მერვე გადაცემა
ვაშინგტონში, მოსკოვის დროით, 1989 წელი დადგა!
ვალერი კვარაცხელია: გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო!
ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.
დღეს ერთი შეკითხვა ტრიალებს პლანეტაზე _ რა ხდება ამერიკაში? თუმცა ამ შეკითხვას მე განსხვავებული პოზიციიდან დავსვამ _ რა ხდება კაპიტალისტურ სამყაროში? შეკითხვისთვის ამ მიმართულების მიცემა უკეთესად ჩაგვახედებს საქმის არსში, ვინაიდან ის, რაც ხდება, ამერიკაში კი არა, თუ შეიძლება ასე ითქვას, კაპიტალიზმის მექაში, მსოფლიო კაპიტალიზმის დედა-სახელმწიფოში ხდება. ამ შემთხვევაში ამერიკა, როგორც გეოგრაფიული წერტილი, როგორც ცალკე აღებული სახელმწიფო, თავისთავად იმდენს არაფერს გვეუბნება, რამდენსაც გვეუბნება იგი, როგორც მსოფლიო კაპიტალიზმის ცენტრი და, შესაბამისად, კაპიტალისტური სისტემის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ზნეობრივი სახე, ამიტომ შეკითხვა სწორედ ასე უნდა დაისვას: რა ხდება კაპიტალისტურ სამყაროში?
ერთი შეხედვით ასეთი სურათი ჩანს: ამერიკაში იფეთქა რასიზმის ეპიდემიამ, რომელიც შეიძლება კორონავირუსის შემდეგ ახალ პანდემიად ექცეს მსოფლიოს.
რასიზმი, ნაციონალიზმი, ფაშიზმი და სოციალური უსამართლობა ერთი ხის სხვადასხვა ნაყოფია და იმ ხეს კაპიტალიზმი ჰქვია.
კაპიტალიზმის მთავარი კრიზისის წარმომშობი მისივე უსამართლო ბუნებაა. რაც უფრო ვითარდება კაპიტალიზმი, მით მეტად ღრმავდება მისთვის დამახასიათებელი შინაგანი წინააღმდეგობები და კრიზისები, რომლებიც დროთა განმავლობაში დაუძლეველი ხდება. შედეგად, არა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო, არამედ მთელი სისტემა თანდათან ექცევა გამოუვალ ჩიხში.
ეს კანონია, რომელიც ისეთივე ზუსტია, როგორიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოქმედი კანონები, ვთქვათ, მსოფლიო მიზიდულობის კანონი ფიზიკაში ან პერიოდული სისტემა ქიმიაში და ა.შ.
ასე რომ, ის მოვლენა, რომელიც დღეს ხდება აშშ–ში (რასიზმის საფუძველზე სამოქალაქო დაპირისპირება), პრობლემას სრულად ვერ წარმოაჩენს. ეს მხოლოდ დეტალი, მხოლოდ ფრაგმენტია კაპიტალისტური კრიზისისა, ანუ მოვლენა შეიძლება ამით იწყება, მაგრამ ამით როდი მთავრდება, მას განვითარების მთელი ციკლი მოჰყვება, რომელიც, დღეს იქნება თუ ხვალ, სისტემას სრულ კრახამდე და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.
სჯობს, თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს.
აშშ თავს დემოკრატიის მთავარ ბაირახტარად წარმოაჩენს. ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ისე მედიდურად ელაპარაკება მსოფლიოს, თითქოს ქვეყნის შიგნით პრობლემის ნასახიც არ ჰქოდეს, მაგრამ, სინამდვილეში დემოკრატიის ნასახი არ აქვთ, პრობლემა კი იმდენია, ვერ აუდიან.
ვიღაცას შეიძლება გაეცინოს, _ ამერიკაში თუ დემოკრატია არ არის, აბა, სხვაგან სად არისო?! ამ საუბარმა შორს რომ არ წაგვიყვანოს, მარტივად მოგახსენებთ: რომელ დემოკრატიაზეა საუბარი იქ, სადაც ერთეულებს ასობით მილიარდის კაპიტალი აქვთ, მილიონები კი სიღატაკეში იხრჩობიან?! დემოკრატია მხოლოდ იქ არის, სადაც სოციალური სამართლიანობაა. ყველა სხვა სახის დემოკრატია მირაჟია, რომელიც მიახლოვებისთანავე ქრება. ამერიკაში უზომოდ მდიდარ მცირერიცხოვან დაჯგუფებასა და უზომოდ ღარიბ უზარმაზარ მასას შორის თვალუწვდენელი უფსკრულია, რომელიც სულ უფრო ღრმავდება.
