მხოლოდ ამ ერთი სიტყვითაც შეიძლება სრულად დახასიათდეს დღევანდელი ქართული “ოპოზიციური” სპექტრი, მცირე გამონაკლისის, კერძოდ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა” და ორიოდე პატარა არასაპარლამენტო პარტიის გარდა.
მართალია, ზოგიერთი მათგანი გულმავიწყობისკენ იხრება, ზოგი _ გადამლაშებისკენ და ზოგი _ გაყეყეჩებისკენ, მაგრამ აშკარად უფრო “ამძაღებულნი” უხდებათ ჟღერადობითაც (“ქარწაღებულნის” მსგავსია) და შინაარსობრივადაც _ სადაც კი ვინმე გამოუსადეგარი, არავისთვის საჭირო, ჩამოწერილი, ნაგავსაყრელზე დატოვებული ანუ აყროლებულზე უარეს მდგომარეობაში მყოფი, ამძაღებული “პოლიტოკოსი” არსებობდა, ყველამ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში მოიყარა თავი. სიტყვა ამძაღებულნი უხდება მათ არა მხოლოდ პოლიტიკურ მდგომარეობას, არამედ მათ მიერ სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში ნათქვამ ფრაზებსაც. ეს “პოლიტიკოსები” ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ საჯაროდ, რაც ასოციაციურად სწორედ სიტყვა მძაღეს შეესაბამება.
ირაკლი ოქრუაშვილი: “მე თავის დროზე მიშა სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ეს ჩემი გადამლაშებების ბრალი იყო”
გუბაზ სანიკიძე: “2012 წელს მეც მომატყუეს და ბევრი ტყუილები მალაპარაკეს. რაც დღეს საქართველოში აშენებული და გაკეთებულია, ყველაფერი მიშა სააკაშვილის დამსახურებაა”
ნინო ბურჯანაძე: “მიშა სააკაშვილის დროს ციხეში არ იჯდა არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ბიძინა ივანიშვილმა ეს ვერ ისწავლა, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერები არ უნდა დაიჭიროს…”
შალვა ნათელაშვილი: _ “მაშინ მიშა სააკაშვილზე ისე იმიტომ ვლაპარაკობდი, რომ ისე იყოს საჭირო. ახლა ასეა და ასე ვლაპარაკობ. სხვა დროს და სხვა ვითარებაში შეიძლება კიდევ სხვანაირად გახდეს საჭირო. ესაა პოლიტიკა”
აი, ეს ყოველივე “პოლიტიკაა” თუ სხვა რამ, სახელი თქვენ შეურჩიეთ. მე კი შევეცდები, გავშალო თემა ამ ფრაზებიდან გამომდინარე და დაგანახვოთ საერთო სურათი, როგორი ამძაღებულია ქართული პოლიტიკური სპექტრი.
პირველ რიგში, ნინო ბურჯანაძეს შევახსენებ: ქალბატონო ნინო, მიშა სააკაშვილის დროს არ იჯდა ციხეში იგივე ირაკლი ოქრუაშვილი? სწორედ ეგაა განსაკუთრებით სასაცილო, რომ თქვენ ლაპარაკობთ იმ “პოლიტიკურ დაპატიმრებებზე” რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი ირაკლი ოქრუაშვილია და აცხადებთ, სააკაშვილის დროს ციხეში არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი არ იჯდაო.
კი მაგრამ, 2007 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური პარტია არ ჩამოაყალიბა? სწორედ თავისივე პოლიტიკური პარტიის ოფისიდან არ გამოათრიეს და არ წაათრიეს ციხეში იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი? მერე ეს პოლიტიკური პარტიის ლიდერი არ დასვეს ტელეეთერში “ბოლშევიკური ტროიკების” მეთოდებით და არ ალაპარაკეს სამარცხვინო “მონანიება”? არა, თუ მეშლება რამე, მითხარით და გავჩუმდები.
ირაკლი ბათიაშვილზე, თემურ ჟორჟოლიანსა და სხვებზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებაზე აკეთებთ კომენტარს და ამბობთ, მიშა სააკაშვილმა იცოდა, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები არ უნდა დაეჭირაო, ეს, სულ ცოტა, მძიმე პოლიტიკურ ამნეზიას ნიშნავს.
საერთოდაც, გაურკვეველია, რატომ არ უნდა დააპატიმრონ პოლიტიკური ლიდერები, თუკი ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან? “ამერიკული დემოკრატიის” სტანდარტია ეს ვითომ? მაშინ თვითონ რატომ უზით ციხეებში არაერთი ყოფილი გუბერნატორი თუ სხვა თანამდებობის პირი, რომლებიც პარალელურად პოლიტიკური ფიგურებიც იყვნენ?
აჰ, როგორც ჩანს, მათაც “გადაამლაშეს” ირაკლი ოქრუაშვილივით, ხო?
აი, ეს კიდევ ერთი ფენომენი. ადამიანი მიხეილ სააკაშვილს მკვლელობების დაკვეთაში სდებდა ბრალს და ახლა აცხადებს, გადავამლაშე და იმიტომ დამიჭირესო.
“მე მიხეილ სააკაშვილისგან არაერთხელ მიმიღია სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების და გავლენიანი პირების ლიკვიდირების დაკვეთა” _ ზუსტად ასე ამბობდა 2007 წელს თავისივე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ოქრუაშვილი. დიახ, რომელიმე ერთი კონკრეტული შეკვეთილი მკვლელობაო კი არა, რამდენიმეო! არაერთიო! ბევრიო! შე კაი კაცო, ადამიანების მკვლელობების დაკვეთების სააშკარაოზე გამოტანაა “გადამლაშება”? ანდა, თუკი არავინ არ გიკვეთდა ამ მკვლელობებს და იცრუე, ადმიანისთვის შეკვეთილი მკვლელობების დაბრალებას ეძახი “გადამლაშებას”?
აქ საინტერესო ისიც არის, ირაკლი ოქრუაშვილი პირდაპირ რომ ამბობს, “მიშამ იმიტომ დამიჭირა…”
ბატონო “ძალიან მაგარო იურისტო”! მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანებს, დამნაშავეებს სახელმწიფოს პრეზიდენტები არ იჭერენ. დამნაშავეებს იჭერენ პროკურორები და სასჯელს განუსაზღვრავენ მოსამართლეები. პატივცემულო ყოფილო შინაგან საქმეთა მინისტრო! თქვენ მაგ განცხადებით, ფაქტობრივად, აღიარეთ, რომ “ნაცების” მმართველობის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი წყვეტდა, ვინ უნდა ჩაესვათ ციხეში!
სხვათა შორის, ზუსტად მომაგონეთ თქვენივე ეპოქისა და თქვენივე ხელისუფლების გენერალური პროკურორის მოადგილე, შემდგომში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის, ამჟამად კი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ განაცხადა: “ბოდიშს გიხდით მთელი ჩვენი ხელისუფლების სახელით, შეცდომები დავუშვით უხეში, მაგალითად, არ ვიცოდით, რომ სასამართლო პროკურატურის სურვილების ამსრულებელი არ უნდა ყოფილიყო”.
რა მაგარია, არა? საქართველოს 9 წელიწადი მართავდა ხელისუფლება, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცოდა, რომ, წესით, ადამიანების დაპატიმრებას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა წყვეტდეს, ხოლო გენერალური პროკურორის მოადგილემ არ იცოდა, რომ სასამართლო პროკურატურას არ უნდა ექვემდებარებოდეს.
და მაინც, ფრიად საინტერესოა, ვინ და როგორ მიგვიჩაგრა უგანათლებულესი, უინტელექტუალურესი და უპატრიოტესი გუბაზ სანიკიძე ისე ძალიან, რომ ამხელა კაცს 4 წლის განმავლობაში (2012-დან 2016 წლამდე) თურმე სულ ტყუილები ალაპარაკეს?!
სიმართლე გითხრათ, მეექვსე კლასიდან უკვე მაგრად მრცხვენოდა (ჟარგონზე _ მიტყდებოდა) ვინმესთვის მეთქვა, ვიღაცამ გამაბრიყვა და ტყუილები მალაპარაკა-მეთქი!
ამხელა კაცს, საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს (მგონი, სამი მოწვევის) საერთოდ არ უტყდება, ასე საჯაროდ განაცხადოს: ხალხო, 4 წლის განმავლობაში გატყუებდით, ოღონდ, ჩემი ბრალი არ არის, შემაცდინეს, მეც მომატყუეს და მალაპარაკეს ეს ტყუილებიო.
კარგი, “გატყდომა” ჯანდაბას! ისიც ხომ საკითხავია, რა იყო და რას ეხებოდა ეს “ტყუილები”? მიხეილ სააკაშვილი რომ ჯალალ ედ დინია საქართველოსთვის, “ნაციონალური მოძრაობა” ადამიანებს რომ აწამებს, ციხეებში პატიმრებს სასტიკად რომ ეპყრობიან და მრავალი ასეთი ბრალდება “ნაცების” მისამართით, გამოდის, ტყუილი ყოფილა?
კი მაგრამ, ბატონო გუბაზიკო (როგორც დავით აქუბარდია, იგივე “აქუ” მოგმართავთ ხოლმე)! კონკრეტულად ვინ გაიძულათ, ტყუილები გელაპარაკათ? დავიჯერო, ბიძინა ივანიშვილმა მოგთხოვათ, მიშა სააკაშვილი აუცილებლად ჯალალ ედ დინს შეადარეო?
შე კაი კაცო, თუ ასეთი იოლი მოსატყუებელი ხარ და თან ასე იოლად შეუძლია ვიღაცას ტყუილები გალაპარაკოს, მაშინ ან ახლა რატომ უნდა გენდოთ? იქნებ ახლა უკვე მიშა გატყუებს და მასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ახალ–ახალი ტყუილებით დახუნძლული დაგვიბრუნდი? რა გარანტია გვაქვს, რომ 5 წლის შემდეგ არ გვეტყვი, ხალხო, 2020 წელს მიშა სააკაშვილმა ტყუილები მალაპარაკაო? გაგიჭირდება ამის თქმა და ნამუსი შეგაწუხებს, თუ რა?
რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, აქ სათქმელიც არაფერია. მისი ის ფრაზა, რაც ამ სტატიაში მოვიყვანეთ, თავისთავად ყველაზე ზუსტად ახასიათებს მას _ როცა როგორც არის “საჭირო”, იმას და ისე ლაპარაკობს შალვა ნათელაშვილი, იგივე ყველო ყუფარია (ფილმ “დათა თუთაშხიას” პერსონაჟი)!
თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ესენი ყველანი კრებსითი “ყველო ყუფარიები” არიან სწორედ. ხოლო მათი ყველაზე გამაოგნებელი არგუმენტი იმის ასახსნელად, რატომ დგანან (სხედან) “ნაცების” გვერდით ესაა _ “აბა, ბიძინა ივანიშვილმა არ დაგვაფასა!”.
აი, ამაშიც გამოსჭვივის მათი გონებასუსტობა, რადგან ჰგონიათ, ძალიან დამაჯერებელ და სწორ არგუმენტს ამბობენ, სინამდვილეში კი სწორედ აქ ჩანს ყველაზე მეტად მათი მერკანტილური ბუნება და ის, რომ მათი ქცევის ძირითადი წარმმართველი პარამეტრი ბოღმაა. როგორ, რადგან ვინმემ არ დაგაფასა, ამიტომ მკვლელებს, მანიაკებს, სადისტებს უნდა დაუდგე გვერდით?
არაო, _ შესძახებენ ეს ე.წ. ოპოზიციონერები, ჩვენ “ნაციონალების” გვერდით არ ვდგავართ, ეს, უბრალოდ, ერთ კონკრეტულ თემას სჭირდება ასე _ ბიძინას მოშორებას და ძირითად საკონსტიტუციო ცვლილებებსო! თორემ ამ ყოველივეს რომ “მოვაყომარებთ” (ბოდიში კიდევ ერთი ჟარგონისთვის) მერე “ნაცებსა” და მიშა სააკაშვილს ზედაც არ შევხედავთო…
მაგის ჩიტია ზუსტად სააკაშვილი, თქვენ გამოგაყენებინებთ თავს. ზუსტად ასე ლაპარაკობდა ზოგიერთი 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” დროსაც, მაგრამ ვინ ვინ გამოიყენა და ვინ ვის ასუნთქა “ცე-ო-2” ხომ ყველამ ვნახეთ?
ერთი რამეც მაინტერსებს: ირმა ინაშვილს რომ “ოცნების სატელიტს” უწოდებთ მხოლოდ იმიტომ, რომ “ნაცების” გვერდით არ დაჯდა, ეს როგორი ლოგიკაა? ის “ნაცებთან” არ მივიდა, მაგრამ არც “ოცნებასთან” ერთად უნახავს ვინმეს და მაინც “ოცნების სატელიტია”, ხოლო თქვენ ლამის 24 საათს “ნაცებთან” ერთად “აბირჟავებთ”, ხალხმა “შალიკოს ფანჩატური” რომ დაარქვა, იქ, და მაინც არ ხართ “ნაცების” სატელიტები?
ასეთია ამძაღებულთა ლოგიკა! ისიც “ძალიან მაგარი” არგუმენტია, ჩვენ რომ გვსაყვედურობთ “ნაცების” გვერდით ჯდომას, რა, “ოცნებას” არ ჰყავს თავისთან ყოფილი “ნაცებიო”? ჯერ ერთი, რადგან “ოცნება” დამპალია, შენც დამპალი უნდა იყო? და მეორე _ “ოცნებას” ისინი “თავისთან” ჰყავს, როგორც თავადვე ბრძანებთ, პატივცემულო “ოპოზიციის ლიდერებო”, ხოლო თქვენ “თქვენთან” კი არ გყავთ, იქით ხართ “ნაცებთან” მიცუცქულები, მათი დღის წესრიგით მოქმედებთ, გვერდით უდგახართ და, სავარაუდოდ, დაფინანსებასაც მათგან იღებთ.
არაო, _ კიდევ ერთხელ შესძახებენ ისინი. მათ გვერდით კი არ ვდგავართ, არამედ მხოლოდ კონკრეტული საკითხის გამო ვსხედვართ ერთადო. იცით, რა? მკვლელებისა და მანიაკების ბანდასთან ერთად “ისხდები” თუ “იჯდები”, მე პირადად დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ… ცნობილი ქართველი სპორტული კომენტატორის, ნუგზარ ჯუღელისა არ იყოს: “ეჰ, დარსაძე! გინდა ახტი, გინდა დახტი _ ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა!”
ბაკურ სვანიძე
ეს ამძაღებულები როდის აძაღლდებიან ?!
„ მიხეილ სააკაშვილი“ , „ირაკლი ოქრუაშვილი“ და „ნინო ბურჯანაძე“ საქართველოს მტრები
არიან.