“დემოკრატიის შუქურა”, “რეფორმების მამა”, “ყველაზე ახალგაზრდა და გამბედავი პოლიტიკოსი” _ ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ეპითეტებისა, რომლებითაც ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილს ამკობდნენ. არადა, რეალურად ყველამ იცოდა, რომ ეს რეფორმებიც ადამიანების თავებზე ხელკეტების გადალეწვით, ქუჩაში დახვრეტით, ტერორით, დაშინებით, დაჭერით გაიტანა სააკაშვილმა და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მისი სახლში გაშვება წლების განმავლობაში სურდა. საბოლოოდ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, სააკაშვილს მორიგი დითირამბები უძღვნეს, აქაოდა, ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბარაო და მერე რა, რომ ექსპრეზიდენტი სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით არის მსჯავრდებული და იძებნება _ დასავლეთისთვის ის მაინც მისაღები პერსონა იყო, როგორც მათი მითითებების უსიტყვო შემსრულებელი და აგერ, სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეგობარმა უკრაინამ მას თანამდებობაც კი უბოძა.
არაერთხელ დაგვიწერია, რომ დასავლთის გამო ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ და ამის ნათელი დადასტურება საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის, განცხადებაცაა.
“ვფიქრობ, საქართველომ დაამტკიცა, რომ კარგი რეფორმატორია. ახლა კი საჭიროა, აჩვენოს, რომ კარგი შემსრულებელიცაა. კანონების უმეტესობა უკვე მიღებულია, თუმცა რამდენიმე კანონი კვლავ მისაღებია. როდესაც საუბარია სამართლიან კონკურენციაზე, სამართლიან საჯარო შესყიდვებზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამართლიანობაზე, ეს არა მხოლოდ კარგი კანონის არსებობის საკითხია, არამედ სწორი კულტურის და ეს საკითხები წუთებში არ წყდება, არამედ ნელ-ნელა შენდება და საქართველო ბევრ ამ ასპექტში უკვე განვითარდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ევროკავშირმა საკმაოდ ბევრი პროგრამა აამოქმედა არა მხოლოდ კანონების განვითრების კუთხით, არამედ ტრეინინგების კუთხითაც, რომ ხალხმა არ იფიქროს ბიზნესის კეთების სხვა ხერხებზე. შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია. დარწმუნებული ვარ, თუმცა მცდელობები უნდა შენარჩუნდეს”,_ განაცხადა კოლასმა.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ელჩი გაქებს და ამბობს, რომ მოსახლეობამ არ უნდა იფიქროს ბიზნესის კეთების სხვა ხერხებზეო
შექება შექებად, მაგრამ… საფრანგეთი არ იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2007 წელს ევროპაში საქართველოდან გატანილ მინერალურ წყლებს, პრაქტიკულად, თავში რომ ჩაარტყა და ცივი შხაპი სწორედ ჩვენივე მინერალური წყლებით მიგვაღებინა?! 2008 წელს, როცა ყველაზე მეტად გაგვიჭირდა, ევროპიდან სწორედ საფრანგეთის მითითებით გამოგვაძევეს და მინერალურ წყლებს ჩვენი ღვინოც მიაყოლეს. ამის მიზეზი მარტივი იყო _ მონოპოლია სწორედ ფრანგულ წყალსა და ღვინოს ჰქონდა დაწესებული და საქართველოს გამო ქვეყანა შემოსავალს ხომ არ დაკარგავდა?! ევროპის წამყვან ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებები გადაგვახიეს თავზე და ამის გვირგვინი იყო ამერიკიდან ჰუმანიტარულ დახმარებად შემოსული… წყალი. ჰო, წყალს მიჰქონდა საქართველო და ამერიკამ, ეგებ არ გეყოთო და, თავისი წყალი მოგვაშველა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენი მილიონი დაიხარჯა სარეკლამო კამპანიაში, რომელიც ევროპისა და ამერიკისთვის ქართული პროდუქციის მიწონებას ემსახურებოდა, მაგრამ ვერც ერთმა, ვიმეორებთ _ ვერც ერთმა ქართულმა პროდუქტმა ევროპასა და ამერიკაში ვერ გაიხარა, უბრალოდ, არ გაახარეს, არ დაუშვეს, დახლებიდან ჩამოაგდეს. ისიც გემახსოვრებათ, როგორი ამბავი ატყდა ქართულ თაფლზე მისი უნიკალური სასარგებლო თვისებების გამო. ჰოდა, მიიღეს რეგულაცია, რომლის შემდეგაც ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე პრაქტიკულად ვერასოდეს გავა. რეგულაციის მიხედვით, იქ, სადაც ფუტკარია, 8-კილომეტრიან რადიუსში არ უნდა იყოს ეზოში მდგარი საპირფარეშო, ჩეჩმა, რადგან, თურმე ფუტკარი მარილიან წყალს ეძებს და ჩეჩმაში შარდს ეტანება. ჰოდა, საქართველოში სად მონახავთ ისეთ ადგილს, სადაც რვაკილომეტრიან რადიუსში არ იქნება ჩეჩმა? სოფლებში ეს გამორიცხულია და, თუ თაფლის მასობრივი წარმოება გვინდა, მაშინ საქართველოს მასშტაბით საკანალიზაციო სისტემა უნდა გავაკეთოთ, რაც ასევე წარმოუდგენელია.
ახლა, ამ პირობებში ხილის გადამამუშავებელმა კომპანია “კავკასუს ორგანიკ ფრუტსმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მოულოდნელად, პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, 15 ტონამდე ხილის ჩირი რუსეთში გაიტანა. რაც მთავარია, გაიტანა დაუფასოებლად, ანუ რუსეთმა მიიღო ისეთი, როგორიც გვაქვს და ახლა თურმე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთსა და ჰოლანდიასთან, თუმცა მათ შეფუთული სურთ და ქარხანა შესაბამის დანადგარებს ელოდება.
სად იყიდება ჩვენი ღვინის უდიდესი ნაწილი? _ რუსეთში. სად მიდის მინერალური წყლების უდიდესი ნაწილი? _ რუსეთში და, ზოგადად, ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის 70%-ზე მეტს რომელი ბაზარი ითვისებს? _ რუსეთი და ხომ იცით, ეს რომელი რუსეთია, პირველ მტრად რომ გვყავს გამოცხადებული…
არ ვაპირებთ ახლა იმის პროპაგანდას, რომ მეზობელ სახელმწიფოს უნდა მოვეფეროთ და თავზე ხელი გადავუსვათ. არა, არავის არ უნდა ვეფეროთ, არც თავზე ვუსვათ ხელი და, რაც მთავარია, არავის დავემონოთ, ყველასთან საქმიანი ურთიერთობა უნდა გვქონდეს და ორმხრივი ინტერესების საფუძველზე ვიმოქმედოთ. ახლა ის გვითხარით, სად ჩანს დასავლეთთან ურთიერთობაში ორმხრივი ინტერესი და რაში გამოიხატება რუსეთის ინტერესი, ჩვენი პროდუქტი გაასაღოს?! ჩვენში ვინმე გაუბედავს ევროპასა და ამერიკას მაღალი ტრიბუნიდან იმის თქმას, კეთილი ინებეთ და ჩვენი პროდუქცია თქვენს ბაზარზე დაუშვით, ნუ გვჩაგრავთო? სამაგიეროდ, საკმარისია, ერთი მანქანაც კი არ გაატარონ ლარსზე გაფუჭებული პროდუქტის ან სხვა მიზეზის გამო, რომ მაშინვე რიგი დგება მიკროფონებთან მეზობლის საკრიტიკოდ, აქაოდა, ჩვენი პროდუქცია არ მოსწონსო და მერე რა, რომ პროდუქციის 70%-ზე მეტი სწორედ იქ საღდება და რეალურად, ერთი და ორი ტრაილერი ვერაფერს წყვეტს.
უბრალოდ, წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუ იმის გამო, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მხარს დავუჭერთ, ჩრდილოელი მეზობელი საზღვარს საგულდაგულოდ ჩაგვიკეტავს და ნებისმიერი ქართული პროდუქციის მიღებაზე უარს იტყვის. დაახლოებით მილიარდი დოლარის პროდუქცია შეგვრჩება ხელში და, სულ რომ უფასოდ დაარიგონ გლეხებმა, ფიზიკურად ვერ ავითვისებთ ვერც ღვინოს, ვერც ხილს და ვერც მინერალურ წყლებს. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დასავლეთის სურვილი და ოცნებაც ეს არის _ რუსული ბაზრიდან გამოგვაძევონ და მთლიანად მათზე ვიყოთ ჩამოკიდებულ–დამოკიდებული.
შესადარებლად გეტყვით, რომ, თუ გასულ წელს, მაგალითად, ამერიკაში საქართველოდან 466 056 ბოთლი ღვინო გავიდა, რუსეთში ექსპორტი 53 682 627 ბოთლი იყო, ანუ ზუსტად 115-ჯერ მეტი. ეს არის ის ციფრები, რომლებსაც საქსტატი აქვეყნებს. ანალოგიური მდგომარეობაა წყალზე, ხილსა და სხვა პროდუქტებზე. ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა დასავლელი ელჩები გვმოძღვრავენ, როგორ ვაკეთოთ ბიზნესი საქართველოში კარგად, როგორ უნდა გავატაროთ რეფორმები (ჩვენთვის მავნებლური) ისე, რომ კმაყოფილი ვიყოთ (უფრო სწორად, თვითონ იყვნენ კმაყოფილი; აქედან სარგებელს თვითონ ნახავენ, ჩვენ კი… ჩვენ შეგვაქებენ და გაგვიხარდება); აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ რჩევებს ყურად იღებს და ამტკიცებს, რომ კარგი რეფორმატორია. რა თქმა უნდა, კარგია, როცა კარგი რეფორმატორის სახელი გაქვს, მაგრამ ცუდია, როცა ამ რეფორმების სიკეთე მარტო მათი რეკომენდატორებისთვისაა და შენი მოსახლეობის უმრავლესობა ამას ვერ გრძნობს.
არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ძალიან რთული პერიოდი ელოდება. ყველა ამბობს, რომ პოსტპანდემიური ეტაპი უმძიმესი გადასატანი იქნება მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნებისთვისაც კი და, რაც მთავარია, ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია დავამარცხეთ ან მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო თვითგადარჩენის ინსტინქტზეა გადასული და საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება ირგვლივ. ამის ნათელი მაგალითია ბოდიშები, ევროპული ქვეყნების ლიდერებმა იტალიელ კოლეგას რომ მოუხადეს, აქაოდა, ვერ დაგეხმარეთ, ჩვენი გვიჭირდაო. სადაც იტალიას არ დაეხმარნენ და ერთი ბოდიშით გამოძვრნენ, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება საქართველოს შემთხვევაში? ამიტომ ქვეყანამ ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს და, როგორც აღვნიშნეთ, არავის არ უნდა ეფეროს, არც არავის ემონოს, უბრალოდ, იმოქმედოს ისე, როგორც, უწინარესად, მოსახლეობას წაადგება და მხოლოდ მერე _ დანარჩენ მსოფლიოს. სწორედ ასეთ ქმედებაზეა გადასული ყველა და მხოლოდ დასავლეთის ქების იმედად ნუ ვიქნებით. დავამტკიცოთ, რომ, კარგ რეფორმატორობასთან ერთად, პატრიოტებიც ვართ _ ქვეყნისა და ერის პატრიოტები. არ უნდა იყოს ეს ორი რამ რთული.
ბესო ბარბაქაძე