ, ჩვენი გაზეთის განათლებულო მკითხველო, წაიკითხეთ ტელევიზიით მისი გამოსვლის გადმოქართულებული ვარიანტი.
ხომ დაემთხვა ექსპერტის ანალიტიკური დასკვნები თქვენს ნაფიქრსა და ნააზრევს, ოღონდ საქართველოს ჭრილში…
ეჭვიც არ მეპარება, რადგან ასეთია რეალობა, რომელშიც ვარსებობთ: კაცს მივყვებით, ლიდერს. მაგრამ თუ იგი ამ იდეას (იდეოლოგიას) პრაქტიკუად განახორციელებს?!
ეგებ, სწორედ ასეთია ჩვენი ბედისწერა და სხვა არც გზა გვაქვს, არც საშუალება.
ჯერჯერობით მაინც.
ამის იქით ჩემი შეგონებებით თავს არ შეგაწყენთ _ უჩემოდაც მოგვიმრავლდნენ “პუბლიცისტები” საქართველოში.
არმაზ სანებლიძე
,,პუბლიცისტებზე” უცებ ის სულელი ქალი, ჩარკვიანი გამახსენდა, ყველა რომ ტიტულად ,,პუბლიცისტს წაუმძღვარებს ხოლმე…