Home რუბრიკები პოლიტიკა ხელისუფლების გაუკუღმართებული ლოგიკა: რუსეთთან ვაჭრობა და ფულის კეთება გვინდა, მოლაპარაკებები და დიალოგი...

ხელისუფლების გაუკუღმართებული ლოგიკა: რუსეთთან ვაჭრობა და ფულის კეთება გვინდა, მოლაპარაკებები და დიალოგი – არა

უკვე მერამდენედ, ქართველი გლეხი ყველაზე “დიდი მტრის” _ რუსეთის იმედად დარჩა

ხელისუფლების გაუკუღმართებული ლოგიკა: რუსეთთან ვაჭრობა და ფულის კეთება გვინდა, მოლაპარაკებები და დიალოგი – არა

საქსტატმა გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომ წინა წელთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონე 6,6%- შეადგენს და ხომ გაინტერესებთ, როგორ აისახა ეს ინფლაცია პროდუქტების ფასზე? ჰოდა, 2019 წლის ივნისთან შედარებით, ფასები შემდეგნაირად არის შეცვლილი (შეგახსენებთ, ეს ოფიციალური მონაცემებია):

“წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4,15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (46,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17,2 პროცენტი), თევზეული (15,8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13,5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13,1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12,6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10,0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9,3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 7,5 პროცენტით…”

წესით და რიგით, ყველა თავმოყვარე ხელისუფალმა ამ ციფრების გამოქვეყნების შემდეგ ქუდი უნდა დაიხუროს (ან პირიქით _ მოიხადოს და მოიბოდიშოს) და სახლში წავიდეს, თუმცა, როცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე ვსაუბრობთ, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფალია თუ ოპოზიციონერი, თავმოყვარეობა ზედმეტი სიტყვაა. არადა, კარგად გემახსოვრებათ, საგანგებო მდგომარეობისა და მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის შემდეგ, ფასები როცა ავარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ხელისუფლებამ თქვა: სუბსიდიას განვახორციელებ და მოსახლეობა ვერაფერს იგრძნობსო. ვერ გეტყვით, განახორციელა თუ არა ხელისუფლებამ სუბსიდია, მაგრამ ფაქტია, რომ პროდუქტებს ყველგან სხვადასხვა ფასი ედო და ვერც შეღავათი იგრძნო მოსახლეობამ. ჰოდა, ახლა საქსტატი ამტკიცებს, _ შარშანდელთან შედარებით, მაგალითად, წიწიბურას ფასმა 122%-ით მოიმატაო. შუა სეზონზე ხილის ფასი 46%-ით რომ არის მომატებული, არაფერს ნიშნავს? ჩვენ გეტყვით, რატომ ამ სეზონზე, რეკორდული მოსავლის პირობებში, მაგალითად, ატამი და ვაშლატამა შარშანდელზე გაცილებით ძვირი ღირს.

ცოტა ხნის წინათ სოფლის მეურნების მინისტრმა თქვა: ამ რეკორდულ მოსავალს რუსეთის ბაზარზე გავიტანთ, მოთხოვნა ძალიან დიდია და გლეხს ერთი კილოგრამიც არ დარჩება გაუსაღებელიო. რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია უკვე დაიძრა, თანაც დიდი პარტიებით. ჩრდილოელი მეზობელი ყიდულობს ჩვენს ხილს და სწორედ ამიტომ დაგვაჭირეს წიხლი: თუ თქვენ არ იყიდით ძვირად, აგერ _ რუსეთში გაგვაქვსო. სიმართლე გითხრათ, აღარც კი ვიცით, კარგი მოსავალი უნდა გაგვიხარდეს თუ არა. ორივე შემთხვევაში მყიდველი ზარალობს, ადგილობრივი მყიდველი, სახელმწიფო კი ამას მშვიდად უყურებს. სახელმწიფო იმასაც მშვიდად უყურებს, რომ შარშანდელთან შედარებით ფასები ლამის გაორმაგდა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი იმის ნახევარი შემოსავალიც აღარ აქვს, რაც შარშან ამ დროს ჰქონდა. აკი ისიც ოფიციალურად ითქვა: პანდემიის გამო ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და უმუშევრობის დონე ლამის გაორმაგდაო. ამას დაუმატეთ გაჩერებული ობიექტები, ჩავარდნილი ტურისტული სეზონი, ადგილობრივი მოსახლეობის მყიდველუნარიანობის განახევრება და მივალთ დასკვნამდე: ერი შიმშილის პირას კი არ არის, უკვე შიმშილობს. ბედი ჩვენი, რომ პანდემიამ მოგვისწრო. ჰო, მოგვისწრო, უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფელს დაუბრუნდა, უქმად არ გაჩერდა _ დახნა, დათესა და ახლა სწორედ იმ მოსავლით იკვებება. თორემ, მოვა აგერ ზამთარი, დაუბრუნდებიან ისევ ქალაქებს და შიმშილობა თვალში საცემი იქნება.

