ჯერ დასკვნიდან ერთ ამონარიდს გაგაცნობთ და შემდეგ ვისაუბროთ: “მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2015-2018 წლებში ხორბლის ბაზრის იმპორტის დონის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, გაიზარდა იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და შემცირდა ბაზრის კონცენტრაციის _ ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსი. შედეგად, ქვედა დონის _ ხორბლის საბითუმო მიწოდების ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა”.
გაიგეთ რამე? ხელახლა ნუ გადაიკითხავთ, მაინც ვერაფერს გაიგებთ. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასმა 5-10 თეთრით ისე მოიმატა, საქმის კურსში არც მთავრობა იყო და… ახლა უნდა დამეწერა, არც მოსახლეობა, მაგრამ, საზოგადოდ, მოსახლეობას საქმის კურსში არავინ აყენებს და არც არავის აინტერესებს, რას იტყვიან რიგითი მოქალაქეები. მოკლედ, მთავრობა არ იყო საქმის კურსში და მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ იმჟამინდელ პრემიერ მამუკა ბახტაძეს ეს კითხვა რომ დაუსვეს, პირი დააღო, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა, პური თუ გაძვირდა, უფრო მეტად გაუკვირდა, პურის 10 თეთრით გაძვირება რატომ იყო ასეთი საგანგაშო. მერე აუხსნეს, მოსახლეობა, ძირითადად, პურს ჭამს და იმიტომო. ჰოდა, ბატონმა მამუკამ კონკურენციის სააგენტოს იმჟამინდელ ხელმძღვანელ ნოდარ ხადურს დაავალა, უმოკლეს ვადაში შეესწავლა მიზეზები. სამწუხაროდ, ბატონი ნოდარი გარდაიცვალა, თუმცა პრემიერის დავალების შესრულება მისმა სამსახურმა განაგრძო და აგერ, ბატონო, წელიწადისა და შვიდი თვის შემდეგ, ანუ 2020 წლის 10 ივლისს, კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა დასკვნა, რატომ გაძვირდა პური 2018 წლის 10 დეკემბერს. არ გეხუმრებით, ფაქტია, ასე მოხდა. და, რაც მთავარია, ამაზე პასუხს არავინ არ აგებს. იმ გაუგებარი ფრაზის გარდა, რომელიც წერილის დასაწყისში მოგახსენეთ, დასკვნაში ესეც წერია: “მონიტორინგის მთავარი მიზნის _ პურის ფასის ზრდის მიზეზების დეტალური ანალიზის პროცესში სააგენტომ შეისწავლა, როგორც 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის თავდაპირველი შემთხვევები, ასევე გამოარკვია, რომ აღნიშნულს ჰქონდა სისტემური ეფექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. დეტალურად გაანალიზდა პურის ფასწარმოქმნა და დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება”. გაუჭირდათ და გააძვირესო, მაგრამ ის კი აღარ დაუდგენიათ, მოსახლეობას რომ გაუჭირდა, ეს გაძვირებული პური იგივე ოდენობით იყიდა თუ ჭამას მოუკლო.
ძალიან სასაცილოა, რომ დასკვნას აქვეყნებენ იმაზე, რაც აღარც საინტერესოა და აღარც მნიშვნელობა არა აქვს, არავინ არ დაავალებს კომპანიებს პურის გაიაფებას. დავალება შესრულდა, დასკვნა გამოქვეყნდა და მერე რა, რომ ამ დასკვნის შედგენაში თითქმის 20 თვე გავიდა. არ გაგვიკვირდება, თუ ამ დავალების შესასწავლად კონკურენციის სააგენტოში სპეციალური კომისია იყო შექმნილი და კომისიის წევრები “მძიმე სამუშაოს” გამო პრემიებსაც იღებდნენ. სამაგიეროდ, ახლა ერთი რამ ზუსტად ვიცით: კონკურენციის სააგენტოს რაც არ უნდა დაავალო, მისი შესრულების ვადა, სულ ცოტა, 20 თვეზე უნდა გათვალო. ანუ, ამ სააგენტოს ლიკვიდაცია რომ დასჭირდეს სახელმწიფოს, ვერ მოახერხებს, დაუმთავრებელი სამუშაოები მუდმივად ექნებათ და ე.ი., მომდევნო 20 თვის განმავლობაში ხელსაც ვერავინ ახლებს. კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლების შენახვა ჩვენ და თქვენ, ბატონებო, ასიათასობით ლარი გვიჯდება. ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ისინი ხელფასს და იღებენ იმიტომ, რომ შემდეგ დასკვნაში ჩაწერონ ფრაზა: “ბაზრის კონცენტრაციის _ ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსი…”
20 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” 30 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. უკვე ვიცით, ვინ შეეცდება ჩვენი გულისა და მშიერი კუჭის მოგებას წინასაარჩევნოდ, ვინ მოგვატყუებს და ვინ ივლის შეწუხებული სახით აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში, რათა მისთვის ესოდენ საჭირო ხმები მიიღოს. 20 ივლისიდან არჩევნების ბოლომდე ჩვენ ადამიანებად ვიქცევით _ ანუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მთელ პოლიტიკურ სპექტრს გაახსენდება, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ეს უკვე დიდი მიღწევაა. ჰოდა, ჩვენ, ადამიანებად ქცეულმა ამომრჩევლებმა, უკვე ვიცით, რომ პრემიერის დავალებას კონკრეტული სახელმწიფო უწყება ასრულებს წელიწადსა და შვიდ თვეში. ჰოდა, დეპუტატი კი არა, დეპუტატობის კანდიდატი რომ მოვა და გვეტყვის, პრობლემას ერთ ან ორ თვეში მოგიგვარებთო, რატომ უნდა დავუჯეროთ? ერთი, ერთადერთი მიზეზი გვითხრან, რომლის გამოც უნდა დავუჯეროთ. მხოლოდ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ, რატომ უნდა დავუჯერო “ნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს”, რომელიც სწორედ ნაციონალების განაყოფია და ვაშლი ვაშლის ხისგან შორს რომ არ ვარდება, კი იცით. ერთადერთი მიზეზი გვითხარით, რომლის გამოც ისევ უნდა გენდოთ, მაგრამ არ არსებობს ეს მიზეზი და ვაი, რომ ისევ ჯიბეზე ხელის გაკვრა მოგიწევთ. ვაი იმიტომ, რომ რასაც ჯიბიდან ამოიღებთ, ისევ ჩვენი, რიგითი ადამიანების, ნაშრომ-ნაჯაფია და ჩვენივე ნაშრომს დაურიგებთ ხალხს იმისთვის, რომ მომდევნო ოთხი წელი ისევ ყვლიფოთ და თქვლიფოთ. ჰო, თქვლეფა ჰქვია იმას, ბატონებო, რასაც თქვენ აკეთებთ და ზუსტად ვიცი, ვერ გააპროტესტებთ, იმიტომ, რომ ახლა მე ვიღაც კი არა, ხმის უფლების მქონე ამომრჩეველი ვარ, თქვენს თვალში ადამიანად ქცეული, და მომეფერებით მანამ, სანამ იმედი გექნებათ, რომ საარჩევნო ყუთთან სწორედ თქვენი ხათრით მივალ.
