აშშ–ის ყურადღების ცენტრშია ტეხასში რიგითი სამხედრო მოსამსახურე ქალის, ვანესა გილიენის, მკვლელობის ამბავი, რომელმაც კვლავ ააღელვა საზოგადოებრიობა, რადგან არმიაში რეფორმებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო: აშშ–ის ჯარში ძალადობის შემთხვევებზე ყოველი მესამე სამხერო მოსამსახურე ჩივის, _ იუწყება გაზეთი The Guardian.
20 წლის რიგითი ვანესა გილიენი, რომელიც კილინში “ფორდ-ჰუდის” ბაზაზე მსახურობდა, 22 აპრილს გაქრა. 2 ივლისს იპოვეს მისი დანაწევრებული გვამი. გილიენი გაქრა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ უფროსები არ ასვენებენ თავიანთი ბილწი შეთავაზებებით.
გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვდა, გაესაჯაროვებინათ ტრაგედიის მიზეზები. სარდლობის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ეჭვმიტანილი, სამხედრო სპეციალისტი აარონ დევიდ რობინსონი 1 ივლისს გარდაიცვალა: სამართალდამცველთა მიერ დაპატიმრების მომენტში მან თავი მოიკლა. დააკავეს რობინსონის მეგობარი ქალი სესილია ალიგარი, რომელსაც ბრალად წაუყენეს სამხილების დამალვა.
იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა საბრალდებო დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რობინსონმა გილიენი ბაზაში ყოფნისას მოკლა, შემდეგ გვამი დაანაწევრა და ალიგარის დახმარებით მდინარე ლეონის ნაპირზე დამარხა. ალიგარი სასამართლოს წინაშე წარდგა, მაგრამ არავითარი განცხადება არ გაუკეთებია გარდა იმისა, რომ აღიარა მისთვის წაყენებული ბრალდებები.
“ბევრი შეკითხვა, რომლებიც ამ მკვლელობის გამო ჩნდება, პასუხგაუცემელია, _ აღნიშნავს The Guardian-ი, _ იგი ნათესავებსა და მეგობრებს ეუბნებოდა, რომ სექსუალურ ძალადობას განიცდიდა წოდებით უფროსი ორი სამხედრო მოსამსახურის მხრიდან. მათგან ერთ-ერთი რობინსონი იყო. მაგრამ ამაზე ოფიციალური განცხადება არსად წარუდგენია”.
გილიენების ოჯახის ადვოკატმა გამოცემა Houston Chronicle-ს ინტერვიუში უთხრა, რომ ხელისუფლებას რობინსონის სახელი სწორედ ოჯახმა აცნობა.
“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ვანესა ჩივილით დაემუქრა და სწორედ ამიტომ ჩაარტყა რობინსონმა თავში ჩაქუჩი”, _ განმარტა უფლებადამცველმა ნატალი ჰავამ.
მისი აზრით, გილიენს ადრე რომ ეჩივლა, დღეს შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო.
გილიენის დაკარგვის შემდეგ, მისი გვამის აღმოჩენამდე მოეწყო საპროტესტო მარშები ტეხასის დიდ ქალაქებში.
ძებნის პროცესში გამომძიებლებმა კიდევ ერთი ჯარისკაცის, გრეგორი მორალესის, დანაწევრებული გვამი იპოვეს, რომელიც “ფორტ-ჰუდის” ბაზიდან შარშან, აგვისტოში დაიკარგა.
“სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განაცხადებენ სექსუალური ძალადობის შესახებ, შეიძლება ოსტრაკიზმი დაემუქროს და მათ კარიერას წერტილი დაესვას, _ წერს გაზეთი, _ თავდაცვის სამინისტროს სექსუალური ძალადობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ 2018 წელს შესწავლილი 129 შემთხვევიდან მხოლოდ ერთის დადასტურება შეძლო. გამოკითხული სამხედროების 64-მა პროცენტმა დაადასტურა, რომ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო მათ დევნიდნენ და სჯიდნენ”. მათზე ძალადობდნენ ის მეთაურები, რომლებსაც უშუალოდ ემორჩილებოდნენ.
“ვანესა გილიენის ნათესავები გეგმავენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას ვაშინგტონში. ისინი კანონმდებლებს წარუდგენენ არმიაში ძალადობის აღკვეთის თავიანთ კანონპროექტს”, _ აღნიშნავს გაზეთი.
თავდაცვის სამინისტროს ზემოთ ნახსენებ სამმართველოში, რომელიც 2005 წელს შეიქმნა, შარშან შევიდა 6 236 შეტყობინება სექსუალური ძალადობის შესახებ. სამმართველოს შეფასებით, 2016 წლიდან 2018 წლამდე ძალადობის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. ჩივიან უმთავრესად 17-დან 24 წლის ქალები.