რამდენიმე დღის წინათ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გავლენიან ამერიკულ გამოცემა The National Interest–ში გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც კრემლის მესვეურმა მეორე მსოფლიო ომის წინმსწრები მოვლენები სიღრმისეულად მიმოიხილა და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით დასავლეთის მიერ გერმანიის ფაშისტური ხელისუფლების წაქეზებასა და მისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებებზე გაამახვილა ყურადღება, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, მათ შორის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეც, მწვავე რეაქცია მოჰყვა. შეშფოთებული დასავლელი მაღალჩინოსნების ერთმა ნაწილმა წერილს კრემლის მხრიდან ისტორიული სინამდვილის დამახინჯების მცდელობა უწოდა და ოფიციალურ მოსკოვს კიდევ ერთხელ ანტიდასავლური განწყობების მიზანმიმართულად გაღვივებაში დასდო ბრალი; მეტიც, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში უკმაყოფილება უმაღლეს სახელისუფლო დონეზეც გამოითქვა. ეს, განცხადებებთან ერთად, იმაშიც გამოიხატა, რომ სამივე ქვეყანაში საგარეო საქმეთა სამინისტროებმა რუსეთის ელჩები გამოიძახეს (პარალელურად ქუჩაში აქციაც გაიმართა). როგორც აღნიშნული სამინისტროების მიერ მოგვიანებით გავრცელებულ ცნობაში იყო განმარტებული, მათი შეშფოთება განსაკუთრებით ერთმა ფაქტმა გამოიწვია. კერძოდ, საუბარი იყო წერილის იმ მონაკვეთზე, რომელიც მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტს შეეხებოდა და რომელიც, მათივე შეფასებით, ისტორიული სინამდვილის რევიზიონიზმის გამოვლენაა.
ცნობისთვის: წერილში, რომელიც The National Interest-ში 18 ივნისს გამოქვეყნდა, ვლადიმერ პუტინი კონკრეტულ ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით ასაბუთებს, რომ ფაშისტური გერმანია ომამდე გარკვეული გარე ძალებისგან კოლოსალურ დახმარებას იღებდა. მისი შეფასებით, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ნაცისტებმა უმოკლეს დროში უმძლავრესი სამხედრო ინდუსტრია შექმნეს, თუმცა საპირისპირო მოსაზრებებია თანამედროვე “დემოკრატიულ დასავლეთში”. მათ მიაჩნიათ, რომ ჰიტლერის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას მნიშვნელოვანწილად საბჭოთა კავშირმა შეუწყო ხელი (მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელწოდებით ცნობილი “დანაშაულებრივი შეთანხმებით”, თუმცა ასეთი შეთანხმება, სხვებისგან მალულად, ევროპის ყველა მაშინდელ სახელმწიფოს სსრკ-ზე ადრე ჰქონდა გაფორმებული ჰიტლერთან).
რა მიზანს ემსახურება პროპაგანდა, რომ თავის დროზე ევროპაში ფაშიზმის გაძლიერებას საბჭოთა კავშირმა შეუწყო ხელი და რას გულისხმობდა მოლოტოვ–რიბენტროპის მიერ ხელმოწერილი ისტორიული დოკუმენტი _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება გენერალ–ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.
_ ბატონო გურამ, დასავლური პროპაგანდა აქტიურად ცდილობს, საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, რომ ევროპაში ფაშიზმის გაძლიერებას საბჭოთა კავშირმა შეუწყო ხელი. საქართველოში არსებული ე.წ. ლიბერალური ძალებიც ხშირად იმეორებენ ამას. რა მიზანს ემსახურება დისკურსი, რომ, თურმე, მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი იყო დანაშაულებრივი შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის, რომელმაც ჰიტლერის პოზიციები გააძლიერა?
_ ისტორიული დოკუმენტების ხელშეუხებლობა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ყოველთვის, როცა ისტორიის ფალსიფიკაციის რაღაც ტენდენციები ჩნდება, მის უკან დგას გარკვეული პოლიტიკური, ხშირად ვიწრო პარტიული ამოცანა, რომელიც კონკრეტული ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება. საქართველოც, სამწუხაროდ, ამის მაგალითია. რაც შეეხება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რომელიც ხშირად არის გარკვეული პოლიტიკური და პროპაგანდისტული მანიპულაციების საგანი, ამ თემაზე საუბრისას უმთავრესი არის ის, რომ გლობალურ პოლიტიკაში ცუდი და კარგი, კეთილი და ბოროტი არ არსებობს. პოლიტიკაში არის სტრატეგიული ინტერესები, რომელიც შეიძლება კონიუქტურასთან ერთად შეიცვალოს და რაღაც მომენტში მტრები გახდნენ მოკავშირეები. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებაში ოდნავ მაინც გათვითცნობიერებული ადამიანებისთვის სიახლე ნამდვილად არ არის. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ნაკარნახევი იყო იმჟამინდელი საერთაშორისო გეოპოლიტიკური დღის წესრიგით და არა იმით, რომ, ვთქვათ, საბჭოთა კავშირი იყო ბოროტი და მას ცუდი უნდოდა აღმოსავლეთ ევროპისთვის.
