თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ, ევროპა და სრულიად ქრისტიანული სამყარო გამოწვევის წინაშე დააყენა. ის აპირებს, ოფიციალურად მიანიჭოს მეჩეთის სტატუსი სტამბოლის უძველეს შენობას _ აია სოფიას, რომელიც ამჟამად მუზეუმია. რისთვის სჭირდება ეს თურქეთის ლიდერს?
თურქეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაასრულა მოსმენა სტამბოლში აია-სოფიას სტატუსის შესაძლო ცვლილებაზე. რა სტატუსი ექნება აია-სოფიას _ მუზეუმის თუ მეჩეთის _ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო რამდენიმე დღეში გამოაცხადებს, მაგრამ ექსპერტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ აია-სოფიას მეჩეთის სტატუსი დაუბრუნდება. საკითხი განსახილველად გადაეცა თურქეთის პრეზიდენტს (ზოგი იტყვის, სულთანს) რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელმაც საბოლოო სიტყვა უნდა თქვას. აი, ასეთია თურქეთის ერთ-ერთი უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
თურქული შურისძიება
წმინდა სოფიას სახელობის ტაძარი აიგო იმპერატორ იუსტინიანეს (ტაძარს იმხანად “იუსტინიანეს ბაზილიკას” უწოდებდნენ) მმართველობის პერიოდში _ VI საუკუნეში. 14 საუკუნის განმავლობაში ტაძარი არაერთი გრანდიოზული ისტორიული მოვლენის მოწმე იყო (1054 წელს, სახელდობრ, ამ ტაძარში მოხდა ქრისტიანული ეკლესიის გაყოფა აღმოსავლურ და დასავლურ ეკლესიებად), გადაიტანა ეპოქა სამი იმპერიისა _ ბიზანტიის, ლათინებისა და ოსმალეთის. ბოლო იმპერიის პერიოდში მეჩეთად გადააკეთეს და მხოლოდ 1935 წელს, ათათურქის მმართველობისას, მუზეუმად იქცა. ამასთანავე, კედლებიდან ჩამოყარეს ოსმალეთის იმპერიის პერიოდში გაკეთებული ბათქაში და გამოაჩინეს უძველესი ბიზანტიური ფრესკები და მოზაიკები. მას შემდეგ აია-სოფია სტამბოლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა _ მხოლოდ 2019 წელს მუზეუმი 3,7 მლნ-მ ადამიანმა დაათვალიერა.
ყველაფრის მიუხედავად, თურქეთის რამდენიმე მუსლიმანურ ლიდერს ყოველთვის სურდა ტაძრისთვის სასულიერო მნიშვნელობის დაბრუნება. “ჩვენ გვსურს, რომ აია-სოფია პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს”, _ განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამიტ გიულმა, რომელსაც დაავიწყდა: 1. მუსლიმებს უკვე შეუძლიათ ლოცვა შენობაში, სადაც მათთვის გამოყოფილია ადგილი; 2. ტაძარი, რომელიც ისლამის წარმოშობამდე ააგეს ქრისტიანებმა, თავდაპირველად ქრისტიანული ეკლესია იყო.
აია-სოფიას მეჩეთად გადაქცევის მსურველთა შორის იყო თვით რეჯეფ თაიფ ერდოღანიც და, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მისი სურვილი დაემთხვა საგარეო-პოლიტიკურ გამოწვევებს. თურქეთის პრეზიდენტი ტაძრისთვის სტატუსის შეცვლას განიხილავს, როგორც პასუხს დასავლეთისადმი, რომელთანაც ერდოღანს ბოლო პერიოდში ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდა. კერძოდ, ასე უპასუხა ერდოღანმა აშშ–ს, რომელიც არა მხოლოდ უარს ამბობს თურქეთისთვის ახალი თვითმფრინავების მიწოდების შესახებ კონტრაქტის შესრულებაზე და სირიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანაზე, არამედ ავიწროებს პალესტინელებს (რომლებიც ერდოღანმა, როგორც მუსლიმების თვითგამოცხადებულმა პროტექტორმა, უნდა დაიცვას).
თურქეთის პრეზიდენტმა 2019 წელს განაცხადა, რომ ტრამპის მიერ გოლანის სიმაღლეებსა და იერუსალიმზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შემთხვევაში აია–სოფიას მეჩეთის სტატუსი შეიძლება დაუბრუნოს. ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა და ახლა თურქეთის სულთანმა სიტყვა უნდა შეასრულოს.
აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლა პასუხია ბერძნებისთვისაც. ისინი “ბედავენ” და პრეტენზიას აცხადებენ ეგეოსის ზღვის აკვატორიის ნაწილზე, აგრეთვე, აპროტესტებენ თურქეთისა და ლიბიის მცდელობებს, ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი გაიყონ ისე, რომ კვიპროსს არ ჰქონდეს ნავთობსაბადოების შელფიდან თურქეთის გვერდის ავლით მილსადენების გაყვანის შესაძლებლობა.
ეს პასუხი განკუთვნილია ფრანგებისთვისაც, რომლებსაც არ მოსწონთ თურქეთის სწრაფვა, გააკონტროლოს ლიბიის ნახშირწყალბადები, აგრეთვე _ აფრიკელი მიგრანტების მოძალება ევროკავშირში.
და ეს პასუხია, საერთოდ, ევროპელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ თურქეთის მიღებაზე ევროპულ ოჯახში, ერდოღანისგან ოპოზიციონერების დევნის შეწყვეტასა და ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენას მოითხოვენ.
