«ნაციონალური მოძრაობის» მმართველობის ერთ–ერთი უმთავრესი ნაკლი ის იყო, რომ ხელისუფლებაში ფართოდ გაუღეს კარი საკუთარ ნათესავებსა და მეგობრებს, ნეპოტიზმი მმართველობის განუყოფელ ნაწილად იქცა და ცხადია, ამან ხელისუფლებაში გზა გადაუღობა იმ პროფესიონალ და კვალიფიციურ კადრებს, რომელთაც მმართველ გუნდში პატრონი არ ჰყავდათ. ოპოზიცია ეფექტურად მანიპულირებდა «ნაციონალური მოძრაობის» ამ მანკიერი საკადრო პოლიტიკით და, სადაც საჭირო იყო, იქ დაახვედრეს ხელისუფლებას იგი კომპრომატად.
წინასაარჩევნოდ «ქართული ოცნების» უსაყვარლესი თემა იყო «ნეპოტიზმი სააკაშვილის ხელისუფლებაში» და «კლანური მმართველობა ნაციონალურად». ცხადია, ხალხი იმედოვნებდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ნათესავ-მეგობრობის ნიშნით, ხელისუფლების საკვანძო პოსტებზე მაინც შეწყდებოდა ხალხის დანიშვნა, თუმცა ჩვენ მიერ მოპოვებული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს _ «ქართული ოცნება» წარმატებით აგრძელებს ნეპოტისტურ საკადრო პოლიტიკას, ძველ კლანებს ნელ-ნელა ახალი ენაცვლება.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი თუშურიშვილი დაინიშნა _ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის უფროსი ვაჟი. სამინისტროს ამ თანამდებობაზე კონკურსი არ გამოუცხადებია _ წყაროს ინფორმაციით, ერთმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ, მეორე მინისტრს, კახი კალაძეს, სთხოვა შვილის დასაქმება და პრობლემაც ამით ამოიწურა. მართალია, გიორგი თუშურიშვილს ევროპული განათლება აქვს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ის ერთადერთი და შეუცვლელი კადრია ამ პოსტზე, რადგან ამ პროფილით მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა, საკუთარი ბიძაშვილი, მირზა სუბელიანი, სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსად ისე დანიშნა, რომ ამ პოსტზე სხვა კანდიდატურები არც კი განხილულა. განმარტებისთვის _ ბატონი სოზარი სულ რამდენიმე წლის წინ სუბელიანი იყო გვარად, მერე გვარი გამოიცვალა, სუბარი გახდა და ამით, როგორც თავად აცხადებს, წინაპართა გვარი დაიბრუნა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტი არჩილ ხაბაძეს ჩააბარეს. მართალია, ხაბაძეს აჭარაში წესიერ ადამიანად იცნობენ, მაგრამ მას მნიშვნელოვან პოლიტიკური ან ჩინოვნიკურ პოსტზე მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია. ხაბაძე ივანიშვილის ბანკის _ «ქართუს» აჭარის ფილიალის მმართველად მუშაობდა და მისი იქ დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი პრემიერისადმი ერთგულება გახლდათ, ნაგრამ აჭარაში უამრავი ადამიანი და მათ შორის «ქართული ოცნების» წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკურად აბსოლუტურად გამოუცდელი ხაბაძისთვის ესოდენ დიდი და რთული რეგიონის ჩაბარება ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. თავის მხრივ, არჩილ ხაბაძემ, დაინიშნა თუ არა, საკუთარი ნათესავი დააწინაურა _ აჭარის შს სამინისტროს უშიშროების სამსახურის უფროსად თემურ პატარიძე დანიშნა. ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, მაკა ივანიშვილი, არჩილ ხაბაძის თანაშემწე გახდა, არჩევნებამდე ის «ქართული ოცნების» ბათუმის ოფისში მუშაობდა მედიასთან ურთიერთობის განხრით. წყაროს ინფორმაციით, ბანკ «ქართუს» კიდევ ერთ თანამშრომელს, ცხადია, ივანიშვილისადმი ერთგულების ნიშნით მალე დანიშნავენ სოლიდურ თანამდებობაზე _ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად. ამ პოსტზე გიორგი ტომარაძეს ამზადებენ, რომელიც პროფესიონალი ფინანსისტია, ბანკის გარდა არსად უმუშავნია, სპეცსამსახურებში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს და ქვეყნის უმაღლესი პირებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო დაწესებულებებისა და ობიექტების უსაფრთხოების დაცვის გარანტად უნდა იქცეს.
