Home რუბრიკები პოლიტიკა თანამედროვე “დრანგ ნახ ოსტენ” და რუსეთი

თანამედროვე “დრანგ ნახ ოსტენ” და რუსეთი

გერმანულენოვანი ტერმინი “დრანგ ნახ ოსტენ” (Drang nach Osten) ნიშნავს “შეტევა აღმოსავლეთისკენ” და მე-19 საუკუნის შუა პერიოდში გავრცელდა. ეს ტერმინი, პირველ რიგში, ასახავდა გერმანელი კოლონიზატორების მიერ გერმანული ტერიტორიების აღმოსავლეთით მდებარე სლავური მიწების ათვისებასა და კოლონიზაციას, რომლის მცდელობაც, წარმატებულიც და ნაკლებად წარმატებულიც, ბევრი იყო საუკუნის განმავლობაში. 

მესამე რაიხის ნაცისტური იდეოლოგია თავისთავად იზიარებდა აღმოსავლეთის კოლონიზაციის იდეას და ეს მისი ქვაკუთხედი იყო (ამაზე პირდაპირ წერდა ჰიტლერი “მაინ კამპფში”). 22 ივნისს 79 წელი გადის საბჭოთა კავშირზე ნაცისტების თავდასხმიდან. საბჭოთა კავშირში შემავალმა ევრაზიის ხალხებმა, სტალინის ხელმძღვანელობით, დაამარცხეს ეს ბოროტება და გათავისუფლებულ გერმანიას თავისი ადგილი მიუჩინეს ევროპის საზღვრებში.

მაგრამ შეტევა აღმოსავლეთზე” არსად გამქრალა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკონსერვებული, მთვლემარე ხასიათი მიიღო. იგი, როგორც პოლიტიკური კონცეფცია, გერმანულ ექსპანსიონიზმთან აღარ იყო დაკავშირებული. გერმანული ექსპანსიონიზმის ნაცვლად გაჩნდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი _ დასავლეთის გაერთიანებული სამხედრო-პოლიტიკური მანქანა, რომელიც ევრაზიასა და რუსეთს უნდა აღდგომოდა წინ. სანამ არსებობდა საბჭოთა კავშირი, დასავლეთს აღმოსავლეთისკენ შესატევად მხოლოდ ოცნება შეეძლო, მაგრამ საბჭოეთის დაშლის შემდეგ დასავლეთს მადა გაეღვიძა. მკითხველმა კარგად იცის დანარჩენი მოვლენები _ ნატოს გაფართოება, ომები, სეპარატიზმი, “ფერადი რევოლუციები” და სხვა უბედურებები, რომლებზეც სიტყვის გაგრძელება არ ღირს.

ცხადია, რომ თანამედროვე მსოფლიოში, თუნდაც მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ბირთვული იარაღი, ამ იარაღის მფლობელი ქვეყნები ერთმანეთში პირდაპირ ომებს არ აწარმოებენ. სამაგიეროდ, დაპირისპირება მიდის “რბილი ძალის” საშუალებით, რომელიც მრავალ ელემენტთან ერთად მოიცავს და გარკვეულწილად შეესაბამება შინაარსს ახალგაჩენილი ტერმინისა _ “ჰიბრიდული ომი”, რომელმაც მცირეხნიანი პაუზის შემდეგ “ცივი ომი” ჩაანაცვლა.

აშშ-ისა და მის მიერ კონტროლირებული ნატოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან აქტიური თანამშრომლობა (ზოგიერთის, კერძოდ, სამი ბალტიისპირა ქვეყნის ნატოში გაწევრების ჩათვლით) გამოკვეთილად ანტირუსულ ხასიათს ატარებს. ამას ვაშინგტონსა და ბრიუსელში უარყოფენ, მაგრამ მოსკოვში დარწმუნებულნი არიან და საამისო არგუმენტებიც არაერთხელ თქმულა რუსი დიპლომატების მიერ.

დასავლეთი თვალთმაქცობს და ორმაგ თამაშს ეთამაშება რუსეთს. ნატო არის ინსტრუმენტი, რომელიც პოლიტიკურად უნდა რაზმავდეს პოსტსაბჭოთა (ისევე, როგორც მთლიანად პოსტკომუნისტურ) ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს, ვიმეორებთ, პოლიტიკური ფაქტორია. მაგალითად, უკრაინა და საქართველო არ არიან ნატოს წევრები, მაგრამ არანაკლებ ანტირუსულ პოლიტიკას ატარებენ ნატოს წაქეზებითა და ნატოში “ინტეგრაციის” სახელით, ვიდრე საკუთრივ ნატოს წევრი ბალტიისპირელები, პოლონელები და სხვები.

ალიანსს ხელს არ აძლევს, რომ უკრაინა და საქართველო თავის წევრებად აღიაროს, რადგან ამ შემთხვევაში ამერიკამ და ნატოს სხვა წამყვანმა წევრებმა უნდა აიღონ გარკვეული ვალდებულებები მათ წინაშე, ამჟამინდელი ურთიერთობის მოდელით კი, უკრაინა და საქართველო ვაშინგტონ-ბრიუსელის ყველა მოთხოვნის უპირობო შემსრულებლები არიან, ისე, რომ აშშ და ნატო უსაფრთხოების არანაირ იურიდიულ გარანტიას არ იძლევიან. მაგალითად, კიდევ ერთი შეიარაღებული კონფლიქტი რომ დაიწყოს რუსეთთან, აშშ და ნატო, უბრალოდ, “შეშფოთდებიან”, რადგან მათ რაიმე ვალდებულება არ აქვთ თავიანთი ნახევრად კოლონიების მიმართ. ეს მათთვის ძალიან ხელსაყრელი მდგომარეობაა, ჩვენთვის კი _ დამღუპველი.

სიმართლე სრულად რომ ითქვას, არც ნატოს წევრობა იძლევა უსაფრთხოების სრულ გარანტიას. დააკვირდით, რა დიდია რუსოფობია ნატოს წევრ ბალტიისპირეთში ან პოლონეთში. ამ ქვეყნების ამბიციური პოლიტიკური კლასი ვერ დამშვიდდა, რადგან იციან, რუსეთს აქვს საკმარისზე მეტი ძალა საიმისოდ, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში მათ და მათ უკან მდგომ ნატოსა და ამერიკას საკადრისი პასუხი გასცეს…

ნატოსთან თანამშრომლობა, რომელიც თანასწორ პარტნიორობას გულისხმობს, საქართველოს არ გამოუვა _ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, ჩვენ ვართ დასავლეთის “რბილი ძალის” ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ. დასავლეთს შეუძლია ჩვენი გაწირვა “ჰიბრიდული ომის” ფარგლებში, საქართველო დიდი პოლიტიკური და, ასევე, სამხედრო რისკის წინაშე დგას იმის გამო, რომ ნატოსთან კონტაქტების გაღრმავებით, რომელსაც ახლავს ვაშინგტონის პირდაპირი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რუსეთის სამხედრო მანქანის სამიზნეში ვართ (გარდა იმისა, რომ რუსეთთან ერთად, აშშ და ნატო აუცილებლად შეეცდებიან და უკვე ცდილობენ კიდეც, დაგვაპირისპირონ ირანთან; რაიმე პროვოკაციის შემთხვევაში, ირანის სამხედრო პასუხი იქნება მძაფრი და ყველაფერი საქართველოს თავზე გადაივლის).

რუსული სამხედრო განათლება და შეიარაღებული ძალების მომზადება მთელ რიგ უპირატესობას ავლენს დასავლური ანალოგების წინაშე, რაც დამტკიცდა კიდეც სირიაში, მაშინ, როდესაც ალიანსის მოღვაწეობა ავღანეთსა და ერაყში ფიასკოთი დასრულდა. გარდა ამისა, რუსეთი უპირატესობას ფლობს ბირთვული შეიარაღებების სფეროში, განსაკუთრებით, ტაქტიკური ბირთვული რაკეტების რაოდენობით (რუსეთს 1500-2000 ასეთ რაკეტა აქვს, ხოლო აშშ-ს _ მხოლოდ 150-200), რასაც ადასტურებენ თვითონ ამერიკელი სამხედრო ექსპერტები.

გარდა სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორებისა, დასავლეთის იდეური მიმზიდველობაც გახუნდა, წარსულს ჩაბარდა. დასავლეთი არც ეკონომიკურად ააღორძინებს ჩვენს ქვეყანას და არც სამხედრო ძალით იცავს. დიდი ხანია, დრო დადგა, რომ რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით ორივე მხარისთვის სასარგებლო დიალოგი ვაწარმოოთ და, ბოლოს და ბოლოს, რუსეთი ბალანსად მაინც გამოვიყენოთ, საქართველოს საშინაო საქმეებში დაუოკებელი ამერიკული ჩარევების საპირწონედ. რამდენჯერ უნდა გავუშვათ ხელიდან ასეთი შესაძლებლობა?

თანამედროვე “დრანგ ნახ ოსტენს”, დასავლეთის მიერ აღმოსავლეთის დამორჩილების “ჯვაროსნულ” მიზანს, წარმატების შანსი არ აქვს არც “რბილი ძალის” და არც ნამდვილი სამხედრო ძალების თანაფარდობის გათვალისწინებით.

გიორგი რაზმაძე

1 COMMENT

  1. ასეთი ბოდვა დიდი ხანია არ წამიკითხავს…
    მაგ: რუსული სამხედრო განათლება და შეიარაღებული ძალების მომზადება მთელ რიგ უპირატესობას ავლენს დასავლური ანალოგების წინაშე, რაც დამტკიცდა კიდეც სირიაში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here