საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ბევრი ჭირი და ლხინი უნახავს, მისი ცხოვრების მდინარე ბევრჯერ დამშრალა და შევსებულა. ბოლოს კი უცხო ძალას “შური, მტრობა და ლალვა” გაუღვივებია ქვეყანაში, შედეგად, მდინარის ნაპირები მორღვეულა და ზვირთნი “სხვადასხვა ტოტად გადაგდებულან”.
ბატონო ევრონაცებო და ძმანო მათნო!
“ტვინის სადგურში ერთი მივარდნილი კუნჭულია, საცა ერთი ბრმა ნიჭი ადამიანისა ბინადრობს. ის ნიჭი ტვირთთა–მზიდველ სახედარსავით ყოველთვის მორჩილია, ქვევრის თვისება აქვს: რაც ერთხელ ჩაგიძახნია, იმას ყოველთვის ამოიძახებს და სახელად ჰქვიან მეხსიერება”. ჰოდა, მისი წყალობით ხალხს ყველა თქვენი “საქმენი საგმირონი” ახსოვს, აი სწორედ ეს ბატონი მეხსიერება მიეშველება ამომრჩეველს და გზას უჩვენებს, “ვაი–ვაგლახიდამ დასახსნელს”.
გვახსოვს, 2013 წლის ოქტომბერში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ერთ–ერთ ინტერვიუში აღშფოთებული რომ იყო _ საქართველოს თავს იგივე ხდება, რაც ნაციონალების პერიოდშიო. “იგივე სახეები, იგივე კანონი, იგივე სიები, იგივე ფული, იგივე კარუსელი, იგივე მკვდარი სულები… ერთი განსხვავებაა, სააკაშვილისა და შევარდნაძის დროს გაყალბება იყო ცენტრალიზებული, ახლა ეს მანქანა დაიშალა და ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოაწყო ახლის აწყობა. აი, შეიძლება ხალხმა ამით ისარგებლოს და ჩვენ მოვიპოვოთ გამარჯვება, თუმცა, ვიმეორებ, ეგენი სიამის ტყუპები არიან, სხეული ერთ აქვთ, თავები აბიათ სხვადასხვა”, _ შალვას, როგორც ჩანს, მეხსიერება ღალატობს და არც ბურჯანაძის მიმართ ნათქვამი ეს ფრაზა ახსოვს: “ეს ის ბურჯანაძეა, რომელმაც თავის დროზე ჩემი მოკვლის მცდელობა “გააპრავაო”… არც ბურჯანაძეს უგრძვნია თავი უხერხულად შალვას ქარვასლასა თუ ფანჩატურში.
ერთი სიტყვით, ყველამ “დაივიწყა” ძველი წყენა, მერე კი ერთ გუნდად შეიკრნენ მიშასთან და გრიშასთან ერთად და “გაერთიანებული ოპოზიცია” დაირქვეს. თუმცა საქმე ისე წაუვიდათ, როგორც უნდა წასვლოდათ _ მომავალ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების რაოდენობა დღითიდღე მცირდება. საერთო მაჟორიტარების პროექტიც ჩავარდა. ოპოზიციურ სპექტრს გამოეყო ირაკლი ოქრუაშვილის “გამარჯვებული საქართველო” და ის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატების დამოუკიდებლად წარდგენას აპირებს. უფრო ადრე მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესიდან გასვლის შესახებ ღიად განაცხადა მოძრაობამ “ლელო საქართველოსთვის”. თუმცა მოგვიანებით მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შერჩევის საკითხზე კონსულტაციები არც დანარჩენებისთვის აღმოჩნდა ხელსაყრელი.
კიდევ ბევრ რამეს ნახავს საზოგადოება არჩევნებამდე, როგორ დაბრდღვნიან ერთმანეთს ძალაუფლებისთვის, რადგან მათ, ყველას, აქვთ უაზრო პრეტენზია პირველობაზე და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერს კადრულობენ, ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვა კი ისევ განზე დარჩება.