ქვეყნის მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, ნათესაობა დაეხმარა დავით კოჭლამაზაშვილს კარიერულ წინსვლაში. ის თბილისის პროკურორად კბილაშვილმა დანიშნა. წყაროს ინფორმაციით კბილაშვილი მისი შვილის ნათლიაა. კბილაშვილი და კოჭლამაზაშვილი კურსელებიც არიან. შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი თეთრიწყაროს რაიონის მუნიციპალიტეტის, სოფელ თეთრიწყაროს რწმუნებული გახდა არჩევნების შემდეგ. სოფელში არავინ ეჭვობს, რომ მინისტრის მამობა იყო ტარიელ ღარიბაშვილის რწმუნებულის პოსტზე დანიშვნის გადამწყვეტი მიზეზი და მინისტრი შვილის შიშით, მას კონკურენციის გაწევაც ვერავინ გაუბედა.
არჩევნებში «ქართული ოცნების» გამარჯვების შემდეგ, საქართველოს რამდენიმე რაიონში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელობა შეიცვალა _ «ნაციონალური მოძრაობის» კადრები გამარჯვებული კოალიციის წარმომადგენლებმა ჩაანაცვლეს. ხშირ შემთხვევაში კი ახალი კადრების შერჩევა «ქართული ოცნების» გავლენიანი ფიგურების მეგობრობისა და ნათესაობის ნიშნით მოხდა. ახმეტის რაიონს ახალი, «მეოცნებე» გამგებელი ჰყავს _ 25 წლის ბექა ბაიდაური. ახალბედა გამგებელი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის უახლოესი მეგობარია და ის არც მალავს ამ ფაქტს. ზვიადაური კი, მოგეხსენებათ, «ქართული ოცნების» მაჟორიტარი დეპუტატია ახმეტიდან. შეიძლება ითქვას, არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ ახმეტას ზვიადაურის კლანი აკონტროლებს. ბექა ბაიდაურმა თანაშემწედ საკუთარი ცოლის და _ მაგდა ლაგაზური დაინიშნა. ბაიდაურის მოადგილე ბერდია ზვიადაური გახდა _ ის ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილია. ბერდია ზვიადაურის მეუღლე, ლელა ახმეტელი კი ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაქრო ქინქლაძის თანაშემწე გახდა. «ქართული ოცნების» დეპუტატის კიდევ ერთი ბიძაშვილი, მერაბ ზვიადაური, რაიონის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ამ დღეებში ზურაბ ზვიადაურის კიდევ ერთი ნათესავი _ ზაზა მებაღიშვილი «კახეთის ენერგოდისტრიბუციის» ახმეტის სერვისცენტრის უფროსი გახდა. ზაზა მებაღიშვილის შვილი ზურაბ ზვიადაურის დისშვილის ცოლია.
ცაგერის რაიონსაც ახალი გამგებელი ჰყავს _ მამუკა ჩაჩხიანი. ლეჩხუმში ყველამ კარგად იცის, რომ მამუკა ჩაჩხიანი პრემიერ-მინისტრის ძმის, ალეკო ივანიშვილის, უახლოესი მეგობარია, მათ საერთო ღვინის ბიზნესიც ჰქონდათ და ამ ფაქტს ჩაჩხიანი არც მალავს მედიასთან.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის მეგობარი, ბესო ხითარიშვილი ახალციხის გამგებლად დაინიშნა. თავის დროზე, ხითარიშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) მეოთხე სამმართველოს უფროსად მუშაობდა, პოლიტიკური ოპონენტების ფარულ ვიდეოგადაღებებს ხელმძღვანელობდა. ის შს მინისტრის მოადგილის, ამირან მესხელის, თანამოაზრედ, მისი დავალებების უსუტყვო შემსრულებლად ითვლებოდა და კუდ-შიც სწორედ მესხელის რეკომენდაციით დაიწყო მუშაობა. ცხადია, ახალციხელებს არაფრად ეპიტნავებოდათ ისეთი კაცის გამგებლად დანიშვნა, რომელიც თავის დროზე, ოპოზიციის დევნა-შევიწროებაში მონაწილეობდა, მაგრამ ზვიად ძიძიგურმა თავისი გაიტანა და ხითარიშვილი გამგებელი გახდა. ხითარიშვილის დანიშვნაში რომ ძიძიგურთან მეგობრობა აღმოჩნდა გადამწყვეტი მიზეზი, ამას არც ახალციხის «ქართული ოცნების» ოფისში უარყოფენ. ამ ფაქტს, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე _ ოლეგ სანდროშვილიც ადასტურებს _ მას და საკრებულოს რამდენიმე წევრს პირადად დაურეკა ზვიად ძიძიგურმა და კატეგორიულად მოსთხოვა მისი მეგობრის, ბესო ხითარიშვილის, გამგებლად დანიშვნა. ამგვარი ზეწოლის შემდეგ, საკრებულოს «ქართული ოცნების» წევრებსა და თავმჯდომარეს არჩევანის საშუალება აღარ დაუტოვეს.
«ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნების» დეპუტატ გიგა ბუკიას მეგობრობის წყალობით გახდა ხობის გამგებელი გოგა ღურწკაია. ხობის გამგებლობის სხვა მსურველები ბუკიამ განზე გასწია და მისი მეგობარი ხობის საკრებულომ უპრობლემოდ დაამტკიცა რაიონის პირველ კაცად.
სამცხე-ჯავახეთის ფინანსური პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსად გელა ლეკიშვილი მეგობრის წყალობით დაინიშნა _ შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე მისი დიდი ხნის მეგობარია. ხვედელიძე მინისტრის მიადგილეობამდე «ქართული ოცნების» რეგიონული მდივანი იყო და სოლიდური გავლენით სარგებლობს ივანიშვილის კარზე. ლეკიშვილის გარდა, ხვედელიძემ კიდევ ერთ მეგობარს გაუკაფა კარიერული გზა _ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ ვეფხია მაღრაძე დანიშნა. გელა ხვედელიძეს იმხელა გავლენა აღმოაჩნდა, რომ ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ნათესავი, გიორგი მერაბიშვილიც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციაში მაღალ პოსტზე დანიშნა. მერაბიშვილი მანამდე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო და არჩევნების მერე უმუშევარი დარჩა.
«ქართული ოცნების» კულუარებში საუბრობენ, რომ გელა ხვედელიძეს სამინისტროში საკუთარი კლანის შექმნა სურს და საამისოდ ვანო მერაბიშვილის კადრებსაც წარმატებით იყენებს. ამ შემთხვევაში ნათესაური არა, მაგრამ კლანური მმართველობის ნიშნები აშკარად იკვეთება.
ბიძინა ივანიშვილის კარის «რუხ კარდინალად» ცნობილმა გია ხუხაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა «ქართული ოცნების» საკადრო პოლიტიკის ფორმირებაში. მან არაერთ მნიშვნელოვან პოსტზე მოახერხა საკუთარი მეგობრების დანიშვნა, თუმცა გამორჩეულ წარმატებას რკინიგზაში მიაღწია _ «საქართველოს რკინიგზაში» სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ სწორედ ხუხაშვილის ძალისხმევით დაინიშნა ოლეგ ბიჭაშვილი. ის ძველი კადრია, როცა თავად ხუხაშვილი იყო «საქართველოს რკინიგზის» სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიჭაშვილი ხუხაშვილის მარჯვენა ხელად ითვლებოდა. არჩევნებში «ქართული ოცნების» გამარჯვების შემდეგ კი ხუხაშვილმა მეგობარი რკინიგზაში მეორე კაცად აქცია.
ქვეყანაში უამრავი პროფესიონალია დაუსაქმებელი, მათ შორის ისეთებიც არიან, სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება რომ აქვთ და წლების მანძილზე უმწიკვლოდ მსახურობდნენ. «ქართული ოცნების» ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ის იყო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, «ნაციონალური მოძრაობის» კლანურ მმართველობას ბოლოს მოუღებდნენ და ღირსეულ პროფესიონალებს გაუკაფავდნენ გზას სახელმწიფო სამსახურისკენ. როგორც ვხედავთ, მმართველი პარტია ამ დაპირებას ჯერჯერობით ვერ ასრულებს…
ლევან ჯავახიშვილი
უფრო მეტის დაწერაც შეიძლებოდა. ფაქტები გაცილებით მეტი ვიცი. მაგრამ? ხმა მღაღადებლისა ბიძინასა შინა