ახალი ძველი თურქეთი
ექსპერტთა აზრით, ერდოღანთან შეიძლება მოლაპარაკება (ნაწილობრივ ამიტომაც გადაიდო საბოლოო ვერდიქტის გამოტანა რამდენიმე დღით), მაგრამ საგარეო პოლიტიურის გარდა ტაძრისთვის სტატუსის შეცვლას აქვს შიდაპოლიტიკური ასპექტიც, რომელიც თურქეთის ლიდერისთვის უფრო მნიშვნელოვანია.
დასავლეთი მოუწოდებს თურქეთს, პატივი სცეს ისტორიას ტერიტორიისა, რომელზეც არსებობს.
“მოვუწოდებთ თურქეთის მთავრობას, აია–სოფიას შეუნარჩუნოს მუზეუმის სტატუსი მორწმუნეთა გრძნობებისა და იმ მრავალმხრივი ისტორიის პატივისცემის ნიშნად, რომლის შედეგადაც ამ სახით ჩამოყალიბდა თურქეთის რესპუბლიკა”, _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ერდოღანსა და მის ამომრჩეველს არ სჭირდებათ თურქეთი ასეთი სახით.
ერდოღანი რესპუბლიკის საფუძვლების დემონტაჟს ახორციელებს, ცდილობს ოსმალეთის იმპერიის რეინკარნაციას და სურს, ქვეყანა რელიგიურ–ავტორიტარულ სასულთნოდ გადააქციოს. ამ პოლიტიკის ჩარჩოებში სრულიად ლოგიკურია იმპერიის ყოფილი მთავარი მეჩეთისთვის რელიგიური სტატუსის დაბრუნება.
თურქი საზოგადოების ისლამიზაცია თანამიმდევრულად მიმდინარეობს _ ნაბიჯ-ნაბიჯ, ამჟამად, უბრალოდ, წმინდა სოფიას სახელობის ტაძრის ჯერი დადგა.
და გამორიცხული არ არის, ეს ნაბიჯი გადაიდგას თუნდაც იმიტომ, რომ მუზეუმის დაცვა არავის შეუძლია.
დიახ, ქრისტიანული სახელმწიფოები წინააღმდეგნი არიან. ვიღაცამ თავისი თვალსაზრისი დიპლომატიურად გამოხატა (როგორც პომპეომ), ვიღაცამ _ უფრო მკვეთრად. საბერძნეთის კულტურის მინისტრმა ლინა მენდონიმ განაცხადა, რომ მუზეუმისთვის სტატუსის შეცვლა “რელიგიურ და ნაციონალისტურ ფანატიზმს აღვივებს”.
იურიდიული თვალსაზრისით, თურქეთს მუზეუმის საკითხზე არანაირი ვალდებულება არ აქვს სხვა ქვეყნებთან, ამიტომ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ეს საკითხი მხოლოდ თურქეთის საშინაო საქმეა. ანკარა კი დემონსტრაციულად, საზოგადოების დასანახავად დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს გარე ძალებისგან _ მით უმეტეს ბერძნებისგან.
“საბერძნეთს არც ერთი მეჩეთი არ აუგია ათენში, სადაც ბევრი თურქი და მუსლიმანი ცხოვრობს, ამიტომ სჯობს, დამშვიდდეს. საბერძნეთი იმ მდგომარეობაში არ არის, რამე ურჩიოს თურქეთს _ ტოლერანტულ ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზე უამრავი ეკლესია და სინაგოგა მოქმედებს”, _ წერს თურქული გამოცემა Daily Sabah-ი.
აია–სოფიას დასაცავად ხმა უნდა აღემაღლებინათ თურქეთში მცხოვრებ ქრისტიანებს, მაგალითად, ქრისტიანული ეკლესიის ლიდერებს, მაგრამ სტამბოლის ქრისტიან იერარქებს ეშინიათ ერდოღანის.
“რა უნდა ვთქვა, როგორც ქრისტიანმა მღვდელმთავარმა და სტამბოლის ბერძენმა პატრიარქმა? 1500-წლოვანმა მემკვიდრეობამ გაერთიანების ნაცვლად დაგვშალა. ვწუხვარ”, _ განაცხადა პატრიარქმა ბართოლომეოსმა, რომელმაც ცოტა ხნის წინათ შეიტანა განხეთქილება მართლმადიდებლობაში, როცა აღიარა სექტა სახელწოდებით “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია”.
სომხეთის ეკლესიის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ხელმძღვანელმა სააკ მეორემ კი სრულად დაუჭირა მხარი ერდოღანის იდეას.
ერდოღანი ვერ შეძლებს ტაძრის სტატუსის შეცვლით დასავლეთთან ვაჭრობას (“მიყიდვას”). ეს არც ისე მნიშვნელოვანი საკითხია დასავლელი ლიდერებისთვის, რომლებმაც კარგა ხნის წინათ დაკარგეს ზნეობრივი ორიენტირები და ქრისტიანული კულტურის ფასეულობები, ამიტომ აია-სოფიას, როგორც მუზეუმის, გადარჩენის ერთადერთი შანსი არის ერდოღანის სურვილი, თავი წარმოაჩინოს დიდსულოვან პრეზიდენტად, მშვიდობისმოყვარე ადამიანად და ლიდერად, რომელიც პატივს სცემს ტოლერანტობასა და კულტურულ მრავალფეროვნებას. არის თუ არა ამის შანსი, მალე შევიტყობთ.
Vz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