BBC: ცნობილი ფრაზა, რომ მდიდრები მდიდრდებიან, ღარიბები კი ღარიბდებიან, ამერიკაში ბოლო ათი წლის განმავლობაში სულ უფრო პოპულარულია.
ფილიპ ოლსტონი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი აშშ–ში უკიდურესი სიღატაკის საკითხებზე (18 დეკემბერი 2017 წ.): _ აშშ-ში, მიუხედავად დაგროვებული უზარმაზარი სიმდიდრისა, ბედის ანაბარა მიატოვეს მილიონობით ადამიანი, რომლებიც სიღატაკის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდნენ. ამერიკული ოცნება ამერიკულ ილუზიად იქცა (“ქართულ ოცნებას” ხომ არ გაგონებთ?! _ ვ.კ.). დღეს ამერიკაში ადამიანებს მსოფლიოს დანარჩენ მდიდარ სახელმწიფოთა შორის თავიანთი სოციალური სტატუსის ამაღლების ყველაზე დაბალი შესაძლებლობა აქვთ. მოსახლეობის აღწერის ბიუროს ბოლო მონაცემებით, რომელიც 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა, აშშ–ში სიღატაკის პირობებში ცხოვრობს 40 მილიონი ადამიანი, მათ შორის 18,5 მილიონი _ უკიდურეს სიღატაკეში.
ვალერი კვარაცხელია: _ დამეთანხმებით, რომ უმძიმესი მონაცემებია. კიდევ უფრო მძიმეა განათლების მონაცემები:
აშშ-ის განათლების სამინისტროს 2019 წლის მონაცემებიდან:
43 მილიონი ამერიკელი ძლივს ახერხებს წერა-კითხვას.
ვალერი კვარაცხელია: _ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც იტყვიან ხოლმე, გამუდმებით პირზე აკერიათ, აშშ-ში ამ თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა.
ამერიკელები თავიანთ სატელიტ სახელმწიფოებს ყოველწლიურად სოლიდურ თანხებს ურიცხავენ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ხელშეწყობის მიზნით, რაც, საბოლოოდ, ამერიკულ პროპაგანდას ხმარდება, მაგრამ ამით იქმნიან იმიჯს, რომ ადამიანის უფლებებზე ზრუნვა არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში მათი წმინდათაწმინდა ვალია. ისინი ყოველწლიურად აქვეყნებენ მონაცემებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ ამერიკელთა ამ ტრადიციის პასუხად 1998 წლიდან დაიწყო ყოველწლიური მოხსენებების გამოქვეყნება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით აშშ–ში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელშიც საშინელი სურათია მოცემული. მაგალითად, 2002 წლის მოხსენება რვა თავისგან შედგება, რომელთა სათაურებია:
- პიროვნების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის ეფექტიანი გარანტიის არარსებობა;
- მართლმსაჯულების ორგანოებში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები;
- ფულით მართული დემოკრატია;
- ღარიბთა, მშიერთა და უსახლკაროთა მდგომარეობა;
- ქალთა და ბავშვთა საგანგაშო მდგომარეობის შესახებ;
- დამკვიდრებული რასობრივი დისკრიმინაცია;
- აშშ–ის მიერ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები სხვა სახელმწიფოებში;
- ორმაგი სტანდარტები ადამიანის უფლებების საკითხისადმი მიდგომაში.
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ამ მოხსენებებში, სადაც საშინელი ამბებია აღწერილი, ჩახედვა არც არის საჭირო, ეს სათაურებიც კი ღაღადებენ ამ კუთხით აშშ-ში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე, მაგრამ ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში უტიფრად ყბედობენ სხვა სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების დაცვაზე. ამერიკელებმა თავიანთი უბედურების მიჩუმათება და სხვაგან არსებულ პრობლემებზე განგაშის ატეხვა, რაც აშშ–ის საერთაშორისო პოლიტიკის ქვაკუთხედია, თავდაცვის საუკეთესო საშუალებად აქციეს, მაგრამ, მათთვის სამწუხაროდ, ეს ჟონგლიორობა უკვე აღარ გამოსდით.