ცალკე საკითხია, ამ პერიოდში მაშველი რგოლი ისევ რუსეთმა რომ გადმოგვიგდო. მოსავლის 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთში გადის და იქ იყიდება. ჰო, იმ რუსეთში, ხელისუფლება თუ ოპოზიცია ყოველდღიურ რეჟიმში რომ ლანძღავს და არავინ ამბობს, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველოს მოსახლეობას სწორედ რუსეთიდან აქვს. კარგად გვესმის, რომ ქართული პროდუქცია რუსეთში ძვირია, მაგრამ საქართველოში სეზონური ვაშლის ფასი 3-4 ლარი რომაა, ნამეტანია. იცით, ბატონებო, ეს რას ნიშნავს? ბავშვების უმრავლესობა ვაშლს მხოლოდ დახლზე თუ შეავლებს თვალს. სამაგიეროდ, თურქეთიდან და ირანიდან შემოტანილი პროდუქცია არის იაფი და, სამწუხაროდ, ქართულს ხარისხით ათჯერ და მეტჯერ ჩამოუვარდება.

წინასაარჩევნო პერიოდი გვიდგას და პოლიტიკური პარტიები ახალ ლოზუნგებს გვიმზადებენ. დაქირავებულ სპეციალისტებს ისინი მილიონობით ლარს უხდიან ისეთი ლოზუნგის მოფიქრებისთვის, რომელიც მოსახლეობას მოეწონება. საქართველო სიღარიბის გარეშე”, “საქმე ლაპარაკის ნაცვლად”, “სიცოცხლით სავსე ქალაქი და კიდევ არაერთი რამ ვჭამეთ წლების განმავლობაში და, გვერწმუნეთ, კიდევ შევჭამთ. სხვა გზა არ არსებობს და ამიტომ მიეჩვია ერი ცუდსა და უარესს შორის არჩევანს და ამ არჩევანს აკეთებს, აგერ უკვე 30-ე წელია. მაშინ, როცა ხელისუფლების ერთი შტო გვიმტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა, ნურაფრის ნუ გეშინიათ, სიტუაციას ვაკონტროლებთო, მეორე შტო აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის მიხედვით ყველაფერი კატასტროფულადაა. შედარებას არავინ არ აკეთებს ან აკეთებენ და ჩვენ არ გვეუბნებიან, ანგარიშს არ გვაბარებენ ხალხს და საპარლამენტო კინკლაობაც იმ სანახაობის ნაწილია, რომელსაც, აგერ უკვე მერამდენე წელიწადია, პურის გარეშე გვტენიან ხალხს ცხვირში. სუბსიდიებისა და დახმარების ნაცვლად ცოტაც მოითმინეთო, _ გვეუბნებიან, პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინში ვართო და სერიოზული ეჭვი გვაქვს, ეს მეორე ტალღა ზედ წინასაარჩევნოდ იქნება. მაშინ დაარიგებენ ფულსაც, სულსაც და გულსაც, რათა კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივონ ჩვენს ხარჯზე ცხოვრება. ჰო, მხოლოდ ცხოვრება კი არა, აგერ, ჩვენს ხარჯზე ვიღაცებისთვის ბინების დამთავრებას გეგმავენ, იქ სასტუმროებს უნდა გადაუხადონ ფული და უტურისტობა აუნაზღაურონ. მერე რა, რომ იმავე სასტუმროებმა პერსონალი კარგა ხნის წინათ დაითხოვეს და ხელფასები გადასახდელი აღარ აქვთ. სამაგიეროდ, მათი მფლობელები არიან ძლიერნი ამა ქვეყნისანი, კრიზისი მათ არ უნდა შეეხოთ, კრიზისი მხოლოდ ხალხისთვისაა. ჰოდა, ასე მიიღებენ ისინი ჩვენი გადასახადებიდან დამატებით შემოსავლებს და, რაც მთავარია, მათ კრიზისის პერიოდში არც სამსახური დაუკარგავთ და არც პროდუქტების დეფიციტი ჰქონიათ.

ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი ამას წინათ წერდა სოციალურ ქსელში: მარტვილის კანიონში ნავით სეირნობა კაცზე 26 ლარამდე ჯდება და 4 კაცი 15-წუთიან სეირნობაში ასზე მეტ ლარს იხდისო. იქვე ისიც დაიწერა, რომ კახეთში სასტუმროს ფასი ღამეში 670 ლარია და ძალიან ძვირია. ძვირი არ არის, ბატონებო, ჩვეულებრივი ფასია, მაგალითად, პოლიტიკოსებისთვის. სწორედ ისინი იხდიან ამ თანხებს და სწორედ ისინი ხარჯავენ ფულს ამგვარ სასტუმროებში, თორემ, ჩვენ მათი მყუდროება რომ არ დავარღვიოთ, იმ სასტუმროს შესასვლელიდან 2 კილომეტრში დაცვა დგას, ბარიერები აქვს აღმართული და არ შეგიშვებენ: დასასვენებლად ხომ ვერ შედიხართ და არც დათვალიერების უფლებას არ გაქვთ.

სხვა, აბა, რა გითხრათ? რუსეთთან ვაჭრობა და ფულის კეთება გვინდა, მოლაპარაკებები და დიალოგი _ არა. უკვე მერამდენედ, ყველაზე “დიდი მტრის” _ რუსეთის იმედად დარჩა ქართველი გლეხი; მთავრობაც ადასტურებს, რომ პროდუქციას იქ ვყიდით, მაგრამ რატომღაც მაინც მტერია. რუსეთიდან იკვებება საქართველოს ნახევარი და მაინც მტერს ვუძახით; იქიდან შემოსულ ფინანსებზე დგას ეკონომიკა და მაინც მტერია. მოყვარე ევროპა და ამერიკაა, რუსეთის წინააღმდეგ მუდმივად რომ გვაქეზებენ, მაგრამ, როცა გაგვიჭირდა, პანდემიის პერიოდში სამათხოვრო მილიონი რომ გადმოგვიგდეს და მერე რა, რომ მხოლოდ ვაშლატამის ექსპორტით რუსეთიდან, უხეში დათვლით, 56 მილიონს ველოდებით. ეგ არ ითვლება, ეს ასე უნდა იყოს _ “მტერმა” უნდა გვარჩინოს თურმე და “მოყვარემ” კანონები გვიწეროს, როგორ ვიცხოვროთ. ჰოდა, ვცხოვრობთ ასე, წლიდან წლამდე მომატებული ფასებითა და შემცირებული ჯამაგირით. სამაგიეროდ, 70 წელს გადაცილებულებს 1 ივლისიდან პენსია 250 ლარი გაუხდათ. აი, თუ არ მუშაობს ჩვენი მთავრობა. ახლა მთავარია, 70 წლამდე მივაღწიოთ და მერე 250 ლარად გვეშველება…

ბესო ბარბაქაძე

2 COMMENTS

  1. თორემ, ჩვენ მათი მყუდროება რომ არ დავარღვიოთ, იმ სასტუმროს შესასვლელიდან 2 კილომეტრში დაცვა დგას, ბარიერები აქვს აღმართული და არ შეგიშვებენ: დასასვენებლად ხომ ვერ შედიხართ და არც დათვალიერების უფლებას არ გაქვთ.
    აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ..ყვარლის ტბა სააკაშვილმა გეგენავებს აჩუქა და მე, ვიცნ სოწაფეობისას, შაბატობებზე ამ ტბას ვაშნებდი სხვასთან ერთად, სუმარიც კი ვერ შემყავს დასათვალიერებლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here