წლების განმავლობაში დიდი გულისხმიერებით ვეცნობი დიდებულ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებულ გრიგოლ ონიანის მეტად ორიგინალურ პუბლიკაციებს, რომლებიც დიადი პოლიტიკოსის _ იოსებ სტალინის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. ბატონი გრიგოლი ყოველგვარ საფრთხესა და შიშზე მაღლა დადგა და შეუძლებელი სინამდვილედ აქცია, რადგან სტალინის პორტრეტი ასე სიღრმისეულად, მრავალმხრივად და ჭეშმარიტად სრულყოფილად ჯერ არავის დაუხატავს. ბატონი გრიგოლი პირველია.
ამ წერილის დაწერა მე, 91-ე წელში გადაბიჯებულ ისტორიკოს-პოლიტოლოგს, ბატონ გრიგოლ ონიანის მიერ “საქართველო და მსოფლიოს” ამა წლის მე-14 ნომერში სტალინზე გამოქვეყნებული მორიგი წერილის (“სტალინი _ დიპლომატიის მონსტრი. რას ამბობდა სტალინზე მსოფლიო დონის პოლიტიკოსი ჰენრი კისინჯერი”) პირველივე წინადადებამ მიკარნახა.
დიახ, ბატონი გრიგოლ ონიანი პირველია, ვინც ზღვარი დაუდო ტყუილ-მართლის წერას კაცობრიობის გამოჩენილ ადამიანზე _ იოსებ სტალინზე. თავისი რაინდული შემართებით, ლომგულობით, შიშზე მაღლა დგომით ბატონმა გრიგოლმა პოლიტიკური პენალტი გაუტანა ყველას, ვისაც ჯერ არს. კერძოდ, ახლო წარსულში ცნობილ, მაგრამ ჩეხოვის პერსონაჟ ბელიკოვივით შიშით შეპყრობილ, მედროვე, ქამელეონებად გარდასახულ ისტორიკოსებს და, საერთოდ, ყველას, მათ შორის ძია სემსაც. საყურადღებოა, რომ ყოველივე ეს ბატონმა გრიგოლმა ჩვეული მსუბუქი იუმორით აღასრულა, რაც ყოველგვარ კრიტიკას აღემატება.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ბატონმა გრიგოლმა დამნაშავე სააკაშვილის მიერ ქალაქ ფოთში აღებული სტალინის ძეგლი წაიღო და თავის სოფელში აღადგინა, რაც რაინდული გმირობის ტოლია; მედროვე-შარლატანებისა და თვით ძია სემის კარში გატანილი გოლია.
მიკვირს, წლები გადის და საქართველოს სამეცნიერო წრეები, უნივერსიტეტები, მეცნიერებათა აკადემიის მესვეურები დღემდე დუმან და ვერ ხედავენ ბატონ გრიგოლის მიერ სტალინზე შექმნილ და გამოქვეყნებულ მრავალტომეულს. ისინი ასევე ვერ ხედავენ და არ იციან, რომ არსებობს ყველაზე ობიექტური, სიმართლით გამორჩეული გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, რომლის გვერდებიდანაც ჩამოისხა ეს მრავალტომეული.
ვფიქრობდი, საქართველოში უნივერსიტეტები ერთმანეთს შეეცილებოდნენ ბატონ გრიგოლ ონიანისთვის მეცნიერების საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებაში, ხოლო მეცნიერებათა აკადემია _ საპატიო აკადემიკოსად აირჩევდა.
არ ვარ მიამიტი და კარგად ვხედავ, რომ აშშ-დასავლეთის მიერ დამონებულ-”დაჩმორებული” საქართველოს ხელისუფალნი, ვაიოპოზიცია თუ სამეცნიერო წრეები ეთაყვანებიან ძია სემს, რომელსაც სტალინის სახელის ხსენებაც კი დაბლოკილი აქვს. სწორედ ძია სემის სურვილითა და ნებით აიღო დამნაშავე სააკაშვილმა სტალინის ძეგლები, გააუქმა მისი სახელი ქუჩებსა თუ სხვა ობიექტებზე.
დღეს თბილისში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის, სკამ-ძეგლი დგას; მეორე ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის, სახელს კი მაგისტრალური ქუჩა ატარებს, ხოლო ქალაქ გორიდან აღებული სტალინის ძეგლი სოფელ კარალეთში პირქვეა დამხობილი და ეკალ-ბარდები ფარავს; რა ვუწოდოთ ამ შემზარავ სინამდვილეს? სახელი თქვენ დაარქვით…
1949 წლის დეკემბერში, როცა იოსებ სტალინს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა, მილოცვები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ნიაღვარივით წამოვიდა, რომლებიც რუბრიკით “მისალმებათა ნაკადი” ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქვეყნდებოდა გაზეთების _ მათ შორის ქართულ გაზეთ “კომუნისტის” გვერდებზე. ეს მილოცვები იმისი დასტურია, რომ სტალინი პლანეტა დედამიწის სიდიადედ იქცა. იმედია, ბატონი გრიგოლი აღნიშნული მილოცვების გარკვეულ ნაწილს მკითხველს თავისი კომენტარებით წარუდგენს.
ასევე ცალკე თემაა იოსებ სტალინი, როგორც ადამიანთა სოციალური თანასწორობის, სოციალური სამართლიანობის, პიროვნების სოციალური დაცვის, სახელმწიფოს აღმაშენებელი მსოფლიოს ერთ მეექვსედ ტერიტორიაზე…
დღეგრძელობა და მადლობა ბატონ გრიგოლ ონიანს, რომელიც კვლავაც განაგრძობს სტალინის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი მეცნიერული ნარკვევების გამოქვეყნებას.
მადლობა გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” დიდებულ სარედაქციო კოლეგიას ობიექტურობისა და იმ სიმართლისთვის, რომელიც ჩვენ, მკითხველებს, უშურველად მოგვეწოდება.
გივი გურეშიძე,
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან
ბატონი გრიგოლ ონიანი რომ სტალინის ურთულესი ფენომენის უბადლო მკვლევარია, ამაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ავტორს, მაგრამ საიდან მოიტანა მან, რომ ეს ჩვენი საამაყო დიდი ისტორიკოსი 91-ე წელში გადაბიჯებულია? მე რუგორც ვიცი, იგი სულ რაღაც 86 წლისაა. მისი ჭაბუკური მხნეობა და მასზე დაკისრებული დიადი მისია იმედით გვავსებს, რომ ბატონი გრიგოლი 91-ე წელსაც გადააბიჯებს და 100 წელსაც! დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ დიდ სვანსა და დიდ ქართველს, ბატონ გრიგოლს!
ბატონო ომარ, წერილს თუ ყურადღებით წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ავტორი თავის ასაკს უსვამს ხაზს: „ამ წერილის დაწერა მე, 91-ე წელში გადაბიჯებულ ისტორიკოს-პოლიტოლოგს“…