მოდი ისევ სულმნათ ილიას მოვუსმინოთ, ამჯერად 1879 წლის მეოთხე შინაურ მიმოხილვას შემოგთავაზებთ. რატომ მაინცდამაინც 1879 წლის? იმიტომ, რომ ეს იყო მოუსავლიანი წელიწადი, რომლის გადატანა არც თუ ისე ადვილი იყო. დღეს, როდესაც მსოფლიოს პანდემიასთან ერთად უწევს თანაარსებობა, ბუნებრივია, ცხოვრება ჩვეული რიტმით ვეღარ მიდის. ეს დაეტყო ეკონომიკასაც, სავარაუდოდ, წლეულს ადამიანებს შიმშილიც დაემუქრება, ამიტომ ჩვენ, გვინდა თუ არა, თავს თვითონვე თუ არ მივხედეთ, “ბედი ჩვენი ცხადია, როგორც ხელის–გული”, რადგან “ჩვენი შინაური საქმეები ჯერ გაუკეთებელი ხორბალია ხოლმე, უნდა ჩვენ თითონ გავანიავოთ, გავცხრილოთ, დავფქვათ, მოვზილოთ და საკუთარის ჭკუის თონეში ჩვენის ხელით გამოვაცხოთ”.
“შინაურის მხილველობისთანა ჩვენში ძნელი საქმე ჩვენებურს მწერალს არა აქვს, იმიტომ რომ ჩვენში შინაური საქმე ისეთი საგანია, რომლისთვისაც ჯერ ხელი სხვას არავის უხლია, რომელზედაც არავითარს მსჯელობას, არავითარს მოსაზრებას, არავითარს დასკვნას სხვა ქვეყნების ლიტერატურაში ვერ ინახულებთ პირდაპირ და მოჭრით; რომელზედაც, მაშასადამე, გინდათ თუ არა, თქვენი აზრი უნდა იქონიოთ და რომელიც თქვენის საკუთარის ზომით უნდა გაზომოთ, თქვენის საკუთარის ჭკუის შუქით გაანათოთ. ერთის სიტყვით, ჩვენი შინაური საქმეები ჯერ გაუკეთებელი ხორბალია ხოლმე, უნდა ჩვენ თითონ გავანიავოთ, გავცხრილოთ, დავფქვათ, მოვზილოთ და საკუთარის ჭკუის თონეში ჩვენის ხელით გამოვაცხოთ. ამიტომაც ჩვენებური მწერალი დიდს ჭაპან-წყვეტაშია ხოლმე, როცა მწერლობის საღერღელი აეშლება და ბედი ფათერაკად ზედ მიაყენებს შინაურს საქმეს და სულთამხუთავსავით თავს დაადგება, გინდა თუ არა შენის საკუთარის ტვინის ძაფები დასძარიო და ამის პასუხი მომეციო. ჩვენ ამითი იმისი თქმა კი არ გვინდა, ვითომ ჩვენი შინაური საქმეები ისეთის განსაკუთრებულის თვისებისა იყოს, რომ სხვათა ხალხთა ნაცადი, ნაკვლევი, ნააზრევი არას-გზით არ მიუდგებოდეს, სხვის აზრით ჩვენი საქმე არ აიხსნებოდეს.
ამ შემთხვევაში უფრო ხშირად ჰო ითქმის, ვიდრე არა, იმიტომ რომ ხალხთა ცხოვრებაში არის ბევრი ზოგადი კანონები, რომელნიც ყველგან ერთნაირად მოქმედობენ. ეს რომ არ იყოს, თითონ მეცნიერებაც, რომელიც სხვა არა არის რა, გარდა მისი, რომ კრებაა ზოგადის კანონებისა, ფუჭი სიტყვა იქნებოდა. მაგრამ, მინამ ჩვენს საკუთარს ჭირს სხვისაგან ნაცადს წამალს შევურჩევდეთ, ჯერ თითონ ჩვენ უნდა ვიცოდეთ _ რა თვისების ჭირია, მისი სიგრძესიგანე გაზომილი უნდა გვქონდეს, მისი სიმძიმე აწონილი, ერთის სიტყვით ის ჭირი თავიდამ ფეხებამდე ჩვენ მიერ ცნობილი და გაგებული უნდა იყოს, თორემ ქარისაგან შეშინებულსავით დოს დავუწყებთ ბერვასა. მე რომ გულის ფრიალი მქონდეს და შენ კი მეუბნებოდე:
მწყურვალის წამალი წყალიაო, რასაკვირველია, მართალი იქნები, მაგრამ სულელობაში კი ჩამოგართმევ, თუ უკაცრავად არ ვიქნები. ასე მოსდით ბევრს ჩვენგანს, როცა ძალაუნებურად მოახედებ ხოლმე მათს მაღალ მსვლელობას შინაურს საქმეებზედ.
