ამას წინათ “პოსთV”-ის ეთერში ვუყურე შალვა რამიშვილის საავტორო გადაცემას _ სტუმრად მიწვეულმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ნათელაშვილის ქარვასლასა თუ ფანჩატურში სააკაშვილის დროშის ქვეშ შეკრებილი ნაცების ვირიშვილობის (ყველაფრის მკადრებლობის) ხაზგასასმელად ნაადრევად გარდაცვლილი ნიჭიერი პოეტის (და “პროსტო”, თბილისელი “კაი ბიჭის”) ლექსიდან ერთი ტაეპი _ “ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ბონდო დააორსულა” _ გამოიყენა…
მეორე დღეს უკვე “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსს” ვუყურე, სადაც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის (მიშ-ნაცების) ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა თინა ბოკუჩავა “მჭევრმეტყველებდა”: “გახარია ჯიგრულ-ქართულ პონტში ჩაეფლობა ბოლომდე ჭაობში, რომელშიც ვიყავით 1990-იან წლებში და მე გავექეცი ამერიკის უნივერსიტეტის დაფინანსებით და ახლაც გარბიან ახალგაზრდები, რადგან ჯიგრულ-ქართულ პონტში ცხოვრება არ უნდათ” (სტილი ზედმიწევნით დაცულია)…
ამის გამგონემ, თინათინის პირისახის მეტად ახალგაზრდული შესახედაობიდან გამომდინარე, პირველი, რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებზე ასეთი შეუვალობით მოსაუბრე თინიკო იმ საშინელი წლების მომსწრე კი არა, იმ პერიოდში დაბადებული იყო? სხვის ნაუბარს ხომ არ ითავისებს, ხომ არ პლაგიატორობს-მეთქი (თუ მოცემულ კონტექსტში ასე თქმა უპრიანია)? სიმართლის დასადგენად, რომ იტყვიან, დავგუგლე და…
არც ისეთი წიწკვი აღმოჩნდა, გასული საუკუნის 90-იან წლებში დაბადებული არ ყოფილა (1983 წლის მაისი), მაგრამ არც ისეთი ხნიერი, ასეთი მენტორული ტონით ლაპარაკის უფლებას რომ აძლევს თავს. იმ 90-იანებში, როდესაც, მისივე თქმით, “ჯიგრულ-ქართული პონტის” საქართველო ყალიბდებოდა, თავიდანვე თუ ვერ შეებრძოლა შევარდნაძის მიერ “ჯიგრულ-ქართული პონტის” საქართველოს მშენებლობის განზრახვას, სულ ცოტა, ამ ბოროტების შეგნებული მოწმე-ანალიტიკოსი უნდა ყოფილიყო, რაც, ულმობელი არითმეტიკიდან გამომდინარე, აბსურდია. 90-იანი წლების დასაწყისში თინათინი 7 წლის იქნებოდა, ხოლო დასასრულს _ თოჯინებით თამაშის ასაკიდან ახალგამოსული 17 წლის გოგონა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ჩნდება რამდენიმე კითხვა, რომლებზეც პასუხის გასაცემად ისევ ელემენტარულ არითმეტიკას უნდა მივმართოთ.
თუ შევთანხმდებით, რომ მიშნაცების პარლამენტის ვარსკვლავი თინათინ ბოკუჩავა გასული საუკუნის 90-იან წლებში, როგორც დასავლეთ საქართველოში იტყვიან, ბაღანე იყო და, აქედან გამომდინარე, იმ პერიოდში მშობლების გარეშე ვერსად გაექცეოდა “ჯიგრულ-ქართულ პონტს”, ჩნდება კითხვა: როდის, რომელ წელს დააღწია თავი “ჯიგრულ–ქართული პონტის” მარწუხებს ქალბატონმა თინამ?