ახლა რა ხდება კონკრეტულად ბალტიისპირეთის შემთხვევაში. სამი სახელმწიფო_ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, უკვე წლებია, განსაკუთრებით აქტიურობს იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს საბჭოთა კავშირის წვლილის დაკნინება ფაშიზმის დამარცხებაში. ეს კეთდება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე და კეთდება ისეთი ამაზრზენი ფორმებით, რომ, პრაქტიკულად, თავდაყირა აყენებენ, სულ რაღაც, 70-80 წლისწინანდელ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც დოკუმენტურადაა დადასტურებული. წარმოიდგინეთ, მიდის პროპაგანდა, რომ თურმე ფაშიზმი ევროპელებს და ამერიკელებს დაუმარცხებიათ და საბჭოთა კავშირს, რომელსაც 10 მილიონამდე მარტო ჯარისკაცი დაეღუპა, საერთო მხვერპლსა და კოლოსალურ ფინანსურ ზარალზე არაფერს ვამბობ, ბევრი არაფერი გაუკეთებია. პირიქით, თურმე, საბჭოთა კავშირი იგივე ფაშისტური გერმანია იყო და იდეოლოგიური თვალსაზრისით დიდი განსხვავება ნაცისტებსა და კომუნისტებს შორის არ ყოფილა. ისე, საინტერესოა, თუ ასე ძალიან ზარავდათ ბალტიისპირელებს საბჭოთა კავშირში შესვლა და ეს იგივე ნაციზმის ბატონობის ქვეშ ყოფნას ნიშნავდა, რატომ არ იბრძოლეს და არ გაწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, როცა გაასაბჭოეს?
_ რას ემსახურება ისტორიული სინამდვილის გაყალბება?
_ თუნდაც ის ფაქტი, რომ 2009 წელს ევროპარლამენტმა 23 აგვისტო _ მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის გაფორმების დღე, ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა, ყველაფერს ააშკარავებს. ეს არის ლიბერალური დასავლეთის პოლიტიკური დღის წესრიგიდან წამოსული ერთ–ერთი იდეოლოგიური პოსტულატი, რომლის მიზანიც რუსეთის დისკრედიტაციაა.
რაც შეეხება იმას, რომ ამ დღეებში ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა რუსეთის ელჩები გამოიძახეს, ვფიქრობ, ერთ–ერთი მიზეზი, რომელიც დასავლეთს აშფოთებს და ამის ფონზე ცდილობს, რუსეთის საწინააღმდეგოდ განაწყოს მოკავშირე ქვეყნები, არის ის, რომ ბალტიისპირეთში დღითიდღე იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება ევროკავშირისადმი. ეს განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საზღვრები ჩაკეტა და ბალტიისპირეთში ეკონომიკურმა სირთულეებმა იჩინა თავი.
_ თქვით, რომ ცალკეულ ქვეყნებში დასავლეთია ამ პროცესისთვის ბიძგის მიმცემი. საქართველოში რა დგას მსგავსი მცდელობების უკან, აქაც დასავლეთი აფინანსებს ამ ყველაფერს?
_ რასაკვირველია! ის შეშფოთება და განგაში, რომ თურმე ქვეყანაში რუსული პროპაგანდა ძლიერდება, ამაზეა გათვლილი. პანიკას ტეხენ იმისთვის, რომ მერე გამოყონ გრანტები. ახლახან 127 მილიონი დოლარი გამოიყო. ახლა რა სტრატეგიით მოქმედებენ ისინი და როგორ ახერხებენ ისტორიული სინამდვილის ფალსიფიკაციას: გარდა იმისა, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობოები ანგარიშს ანგარიშზე წერენ, ატარებენ წვრთნებს და ე.წ. ლიბერალურ მედიასთან ერთად 24-საათიან რეჟიმში მოქმედებენ საზოგადოების ცნობიერებაზე, სერიოზული პროპაგანდისტული ბრძოლა მიდის საგანმანათლებლო სფეროშიც. ისტორიის სახელმძღვანელოებში, მათ შორის თანამედროვე ენციკლოპედიებში, ფაქტებია დამახინჯებული, რათა მომავალ თაობას აკადემიური ლიტერატურის სახით მიაწოდონ სიცრუე და ამ ფორმით მოახდინონ მასზე გავლენა. სხვათა შორის, ეს არის იმ ტიპის ზეგავლენა ადამიანზე, როცა ის შეიძლება ვერც კი ხვდება ამ ყველაფერს. ჰგონია, მიიღო განათლება და სინამდვილეში პროპაგანდის ბრმა მსხვერპლად იქცა…
_ რა საშუალებები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ საზოგადოება დაუპირისპირდეს ამ პროცესს?