… ტვინის სადგურში ერთი მივარდნილი კუნჭულია, საცა ერთი ბრმა-ნიჭი ადამიანისა ბინადრობს. ის ნიჭი ტვირთთა-მზიდველ სახედარსავით ყოველთვის მორჩილია, ქვევრის თვისება აქვს: რაც ერთხელ ჩაგიძახნია, იმას ყოველთვის ამოიძახებს და სახელად ჰქვიან მეხსიერება. აი ეს ბატონი მეხსიერება მიეშველება ხოლმე ტვინისაგან განუკითხველს მწერალსა და გზას უჩვენებს, ვაი-ვაგლახიდამ დასახსნელს. მაშინ დაიძვრის ხოლმე მეხსიერების სიღრმიდამ ყოველივე ნაგავი, რაც გაზეპირების ქარს და წაღმა-უკუღმად წიგნის კითხვისას ოდესმე მოუბუქავს, ენაზედ მოაყოლებს ყოველს _ გონებაში ჩარჩენილს უთავბოლო ფრაზებს და მწერალიც მოაყოლებს რახუნსა. დაირად ხმარობს საკუთარს გოგრას, ჟღარუნებად კიდევ ამისთანა სიტყვებს: “ეკონომიური თანასწორობაო, კულტი, მისტიკა” და სხვას ამის მსგავს შიგნითტიკურს ფრაზებსა, მითამ-და მეც ნახირნახირო. არახუნებს და იმას კი არა ფიქრობს, რომ იმას გულის ფრიალის წამალს სთხოვენ და ის კი ტვინ-დანთხეულსავით იძახის: მწყურვალის წამალი წყალიაო. ბატონო, ეგ ხომ ვიცით, გულის ფრიალის წამალი გვინდა, გულის ფრიალის! შენც არ მამიკვდე, იმან თავისი არ დაიშალოს. ან რა ქნას, რომ მეხსიერება ყურში მარტო ამ დიაკვნურად გაზეპირებულს სიტყვებს ჩასძახის. საკვირველი ეს კი არ არის, ისაა საკვირველი, რომ ეს უჯათი და დაჟინებული ექიმბაში თავის ჭკუის ხალხსაც პოულობს დედამიწის ზურგზედ და გულის ფრიალის მოსარჩენად წყალით იჟენთებიან.
…თითონ ცხოვრება სად არის ჩვენში, რომ ცხოვრებამ გკითხოს და შენ პასუხი აძლიო? ჩვენი ცხოვრება ზურგ–გადაღლეტილ და დავარდნილ სახედარივით გდია უძრავად სადღაც კუთხეში და სიცოცხლეს მარტო იმით იჩენს, რომ იცოხნება, როგორც პირუტყვი. თუ დროთა ბრუნვა წიხლს დააზელს ხოლმე, მაშინ მოძრაობასაც იჩენს, მაგრამ მხოლოდ მით, რომ ერთი ყრუდ დაიბღავლებს, ერთის გვერდიდამ მეორეზედ ფხანვით გადაბრუნდება და ისევ უწინდებულად თვლემით და არხეინად ცოხნას მოჰყვება, მითამ-და არაფერი არც ეტკინაო, არც ეზიანაო.
დასაწყისში რომ ვახსენე ჩვენი შინაური საქმეები, იმ სახით ვახსენე, რომ კაცს ეგონება, ჩვენი ცხოვრება დუღს და გადმოდუღსო, მაგრამ იქ ჩვენ ვიგულისხმეთ ის დიდად იშვიათი შემთხვევა, ის ათასში ერთი მაგალითი, როცა ჩვენი ცხოვრება რაიმე ღირსშესანიშნავს საგანს მოიგდებს ხოლმე თვის ზედაპირზედ. უამისოდ არ იქნება, ზოგჯერ სასწაულიც მოხდება ხოლმე. ამისთანა ქვეყანაში, საცა ცხოვრება ხავსმოკიდებულს გუბესა ჰგავს, ესე იგი, ჭია-ჭუების და ქვემძრომების საბუდარს, იქ მწერალმა რა უნდა ქმნას? ჭია-ჭუებს რომ ყურში ხელი წაავლოს და აწივლოს, _ ეგ ერთხელ, ორჯერ კიდევ შესაწყნარებელია, მაგრამ მუდამ კი ღმერთმა შეინახოს, მოსაბეზრებელია, მოსაწყენია, _ კაცს ყოველს სურვილს კითხვისას მოუკლავს. ამ სახით, გარდა ამისა, რომ ჩვენებურს მწერალს თვითმსჯელობა არ განუვითარებია, მეორე დაბრკოლება აი რაშია: საგანი არ არის გარშემო, რომ მწერალმა მასზედ შეაჩეროს თვისი გონების თვალი და მკითხველის ყურადღება.