მწარე რეალობა კი ის არის, რომ ასე კეთდება საქართველოში საქმე. ამას წინათ რუსთავის მერის მოადგილე კაბინეტში იმის გამო გალახეს, რომ მოქალაქეს წერილზე პასუხი ორი წლის განმავლობაში არ აღირსა მერიამ. კაცმა წერილი დაწერა და ორი წლის განმავლობაში პასუხს ელოდა, იმაზე მეტ ხანს, ვიდრე კონკურენციის სააგენტომ პრემიერის დავალება შეასრულა. ფასი აღარ აქვს არაფერს _ არც პრემიერის დავალებას, არც ხალხის მოთხოვნას, მიშვებულია “თავისუფალ ვარდნაში” ქვეყანა და ისეთიც არავინ ჩანს, ბალიში დაუდოს დაცემის წინ. ახლა იტყვით: თუ მიშვებულია, ამდენ ხანს რატომ არ ვეცემითო?! ჯერ ჰაერში ვართ, ისე კი მივფრინავთ სრული სვლით უფსკრულისკენ.
სხვათა შორის, წარდგენილ კანდიდატებს შორის ბევრი მოქმედი დეპუტატია და ის საკუთარ ამომრჩეველთან ისევ უნდა მივიდეს. კითხვაზე _ რა გააკეთეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში, მას პასუხი, ალბათ, არ ექნება, რადგან ყველაზე გრანდიოზული, რაც ამ ოთხ წელიწადში მოხდა, დენდროლოგიური პარკის გახსნა იყო, თორემ დანარჩენი… ჰო, კიდევ საზღვრების გახსნა ევროპასთან და ეს, მგონი, იმიტომ გაკეთდა, რომ გასაქცევად გამზადებულ ერს ბარიერი არ შექმნოდა, წავიდეს, დატოვოს ქვეყანა და საქართველო უცხოელებს დარჩეთ. შეთქმულების თეორიის შეიძლება არც ჩვენ გვჯერა, მაგრამ ყოველწლიურად რომ უფრო ნაკლები ქართველი რჩება საქართველოში, ფაქტია. იმასაც ვერ გავექცევით, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი უძრავი ქონება გადადის უცხოელების ხელში და სახლს რომ იყიდის, მიწას რომ იყიდის, მერე გეტყვის: ჩემია და აქ შემოსული არ დაგინახოო. ასე გავხდებით საკუთარ ქვეყანაში სტუმრები და ორი კვადრატული მეტრი მიწა გაგვიხდება სანატრელი საფლავისთვის. გულწრფელად, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე გეუბნებით, ბატონებო: მოსახლეობაში რომ გახვალთ, მათ მშიერ თვალებს შეხედეთ და არ გაგიხარდეთ, მშიერის მოსყიდვა უფრო ადვილი და იაფი იქნებაო. ახლა ხომ თვითონაც ხედავთ, რომ ქვეყანაში არაფერი კეთდება, რომ გაჩერებულია საქართველო და მერე რა, რომ წინასაარჩევნოდ ლარის კურსი გამყარდება. ეს იმ მიზეზით მოხდება, რომ ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, მეტი საქმე არ გაქვთ, ხმები დოლარით ან ევროთი იყიდოთ.
მშიერ ხალხზე იფიქრეთ და კიდევ იმაზე, რომ მომდევნო ოთხ წელს ასეთ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გადაიტანს ერი და განადგურდება. მერე გადასახადის გადამხდელიც აღარავინ იქნება და თქვენც ვეღარაფერს მოიპარავთ. ამან მაინც შეგაგულიანოთ და მოგცეთ ხალხზე ზრუნვის სტიმული.
ბესო ბარბაქაძე
P.S. საარჩევნო ყუთთან მისვლასა და ხმის მიცემაზე, იცით, რა გამახსენდა, ბატონებო? “ნატვრის ხეში” ოხროხინე მღვდელს სამი თითის კომბინაციას რომ უჩვენებს ნარგიზა… ახლა არ მითხრათ, რომელიმე არ ვიმსახურებთო…