Home რუბრიკები პოლიტიკა სტრატეგიული “მეგობრების” შერჩევითი შეშფოთება

სტრატეგიული “მეგობრების” შერჩევითი შეშფოთება

რუსთავში მამაკაცი ველოსიპედით დაედევნა სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც მისი ცოლი სამშობიაროში გადაჰყავდა

მართალია, ქალბატონი ზურაბიშვილი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას თავის თავზე იღებს და მმართველი გუნდის ლიდერებიც ამბობენ, ჩვენ არაფერი არ ვიცოდითო, მაგრამ ძალიან ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. იცოდნენ ამერიკელმა და ევროპელმა სენატორებმა და პარლამენტარებმა, როცა წერილს წერილზე გზავნიდნენ და პირდაპირ იმუქრებოდნენ: თუ უგულავასა და ოქრუაშვილს ციხიდან არ გამოუშვებთ, ცულს მოვიტანთ ცუნცულასო

მოკლედ, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა დაახლოებით ათი დღის განმავლობაში 30-ზე მეტი წერილი გამოგზავნეს და ორი ამდენი განცხადება სოციალური ქსელით გააკეთეს _ არიქა, ქართულ დემოკრატიას უშველეთო. მარტივი კითხვის დასმა გვსურს: მაშინ, როცა ცხინვალის რეგიონში ერთი, ორი თუ ათი მეტრით გადმოიწევს საზღვარი, ევროპით დაწყებული, ამერიკით დასრულებული, ყველა ბოლო ხმაზე რომ ყვირის, აქ მყოფი საერთაშორისო მისიები შემთხვევის ადგილზე რომ ჩადიან, შეშფოთებული სახეებით თავებს რომ აქნევენ, სურათებს იღებენ და წერილს წერილზე გზავნიან ვითომ პროტესტის ნიშნად, რატომ არც ერთმა (ვიმეორებთ _ არც ერთმა!) სენატორმა თუ ევროპარლამენტარმა გაკვრით მაინც არ თქვა: ვაპროტესტებთ, აზერბაიჯანმა საქართველოში საზღვარი რომ გადმოწია და უძველეს ქართულ ძეგლებს ფუკასავით გაცლით ცხვირწინო? რატომ, რატომ არავინ თქვა: ქართველებო, ტერიტორიებს გართმევენო? რატომ არ მოუწოდეს აზერბაიჯანს, უკან დაეხია?

სად არიან ეუთოს მისიის წევრები და გაეროს დამკვირვებლები, რატომ არ ჩადიან დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე და რატომ არ იღებენ სურათებს, როგორ გადახატეს უძველესი ქართული ფრესკები, როგორ ააშენეს სამხედრო ყაზარმა საზღვართან, როგორ არ უშვებენ ქართველ ბერებს სალოცავად? ვინმემ თუ გააპროტესტა ეს ყველაფერი, პროვოკატორს ვეძახით და მეზობელ მეგობარ ქვეყანასთან დაძაბულობის შექმნაში ვადანაშაულებთ. ვინმემ სადმე მოგვინიშნეთ ერთი მეტრი მიწა მაინც, რომელიც საქართველომ მიითვისა და ამის გამო ხმაური ატყდა. ვერ ნახავთ, იმიტომ, რომ არ ვეწევით დამპყრობლურ პოლიტიკას და ამით სწორედ “მეგობრები” და “სტრატეგიული პარტნიორები” სარგებლობენ. შარშანწინ არ იყო, თურქეთს ორი ჰექტარი რომ გადავულოცეთ? შარშანწინ არ იყო ისიც, სომხეთმა მიწები რომ მიიზომა, ვიმსჯელოთ, ჩვენი გვგონიაო და ახლა კიდევ აზერბაიჯანი. არც ევროპასა და არც ამერიკას ეს მიტაცებები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არ გაუპროტესტებია, არც საკითხი დაუყენებია და არც ის უთქვამს, _ მოდი, სანქციები დავუწესოთო. რატომ? იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო დასავლეთს ერთადერთი მიზნისთვის სჭირდება _ რუსეთთან საბრძოლველად, თორემ აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი თუ რამეს წაგვღლეტენ, არც არაფერიშეერგოთ.

