ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ამერიკელი სენატორების ჩარევაზე, ამერიკის პრეზიდენტის პოზიციებზე, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე გვესაუბრება “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე:
_ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი არ არის რაიმე გადაწყვეტილების მიმღები პიროვნება, მასთან ერთად არიან სხვა კონგრესმენები, რომლებიც აქტიურობენ საქართველოს მიმართულებით და არ მალავენ, რომ ლობირებენ კომპანია “ფრონტერას”, ფირმას, რომელიც არის წამგლეჯი, კოლონიალიზმის ნიმუში; ფირმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მუშაობდა. საბედნიეროდ, ამ ფირმამ ყველა კანონიერი გზით წააგო სამართლებრივი პროცესები და წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ეს ამერიკელი სენატორების უკმაყოფილებას იწვევს.
მოგეხსენებათ, ამერიკა არის ლობიზმის ქვეყანა, ოღონდ ეს ლობიზმი არის ლეგალიზებული კორუფცია. ამერიკელები და ანგლო-საქსური სამყარო კორუფციას ლობიზმს უწოდებენ, ხოლო ცრუპროპაგანდას _ პიარს. ჩვენ, ქართველები, და არა მხოლოდ ჩვენ, დანარჩენი მსოფლიოც ლობიზმსა და პიარს ვუწოდებთ ლამაზად შეფუთულ მავნე მოვლენებს.
ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს, რა ხდებოდა და ხდება უკრაინაში. ვიცით, როგორ ერეოდა უკრაინის ცხოვრებაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი შვილის მეშვეობით მერკანტილური ინტერესების გამო. ასეა ამ კონგრესმენების შემთხვევაშიც და ასეა ევროდეპუტატების შემთხვევაშიც. ჩვენ გვახსოვს, ასევე კორუფციაში ჩაფლული შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ფრანგი გლუკსმანი. ამასთანავე, ჯორჯ ბუში–უმცროსის ადმინისტრაციაში იყო დაჯგუფება ნეოკონსერვატორებისა, რომლებიც სააკაშვილს ლობირებდნენ ფულის სანაცვლოდ.
აღსანიშნავია, რომ ნეოლიბერალი და ნეოკონსერვატორი, ფაქტობრივად, სინონიმები იყო მათი საგარეო-პოლიტიკიური ხედვებიდან გამომდინარე. რა არის მათი საგარეო-პოლიტიკური ხედვა? ამ ადამიანებისთვის ანტირუსული პროპაგანდა აუცილებელი პირობაა, სანამ საბჭოთა კავშირის დაშლა ბოლომდე არ არის მიყვანილი და სანამ რუსეთს კიდევ აქვს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე და დანარჩენ მსოფლიოზეც.
ნეოლიბერალებსა და ნეოკონსერვატორებს სურთ, რომ მართლმადიდებლობა, როგორც სწავლება, დასუსტდეს, რისთვისაც ხდებოდა “ფერადი რევოლუციები”, მხარს უჭერდნენ ანტიეროვნულ და ანტიჰუმანურ მოქმედებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნეოკონსერვატორებმა გააკეთეს და ეს ემთხვევა როგორც ლიბერალურ თეზისებს, ისე ამერიკის საგარეო პოლიტიკის დოქტრინას, ამაში ისინი ერთნი არიან. ამდენი ვისაუბრე კინზინგერის პოლიტიკურ წარმოშობაზე და, ალბათ, მიხვდით, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი კონსერვატორია, ლიბერალი თუ რაღაც სხვა, ფაქტია: მისი თვალსაზრისი დიდად არ განსხვავდება პრეზიდენტ ტრამპის თვალსაზრისისგან.
ტრამპს საერთოდ არ აინტერესებს საქართველო, არ იცის, ვინ არიან ოქრუაშვილი და უგულავა, მათი არსებობა არ იცის არც სახელმწიფო მდივანმა მაიკ მომპეომ, განა იმიტომ, რომ ინფორმაცია არ აქვთ, უბრალოდ, არ აინტერესებთ. ეს არის დაბალი ინტერესების თემა, მაგრამ მუშაობს ბიუროკრატიული მანქანა. მას “ქართულმა ოცნებამ” მისცა სალაპარაკო თემა, რადგან, თუკი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო 20 ივნისს, მაშინ მხოლოდ ეს ორი ადამიანი რატომ უნდა დაეპატიმრებინათ?! უნდა დაეჭირათ ყველა ლიდერი და ისე უნდა დაესაჯათ, როგორც ეკუთვნით დამნაშავეებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის. ჩვენი ხელისუფლება ამ ადამიანებს ედავება გადაცდომებსა და საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მცდელობას, მაგრამ მხოლოდ ამ ორ ადამიანს და არავის სხვას. მაგალითად, ნიკანორ მელიას მოუხსნეს საპარლამენტო უფლებამოსილება და დანარჩენი სასჯელისგან გაათავისუფლეს. მოკლედ, თავშივე იყო შეცდომა და გაურკვევლობა, რომლითაც ისარგებლეს ყოფილმა ხელისუფლების წევრებმა.
