გერმანელმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე რარმა გერმანიასა და აშშ–ს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა. სპეციალისტის აზრით, ევროპაში ძალთა განლაგება ბუნებრივი აირის კონფლიქტის გამო იცვლება.
ადრე გერმანიისთვის შეიძლება გეწოდებინათ აშშ-ის გუბერნატორი ევროპაში. ბერლინი ვაშინგტონის მთავარი მოკავშირე იყო ბებერ კონტინენტზე, მაგრამ ახლა გერმანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, არ დაუჯეროს ოკეანისგაღმელ პარტნიორს რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხში.
ბერლინი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შემდეგ დატოვებს პოსტს და ვითარება დასტაბილურდება, მაგრამ, ალექსანდრე რარის აზრით, მოცემულ ვითარებაში ცვლილებების ლოდინი არც ისე ჭკვიანურია. თუ ამერიკის პრეზიდენტის პოსტს ჯო ბაიდენი დაიკავებს, გერმანიაზე წნეხი კვლავ შენარჩუნდება. დემოკრატი პრეზიდენტის რიტორიკა ცოტა შერბილდება, მაგრამ ვაშინგტონის მიზნები და ამოცანები არ შეიცვლება.
“ახლა ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს დიდი ისტორიული ცვლილება”, _ აღნიშნა პოლიტოლოგმა, _ აშშ პირდაპირ სამხედრო კავშირს ამყარებს პოლონეთთან გერმანიის გვერდის ავლით. თუ ტრამპი პოსტს შეინარჩუნებს, ცვლილებები გაგრძელდება”.
რარის აზრით, ნატო მხოლოდ ქაღალდზე შენარჩუნდება, თვითონ ალიანსი კი გაქრება, აშშ პირდაპირ კავშირს დაამყარებს პოლონეთთან, რუმინეთსა და ბრიტანეთთან, რათა განაგრძოს რუსეთის შეკავება.
დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ სურს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, მაგრამ აშშ-ის პირობებზე რუსეთის დათანხმება, სპეციალისტების აზრით, ფუჭი ოცნებაა.
Politexpert.net–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