სტრატეგიული “მეგობრების” შერჩევითი შეშფოთება

ყველა ტელევიზიას მივმართავთ: ჩადით სამცხე-ჯავახეთში, ჩადით ახალქალაქის ცენტრში და ნახეთ, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს მხოლოდ სომხური წარწერები რომ აქვს, ქართულ წარწერას კი ვერსად ვერ ნახავთ. არადა, ამას კანონი კრძალავს და საკმარისია, მაგალითად, დედაქალაქში ვინმემ მხოლოდ ინგლისურად მიაწეროს რამე და მშობლიური ენა დაივიწყოს, ჯარიმა ჯარიმაზე მოდის. ახალქალაქი სხვა სახელმწიფოა? თუ იქ წესრიგის დამყარებას ვერ ვბედავთ? იმავეს ვიტყვით მარნეულსა და ბოლნისზე. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ორივე მუნიციპალიტეტში აქციები გაიმართა და ასობით ადამიანმა კანონი დაარღვია. დაგვისახელეთ ერთი პიროვნება მაინც, რომელიც ამის გამო დაისაჯა, ვერ დაასახელებთ და იცით, რატომ? არავინ არ დაგისჯიათ, ვერ გაბედეთ, შეხებოდით. ამას გრძნობენ, ძალიან კარგად გრძნობენ და ამიტომ იქცევიან თავხედურად.

არ ვდავობთ და არ უარვყოფთ იმას, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანელები და სომხები ჩვენი თანამემამულეები არიან, აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ, საუკუნეებია, აქ ცხოვრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ზუსტად ისეთივე უფლებები აქვთ, რაც ჩვენ, ქართველებს და ზუსტად ისევე უნდა დაიცვან კანონი, როგორც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერმა სხვა მოქალაქემ. ახლა კი რა გამოდის? იყო შემთხვევები, თბილისში, უბანში 4-5 ბიჭი კორპუსის წინბირჟაობისგამო 3-3 ათასი ლარით რომ დააჯარიმეს და ბოლნისში თუ მარნეულში ათეულობით ადამიანის შეკრებები ვერშევნიშნეთ”? ან სასწრაფოსა და პოლიციის მანქანებზე თავდასხმა და ქვების სროლა როდიდან არის კანონით დაშვებული, იქნებ აგვიხსნას ვინმემ?!

სხვათა შორის, შესაძლოა, ბევრს არც ახსოვს, მაგრამ, როცა გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური ატყდა, სასწრაფოდ განაახლეს ქართულ-აზერაიჯანული კომისიის მუშაობა. თურმე კომისია რამდენიმე წლის შექმნილი ყოფილა, მაგრამ არ მუშაობდა, იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა და აზერბაიჯანთან არაფერი გვქონია სადავო. ეს ჩვენ გვეგონა ასე, თორემ სადავოც გვქონია და მეტიც _ ტერიტორიასთნ ერთად უძველესი ქართული სამონასტრო კომპლექსიც მიაქვთ. ჰო, როგორც კი ხმაური მიწყდა და პრობლემა დაკონსერვდა, კომისიამ მუშაობა ისევე შეწყვიტა, როგორც წლების განმავლობაში ჰქონდა შეწყვეტილი. ისე, პრობლემა ჩვენთვის დაკონსერვდა, თორემ აზერბაიჯანული მხარე მითვისებულ ტერიტორიებზე სამუშაოებსაც აწარმოებს, ეროვნული დროშის ფერებშიც ღებავს ყველაფერს, რისი გადაღებვაც შესაძლებელია და აზერბაიჯანულ წარწერებსაც აკეთებს. ჰოდა, ნუ გაიკვირვებთ, თუ ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, იქაურმა ტუროპერატორებმა, მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობების სიაში ჩვენი მონასტრებიც ჩასვან.

ეს ყველაფერი, ალბათ, იმისთვის კეთდება, ხელისუფლების მიმართ ეთნიკურ უმცირესობებს ლოიალური დამოკიდებულება რომ ჰქონდეთ და საარჩევნოდ ხმები მიიღონ. ნაციონალები ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს ხმების ბეღელს ეძახდნენ და ასეა, ალბათ, ამ ხელისუფლებისთვისაც.

შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ნებისმიერი მეზობელი, გარდა რუსეთისა, რასაც უნდა, იმას აკეთებს. აგერ, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენს სტატისტიკაში შეიტანა ეჭვი და, სანამ სოციალურმა ქსელმა, ანუ რიგითმა ადამიანებმა არ დაახურეს თავზე, მანამ ხელისუფლებამ ხმა არ ამოიღო. იგივე რომ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრს ეთქვა, მიკროფონებთან რიგი დადგებოდა, ახლა კი ვითომც არაფერი, აქეთ ბრალი დაგვდეს: ცუდად გაიგეთ, რაც თქვაო. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი აქეთ შემოგვედავა: მე კარგად ვთქვი, თქვენ ვერ გაიგეთო.

ისიც გემახსოვრებათ, რუსთავში ქართველი გოგონა სამშობიაროდ რომ წაიყვანეს საგანგებო მდგომარეობის დროს და ქმარი ველოსიპედით მისდევდა სასწრაფო დახმარების მანქანას, ჯარიმა რომ არ გამოეწერათ. ამ ფაქტის ამსახველმა ფოტომ სოციალური ქსელი მოიარა და ათიათასობით ნახვა დააგროვა. ვინმემ ამიხსნას, რატომ ჰქონდა იმ ბიჭს განცდა, რომ მშობიარობის დროს ცოლის გვერდით ყოფნა არ იქნებოდა გამამართლებელი საბუთი და ის, რომ ბოლნისში რამდენიმე ათეულ კაცს ეგონა, ვირუსი მსოფლიო აფერაა და ამიტომ ავადმყოფებს არ გაგატანთო, არის გამართლება. რატომ არის ის ათეული ადამიანი პრივილეგირებული, ვიდრე ეს ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც შვილი ახლახან შეეძინა? რატომ აქვს ქართველს საქართველოში იმის შეგრძნება, რომ იჩაგრება და სხვებზე მეტად აწვება კანონის სიმძიმე ნებისმიერ დროსა და პირობებში?!

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი ერის წარმომადგენელს პატივს ვცემთ, ისინი ზუსტად ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის, როგორც ქართველები, და სწორედ ამ სრულუფლებიანობას ვთხოვთ ხელისუფლებას. იმას კი არ ვამბობთ, ვინმე დაიჩაგროს, არა, ბატონებო, კანონი ან არავისთვის არ იყოს, ან ყველასთვის იყოს ერთი. ზუსტად იმავეს ვითხოვთ საზღვრის მიმართაც. არ აქვს მნიშვნელობა, მეზობელი რომელი სახელმწიფოა. გედავება მიწას _ მოსთხოვე პასუხი და მოსთხოვე ნებისმიერი ტრიბუნიდან, დაიხმარე ის ქვეყნები, პარტნიორებსა და მეგობრებს რომ ეძახით, ატეხე ხმაური და ცხვირში ძმრად ამოადინე თითოეული გოჯი მაგრამ არა _ სწორედ იმ მეგობრებსა თუ სტრატეგიულ პარტნიორებს არ სურთ აუტკივარი თავის ატკივება, თუ საქმე რუსეთს არ ეხება. დასკვნაც მარტივი და ლოგიკურია _ დასავლეთს ჩვენი მიწები კი არა, ის აინტერესებს, რამდენ ცუდს იყვირებენ ქართველი პოლიტიკოსები რუსებზე საერთაშორისო ასპარეზზე, რათა ეს შემდეგ მორიგი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს. სანამ ასე იქნება, ქართულ მიწას დაინაწილებენ მეზობლები და არაფერი აღარ შეგვრჩება. თუ არ გჯერათ, გაიხსნება საზღვრები და, რამდენი ტურისტი მივა აზერბაიჯანის მხრიდან ოკუპირებულ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, თვითონ ნახავთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here