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს 2003 წლის მოხსენებაში ნათქვამია: “აშშ-ში დიდი ხნის წინათ დამკვიდრებული რასობრივი დისკრიმინაცია თვითონ ამერიკული საზოგადოებრივი სისტემის პრობლემაა”. შემდეგ კი მოხსენების ავტორები, აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ 2003 წელს აშშ–ის თეთრკანიან მოსახლეობას შორის უმუშევრობის დონემ 5,2 პროცენტი შეადგინა, მაშინ, როდესაც აფროამერიკელ მოსახლეობაში უმუშევრობა ორჯერ მეტს _ 10,2 პროცენტს უდრიდა. წლები გადიოდა, მაგრამ აშშ–ში რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემა კი არ იხსნებოდა, როგორც ამის ჩვენებას ამერიკული პოლიტიკური ელიტა ცდილობდა, პირიქით _ სულ უფრო მწვავდებოდა…
და, აი, 2020 წლის 25 მაისს მინეაპოლისელი თეთრკანიანი პოლიციელი დერეკ შოვინი აშშ-ის შავკანიან მოქალაქე ჯორჯ ფლოიდს, რომელსაც აპატიმრებდნენ და უკვე მიწაზე დაგდებული ჰყავდათ, მუხლით ყელზე დააწვა და 8 წუთისა და 46 წამის განმავლობაში გუდავდა. მსხვერპლი დროდადრო ამოიხრიალებდა ხოლმე, რომ იხრჩობოდა, მაგრამ განწირული ფერადკანიანის საცოდავი ხვეწნა-მუდარა გამხეცებულ თეთრკანიან პოლიციელს გულს ვერ ულბობდა… რამდენიმე თეთრკანიანი პოლიციელი მას მსხვერპლის გაკავებაში ეხმარებოდა, ხოლო კიდევ რამდენიმე (ასევე, თეთრკანიანი) იქვე იდგა და ამ საშინელ სცენას გულგრილად უყურებდა.
რა იყო ეს, პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების უბრალო გადაჭარბება თუ თეთრკანიან პოლიციელთა მხრიდან შავკანიანი მოქალაქის მიმართ რასობრივი ანგარიშსწორების შემზარავი გამოვლენა?
ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი: _ ეს არის შემზარავი მკვლელობა. რასიზმი საშინელი მოვლენაა. იმედი მაქვს, რომ ამერიკაში მოისმენენ იმ ბრძენი და ჰუმანური ადამიანების ხმას, რომლებიც რასიზმის დასრულებისკენ ისწრაფვიან!
ვალერი კვარაცხელია: _ ამ სიტყვებში, პირველ რიგში, ის ისმის, რომ აშშ-ში რასიზმი დასრულებული არ არის. კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ოტავაში რასიზმის საწინააღმდეგოდ გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე დაიჩოქა, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა აშშ-ში მომდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს. ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმაც შეუერთა თავისი ხმა ამერიკაში მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო ტალღას.
პედრო სანჩესი, ესპანეთის პრემიერმინისტრი:
_ სოლიდარობას ვუცხადებ ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ყველა შეშფოთებული ვართ იმ ავტორიტარული რიტორიკითა და მოქმედებებით, რომლებსაც ამ პროტესტის საპასუხოდ ვხედავთ.
