აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჰონკონგში შექმნილი ვითარების გამო ჩინეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერის შემდეგ ოფიციალური პეკინის რეაქციამ არ დააყოვნა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩჟენ ძეგუანმა მკაცრად მიმართა აშშ–ის ელჩს ჩინეთში _ ტერი ბრენდსტედს:
“მინდა, პირდაპირ განვუცხადო ამერიკის მხარეს: ჩვენ ხისტად ვუპასუხებთ აშშ-ის ჰეგემონიის ნებისმიერ გამოვლენას და უსამართლო გამოხდომებს ჩინეთის მიმართ, _ თქვა ჩჟენ ძეგუანმა. _ ვაშინგტონის “დიდი გეგმები”, მიმართული ჩვენი ქვეყნის განვითარების დასამუხრუჭებლად, კრახისთვისაა განწირული. გირჩევთ, დაუყოვნებლივ შეიტანოთ კორექტივები მიღებულ გადაწყვეტილებაში, შეწყვიტოთ ცილისწამება ჩინეთის მიმართ და უარი თქვათ პროვოკაციებზე”.
სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების მუდმივმა კომიტეტმა 30 ივნისს მიიღო კანონი ჰონკონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. ჩინეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი შექმნა სახელმწიფო უშიშროების ორგანოები ამ რეგიონში, რომლებზეც არ ვრცელდება ჰონგკონგის ადმინისტრაციის იურისდიქცია. ეს ინიციატივა თეთრმა სახლმა “ავტონომიის დარღვევად” შეაფასა.
ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა კანონპროექტს ჩინეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ ჰონგკონგში შექმნილი ვითარების გამო. მან, აგრეთვე, გამოსცა ბრძანებულება ამ სპეციალური ადმინისტრაციული რაიონისთვის სავაჭრო-ეკონომიკური პრეფერენციების გაუქმებაზე. ამით ჰონკონგმა დაკარგა პრივილეგიური სტატუსი აშშ-თან საქმიან ურთიერთობებში.
eadaily.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