ყოვლისმცოდნე “გუგლი” 1983 წლიდან, ანუ თინათინის დაბადებიდან 2009 წლამდე არაფერს ამბობს არათუ მის ტანჯვა-ვაებაზე “ჯიგრულ-ქართული პონტის” პირობებში, არამედ მისი ბიოგრაფიის ამ არცთუ მცირე მონაკვეთზე დუმს და თხრობას 2009 წლიდან იწყებს, როდესაც “ჯიგრულ-ქართული პონტით” შეწუხებულმა თავი უჯიგრო ამერიკას შეაფარა, თუმცა ვრცლად მოსათხრობ-საინტერესო ვერც “გუგლმა” გვამცნო:
თინათინ ბოკუჩავა დაიბადა 1983 წლის 29 მაისს. 2009 წელს დაამთავრა ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, შემდეგ კი _ სმიტის კოლეჯი აშშ-ში, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. 2009-2011 წლებში მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში. 2011 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2012 წელს _ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე. 2012-2016 წლებში _ საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი. 2016 წლიდან არის საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი.
რა შეიძლება ამ შემთხვევაში “გუგლის” ინფორმაციას დავამატოთ? _ ალბათ, ის, რომ ზემოთ რიხით ჩამოთვლილ ვითომდა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა, სინამდვილეში, 8-10-თვიანი კურსებია, რომელთა გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატებს დასავლეთში იმ ქაღალდის ფასიც არ აქვს, რომელზეც იბეჭდება. საქართველოში კი მსგავსი სერთიფიკატები მაღალი თანამდებობის დაკავების რეალური შანსია, რომელსაც თინა ბოკუჩავას მაგალითიც ადასტურებს _ ხუმრობა საქმეა შრომის წიგნაკის პირდაპირ NDI-ში გახსნა?
ამ მწირი ინფორმაციიდანაც ნათლად ჩანს, რომ თინათინ ბოკუჩავას არც გასული საუკუნის 90-იან წლებში (თუნდაც მხოლოდ ასაკის გამო, ბოლოს და ბოლოს, 2000 წელს არასრულწლოვანი იყო) და მით უმეტეს ლიბერასტი მიშნაცების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აღარც იდეოლოგიური მოსაზრებების გამო (აბა, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის პირობებში “ყვაოდა” საქართველოში “ჯიგრულ-ქართული პონტები” თუ “ყვაოდა”) არ ჰქონდა საფუძველი ქვეყნიდან გაქცევისა.
თუკი ბოკუჩავას ბიოგრაფიის დიდ ნაწილს (1983-2009 წლებს) “გუგლივით” თეთრ ლაქად დავტოვებთ, გამოდის, რომ ამ ქალბატონმა წარმატებული პოლიტიკური კარიერა მიშას ზეობის ჟამს გაიკეთა _ 2009 წელს, სხვათა შორის, ბევრმა სხვამაც, მართალია, სხვადასხვა პერიოდში, მაგრამ მაინც. ასეთ “მანდილოსნებს” ქართველმა საზოგადოებამ “მიშას კარტელი” შეარქვა და წინამდებარე წერილის მთავარი გმირი ამ “კარტელის” რიგითი წევრია, სხვა არაფერი.
თუმცა, ეს ამბავი ჩემდა უნებურად გამომივიდა, რადგანაც წერილი ვინმეს დადებით ან უარყოფით გმირად წარმოსაჩენად კი არა, საზოგადოებაში არსებული განწყობების გასაანალიზებლად მქონდა ჩაფიქრებული, რომლის უდავო რეზიუმე არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში ნათელაშვილის ქარვასლასა თუ ფანჩატურში თავმოყრილ გაკოტრებულ თუ ე.წ. ერთკაციანი პარტიები, რომლებიც თავს გაჯიუტებული ჯორებივით დღემდე მთავარ ოპოზიციურ ძალებს უწოდებენ, არათუ “ქართული ოცნების” დამარცხებას შეძლებენ (ამის პირობას ახლავე დებენ და უკვე მინისტრების პორტფელებსაც ინაწილებენ), პარლამენტში მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი რაოდენობის ხალხის გაყვანის პრობლემაც ექნებათ…
როგორ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, მხოლოდ წერილის ფინიშის სწორზე (თუ ასე თქმა მისაღებია) მივადექით ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ზემოთქმული ნაცებისთვისაც ნათელია, ისევე, როგორც ორჯერ ორი უდრის ოთხს, ანუ არჩევნებში მათ მიერ “ოცნების” დამარცხების შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია, რატომ არ ცვლიან უაზრო ბაქიბუქის ტაქტიკას რაიმე სხვა უფრო კონსტრუქციულ-რეალისტურით?