… ვსთქვათ, მოგივიდათ ჟინი, რომ ერთი კარგი საქმე რამ დაიწყოთ. ჟინს კიდევ ჟინი იმიტომა ჰქვიან, რომ დაჟინებით იცის კაცის შეწუხება და მინამ ასე თუ ისე არ მოიკლავ, არ მოგასვენებს. ვსთქვათ, მოგივიდათ ჟინი-მეთქი. ყველაზედ უწინარეს ერთი კარგი, ნათხოვარის ცეცხლით გახურებული სიტყვა უნდა გაიზეპიროთ, მერე მოიწვიოთ ერთს ადგილს მოცლილი ხალხი _ ღმერთმანი, ცოტანი არიან _ იმ გახურებულის სიტყვით ყური გამოუჭედოთ და როცა სიტყვა საქმეზედ მივა, _ ხომ ოდესმე უნდა მივიდეს _ მაშინ… ოხ, მაშინ, თუმცა მელიასავით ხაფანგში მომწყვდეულად ნახავთ საკუთარს თავსა, რადგანაც თქვენ მარტო გახურებულის სიტყვის თქმა გინდოდათ და აქ კი საქმის გაკეთებაც სდომებია, მაგრამ მაინც არა შიშობთ. ხაფანგი ხაფანგია, მაგრამ ოსტატობასაც ბევრი რამ შეუძლიან…
ტაშს დაუკრავენ ორატორებსა, მერე ისეთის სისწრაფით გამოცვივიან გარეთ, თითქო სახლს ცეცხლი წაეკიდაო, და მადლობას სწირავენ ღმერთს, რომ ამით გადავრჩითო…
* * *
აი, რა-რიგად ჭკვიანურად და საქმიანად მოიქცა ერთი ჩვენებური საზოგადოება, რომელიც კარგა ხანია ჩვენში მოქმედობს. ვინ არ იცის, რომ წლევანდელი წელიწადი დიდს მუქარას გვითვლის და ამ მუქარამ ლამის დღესაც ურიცხვი ხალხი სასოწარკვეთილებას მისცეს.
წლევანდელი წელიწადისთანა უმოსავლო წელიწადი ხშირი არ არის ხოლმე ჩვენში. რაც მუდმივმა მიზეზებმა დააკლეს წლევანდელ წელიწადსა, ის შეამთავრა შარშანდელმა საქონლის ჭირმა, რომლისა გამო უხნავ-უთესად დარჩა მრავალი ხალხი, წლევანდელმა კალიამ, თაგვმა და ნაცარმა. თითქმის მთელს ჩვენს გუბერნიაში, და გუბერნია რა სათქმელია, თითქმის მთელს ამიერ-კავკასიაში, ამ მუდმივმა და ფათერაკად მოსულმა მიზეზებმა სულ ძირს დასცეს წლევანდელი ჭირნახული მიწისა თუ ვენახისა. ბალახიც კი აღარ არის, რომსაქონელი გამოიკვებოს. ჯერ რა დროა გასული და მაინც კოდმა პურმა ხუთ მანეთამდე აიწია, ფუთმა თივამ ტფილისში ათ შაურამდე და სამ აბაზამდე, ბზეც კი ადგილობრივ ურემი ერთს თუმანზედ და თორმეტ მანეთზედ სოფლადაც ძლივს იშოვება, _ წინა წლებში ორი-სამი მანეთი რომ ყოფილიყო, ეგეც დიდი საქმე იყო. ერთის სიტყვით, ამისთანა მუქარით ბევრი წელიწადი არ დასდგომია ჩვენს უამისოდაც უბედურს ქვეყანასა. ეს დასაწყისია და ახლანახეთ, შუა და ბოლო რა იქნება, ნამეტნავად საწყალ ხალხისათვის. ეს უბედურება საწყალის ხალხისა წინათ-უგრძვნია ერთს გულშემატკივარს აქაურს რუსულ საზოგადოებას, რომელსაც ჰქვიან: Общество бережливости.