ვალერი კვარაცხელია: _ როგორც ვხედავთ, აშშ-ში რასიზმის არსებობას ყველა აღიარებს, რომელსაც ძალიან ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და, სამწუხაროდ, დღემდე აღმოფხვრილი არ არის. სეგრეგაცია უსაშინლესი მოვლენაა. იგი ორი სახისაა _ ინსტიტუციური და ტერიტორიული. აშშ-ში გამოიყენებოდა და გარკვეული სახით დღემდე გამოიყენება სეგრეგაციის ორივე ფორმა. რასობრივი დაყოფა აშშ–ის კანონმდებლობით მოიცავდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა უბანს _ განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და დასვენების სისტემებს, დასაქმებისა და ანაზღაურების სისტემებს, ტრანსპორტს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, სასტუმროებს, პოლიციას, არმიას… შერეულ ქორწინებასაც კი. სისხლის გადასხმის აუცილებლობის შემთხვევაში თეთრკანიანებისა და ფერადკანიანებისთვის სისხლსაც კი სხვადასხვა საცავიდან იღებდნენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში შავებს მხოლოდ უკანა რიგების დაკავება შეეძლოთ, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც თეთრკანიანი მგზავრი ამოდიოდა და წინა ადგილები დაკავებული იყო, ფერადკანიანს მისთვის ადგილი უნდა დაეთმო. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ფერადკანიანს აპატიმრებდნენ. XX საუკუნის 70-იან წლებში სეგრეგაციის კანონის გაუქმების შემდეგ პრობლემა იურიდიულად თითქოს მოიხსნა, მაგრამ, ფაქტობრივად, ბევრი არაფერი შეცვლილა. ავადმყოფი და ბინძური საზოგადოებრივი ცნობიერება არც გაჯანსაღებულა და არც გასუფთავებულა.
დევიდ აიკი, ბრიტანელი მწერალი და ორატორი: _ რასიზმი არც რწმენაა და არც რელიგია, რასიზმი ავადმყოფური მდგომარეობაა ცნობიერებისა.
ვალერი კვარაცხელია: _ რასიზმზე, ყველა დროის ამ ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო მოვლენაზე, საუბარი გამიგრძელდა, მაგრამ ამას გვერდს ვერ ავუვლიდი, ვინაიდან დღეს კონკრეტული ნაღმის როლი სწორედ რასიზმმა შეასრულა _ ის აფეთქდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ, რაკი აფეთქება უკვე მომხდარია, საშიშროება გადავლილია, ანუ, რაც აფეთქდა, აფეთქდა, რაც გადარჩა, გადარჩა. საქმე ასე მარტივად არ არის, კაპიტალიზმის მექა ერთ ნაღმზე როდი ზის, იგი თავიდან ბოლომდე დანაღმულია. მთელი კაპიტალისტური სამყარო თავისთავად ერთი დიდი ბომბია, რომელიც ბოლოს ერთიანად აფეთქდება. ახლა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, შეიძლება ყველაფერი ჩაწყნარდეს, მაგრამ ამას დროებითი ხასიათი ექნება. გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა რომელიმე ნაღმი აფეთქდება, რომელიც ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და ყველა დანარჩენ ნაღმს _ პოლიტიკურს, ეკონომიკურს, სოციალურს ერთმანეთის მიყოლებით ააფეთქებს.
ვიდრე ფერადკანიანები ფერადკანიანთა ინტერესებს იცავენ, თეთრკანიანები კი _ თეთრკანიანთა, ანუ საზოგადოება ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბანაკებად კანის ფერის მიხედვით იყოფა, კაპიტალისტურ მექას თავი ქუდში აქვს, რადგან ყველაზე დიდი გართულება, რომელიც ამგვარ დაპირისპირებას შეიძლება მოჰყვეს, მხოლოდ სამოქალაქო ომია, რომელსაც სისტემა გაუძლებს. მთავარი საშიშროება მაშინ დაიწყება, როდესაც თეთრკანიანებიც და შავკანიანებიც გააცნობიერებენ, რომ ისინი ეკუთვნიან საზოგადოებას, რომელშიც მთავარი წინააღმდეგობა ადამიანთა დიდ ჯგუფებს შორის კანის ფერით განსხვავებულობა კი არ არის, არამედ მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ანუ მცირერიცხოვან მჩაგვრელ კლასსა და მრავალრიცხოვან ჩაგრულ კლასს შორის სოციალური განსხვავებულობაა. ასეთ შემთხვევაში მათი უმრავლესობა, ვინც დღეს კანის ფერის მიხედვით ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, ხვალ კაპიტალისტური ურჩხულის წინააღმდეგ გვერდიგვერდ იქნებიან. ეს უაზრო სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი კი არა, უკვე რევოლუცია იქნება, რომელიც ერთიანად წალეკავს სოციალურ უსამართლობაზე დაფუძნებულ სისტემას და სათავეს დაუდებს ახალ წყობას, ახალ პოლიტიკურ–ეკონომიკურ–სოციალურ სისტემას, რომელშიც ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრა, დისკრიმინაცია, რასიზმი, ფაშიზმი, უმუშევრობა, ქონებრივი პოლარიზება და სხვა ვეღარ გაჭაჭანდება. აშშ–ში საქმე ჯერჯერობით კლასობრივ დაპირისპირებამდე არ მისულა, მაგრამ ინგლისში უკვე გამოიკვეთა ამის ნიშნები.
