Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ევროკომისრების უკმაყოფილების მიზეზი ისაა, რომ ეკლესიის წიაღში განხეთქილება ვერ...

მამა გიორგი (რაზმაძე): ევროკომისრების უკმაყოფილების მიზეზი ისაა, რომ ეკლესიის წიაღში განხეთქილება ვერ გააჩინეს

მამა გიორგი რაზმაძე

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ რამდენიმე დღის წინათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის დასრულების შემდეგ მედიასთან საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, რომლებიც ქვეყანამ ბოლო წლებში დასავლეთთან აქტიური თანამშრომლობით განახორციელა, ჯერ კიდევ ვრცელია გასატარებელი რეფორმების ჩამონათვალი. მისი თქმით, ეს ცვლილებები აუცილებელია ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის, რათა არსებული გამოწვევების ფონზე აქამდე მიღწეულ პროგრესსა და წარმატებებს ჩრდილი არ მიადგეს. ვარჰეის არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ცვლილებებს გულისხმობდა და როგორ წარმოუდგენია მას ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მომატებაზე ორიენტირებული რეფორმები. 

მისივე განმარტებით, ევროკავშირი ყველანაირი დახმარებისთვის მზად არის და ამას უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ დაამტკიცებს. საუბარია ფინანსურ, პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და სხვა სახის მხარდაჭერებზე, რომლებზეც ევროკომისარმა თავის გამოსვლაში მიანიშნა.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინათ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ, მიუხედავად მიღწევებისა, რომლებიც საქართველოს ბოლო წლებში აქვს დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, რიგი მიმართულებებით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ჰარცელს არ დაუმალავს, რომ აღფრთოვანებულია ლგბტ თემის უფლებების დასაცავად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება ამ თვალსაზრისით.

რას გულისხმობენ ევროპელი მაღალჩინოსნები “განუხორციელებელ რეფორმებში” და რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ დასავლეთის ამ რიტორიკის ფონზე უახლოეს მომავალში?

საქართველო და მსოფლიოს ესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, ამასწინათ ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ოლივერ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვრცელია განუხორციელებელი რეფორმების ჩამონათვალი. მისი შეფასებით, ეს რეფორმები ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, მაგრამ მას კონკრეტულად არ განუმარტავს, რა რეფორმებს გულისხმობდა. რა ცვლილებების ხილვა სურს დღეს ევროკავშირს საქართველოში? რა დარჩათ განუხორციელებელი?

_ პირველი და უმთავრესი, რაც მათ ყოველთვის სურდათ, არის ე.წ. ეკლესიის რეფორმა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ წლების წინათ საუბრობდნენ და ამის გეგმაც არსებობდა. სხვათა შორის, სააკაშვილმა თავის დროზე პატრიარქს უთხრა: როდესაც ბრიუსელში ვნახე საქართველოს ეკლესიის რეფორმის გეგმა, თმა ყალყზე დამიდგაო. წარმოიდგინეთ, სააკაშვილი რომ გაოგნდა, რა შეიძლება, ყოფილიყო. ცხადია, ეს იყო შორს მიმავალი გეგმა, რომელსაც ეკლესია და საპატრიარქო, როგორც ინსტიტუცია, საერთოდ უნდა მოეშალა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის ასე ერთი ხელისმოსმით განხორციელება ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, არანაირი კომპრომატი არ ჰქონდათ ანტისაეკლესიო კამპანიისთვის; და მეორე _ თვითონ უწმინდესია შეუვალი ყველა პრინციპულ საკითხში. ეს კი უმთავრესია ეკლესიის ავტორიტეტისთვის. აი, ეს იყო მიზეზები იმისა, რომ ევროკომისრები აქამდე განხორციელებული “რეფორმებით” კმაყოფილნი არ არიან და სურთ, უფრო მეტი იხილონ კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის, თვით ეკლესიის წიაღში გახეთქილება, ქრისტიანული სწავლების დამახინჯება და ა.შ., რომლებიც არაერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში უკვე მოახერხეს, მაგალითად, საბერძნეთში… კიდევ ვიმეორებ, ერთადერთი გეგმა, რომელიც მათ ვერ შეასრულეს და არა მხოლოდ ვერ შეასრულეს, პირიქით, მიიღეს საზოგადოების უმძაფრესი უკურეაქცია მისი შესრულების ყოველი მცდელობისას, არის ეკლესიის რეფორმა. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი ამაზე ხელს აიღებენ და მომავალში აღარ იქნება იმავე “ციანიდის საქმის” ან ცრუ პეტრე ცაავას მიერ უწმინდესის მიმართ აგორებული ცილისწამებების ბინძური კამპანია…

_ რას შეიძლება გულისხმობდეს დღევანდელ ვითარებაში “ეკლესიის რეფორმა”, რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავენ?