ჩემი აზრით, ამ რთულ კითხვაზე პასუხი მარტივია:
ის, რაც დღეს აშშ–ში ხდება, უფრო ზუსტად ის, რითაც შეიძლება დამთავრდეს ამერიკაში მიმდინარე პროცესები, აუცილებლად იქონიებს გავლენას საქართველოზე და მეტიც, კაცობრიობაზე.
საქართველოში არსებული ვითარება, პანდემიით დაწყებული და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დამთავრებული, მცირე მასშტაბის მოდელია აშშ-ში მიმდინარე პროცესებისა. ასეული წლების წინათ დაკარგული სახელმწიფოებრობა, ათეული წლებია, თითქოს დავიბრუნეთ და ამდენივე წელიწადია, რაც მეგობრის მანტიამოსხმული მტერი ებრძვის საქართველოში ყოველგვარ ქართულს, მართლმადიდებლურს და ბევრის, მათ შორის, გოგა ხაინდრავასიც, გამკვირვებია, რომ ამ ბოროტების სათავედ მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთი მიაჩნია და არავითარ შემთხვევაში უღმერთო აშშ.
გოგა ხაინდრავამ ზემოხსენებულ გადაცემაში დაიჩივლა, _ გადახედეთ 1905-1907 წლების პრესას, ნამდვილი ნადირობა იყო გაჩაღებული ილიაზე და ბოლოს მოკლეს კიდეცო.
გოგა! იქნებ ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკისთვისაც გადაგეხედა და გენახა, რას წერდა დიდი ილია 100 წლის წინათ დიდ რუსეთზე _ “დიდი რუსეთის გარეშე არ არსებობს საქართველოსა და ქართველების ხსნა”! ანდა სულ ახლახან ილია II-ის ქადაგებიდან მისი გულმხურვალე ღაღადისი _ “საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა აღდგეს ძმური (განა მეგობრული, მეზობლური და ა.შ. _ დ.მ.) ურთიერთობები და ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად”.
რა ვქნა, გოგა? მეგობრად მიმაჩნიხარ, მაგრამ ორი ილიასი უფრო მჯერა, ვიდრე შენი და, თუ მიკადრებ, ტელედუელში გიწვევ!
დავით მხეიძე
P.S. დასასრულ _ ისევ თინათინ ბოკუჩავა…
ქალბატონო თინათინ, რაც დღეს ამერიკაში ხდება, არის ის, რაც ჩვენში ხდება ან მოხდება. საქართველო მართლაც ისტორიულ გზაგასაყართან დგას _ ან გიორგი გახარიას “ჯიგრულ–ქართული პონტი” და გადარჩენა, ან შენი და შენნაირების “აქ ჯამლეტამ ბონდო დააორსულა” და დაღუპვა.
ამერიკაშიც ბევრი ჰყავთ თავიანთი ჯონდო–ბონდოები, რომლებსაც ოქროს კუბოებში აწვენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით დონალდ ტრამპი მარცხდება, რადგანაც ნამდვილ ქრისტიანულ–კოვბოურ ამერიკას, რომელმაც გააპრეზიდენტა დონალდ ტრამპი, ჯერ ხმა არ ამოუღია. ხმა არ ამოუღია იმ ტრადიციულ ამერიკას, რომელსაც სახლში მილიონობით ცეცხლსასროლი იარაღი აქვს…