უგულავა-ოქრუაშვილი გარე ძალების დახმარებით გათავისუფლდნენ, რაც ქვეყნისთვის დამანგრეველია.
ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე ვისაუბროთ, იმაზე, რაც დაუფარავია. ამერიკის მხრიდან გრძელდება რუსეთთან სანქციების რეჟიმი, ტრამპს უფრო მეტი აქცენტი აქვს გაკეთებული ჩინეთთან დაპირისპირებაზე, ანუ ტრამპი იბრძვის ჩინეთთან, რადგან ეს ქვეყანა ძალიან განვითარდა, ეკონომიკა წინ მიდის და ვაჭრობით მოიცვა ბევრი ქვეყანა, აფრიკაში აქვს სერიოზული საყრდენები, რადგან აფრიკას განვითარებაში ეხმარება, ჩინეთთან თანამშრომლობენ ამერიკის მოწინააღმდეგეები: ირანის ისლამური რესპუბლიკა, ვენესუელა, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნები. კინზინგერმა რამდენიმე ხნის წინათ ერთ–ერთ გადაცემაში ჩინეთიც ახსენა, ფაქტობრივად, მან და სენატორებმა დაგვიშალეს არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობა, არამედ ჩინეთთანაც. გაიხსენეთ ანაკლიის პორტის ამბები, მაშინ გარკვევით ითქვა, რომ საქართველომ ჩინელები შემოუშვა, რის გამოც ამერიკელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის მიმართ. არადა, თუკი ჩინეთის მონაწილეობა არ იქნება ანაკლიის პორტის საქმეში, ამ პორტის არსებობას აზრი არ აქვს, კომერციულად მომგებიანი არ იქნება. კინზინგერი შეეხო ირანსაც. ბოლო წერილში, რომელიც პომპეოს გაუგზავნეს სენატორებმა, ნახსენები იყო საქართველოს უკანონო ვაჭრობა ირანთან, ე.ი., საქართველო ირანთან უკანონოდ ვაჭრობს თურმე, ხოლო უკანონო ვაჭრობა რას ნიშნავს, დასაფიქრებელია?!
საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ამერიკელი სენატორები ჩვენს სუვერენიტეტს ზღუდავენ, არ გვაძლევენ უფლებას, ვიმოქმედოთ თავისუფლად, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ჩვენთვის ეს სანქციები არ დაუწესებია. ადრე თუკი ამერიკა არ ერეოდა ჩვენს ურთიერთობებში ირანთან, დღეს უკვე ერევა; ამერიკა არ ერეოდა ჩვენს ურთიერთობებში ჩინეთთან, დღეს უკვე ერევა. ასე რომ, ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, ტრამპი ლგბტ-ს მხარეს იქნება თუ არა. ამერიკას აქვს პოლიტიკა და ამერიკელები, იქნება ეს ლიბერალი თუ არალიბერალი, აწარმოებენ ერთ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, “ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს თუ “ოცნება” _ ეს არ აინტერესებთ, რადგან დაბალანსებული აქვთ თავიანთი პოზიცია ნაცებშიც და ქოცებშიც, ამიტომ დიდი ტრაგედია არ არის მათთვის, როგორი კონფიგურაცია იქნება პარლამენტში. ამერიკელებისთვის ტრაგედია იქნება, თუ საქართველოში ჩამოყალიბდება ძალების ახალი კონფიგურაცია, შეიქმნება ზემოაღნიშნული ორი ძალის ალტერნატიული, არაპროდასავლური ძალა.
_ რატომ ეპოტინებიან ასე ამ პატარა ქვეყანას?