_ რთული სათქმელია. ეს შორს მიმავალი პროცესია, მაგრამ თეორიულად, ალბათ, გამოსავალი არის ის, რომ საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ჯანსაღი ინტელიგენცია, მეცნიერები და პოლიტიკოსებიც ფაქტებით უნდა დაუპირისპირდნენ ამ ყველაფერს. ფაქტია, მაგალითად ის, რომ მეორე მსოფლიო ომში საქართველოს ჰყავდა 150-ზე მეტი გმირი და მათგან 66 იყო თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებული. ფაქტია, მაგალითად ის, რომ საქართველომ 300 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა ამ ომში… სხვათა შორის, იმ გმირების საფლავების უმრავლესობა საშინელ მდგომარეობაშია, იმიტომ, რომ კაციშვილი არ არის ყურადღების მიმქცევი… სამაგიეროდ ჯონ მაკეინია გმირად გამოცხადებული, მაკეინი, რომელმაც სააკაშვილი წააქეზა, წამოაგო პროვოკაციზე, საომარი მოქმედებები დააწყებინა 2008-ში და მერე რაც დაგვემართა, ყველამ ვიცით… თუ ბალტიისპირელებს ისტორიული სამართლიაონობა აინტერესებთ, უნდა ახსოვდეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში, როცა საბჭოთა ჯარისკაცები ფაშისტებს ებძოდნენ, ლატვიასა და ესტონეთს ეს-ეს-ის დივიზიები ჰქონდათ შექმნილი და გერმანელებს ეხმარებოდნენ. ეს ერთი. და მეორე _ საბჭოთა კავშირში ეს ქვეყნები ცეცხლითა და მახვილით არ შეუყვანიათ და სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, მეტი პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ.
_ რა პრივილეგიებით?
_ მაგალითად. იმით, რომ დოტაციები ჰქონდათ: აუშენეს უამრავი ქარხანა, სამრეწველო ობიექტი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის ბიუჯეტში მშპ-ს მხოლოდ 20% შეჰქონდათ, მაშინ, როცა რუსეთი 60 %-ს, ხოლო დანარჩენი რესპუბლიკები 40-40%-ს იხდიდნენ. სხვათა შორის, ისინი გამოსვლითაც ყველაზე მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ გამოვიდნენ საბჭოთა კავშირიდან.
_ ისევ ისტორიის გაყალბებისკენ მიმართულ პროპაგანდაზე გკითხავთ. “საქართველო და მსოფლიო” ერთ–ერთი პირველი იყო, რომელმაც წლების წინათ დაიწყო საინფორმაციო ბრძოლა ამ პროცესის წინააღმდეგ. ქვეყნდებოდა დოკუმენტები, ინტერვიუები, რეგულარულად იბეჭდებოდა პოლიტილოგ ალექსანდრე ჭაჭიას წერილებიც, რომლებშიც ამ ყველაფერს ამხელდა… შედეგად მივიღეთ ის, რომ 2009 წელს ორჯერ დაგვირბიეს რედაქცია, თუმცა სრულყოფილად გამოძიებაც არ ჩატარებულა. დღევანდელ ვითარებაში, როცა ლიბერალურ დღის წესრიგს ისევ სრული მონოპოლია აქვს ქვეყანაში, არის თუ არა საფრთხის შემცველი ისტორიული სინამდვილის დასაცავად ბრძოლა?
_ უმთავრესი არის ის, რომ იმედის მომცემია, როცა ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რისკის ფასად დაუპირისპირდნენ ნებისმიერ ყალბ და ქვეყნისთვის მავნე პროპაგანდას. მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტოლოგია ის, მეცნიერი თუ ხელოვანი, ასეთი ადამიანები დასაფასებელია. რაც შეეხება საფრთხეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის დიდ საფრთხეს შეიცავს გაბატონებული პოლიტიკური კლასისა თუ იდეოლოგიის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ, მეორე მხრივ, არის რეალობა, რომელიც არჩევანს არ გიტოვებს… წარმოიდგინეთ, გერმანიაში ფაშისტების მიერ დახვრეტილი ჰომოსექსუალებისა და ბოშების ხსოვნის მემორიალი დადგეს და ჩვენ გვეუბნებიან, რომ 300 ათასი ქართველი, რომელიც ფაშისტებთან ბრძოლაში დაიღუპა, გმირი არ არის… ეს ხომ ისტორიის თავდაყირა დაყენების მცდელობაა, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ საკუთარი წარსული შეგაძულონ… ამის წინააღმდეგ ბრძოლა მარტივი არ არის, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, არჩევანი არ არსებობს.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია