Home რუბრიკები საზოგადოება ვასილ მჟავანაძის აღმშენებლობის ხანა

ვასილ მჟავანაძის აღმშენებლობის ხანა

ვასილ მჟავანაძის აღმშენებლობის ხანა

ვასილ მჟავანაძე საქართველოს ლიდერი ცხრამეტი წლის განმავლობაში იყო _ 1953-1972 წლებში. როდესაც ვიხსენებ გენერალპოლკოვნიკსა და სოციალისტური შრომის გმირ ვასილ მჟავანაძეს, ჭეშმარიტ და მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს, უწინარესად, მხედველობაში მაქვს მისი პიროვნული ღირსებები. მას უსაზღვროდ უყვარდა საფიცარი სამშობლო და ქართველი ხალხი. იყო უაღრესად კეთილსინდისიერი, კეთილგონიერი, კეთილშობილი და პრინციპული პიროვნება, იცავდა ქართველი ხალხის ინტერესებსა და ტრადიციებს.

ვასილ მჟავანაძემ ურთულეს პერიოდში გამოიყვანა საქართველო მძიმე მდგომარეობიდან. ამ ღირსეულ პიროვნებას უდიდესი დამსახურება აქვს ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე. მინდა, საზოგადოებას ვუამბო, როგორ გადაარჩინა მან თუშები მშობლიური მიწიდან აყრასა და გადასახლებას. 1958 წელს ნიკიტა ხრუშჩოვთან მისულა ცნობილი დაღესტნელი პოეტი საქართველოს “დიდი მეგობარი” რასულ გამზათოვი და უთხოვია, თუშეთში, რომელიც დაღესტანს ესაზღვრება, არავინ ცხოვრობს და ეს არაფრით გამორჩეული ტერიტორია, გთხოვთ, დაღესტანს გადაეცითო.

მჟავანაძე, როგორც კი ეს ამბავი შეიტყო, სასწრაფოდ დაუკავშირდა ხრუშჩოვს: “ნიკიტა სერგეევიჩ, თუშეთში საკმაოდ ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც მეცხვარეობასა და მესაქონლეობას მისდევენ, როგორ შეიძლება მათი გადასახლება და თუშეთის უმშვენიერესი ტერიტორიისა და საძოვრების დაღესტნისთვის გადაცემა?!” თუშეთში იმხანად არც გზა ყოფილა და არც ელექტრომომარაგება, რა თქმა უნდა, არც ბუნებრივი აირი. მჟავანაძე, რაიკომის პირველი მდივანი და ალექსი ინაური ცხენებით ასულან თუშეთში. მჟავანაძე უსაზღვროდ მოხიბლულა თუშეთის ულამაზესი ბუნებით, მაგრამ უშუქობითა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებით დაბეჩავებული ხალხის მდგომარეობას დაუღონებია.

თბილისში დაბრუნების შემდეგ თუში მოსახლეობისთვის სასწრაფოდ გაუგზავნიათ დიდი რაოდენობით გენერატორები, შეუკეთებიათ საცხოვრებელი სახლები, გაუგზავნიათ საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და საწვავი. გენერატორებს ღამით ამუშავებდნენ და გაჩახჩახებული იყო მთელი მთა-თუშეთი. მჟავანაძემ დაურეკა ნიკიტას და უთხრა: “ხალხი თუშეთში ბევრი ცხოვრობს, მაგრამ, ვინაიდან ელექტროენერგია არ ჰქონდათ, ჩაბნელებული იყო სოფლებიო”.

ნიკიტა ხრუშჩოვი ძალიან ეჭვიანი გაიძვერა იყო. მისი დავალებით რამდენიმე ღამის განმავლობაში თვითმფრინავი დასტრიალებდა თავზე თუშეთს, რათა შეემოწმებინათ, ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა რაიონში ხალხი. ღამით გაჩახჩახებული თუშეთის ამბავმა ნიკიტას ყურამდეც მიაღწია და იძულებული შეიქნა, უგუნური და არაადამიანური განზრახვა გადაეფიქრებინა. და ეს მოხდა ვასილ მჟავანაძის ძალისხმევით.

კიდევ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით, ქართული დეკორაციული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში _ ხახულის კარედი მდიდარი ამერიკელისთვის უნდა მიეყიდათ. თბილისში ჩამოსულან საკავშირო კულტურის სამინისტროს მუშაკი და ის ამერიკელი. საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი შალვა ამირანაშვილი სასწრაფოდ დაკავშირებია ტელეფონით ვასილ მჟავანაძეს. მას უთქვამს: ახლავე დაადე ბოქლომი მუზეუმს და სადმე გადაიკარგეო. ბატონი შალვა ასეც მოქცეულა. მჟავანაძემ რამდენიმე დღეში მოახერხა ხრუშჩოვის გადარწმუნება და ხახულის კარედი გაყიდვას გადაურჩა. დღეს ეს სიწმინდე საქართველოშია.

კიდევ მრავალი სასიკეთო ფაქტის მოყვანა შეიძლება ვასილ მჟავანაძის საქართველოში ნაყოფიერი მოღვაწეობიდან. მან მთელი საქართველო წარმატებულ საამშენებლო პოლიგონად გადააქცია. მჟავანაძის მმართველობის პერიოდში გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენი, დასრულდა საქართველოს მომარაგება ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით, აშენდა ენგურის უნიკალური თაღოვანი კაშხალი და მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, აშენდა ფილარმონია, ტელევიზიის შენობა, სპორტის სასახლე, სტადიონი “ქარიშხალა” (“ბურევესტნიკი”), გალაკტიონისა და ბარათაშვილის ხიდები მტკვარზე, ჭადრაკის სასახლე, გრიბოედოვის სახელობის თეატრი, ონკოლოგიური საავადმყოფო, გაკეთდა საბაგირო გზები მთაწმინდასა და კუს ტბაზე, გაშენდა ვაკის პარკი, გაიჭრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, აშენდა თბილისის რკინიგზის სადგური, სასტუმროები _ “საქართველო”, “ივერია” და “კოლხეთი”.

დამტკიცდა თბილისის განვითარების გენერალური გეგმა, შემუშავებული ივანე ჩხენკელის მეთაურობით, რომელიც დღესაც მოქმედებს. დაიდგა “ქართვლის დედის”, 300 არაგველის, ცხენზე ამხედრებული ვახტანგ გორგასლის, დავით გურამიშვილის ქანდაკებები და “მუზა” ფილარმონიის წინ. მჟავანაძის მმართველობის პერიოდში ექსპლუტაციაში შევიდა საწარმოები: “ელმავალმშენებელი”, “ელექტროავტომატი”, კიროვის სახელობის “ჩარხმშენებელი”, ქუთაისის ელექტრომექანიკური, სატრაქტორო, სასოფლო-სამეურნეო მანქანების ქარხნები, დასრულდა ფოთისა და ბათუმის პორტებისა და ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქცია-გაფართოება, აშენდა აბრეშუმის, ტრიკოტაჟისა და მაუდ-კამვოლის ფაბრიკები, დასრულდა რუსთავის მეტალურგიული და ქუთაისის საავტომობილო ქარხნების მშენებლობა, აშენდა ზოოვეტერინარული, სასოფლო-სამეურნეო, პოლიტექნიკური, სამედიცინო ინსტიტუტების ახალი კორპუსები და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი; ასევე ხრამჰესი, ჭითახევჰესი, შაორჰესი, სოხუმჰესი.

ექსპლოტაციაში შევიდა რკინა-ბეტონის, ლითონკონსტრუქციების, ხის დამამუშავებელი ქარხნები და მძლავრი ბინათმშენებელი კომბინატები, რუსთავის კოშკურა ამწეების ქარხანა. ფართო გასაქანი მიეცა ბინათმშენებლობას.

გაიყვანეს რკინიგზის ბევრი ახალი მაგისტრალი ახალი ხიდებით, გვირაბებით, ბევრ მონაკვეთს ჩაუტარდა განახლება-რეაბილიტაცია. საქართველოს მასშტაბით დაიწყო საავტომობილო გზების მშენებლობა-რესტავრაცია, გზების გასწვრივ ინტენსიურად მიმდინარეობდა კაკლის ხეივნების გაშენება; შეიქმნა მთამსვლელებითა და კლდეზე მცოცავებით დაკომპლექტებული ზვავსაწინააღმდეგო სადგურები; აშენდა ღვინის ქარხნები და მეფრინველეობის ფაბრიკები.

საქართველოს ხელისუფლების სათავეში ვასილ მჟავანაძის ყოფნის პერიოდში დიდ წარმატებებს მიაღწია მრეწველობამ, სოფლის მეურნეობამ, მშენებლობამ, ტრანსპორტის სფერომ, კავშირგაბმულობამ, მეცნიერებამ, განათლებამ, მედიცინამ, სპორტმა, ქართულმა მწერლობამ, თეატრმა, კინომ და, საერთოდ, ხელოვნებამ. გადაიღეს ისეთი ფილმები, როგორიცაა “დიდოსტატის მარჯვენა”, “ჯარისკაცის მამა”, “ბაში-აჩუკი”, “მაგდანას ლურჯა”, “ოთარაანთ ქვრივი”, “გიორგობისთვე” და სხვ.

საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სოფლად, მოსახლეობამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა საცხოვრებელი პირობები.

ინტენსიურად მიმდინარეობდა ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და კარ-მიდამოს კეთილმოწყობა. თბილისის შემოგარენში და მთელ საქართველოში მოსახლეობამ აიშენა სააგარაკო-დასასვენებელი სახლები.

საგრძნობლად ამაღლდა მოსახლეობის ცხოვრების დონე, რამაც ხელი შეუწყო დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას.

დაიწყო რეპრესიების მსხვერპლთა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა რეაბილიტაცია, კერძოდ, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ევგენი მიქელაძის, ლევან გოთუასი და სხვათა.

1967 წელს ვასილ მჟავანაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით მაღალ დონეზე ჩატარდა შოთა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური საერთოშორისო ღონისძიება. საგრძნობლად მოიმატა სამეცნიერო დაწესებულებების რაოდენობამ. იმ პერიოდში აშენდა და წარმატებით მუშაობდა სამშენებლო მექანიკისა და სეისმოლოგიის, კიბერნეტიკის, მოლეკულური ბიოლოგიის, გეოფიზიკის, გეოლოგიის, მათემატიკის, ფიზიკის, მართვის სისტემების, მეტალურგიის, ზოოლოგიის, კარდეოლოგიის, მევენახეობამეღვინეობის, აღმოსავლეთმცოდნეობისა და სხვა ინსტიტუტები, სამეცნიერო ცენტრები და ლაბორატორიები.

მაგრამ ეს იყო ადრე, უტიფარი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქართველთმოძულე კახა ბენდუქიძის ხელით დააკნინეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, გაიყიდა მშვენიერი შენობა-ნაგებობები, განადგურდა სამეცნიერო დაწესებულებების უნიკალური აღჭურვილობა, სულს ღაფავს ჩვენი მეცნიერების, განათლების, კულტურის კერა, რომელიც მსოფლიოში უსასტიკესი ომის დროს დაფუძნდა უდიდესი ქართველი მეცნიერების მიერ.

სამწუხაროდ, იმ ავბედით ჟამს გაანადგურეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც _ დაითხოვეს უამრავი ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებელი, განათლების გაუნათლებელი მინისტრის, კახა ლომაიას, ხელით გააუქმეს კათედრებისა და დეკანატების უმრავლესობა. ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები ებრძოდნენ მეცნიერებათა აკადემიას, უნივერსიტეტს, ეკლესიასა და მწერალთა კავშირს _ ქართველი ერის სულიერების საუნჯეებს…

ვასილ მჟავანაძის მოღვაწეობის ცხრამეტი წელი კი იყო აღმშენებლობის აღმავლობისა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის პერიოდი. ხალხმა მისი მმართველობის წლებს ოქროს ხანა უწოდა. ვასილ მჟავანაძის აღმატებულ მოღვაწეობას აუცილებლად უნდა იცნობდეს და დამსახურებულ პატივს მიაგებდეს მომავალი თაობები. განა ამ მიღწევების დაუნახაობა და შუფასებლობა უმადურობა არ არის? უმადურობა კი ყველაზე დიდი ცოდვაა. ნუთუ ამ ღვაწლმოსილი პიროვნების, ზნეკეთილი და გულისხმიერი ადამიანის, თხემით ტერფამდე ჭეშმარიტი მამულიშვილის სახელობის ქუჩა არ უნდა იყოს თბილისში?

დღევანდელო ახალგაზრდა ხელისუფალნო!

მხცოვანი რომ გახდებით (ღმერთმა ინებოს) და დაფიქრდებით, მწარედ ინანებთ, რომ შეგეძლოთ და ვალდებულიც იყავით, მაგრამ მავანთა შიშით თუ თქვენივე სიმხდალით არ ჰქენით სიკეთე _ ჭეშმარიტება არ აზეიმეთ, მაგრამ უკვე გვიან იქნება.

რამდენი ქუჩა, ძეგლი, ბიუსტი და სკულპტურაა თბილისსა და საქართველოში იმ ადამიანებისა, რომლებსაც სასიკეთო არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი ხალხისთვის, ზოგიერთი არც არასდროს არ ყოფილა საქართველოში. რამდენი შესანიშნავი ქმნილება გაანადგურეთ ან სრულიად შეუფერებელ ადგილას გადაიტანეთ ავტორებთან შეუთანხმებლად და ამით შეურაცხყავით ღირსეულ ხელოვანთა ღვაწლი. ხალხის გოდება და ჩვენი სასიქადულო ინტელიგეციის მუდარაც არ შეისმინეთ _ სმენა გაქვთ დახშული. ქართველებს ბევრი ღირსეული პიროვნება გვყავს, რომლებიც იმსახურებენ ყურადღებას, დაფასებას, პატივისცემას _ ამ საქვეყნო საკითხს გონივრული დაფიქრება, გაანალიზება, განხილვა და გადაწყვეტა სჭირდება. ვის, თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას ხელეწიფება ამ ეროვნული საქმის დროულად მოგვარება.

გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას, რათა თაობებს კეთილად დაამახსოვრდეთ, საქართველოს ხელისუფალნო!

ომარ მარგველაშვილი

P.S. სამწუხაროდ, უკვე მერამდენედ დარწმუნდა ქართველი ხალხი, რომ ქვეყანას მართავს ამერიკის ელჩი და მის მითითებებს უყოყმანოდ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება.

საკვირველია, თუ დასაჭერები იყვნენ, რატომ გაუშვეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი და, თუ გასაშვებები იყვნენ, რატომ დაიჭირეს?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here