_ საქართველო მნიშვნელოვანი რეგიონია. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ირანთან ურთიერთობაზე, ჩინეთთან… მართალია, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ანტირუსული პროპაგანდა და რუსეთთან დაპირისპირებაა, მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ამერიკისთვის ძალიან ხელსაყრელია. ამერიკას არ სურს, საქართველომ თავისი ტრანზიტული შესაძლებლობა გამოიყენოს, ამიტომ ახლა ირანთან და ჩინეთთან გვიკრძალავენ ურთიერთობას. საქართველო, როგორც გეორგაფიული ერთეული, სტრატეგიული მნიშვნელობისაა. აი, ამიტომაც გვეპოტინება ამერიკა. სხვა განედზე რომ ვიყოთ, ხაჭაპურისთვის აქ არავინ მოვიდოდა.
_ ვსაუბრობთ საქართველოს მდგომარეობაზე და სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში მეცოდება ამ ქვეყნის ხელისუფლება, მგონია, რომ დანის პირზე დადიან… იმ ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ხომ არ იყო რაღაც დიდი უბედურებისგან საქართველოს დაცვის მცდელობა?
_ საქართველოს ხელისუფლებამ დაგვანახვა, რომ სტრატეგია არ აქვს, იდეოლოგიის გარეშე მოქმედებს და არ აქვს პრაქტიკა. წინა დღეს ამბობდნენ, რომ არ გამოუშვებდნენ პატიმრებს, მაგრამ მეორე დღეს გამოუშვეს, რადგან ამერიკის სენატის წევრები “მიაწვნენ”. მანამდე ამერიკის ფინანსთა მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს გაუგზავნეს წერილი, რომ ფულადი დახმარება, რომელიც ჩვენთვის იყო განსაზღვრული და რომელიც მხოლოდ ვირტუალურია, ძალიან სჭირდებოდათ. სწორედ ამ ფულის დაკარგვის შეეშინდათ, თუმცა არა მხოლოდ ფულის დაკარგვის, უწინარესად, დამხობის შეეშინდათ. მოგეხსენებათ, ამერიკელებს აქ ყველა სტრუქტურაში ჰყავთ თავიანთი ხალხი, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებშიც, და მათთვის რთული არ იქნება პროვოკაციის მოწყობა, როგორც ეს მოხდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში. ჭკუა ყველამ უნდა ისწავლოს _ ამერიკელებმა მუამარ კადაფის საშინელება დამართეს და ეს მაშინ გაუკეთეს, როდესაც ის ამერიკელებთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობდა… უნდა გაითვალისწინონ ყველაფერი, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ისტორია იციან, არც გეოგრაფია… უბადრუკი ხელისუფლება გვყავს. სწორედ ამიტომ მოვუწოდე პრემიერ გიორგი გახარიას, გადადგას ისტორიული ნაბიჯი, დადგეს ხალხის გვერდით, თორემ აირევა იმ ფაფაში, რომელიც დღეს არის და მისი სახელი მამუკა ბახტაძის სახელივით დაიკარგება.
_ საქართველოს პრეზიდენტს “ფაინენშელ თაიმსმა” ჩამოართვა ინტერვიუ, რომელშიც ამბობს: “პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა და ნავთობზე ფასის დაცემამ, ასევე ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, იმედი მაქვს, რომ რუსეთის მხრიდან აგრესია არ განხორციელდება. იმედს გამოვთქვამ, რომ კრიზისი რუსეთის ლიდერებს პრობლემის სხვა გზით გადაჭრის საშუალებებს აჩვენებს”…
_ საქართველოს პრეზიდენტი არასერიოზული ქალია… 2019 წელს იგეგმებოდა რუსეთთან სერიოზული ხიდების გადება, ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები და ამ საქმეში მე არაფორმალურად ვიყავი ჩართული… ეს ქალი აღმოჩნდა ზერელე და საქმეც არ გამოვიდა. ეს საქმე სახელმწიფო საკითხებისადმი ზურაბიშვილის არასერიოზული დამოკიდებულების გამო ჩავარდა.
ზურაბიშვილმა ჩაიხედოს რუსეთის სტატისტიკაში _ რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდში აკუმულირებულია 12 ტრილიონი რუბლი, ეს დაახლოებით 170 მილიარდი დოლარია, მას ემატება კიდევ 6 ტრილიონი რუბლი. მოკლედ, რუსეთს ძალიან დიდი თანხა აქვს გადადებული კრიზისებისთვის. ასე რომ, მეზობელ ქვეყანას ისე არ გაუჭირდება, საქართველოს თავს დაესხას. მსგავსი განცხადებები კი დანაშაულია. ვინმემ პრეზიდენტს პირზე ბოქლომი დაადოს! ეს ქალი ჩარჩენილია 1918 წელში.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი