დიდმა ამერიკულმა ბანკმა, ცნობილმა თავისი პოლიტიკური გავლენითა და იმით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მაღალ თანამდებობებზე მომუშავე ბევრი მაღალჩინოსანი ამ ბანკის ყოფილი თანამშრომელია, შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა: დოლარი მალე შეიძლება აღარ იყოს მსოფლიოს მთავარი ვალუტა.
Goldman Sachs-ი ფინანსურ წრეებში კარგად ცნობილი სტრუქტურაა, რომელიც 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს მართავს. ის დიდი პატივისცემით სარგებლობს უოლ-სტრიტზე, კონვეიერული მეთოდით ამარაგებს თავისი ყოფილი თანამშრომლებით აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს და აქვს მეტსახელი “კალმარი–ვამპირი” (vampire squid), რომელიც ბანკს გამომძიებელმა ჟურნალისტმა მეტ ტაიბიმ შეარქვა 2008 წლის კრიზისის შემდეგ.
“პირველი, რაც Goldman Sachs–ზე უნდა იცოდეთ, არის ის, რომ ეს ბანკი ყველგან არის. ეს არის ყველაზე მძლავრი საინვესტიციო ბანკი _ უზარმაზარი კალმარი–ვამპირი, რომელმაც კაცობრიობა თავის მარწუხებში მოაქცია, ყველაფერი, რასაც კი ფულის სუნი ასდის”, _ წერდა ტაიბი. ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო, როცა “კალმარი–ვამპირი” გამოდის რაღაც საჯარო პოზიციით, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა მისი შეფასება მკვეთრად განსხვავდება მეინსტრიმული მედიაკლასის წარმომადგენლების შეფასებებისგან, მის პოზიციას მაინც ითვალისწინებენ. ამიტომ ორმაგად გასაკვირია დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის, პერსპექტივების კრიტიკა ამერიკული ბანკის მხრიდან _ რადგან თვით გლობალურ ფინანსურ სტრუქტურებსაც კი, რომლებიც აშშ–ში არიან დაფუძნებულნი, აქვთ სპეციფიკური, მაგრამ შესამჩნევი პატრიოტიზმი, რასაც ისინი პერიოდულად ამტკიცებენ მომავალი სენატორების ან კონგრესმენებისთვის გაღებული გულუხვი შემოწირულობებით.
გარკვეული თვალსაზრისით, Goldman Sachs-ი _ ეს არის ამერიკა, უფრო ზუსტად, ეს არის ფინანსურ მანიპულაციებში ჩაფლული ამერიკა. ამერიკის სიმბოლო ოდესღაც იყო არა ბანკი, არამედ სამრეწველო კორპორაცია “ჯენერალ მოტორსი”, რომელზეც თავდაცვის მინისტრი ვილსონი ამბობდა: “რაც კარგია “ჯენერალ მოტორსისთვის”, კარგია ამერიკისთვის”. ამჟამად აშშ–ის სიმბოლოდ მიიჩნევენ არა სამრეწველო გაერთიანებას, არამედ ისეთ საინვესტიციო ბანკს, რომელიც თავის ლოგოტიპს პერიოდულად ღებავს სექსუალური უმცირესობების ფერებში, რომელსაც აქვს ძალიან ამორალური, ოღონდ გავლენიანი სტრუქტურის რეპუტაცია და ამჟამად ძალიან განიცდის ამერიკული ვალუტის მომავლის გამო, რომლის პრობლემებიც ამერიკის სახელმწიფოს პერსპექტივაზე იმოქმედებს.
ამერიკული საინფორმაციო სააგენტო “ბლუმბერგი” ყურადღებას ამახვილებს ავტორიტეტული ბანკის, Goldman Sachs Group Inc-ის, ანალიტიკოსების შეშფოთებაზე, რომელიც გამოწვეულია ინფლაციური პროცესებით აშშ-ში. ანალიტიკოსებმა გაავრცელეს განცხადება, რომ დოლარმა შეიძლება დაკარგოს მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსი. იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესი უახლოვდება ფისკალური სტიმულების ახალ რაუნდს პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად, ხოლო ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ წელს უკვე გაზარდა თავისი ბალანსი დაახლოებით 2,8 ტრილიონი დოლარით, Goldman-ის სტრატეგებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის პოლიტიკა “ვალუტის გაუფასურების შიშს იწვევს, რაც ბოლოს მოუღებს დოლარის, როგორც დომინირებული ძალის, ბატონობას მსოფლიოს სავალუტო ბაზრებზე”.
აღსანიშნავია, რომ Goldman Sachs–ის ანალიტიკოსებმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როცა აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ფულის საბეჭდი დაზგა პანდემიის პირობებში იწყებდა ზეგანაკვეთურ მუშაობას აშშ–ის ბიუჯეტისა და საფინანსო ბაზრების მხარდასაჭერად, ხოლო კონგრესმენები და სენატორები ფიქრობდნენ ეკონომიკის დახმარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც დეფიციტის მომატებას ნიშნავდა, კლიენტებთან სპეციალური თათბირი ჩაატარეს და სამომავლო ინფლაციის დიდი რისკის გამო შეეცადნენ, ისინი დაერწმუნებინათ, დოლარი გადაეცვალათ ოქროზე (ან ბიტკოინზე). ამჟამად ბანკმა გადაწყვიტა, ამ პრობლემაზე მაქსიმალურად ფართო აუდიტორიის წინაშე ესაუბრა და ეს შესანიშნავად გამოუვიდა _ დოლარის მიერ პლანეტის მთავარი ვალუტის სტატუსის დაკარგვაზე მსოფლიოს ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ დაწერა.
ისიც აღსანიშნავია, რომ საფინანსო წრეების წარმომადგენლებში ეს თვალსაზრისი მხოლოდ უმცირესობამ გაიზიარა. უმრავლესობას კი არ სჯერა, რომ ეს (დოლარის მიერ მსოფლიო ვალუტის სტატუსის დაკარგვა _ გ. გ.) აუცილებლად მოხდება.
“ასეთი პოზიცია გამოწვეულია იმით, რომ გლობალური ტრანზაქციების დიდი მოცულობა კვლავ დოლარებით ხორციელდება”, _ განაცხადა ბრიტანული ბანკ Barclays-ის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში სავალუტო ვაჭრობის ხელმძღვანელმა მაიკლ კრუპკინმა.
პრობლემა არის ის, რომ, როდესაც ამერიკული საზოგადოების უმრავლესობა Goldman–ის პოზიციის გაზიარებას დაიწყებს, უკვე გვიან იქნება _ ამერიკული ვალუტის დომინირებაზე დაფუძნებული მსოფლიო ფინანსური სისტემის დემონტაჟი ან დასრულდება, ან მისი კვლავ აღორძინება ძალიან გვიანი იქნება.
პრობლემა დოლარის დომინაციის დასრულების კრიტიკოსების არგუმენტისა, რომ სისტემამ 2008-2998 წლების კრიზისს გაუძლო და ამასაც გაუძლებს, არის ის, რომ ფულის საჭრელი ჩარხის ამჟამინდელი მუშაობა ისეთი ინტენსიურია, რომ იმჟამინდელთან შედარება არც შეიძლება, თანაც 2008-2009 წლებში აშშ ერთპოლუსიანი მსოფლიოს უპირობო ლიდერი იყო.
ახლა ვითარება სხვანაირია: ამერიკის ქალაქებს ცეცხლი უკიდია, ორივე წამყვანი ამერიკული პარტია მსჯელობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარებასა და შესაძლო სამოქალაქო ომზე, ერთპოლუსიანი მსოფლიო კი უკვე აღარ არსებობს. საკითხავია, როგორ ფორმას მიიღებს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაწყებული ცივი ომი.
კარგად ინფორმირებული “კალმარი-ვამპირი” ტყუილუბრალოდ არ ტეხს განგაშს. ის ცდილობს, მოუწოდოს აშშ-ის ხელისუფლებას საბიუჯეტო დისციპლინისა და იმ სისტემის დაცვისკენ, რომელიც აშშ-ს კოლოსალურ პრივილეგიებს ანიჭებდა ბოლო 50 წლის განმავლობაში. გავლენიანი ბანკის გაფრთხილება აუცილებლად მიაღწევს ხელისუფლების ყურამდე, მაგრამ საეჭვოა, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა გადადგან არაპოპულარული ნაბიჯები, რომლებიც დასჭირდება დოლარის, როგორც მსოფლიოს მთავარი ვალუტის, სტატუსის შენარჩუნებას.
Ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა