რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრუნჩხვა–ჭინთვების შემდეგ, დასავლეთის “ბებია–ქალებისა” თუ “ბაბუაკაცების” რეკომენდაციებით, საქართველოს პარლამენტმა, როგორც იქნა, “იმშობიარა” და ქვეყანას ცვლილებაშეტანილი კონსტიტუცია მოევლინა.
ცვლილების არსი არის ის, რომ საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება _ 120/30-ზე, ანუ 120 დეპუტატი ძველი, პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო დანარჩენი 30 _ მაჟორიტარული წესით შევა პარლამენტში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოს შერეული წესით არჩეული პარლამენტი შეიძლება ვუწოდოთ. კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებას ქვეყნის მმართველმა “ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, რომელიც თურმე იმაში მდგომარეობს, რომ 2020 წლის შემდეგ არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით გაიმართება და ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება მაჟორიტარობა. ამ “გამარჯვებას” ისეთი აღტაცებით ულოცავდნენ ერთმანეთს და ქართველ საზოგადოებასაც ქოცები, რომ გეგონებოდათ, მორიგი არაფრისმაქნისი ჩანაწერი კი არ გააკეთეს, სოხუმი თუ ცხინვალი მოაქციეს საქართველოს იურისდიქციაში.
მწარე სინამდვილე კი არის ის, რომ, 30 წელიწადია, ქვეყანას პატრონი არ ჰყავს და, აქედან გამომდინარე, ქართველი საზოგადოების უმრავლესობისთვის სულერთია, როგორი საარჩევნო სისტემით შევლენ მომავალ პარლამენტში 30 ვერცხლის მოყვარული (მცირე გამონაკლისის გარდა) “ხალხის რჩეული”, დასავლეთის მიერ დანიშნული დეპუტატები.
ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამ არჩევნებიდან ხალხისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები შედეგი იქნება ის, რომ, დიდი ალბათობით, შალვა ნათელაშვილის ე.წ. ქარვასლაში შეკრებილ გაერთიანებულ ოპოზიციას, მიუხედავად 1%-იანი ბარიერისა, გამარჯვების (ეს უკვე ავლიპ ზურაბიშვილის სფეროა) კი არა, საერთოდ, პარლამენტში შესვლის პრობლემა ექნება, ხოლო ე.წ. ნაცსექტა და “ევროპული საქართველო” სამუდამოდ დაემშვიდობებიან მთავარი ოპოზიციის სტატუსს მათ მფარველ დასავლეთშიც კი, თორემ ქართველი ხალხის თვალში მსგავსი რამ არასოდეს ჰქონიათ.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ქოცების ამ “გამარჯვებაში” წილის დადებას ნაცსექტა და მისი განაყოფი “ევროპული საქართველო” ცდილობენ. ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ერთკაციანი პარტიების ფონზე ასე თუ ისე ანგარიშგასაწევი ძალა უზარმაზარი ფინანსური და სატელევიზიო რესურსებით ებრძვის სახელგატეხილ, მაგრამ საზოგადოებისთვის შედარებით მისაღებ “ქართულ ოცნებას”, _ ჩვენს მიერ დასავლეთიდან ორგანიზებულმა ზეწოლამ აიძულა ქოცები, 120-30 სისტემა მიეღოთო. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ნაცები და ევრონაცები ნაწილობრივ სიმართლეს ამბობენ…
სალომე ზურაბიშვილმა რა ზღაპრებიც უნდა მოყვეს, ერთი რამ უეჭველია _ თავი რომ დავანებოთ სხვა დანაშაულებს, რომლებიც, ლოგიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ექნებოდათ ქვემოთ ნახსენებ პირებს, ქილერი გიორგი (ჟორიკა) რურუა, ხაზინის ქურდი გიგი უგულავა და ბუტა რობაქიძის მკვლელობის “გამპრავებელი” ირაკლი ოქრუაშვილი ამერიკა-ევროპამ პოლიტპატიმრებად აღიარეს, უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან გამოაშვებინა კიდეც ქოცების ხელისუფლებას, ხოლო თორაძეების 6-სულიანი ოჯახის გამჟუჟველი რურუა ისეთი აბსურდული მიზეზით (ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარება) ზის ციხეში (მიუხედავად იმისა, ჩაუდეს თუ არა იარაღი), ბავშვსაც კი გაეცინება, რადგან ჟორიკას, თორაძეების გარდა, იმდენი ადამიანი ჰყავს “დაბრედილი”, რომ ჰკითხოთ, კალკულატორი თუ არ მოიშველია, ალბათ, ვერ გიპასუხებთ და ასეთ კაცს, იარაღის უკანონო ტარების გარდა, სხვა ცოდვას რომ ვერ მოუძებნი, ჩვენი სამართალდამცველების სირცხვილია.
მიცვალებულებზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერიო, რაც შეცდომაა. სინამდვილეში ეს გამონათქვამი ასეა: “მიცვალებულებზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი, სიმართლის გარდა”. დღემდე არავინ არაფერს ამბობს ჟორიკას აწ განსვენებულ უფროს ძმა ნიკა რურუაზე, რომელიც თავის დროზე ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი და “მხედრიონის” დანაშაულებრივი დაჯგუფების (აღსანიშნავია, რომ “მხედრიონში” არა მხოლოდ ყაჩაღები, სამშობლოს პატრიოტი ქართველი ვაჟკაციც ბევრი იყო), რომ იტყვიან, “მოზგი” გახლდათ… ხოლო, როდესაც “მხედრიონსაც” “დაერხა” და ჯაბა იმქვეყნად წავიდა, ნიკა რურუა ნაცების სიით პარლამენტის დეპუტატი გახდა, ჟორიკას კი “ზონდერკამანდა”, ანუ არაფორმალური შეიარაღებული რაზმი ჩააბარა და იქნებ ამ ძალის იმედითაც, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი იყო იმ მცირეთაგან, ვინც მიშა სააკაშვილს სიტყვის შებრუნებას უბედავდა. ბედის ირონიაა, რომ საქართველოს ამომგდები დიდუბის პანთეონში მარხია, ხოლო მისი პირადი ქილერი პოლიტპატიმარია, რომლის განთავისუფლებასაც “განათლებული” და დემოკრატიული ევროპა და ამერიკა ითხოვენ.
ეს ისე, მცირე პასაჟი მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის წარმოსადგენად, რით სუნთქავდა ჯერ ზვიად გამსახურდიას დამხობის, შემდეგ “ვარდების რევოლუციის” აქტიური მონაწილე ნიკა რურუა.
ახლა დავუბრუნდეთ მთავარს, თუმცა მკითხველისთვის, ალბათ, არც ეს “არამთავარი” იყო უინტერესო…
ამ “გამარჯვებაში” ვის რა წვლილი მიუძღვის, არ ვიცი, მაგრამ გამარჯვებულებსაც და დამარცხებულებსაც ერთი რამ აქვთ საერთო _ ის, რაც 29 ივნისს პარლამენტში ხდებოდა, გამარჯვების ზეიმი კი არა, ქოცებსა და ნაცებს შორის ამაზრზენი შეჯიბრება იყო, ვინ უფრო მოაწონებდა თავს ოკეანისგაღმელ პატრონებს _ მე უფრო პროდასავლელი ვარ, ვიდრე შენო… ამ შეჯიბრებისას ვაზელინის ისეთი სუნი დადგა დარბაზში, კორონოვირუსისგან დამცავი ყველაზე საიმედო პირბადეც ვერ გიშველიდა.
ზემოთ ვთქვი, ქვეყანას პატრონი არ ჰყავს-მეთქი, რადგან, ყოველივე ზემოთქმული დროებით გვერდით რომ გადავდოთ, მხოლოდ ჟორიკა რურუას პოლიტპატიმრად შერაცხვა იქნებოდა თავმოყვარე ხელისუფლებისთვის იმის საბაბი, რომ იმაზე მაინც დაფიქრებულიყო, ვისთან ვთამაშობთ სტრატეგიულ პარტნიორობანას და იქნება ისიც გახსენებოდათ, ამ თამაშმა ნგრევის, ტერიტორიული მთლიანობის რღვევის, აგვისტოს სამარცხვინო ომის მეტი რომ არაფერი მოგვიტანა, მაგრამ ამის მოთხოვნას, ვიმეორებ, თავმოყვარე ხელისუფლების შემთხვევაში აქვს აზრი და წინამდებარე წერილიც საქართველოსთვის ეს მერამდენედ სულში ჩაფურთხებაზე მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ისეთი რამ ვიხილე საკუთარი თვალით, რომ…
როგორც ცნობილია, რუსეთში მიმდინარეობს ახალი კონსტიტუციისთვის ხმის მიცემის პროცესი და სწორედ ამ რეფერენდუმის დაწყების დღეს მოსკოვის ცენტრში მდებარე ამერიკის საელჩოს ფანჯრიდან გადმოკიდეს აშშ–ის სახელმწიფო დროშა, რომლის ქვემოთაც გადმოფენილი იყო ლგბტ სექტის დიდი დროშაც. ამ აშკარა პროვოკაციას მოჰყვა მოსკოვში აშშ–ის ელჩის ვრცელი ტელეკომენტარი, რომლის მოკლე შინაარსი არის ის, რომ ამერიკა სწორედ ასეთი მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტობის გამოა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო.
ეს აქტი იმიტომ არის პროვოკაცია და უფრო მეტიც, რუსეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა, რომ რუსეთში აკრძალულია არასრულწლოვნებს შორის გეიპროპაგანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის უზარმაზარ ტერიტორიაზე ვერანაირი გეიაღლუმი ვერ ჩატარდება. რუსეთის ახალ კონსტიტუციაში კი შავით თეთრზე წერია, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის არის დასაშვები. ახალი კონსტიტუცია, აგრეთვე, ღაღადებს, რომ ყველანაირი ტერიტორიული დავა რუსეთის მიმართ დახურული თემაა და განხილვას არ ექვემდებარება.
ამერიკისთვის კი ყველაზე მიუღებელი არის ის, რომ ახალი კონსტიტუცია, პრაქტიკულად, ნიშნავს ვლადიმერ პუტინის სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტობას, რაც ესოდენ საჭიროა რუსეთისთვის, რადგან ყოველივე ზემოთქმულსა თუ ართქმულს დაცვა და განხორციელება სჭირდება. ეს კი შეუძლებელი იქნება დასავლური “დემოკრატიის” პირობებში.
დემოკრატობანას თამაშმა სადამდეც მიიყვანა აშშ, სრულიად მსოფლიომ ნახა და მომავალში უფრო “უკეთეს” ამერიკულ დემოკრატიას ვიხილავთ. ახლა თუ ზანგებს უკოცნიან თეთრები უკანალს, მალე ანალოგიურ “პატივისცემას” ლგბტ-სექტანტები მოითხოვენ ნორმალური ამერიკელებისგან. როგორც ჩანს, ტრამპის ბრძანება ჰაერში გასროლილი სიტყვები ყოფილა, ვლადიმერ პუტინის ნათქვამი კი კანონია და, თუ რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და წლოვანებას გავითვალისწინებთ, პრეზიდენტობა 15-20 წელიწადი გარანტირებული აქვს…
ღმერთმა ინებოს და, მომავალი არჩევნების შედეგად მაინც გაჩნდეს თვისობრივად ახალი ოპოზიცია, რომლის ზემოქმედების შედეგად საქართველო უარს იტყვის ამერიკასთან სტრატეგიულ კავშირზე და ნორმალურ ურთიერთობებს დაამყარებს ერთმორწმუნე რუსეთთან, რომლის პრეზიდენტიც დიდი ხნის განმავლობაში იქნება ვლადიმერ პუტინი.
რუსეთთან ძმური ურთიერთობის აღდგენისკენ მოგვიწოდებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი _ ერთადერთი პატრონი და გულშემატკივარი ქართველი ერისა. უფალო, ბევრი დღენი მიეცი ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს ჩვენდა ნუგეშად და იმედად!
დავით მხეიძე