და კაცმა მართალი უნდა სთქვას, კარგად და ოსტატურად ჩაუკიდნია ხელი, რომ სატკივარს რაიმე წამალი დასდოს. ერთს იმათგანს პროექტიც ხელ-დახელ გამოუცხვია და სადაც ჯერ არს წარუდგენია. რასაკვირველია, ეს ბატონი პროჟექტორი ჯერ უქებს ამ საზოგადოებას პატიოსანს მოღვაწეობას, ვაჭრობაში გამოცდილებას და გვარწმუნებს, რომ ამ საზოგადოებამ დიდი სარგებლობა მოიტანაო თავისის მოქმედებითაო ამ ცხრა წელიწადშიო. მოდი და ნუ დაიჯერებთ. მაგრამ ისევ-ისე იმათი თავისიანი ვალაპარაკოთ ამ სასაცილო პროექტზედ, თორემ ჩვენ მუხანათობას შეგვწამებენ და ეხლანდელ დროში ეგ დიდად საფრთხილოა. აი, რას ამბობს ამ პროექტზედ ჩვენი ყოველთვის წარბშეკრული რუსული გაზეთი “კავკაზი”. თუ ამ პროექტს ამისთანა გაზეთისათვისაც დაცინების საღერღელი აუშლია, წარმოიდგინეთ, რა წითელი კოჭი უნდა იყოს. “პროექტიო, _ ამბობს გაზეთი, _ ბევრს არას გამოსდგომიაო. იგი თხოულობს მთავრობისაგან, მაგალითად, მარტო ათი-ათას თუმანს სესხად ერთის წლის ვადით უსარგებლოდ. ჭევრნი საზოგადოებისანი ამ ფულით საკუთარს, განგებ ამისათვის, ფურნეს დასდგმენ, დაიწყებენ პურის ცხობას და გამომცხვარს პურს მიჰყიდიან იმ ფასად, რაც თითონ დაუჯდებათ, არამც თუ მარტო საზოგადოების წევრთა, არამედ სხვასაც, ვინც კი მოინდომებს, რომ მათგან პური იყიდოს. პური რომ უფრო გემრიელი იყოს, დაიბარებენ მოსკოვიდან ფილიპოვისაგან ერთს, ანუ ორს კარგად გამოცდილს ხაბაზსა. რადგანაც ეს პროექტი საჯარო განხილვისათვის გამოცხადებულია, ჩვენც ვბედავთ, ორიოდე სიტყვა მოვახსენოთ ამ საზოგადოებას მის პროექტის თაობაზედ. ყველამ კარგად იცის, რომ Общество бережливости, ეგ პატიოსანი და გამოცდილი საზოგადოება, რომელსაც ამ ცხრა წლის განმავლობაში ასეთი დიდი სარგებლობა მოჰქონდა (ნეტავ ვისთვის?), _ თავის საქონელსა ჰყიდდა ყოველთვის იმ ფასად, როგორც სხვა ტფილისის დუქნებში იყიდებოდა და ხანდახან უფრო მეტადაც. თუ ეს საზოგადოება თავის გამოცდილ პატიოსნების გზას დაადგება, რასაკვირველია, სახელმწიფო ფულით ნასყიდ პურის გასყიდვაშიაც იმ ფასს დასდებს, რა ფასიც სხვა დუქნებში იქნება და იტყვის, ეს დამიჯდაო. ამით მითამ რა უნდა ეშველოს ღარიბ ხალხსა? მოდით და უთხარით ამ-გვარად მოარულს პატიოსნებასა, რომ მაგ ფასად არ დაგჯდომია-თქო. ან ვინ უნდა მოსთხოვოს ანგარიში გამოცდილ ვაჭრობის საქმეში მოჭირნახულეებს? ისე გარეშე მუშტარს ხომ არ მიუშვებენ, და მთავრობის მხრით ამისათვის კამისიის დაწესებას ხარჯი უნდა და ეს ხარჯი გასასყიდს პურს უნდა დააწვეს და ამით უფრო ფასი მოემატოს. მერმე, ღარიბს ხალხს განა ოდესმე სურვილი გამოუცხადებიათ, რომ არა, გინდათ თუ არა, უსათუოდ ფილიპოვის, ანუ მისის ვექილის გამომცხვარი პური უნდა მაჭამოთო. ამას გარდა ვინ არ იცის, რომ ტფილისში პურის მცხობი ბევრია. სხვა რამა სთქვით, თორემ პურის-მცხობლების ნაკლეობაზედ ტფილისი ვერ იჩივლებს. მაშასადამე, ხარჯი ფილიპოვოს პურის-მცხობლების მოწვევისათვის სრულებით უსაბუთო და მეტი იქნება”. _ კიდევ სხვას რასმე უწუნებს გაზეთი იმ პროექტს, მაგრამ ჩვენთვის ეგეც სამყოფია.