_ აქ საუბარია იმ ტიპის ცვლილებებზე, რომლებიც თავის დროზე განხორციელდა დასავლეთის მწვალებლურ ეკლესიაში. იმ ცვლილებების შემდეგ კათოლიკური ეკლესია დღემდე ეწევა მწვალებლობას.

ახლა რას ნიშნავს ჩვენს რეალობაში “საეკლესიო რეფორმები”. მაგალითად, ამას წინათ შევიტყვე, რომ მუხიანში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში მღვდელი, ვინმე ათანასე (გვარი, სამწუხაროდ, არ მახსოვს) თურმე ყოველი ზიარების შემდეგ სპირტით წმენდს კოვზს და ვითომ დეზინფექციას უტარებს. ხვდებით, რაზეა საუბარი?.. განცხადებები, რომ თურმე ერთი კოვზით ზიარება საფრთხის შემცველია და უნდა შეიცვალოს, რომ ტაძარი შეიძლება ეპიდემიის ბუდე გახდეს და ა.შ., არის მცდელობა, შეიქმნას “ძირეული საეკლესიო რეფორმების” წინაპირობები. აქ საუბარია ისეთ “რეფორმებზეც”, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება სახარებას და თავდაყირა აყენებს ქრისტიანულ სწავლებას…

_ შეგიძლიათ, დაასახელოთ რომელიმე მსგავსი ცვლილება, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში განხორციელდა?

_ არაერთი. მაგალითად, 2016 წლის ივნისში კუნძულ კრეტაზე ჩატარებულ მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე იყო საკითხი დაყენებული, რომ, თუ სასულიერო პირი დაქვრივდება, მას უნდა ჰქონდეს მეორედ ქორწინების უფლება, ეს კი ეწინააღმდეგება მოციქულთა კანონებს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ პრაქტიკულად ეკუმენიზმი დაკანონდა და მართლმადიდებელი ქრისტიანი კათოლიკესთან, პროტესტანტთან, ლუთერანთან, ევანგელისტთან და კიდევ, კაცმა არ იცის, ვისთან ლოცულობდა, რაც თურმე, ჭეშმარიტი შემწყნარებლობაა. სხვათა შორის, კვიპროსის ეკლესიამ (კერძოდ, ეპისკოპოსებმა) უკვე დანერგა ტრადიცია, რომელიც მართლმადიდებელ ადამიანს უფლებას აძლევს, იქორწინოს სხვა რჯულის წარმომადგენელზე. ხვდებით, რაზეა საუბარი? და პირობად აყენებენ იმას, რომ ასეთმა ოჯახმა ბავშვი აუცილებლად მართლმადიდებლურად უნდა მონათლოს, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, ეს პირობა შესრულებულიყო და რომელიმე ასეთ ოჯახს ბავშვი მარლმადიდებლად მოენათლოს.

ის, რაც საბერძნეთის ეკლესიაში მოხდა ან სადმე სხვაგან, აქ შეიძლება ზუსტად არ განმეორდეს, მაგრამ მიზანი ერთია _ ეკლესია ყველაზე ავტორიტეტული, ცოცხალი, ქმედითი ინსტიტუტიდან უნდა გარდაიქმნას რაღაც კულტურულ ეგზოტიკად, რომელსაც არანაირი ძალა და საზოგადოებაზე პრაქტიკული ზემოქმედების უნარი არ ექნება.

რაც შეეხება იმას, რომ თურმე საქართველო მის მიერ გატარებული “დემოკრატიული რეფორმების” სანაცვლოდ დასავლეთისგან დიდ სარგებელს იღებს და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ყოფილა. ჯერ ერთი, რად მინდა ისეთი სარგებელი, თუ სანაცვლოდ ჩემი ქვეყნისთვის დამანგრეველ ცვლილებებს მოითხოვ; და მეორე _ დამისახელოს ვინმემ ერთი კონკრეტული სიკეთე და სარგებელი, რომელიც ამ ასოცირების ხელშეკრულებით მიიღეს რიგითმა მოქალაქეებმა. ახლა თუ მეტყვიან, რომ უვიზო მიმოსვლაა და ხალხი თავისუფლად დადის ევროპაშიო, ეს სარგებელი არ არის. ევროპაში მიდიან მონებად და შავ მუშებად, თორემ მაჩვენეთ თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელიც იტყვის, რომ იქ ნორმალური სამსახური იშოვა. საერთოდ, ჩემი აზრით, თუ ვინმეს ჩვენი დახმარება სურს, საზღვრები კი არ უნდა გაგვიხსნას აქედან შავი მუშების გასადენად, წარმოების განვითარებაში უნდა შეგვიწყოს ხელი; ტექნოლოგიების, ფაბრიკა-ქარხნების, სოფლის მეურნეობის და ა.შ. _ ეს არის დახმარება, თორემ, აქედან ჩასულ, ბანკის ვალებში დამხრჩვალ, დამშეულ ადამიანს სამათხოვრო ჯამაგირზე რომ ამუშავებ, რომელზეც ადგილობრივი ხელს არ გაანძრევს, ეს დახმარება კი არა, 21-საუკუნის ნებაყოფლობითი მონობაა…

_ დავუბრუნდეთ ისევ რეფორმების თემას. საქართველოში მოქმედი “ლიბერალური” პარტიები (მაგალითად, “გირჩი”, რესპუბლიკური პარტია და სხვები) ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ დროა, ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგეს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონების საკითხი. როგორ ფიქრობთ, ესეც ხომ არ არის დასავლეთიდან ნაკარნახევი “განუხორციელებელი თუ განსახორციელებელი დემოკრატიული რეფორმების” ერთ-ერთი შემადგენელი?

_ ვფიქრობ, ეს არის უმთავრესი საკითხი, რომელიც უახლოეს მომავალში დადგება ქვეყანაში და მას მოჰყვება შესაბამისი პროცესები. როდესაც ევროკავშირის მესვეურები ასე დაჟინებით საუბრობენ განუხორციელებელ რეფორმებზე, რომლებიც თურმე ადამიანის უფლებების დაცვას აფერხებს ამ ქვეყანაში, უპირველესად, აქ იგულისხმება სწორედ ე.წ. სექსუალური უმცირესობები. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: საქართველოში ძალიან მალე დადგება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ურთიერთობების დაკანონების საკითხი და ამ საქმეში ხელისუფლებასთან ერთად ჩართული იქნება დასავლეთიდან მართული ე.წ. ოპოზიციაც, თუმცა მათ იციან, რომ მსგავს მცდელობას მოჰყვება უპრეცენდენტო მასშტაბის სამოქალაქო აფეთქება და იციან ისიც, რომ ეკლესია ამ პროცესის ავანგარდში იქნება. აი, ამიტომ უნდათ ჯერ ეკლესიის ეს ე.წ. რეფორმა, რომ წინააღმდეგობის ძალა აღარ არსებობდეს ქვეყანაში და ვეღარავინ შეძლოს უკმაყოფილო მოქალაქეების დარაზმვა, როცა, ვთქვათ, პარლამენტი მამათმავლური ურთიერთობების დასაკანონებლად კანონში ცვლილებების განხილვას დაიწყებს.

ხელისუფლება და ე.წ. ლიბერალური პოლიტიკური სპექტრი ახლა ატარებს მოსამზადებელ ეტაპს, რათა შემდგომ უკვე “რეფორმების” ახალი ტალღა რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ განახორციელოს. ამას ემსახურება ზიარების წესის შეცვლაზე აპელირება ვითომ პანდემიის ფონზე მოსალოდნელი გართულებების ასაცილებლად; ამას ემსახურება ბრალდებები ცალკეული სასულიერო პირების მიმართ. სხვათა შორის, მძიმე მარხვის პერიოდში პატრულის ერთ-ერთმა ოცმეთაურმა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ, გამივრცელა ხმა, რომ თურმე ეკლესიაში ნარკოტიკებს ვყიდდით და პოლიცია რეაგირებას ვერ ახერხებდა იმიტომ, რომ რაღაც სპეცსამსახურების აგენტი ვყოფილვარ. თუმცა მერე, როდესაც პროკურატურაში უნდა შევხვედროდით, აღარ მოვიდა. დამემალა და მერე ბოდიშები შემომითვალა, გაუგებრობა იყოო…

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება საზოგადოებამ გააკეთოს დაგეგმილი “ლიბერალური” რეფორმების თავიდან ასაცილებლად, გავიმეორებ, რომ ჭეშმარიტ მორწმუნე მართლმადიდელ ქრისტიანს ვერანაირი დიქტატურა ვერ გატეხს. ვერ გატეხს ვერც იდეოლოგიურად, ვერც მორალურად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად ხომ, მით უმეტეს. ამიტომ არის აუცილებელი ამ ურთულეს დროში, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ უფალს, ვიაროთ ტაძარში, ვილოცოთ, დავიცვათ მარხვა, ვთქვათ აღსარება, ვეზიაროთ და ჩვენი ცხოვრების წესით ვიყოთ ქრისტიანები.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here