THE GUARDIAN: ქალაქ ბრისტოლში ამერიკული პროტესტის ტალღის გამოძახილით შეკრებილმა ხალხმა, მეწარმისა და ფილანთროპის _ ედვარდ კოლსტონის ბრინჯაოს ძეგლი კვარცხლბეკიდან ჩამოაგდო და მდინარეში გადააგდო.
ვალერი კვარაცხელია: _ ხალხის განრისხება იმით იყო გამოწვეული, რომ ეს კოლსტონი XVII-XVIII საუკუნეებში მეწარმეობასა და ფილანთროპიასთან ერთად მონებითაც ვაჭრობდა. ფილანთროპიით შენიღბული ამგვარი ისტორიული მამაძაღლის ძეგლის ჩამოგდება უკვე ნამდვილი კლასობრივი მოტივაციაა, რაც, დიდი ალბათობით, აშშ-შიც არ დააყოვნებს, თუმცა იქამდე მისასვლელი გზა სწორედ იმგვარ არეულობებზე გადის, ამჟამად რომ ბობოქრობს ამერიკაში.
კარლ მარქსმა კაპიტალიზმის საბოლოო, იმპერიალისტური სტადიის სამი მთავარი წინააღმდეგობა ჩამოაყალიბა, უფრო სწორად, ამ სტადიისთვის დამახასიათებელი სოციოლოგიური კანონები აღმოაჩინა, რომლებიც სიტუაციის გარკვეულ კონდიციამდე მისვლის შემდეგ აუცილებლად ამოქმედდება:
- წინააღმდეგობა შრომასა და კაპიტალს შორის, ანუ დოვლათის შექმნის საერთო სახალხო ფორმასა და მითვისების კერო კაპიტალისტურ ფორმას შორის;
- წინააღმდეგობა ცენტრსა და კოლონიებს შორის;.
- წინააღმდეგობა თვით კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის.
დღეს სამივე ეს წინააღმდეგობა ამოქმედდა.
* როგორც დასავლეთში, ასევე კაპიტალიზმის გზაზე შემდგარ რუსეთსა და ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში ერთეულები სიმდიდრეში იხრჩობიან, ხალხი კი _ სიღატაკეში. მსოფლიოს მოსახლეობის ერთი პროცენტი მსოფლიო სიმდიდრის 99 პროცენტს ფლობს, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობის 99 პროცენტი მსოფლიო სიმდიდრის ერთი პროცენტის ანაბარაა დატოვებული.
* ყველგან, სადაც ამერიკული ძალმომრეობა დამკვიდრდა, ამერიკულ დროშებს წვავენ;
* რაც შეეხება წინააღმდეგობას დიდ და გავლენიან სახელმწიფოთა შორის, ამის შესანიშნავი მაგალითია, ერთი მხრივ, ამერიკასა და ჩინეთს, მეორე მხრივ, ამერიკასა და რუსეთს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობები.
ამერიკაში კორონავირუსის აფეთქება როდესაც მოხდა, ხელი ჩინეთისკენ გაიშვირეს; რასიზმის აფეთქება როდესაც მოხდა, ხელი რუსეთისკენ გაიშვირეს. სხვა, უკეთესი და უფრო ნათელი დასტური მარქსის მეცნიერული წინასწარმეტყველების სისწორისა, რა გინდათ?!
ამერიკული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებმა ხელი გაიშვირეს არამარტო ჩინეთისა და რუსეთის მიმართულებით, არამედ ერთმანეთისკენაც.
ჯო ბაიდენი, აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან: _ ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვები იყო: “ვეღარ ვსუნთქავ”. ამ სიტყვების ექო ჩვენი ერის გულებში გაისმის. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ბევრისთვის ასე მტკივნეულ მომენტში ამერიკის მოქალაქეებზე ძალადობისკენ მოუწოდებს. მე გაცოფებული ვარ და თქვენც ასე უნდა იყოთ.
ჯორჯ სოროსი, ამერიკელი მილიარდერი: _ მე მას (პრეზიდენტ ტრამპს _ ვ.კ.) დავახასიათებ, როგორც მატყუარას, თაღლითსა და პოტენციურ დიქტატორს!
ვალერი კვარაცხელია: _ ტრამპი, რა თქმა უნდა, სიტყვიერ ვალში არავისთან რჩება, მაგრამ ეს ვითარებას ვერ ცვლის. აშშ ქაოსში იძირება, ქაოსში, რომელსაც მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, უეჭველია, კიდევ უფრო გააძლიერებს.
აშშ–ში მიმდინარე პროცესებზე ქართველი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილი უაღრესად არაკვალიფიციურ, დილეტანტურ დამოკიდებულებას ავლენს. ისინი ამ პროცესებს აღიქვამენ აშშ–ის ლიბერალური და კონსერვატორული ძალების დაპირისპირებად, რომელშიც, მათი აზრით, ლიბერალურ მიმართულებას ბაიდენი, კონსერვატორულ მიმართულებას კი ტრამპი განასახიერებს, ანუ აშშ–ში დღეს მიმდინარე პროცესებში ლიბერალებისა და კონსერვატორების დაპირისპირების გარდა ვერაფერს ხედავენ, მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ერთად _ რასობრივი დაპირისპირება, ლიბერალებისა და კონსერვატორების შეუთანხმებლობა, ქაოსი და სიძულვილი, უკვე საფუძველმორყეული და ძირგამომპალი საწარმოო ძალებისა და საწარმოო ურთიერთობების სასიკვდილო აგონიის აშკარა გამოვლენაა, დაუძლეველი შინაგანი წინააღმდეგობის ვითარებაში ანტაგონისტურ კლასთა სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკების წინარე პერიოდია, მსოფლიო კაპიტალიზმის გარდაუვალი შინაგანი აფეთქების საბედისწერო მოახლოებისა და ეპოქალური კატაკლიზმების შეუქცევადი პროცესის მაუწყებელია…
ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!
P.S. 1985 წელს საბჭოთა კავშირის სათავეში მიხეილ გორბაჩოვი მოვიდა, რომელმაც დიდი რეფორმების გატარება განიზრახა. 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა.
2016 წელს აშშ–ის სათავეში დონალდ ტრამპი მოვიდა, რომელმაც ასევე დიდი რეფორმების გატარება განიზრახა. მაშინდელ ერთ–ერთ წერილში ვწერდი, რომ ვაშინგტონში, მოსკოვის დროით, 1985 წელი დადგა. მას შემდეგ ოთხი წელიწადი გავიდა. მარტივ არითმეტიკას თუ მოვიშველიებთ, ვაშინგტონში ახლა 1989 წელია, მოსკოვის დროით, რა თქმა უნდა…
მმართველ ელიტას საქმე ისე აქვს დაყენებული, რომ საზოგადოება მას ვერაფერს დააკლებს.
უბრალო ხალხმა უნდა მოტვინოს, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს.
და რადგან ვერ ახერხებს, ესე იგი უკვე ძლიან ცუდად არის საქმე.
მოდით ვკითხოთ, რა უნდათ?
თუ მბრძანებლობა უნდათ – იმბრძანებლონ, ვინ უშლით, მაინც თვითონ არიან მბრძანებლები;
თუ სიმდიდრე იტაცებთ, მათი იყოს თუ სადმე რამე ოქრო-ვერცხლია, მაინც ხომ მაგათია;
თუ მემკვიდრეობით მმართველობა უნდათ, არც მაგის პრობლემაა, ოღონდაც წესიერად გვაცხოვრონ, – ადამიანურად. თუ რამეს ინატრებენ ყველაფერი შევუსრულოთ, განა რა უნდა ინატრონ ისეთი?
“აი, ოხრადაც კი დარჩენილა, რაც კი ქვეყანაზე ჩინ-მედლებია!”
რა ოხრად გვინდა ჩინ-მედლები? სამართლიანობა, კეთილი გული და ესე ყოველი განდიდებული!
მომავლი ადამიანის შემოქმედებით შრომაშია, რომელიც მხოლოდ სოციალიზმის პირობებშია შესაძლებელი!