ვაი, ჩვენი ბრალი! პურის ცხობის უცოდინარობაც კი შეგვწამეს და ხაბაზიც ამას იქით მოსკოვიდან უნდა დავიბაროთ ხოლმე. ქვეყნის გაბიაბრუება და გაბრიყვება იქნება და ასეთი!.. მოდი და ამისთანა ხალხს დაუჯერე, რომ ვაჭრობაში ან სხვა რამეში გამოცდილნი არიან. ცხრა წელიწადი საზოგადოება მოქმედობდეს ტფილისში და არ იცოდეს, რომ აქ პურის–მცხობლები არიან, და ხშირად ძალიან კარგნიცა, ამაზედ სასაცილო ამბავი სხვა რამ გინდათ კიდევ. მოდი და ამისთანა ქვეყნის ზედმიწევნით მცოდნეთაგან _ თუ არ დაგიშლიათ _ სიკეთე და სარგებლობა მოითხოვეთ. მოდი და ამათ ეშხზედ ელაპარაკეთ! მოსკოვიდან ხაბაზები დავიბაროთო? ჭკუას როცა ურიგებდნენ, ნეტა ამათ სად მოგვიანებიათ, რომ ვერ მოუსწვრიათ. თუ მკითხავთ, ჭკვაზედაც თხლად არა ბრძანებულან. ათი-ათასი თუმანი კაი ლუკმაა. პირში გემო კი ჰქონიათ, თუ თქვენც იტყვით, მკითხველო! ის ხაბაზის დაბარება იქნება ამ ათი-ათასის თუმნის ეშხით წასცდათ როგორმე. ან იქნება წამომცდარი სიტყვაც არ იყოს. იქნება ცივილიზაციის გასავრცელებლად ამ მხეცს ქვეყანაში მოსკოვის ხაბაზებიც საჭირო იყოს…
ხომ გახსოვთ, რომ შარშან ჩვენს ხალხს ცხენები დაურიგეს საჩუქრად. ჩუქება, რაც უნდა იყოს, ყოველთვის კარგი რამ არის ხოლმე, ნამეტნავად დაჩუქრებულისათვის. ჩვენ ამ მხრით იმ ცხენების ჩუქების თაობაზედ არა გვეთქმის რა, თუმცა აშკარაა, რომ ის ცხენები ფულად ექციათ და გუბერნიისათვის ერთი საერთო კასსა გაეჩინათ გაჭირვებულთათვის ხელის გასამართავად, ან სხვა რაიმე საერთო საქმისათვის მოეხმარათ, მაგალითებრ _ სოფლის ბანკებისათვის, სოფლის შკოლებისათვის, თუნდ გზების და ხიდების გასაკეთებლად, ერთი ათასად უკეთესი იქნებოდა. როგორც გვახსოვს, თითო ცხენი რომ სამ-სამ თუმნად მაინც ჩაგეგდოთ, კარგა დიდი ფული შედგებოდა. მაგრამ ცხენების ფულად ქცევა უარჰყვეს და ისევ ცხენების ცხენებად დარიგება ირჩიეს. იცით _ რა საბუთიანი მიზეზი ჰქონდათ, რომ ასე ჰქნეს, და იქიდამ, საიდამაც კაი ზომიერი სარგებლობა შესაძლო იყო, არა გამოვიდა რა? მიზეზი ის იყო, რომ მაგ ცხენებს ერთი მძიმე ტვირთი ზურგთ აჰკიდეს: ცხენებით უნდა ჩვენში ცივილიზაცია ფეხზედ წარმომდგარიყო; ყველას იმედი ჰქონდა, რომ თუ გლეხკაცობა იმ ცხენების მიზეზით ეკიპაჟებს არ გაიმართავდა, ფურგონებს, პოვოზკებს და სხვა ამისთანა ცივილიზაციისაგან მოგონილს სატარებელთ წინ რაღა დაუდგებაო. დიახ, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ცხენების მეოხებით ის ტლანქი, ბრიყვული, ჩვენებური ჭრიჭინა ურემი უკან დადგება და გზას დაუთმობს ფურგონს და პოვოზკასა. თქმა არ უნდა, რომ ბევრგან იმ ცხენებმა _ კარგია, პირუტყვები არიან, თორემ შენი მტერი _ გლეხამდი არ მიაღწიეს და არც ფურგონები და პოვოზკები დაიმართა. ამ-გვარად, ამ ოთხ-ფეხმა ცივილიზაციის მოწინავე ჯარმა ჩვენში ვერ გასჭრა და ცხენმაც, ადამიანზედ უფრო მხნემ, უფრო ღონიერმა ცხენმაც კი ვერა გააწყო რა ჩვენში. თუნდ ეგეც არ იყოს, თუ ოთხი ორზედ უმჯობესია, _ რასაკვირველია, როზგისა და სხვა ამ-გვარის გარდა _ მაშ ცხენები ადამიანზედ ამით მაინც წინ არიან. ერთის სიტყვით, ამისთანა ძლიერმა ცხოველმაც, როგორც ცხენია, ცივილიზაციას ჩვენში ფეხი ვერ აადგმევინა. ეს, რასაკვირველია, ჩვენის ხალხის მეტად ტანში გამჯდარს სიბრიყვეს უნდა მიაწეროს კაცმა და სხვა არაფერს და, მგონი, ცხენების დამრიგებლებმა სწორედ ამ უჯათს სიბრიყვეს დააბრალეს ყოველიფერი და არა იმას, რომ ცხენები ვერაფერი პიონერები არიან ცივილიზაციისა.
თუ ცხენს ამისთანა იმედს ჰკიდებენ ჩვენში ზურგზედ, მაშ რაღად უნდა გვიკვირდეს, მაშ რაღად უნდა გვეოცოს, რომ ვიღაც ბატონმა ლებედიევმა _ ზემოხსენებულ პროექტის შემადგენელმა _ ხაბაზების დაბარება მოსკოვიდამ დააპირა. ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია. ჯერ ხომ ცხენები სინჯეს და ნახეს, _ რომ ჩვენი სიბრიყვე ვერ მოტეხეს. ეხლა კიდევ მოსკოვის ხაბაზებს გამოსცდიან, იქნება ამით მაინც ეშველოს ჩვენში ცივილიზაციის გავრცელებას. უსათუოდ ბატონს ლებედიევს ეს აზრი ჰქონია, რომ დაუპირებია მოსკოვის ხაბაზებით დაამშვენოს ჩვენი ქვეყანა, თორემ როგორ გაუბედავდა, სთხოვოს მთავრობას ათიათასი თუმანი, ხუმრობა ფულია? ხუმრობა ფული არ არის, მაგრამ განა ცივილიზაცია კი ხუმრობა რამ არის! ბატონმა ლებედიევმა უსათუოდ ზედმიწევნით იცის, რომ ცივილიზაციის დასამყარებლად არა ხარჯი მეტი არ არის, რაც უნდა ფული დაიხარჯოს, _ ბევრი არ იქნება.
…ცუდი არ იქნება, რომ ჩვენმა ბანკებმაც ფული მიაშველონ ბატონს ლებედიევს, რომ კალიასავით მოუსიოს ჩვენს ქვეყანას მოსკოვის ხაბაზები. რაკი ცივილიზაციის საქმე ცხენებზედ და ხაბაზებზედ მივარდნილა, ეხლა ფიქრი ნურავისა გვაქვს. ბედი ჩვენი ცხადია, როგორც ხელის–გული. მაგრამ ვაი თუ ხაბაზები მოსკოვისა გაგვინაზდნენ და არ წამოვიდნენ! ნუ გეშინიანთ, პირში გემო ხომ არ დაჰკარგვიათ, რომ ეგა ჰქმნან. ვაი ჩვენი ბრალი! დაბრიყვება ქვეყნისა იქნება და ასეთი!..”
1879 წელი,
ივლისი–აგვისტო, IV
შინაური მიმოხილვა
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე