სათაურში გამოყენებული ფრაზებიდან ერთი ცნობილი მუსიკალური ბენდის სახელწოდების პერიფრაზია, კერძოდ, “რეზო და ბავშვების”; ხოლო მეორე _ მეტ–ნაკლებად ცნობილი ქართული მხატვრული ფილმისა “ჩემი მეგობარი ნოდარი”. ოღონდ, ამ შემთხვევაში ნოდარი ინგას მეგობარია და, საზოგადოდ, დღეს ქართულ ტელესივრცეში სწორედ ინგას გარშემო ტრიალებს ყველაფერი. უფრო ზუსტად, ინგას სურს, რომ ტრიალებდეს და გულმოდგინედ ცდილობს “ქართული ჟურნალისტიკის დედის” როლის მორგებას.
ლაპარაკია, რა თქმა უნდა, ინგა გრიგოლიაზე, რომელსაც, ფაქტია, უკვე დაავიწყდა, რა დღეშიც ჩაიგდო თავი ათი წლის წინათ, როდესაც პოლიტიკაში წავიდა “ქრისტიან-დემოკრატებთან” და 2012 წლიდან როგორი “თავმდაბლობით” ეხვეწებოდა მაყურებელს, _ გთხოვთ, მომცეთ საშუალება, დავუბრუნდე ჩემს საყვარელ საქმიანობას და შეეცადეთ, ისევ მიმიღოთო. სიტყვა თავმდაბლობა ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ, როგორც ჩანს, ეს მოჩვენებითი თავმდაბლობა იყო. ინგა დღეს უკვე თვითონ განსაზღვრავს, ვინ ვინ არის ქართულ მედიაში; ვის აქვს უფლება, დასვას კრიტიკული კითხვები და ვის არა; ვის შეიძლება მოუხადო ბოდიში და ვის პირიქით _ ყველაზე უკულტურო ფორმით ჩააკმენდინო ხმა და ათასგზის შეახსენო, რომ “მედიასთან დაპირისპირება კარგად არავისთვის დასრულებულა”. ეს ფრაზა რატომღაც ყველაზე მეტად ბოლო პერიოდში ამოიჩემა და ხშირად იმეორებს, ისე ხშირად, რომ შთაბეჭდილება მრჩება, ვიღაცამ უკვე მისცა არსებული მთავრობის დამხობისა და პოსტოცნებურ საქართველოში ბედნიერად და ლაღად ცხოვრების გარანტია. “ქართული ჟურნალისტიკის დედას” უკვე ტერმინებიც სათანადო აქვს. “ჩემი ბავშვები” _ ისე დაწერს ხოლმე სოციალურ ქსელში ჟურნალისტებზე საუბრისას, გეგონება, მართლაც ინგა გრიგოლიას გადასაწყვეტია, ამ “ბავშვებიდან” ვის მიენიჭება “ჟურნალისტის” სტატუსი და ვის არა.
ეს “ბავშვებიც” ისეთი მონდომებით ცდილობენ, “ინგა დედიკოს” ასიამოვნონ, რომ საბოლოოდ ჟურნალისტების გარდა ყველაფერს ჰგვანან. არც არის გასაკვირი, თვითონ მათი “დედიკოც” რეალურად ძალიან შორს დგას ჟურნალისტიკისგან. ასევე უზომოდ შორსაა ჟურნალისტიკისგან მისი მეგობარი ნოდარი, ანუ მელაძე, ანუ ის, ვინც ასევე ვანო მერაბიშვილის მეგობარი და პირადი “ჟურნალისტი” იყო იმ “ლეგენდარული” ცხრა წლის განმავლობაში და ისინი არც კი მალავდნენ “ორმხრივ სიყვარულს”. ნოდარ მელაძე დაუფარავად ასხამდა ხოლმე ხოტბას ვანო მერაბიშვილს, ხოლო მიშა სააკაშვილი აღიარებული “ღმერთი” იყო მისთვის. სხვათა შორის, ინგა გრიგოლია, როდესაც 2012 წელს “ქრისტიან-დემოკრატების” და პირადად გიორგი თარგამაძის გაფარჩაკების შემდეგ ტელეეთერს დაუბრუნდა, პირველად “ტვ 3”-ის ეთერში გამოჩნდა. ეს ის ტელეკომპანიაა, რომელმაც გურამ დონაძის “რეალ ტივი”-ს სამართალმემკვიდრეობა გადაიბარა და ძალიან ცოტა ხანს იარსება ქართულ ტელებაზარზე. ჰოდა, აი ამ ტელეკომპანიაშიც ინგა გრიგოლიამ სწორედ ნოდარ მელაძე წაიყვანა პროდიუსერად და არაერთხელ, როცა თვითონ ავად იყო, თავისი გადაცემაც სწორედ ნოდარ მელაძეს წააყვანინა. მეგობრობას, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ ამის შემდეგ როგორ ამბობს ინგა გრიგოლია, რომ ის არ ასრულებს ნაცებისა და მიშა სააკაშვილის დაკვეთებს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. თუმცა რაღა ნოდარ მელაძე, “მთავარი არხის” გამოჩენილი კოჰორტა, ეკო მაღრაძის თამადობით, გასულ კვირაში ინგა გრიგოლიამ “გადაისრუტა” “ტვ პირველზე” და სოციალურ ქსელში ძალიან იამაყა კიდეც თავისი ახალი “ბავშვებით”.
უნდა ითქვას ისიც, რომ “ტვ პირველს” უკვე დაეტყო ნოდარ მელაძის “ძლიერი ხელი”.
მაგალითად, თუკი ეს ტელევიზია ორიოდე კვირის წინათ შესაბამისი თემის გაშუქებისას იტყოდა: “ძამას ხეობაში ეკლესიას მიწების მითვისებაში სდებენ ბრალსო”, აგერ, ორიოდე დღის წინათ წამყვანმა მტკიცებითი ფორმით გვაჯახა: “ეკლესიამ ძამას ხეობაში მიწები მიითვისა!”
მარტივად რომ ვთქვათ, “ჟიჟის” შედარებით “თავშეკავებული” აგრესია უკვე ნოდარ მელაძის სრულიად თავაშვებულ აგრესიაში გადაიზარდა და “ტვ პირველი” საბოლოოდ იქცა ყოფილი “გამარჯვებული ხალხის” აფერისტი ტელევიზიის “ღირსეულ” მემკვიდრედ. “ჟიჟი”, ანუ ნინო ჟიჟილაშვილი ვახსენეთ და, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ იგი “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის არხზე მისვლისთანავე გადადგა.
“ჩემი პოზიციები საინფორმაციო მიმართულებით ვერ შევაჯერე არხის ხელმძღვანელობის პოზიციებთან, მათი და ჩემი შეხედულებები არ დაემთხვა ერთმანეთს, ამიტომ თანამდებობა დავტოვე და მუშაობას უფრო თოქ-შოუების მიმართულებით გავაგრძელებ”, _ დაწერა სოციალურ ქსელში ნინო ჟიჟილაშვილმა.
არა, არც არაფერს ვიტყოდი და ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია: როდესაც რომელიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციისგან განსხვავებული პოზიციები გაქვს და დათმობაც არ გსურს, ამ ორგანიზაციაში აღარ უნდა იმუშაო ან სხვა თანამდებობაზე უნდა გადახვიდე _ ეს ბუნებრივია.
მე ის მაინტერესებს, როგორ აფასებს ამ ფაქტს ინგა გრიგოლია.
აკი, თვითონაც ტელეკომპანია “იმედი” თავის დროზე ზუსტად იმიტომ დატოვა, რომ არხის ახალი ხელმძღვანელობისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა. ოღონდ “ჟიჟის” ამჟამინდელი მშვიდი ტონისგან განსხვავებით, მაშინ ინგა გრიგოლია პანიკაში ჩავარდა. “მე გამაძევეს “იმედიდან”, _ მთელი ხმით გაჰკიოდა, _ ეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა და საქართველოში დიქტატურა მყარდებაო. “იმედიდან” წამოსვლის შემდეგაც ყველგან, სადაც მიეცემა საშუალება, კვლავ იმეორებს: “მე გამაძევეს “იმედიდან”, სადაც ხდებოდა სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევა”.
როდესაც ინგა გრიგოლია “ვერ შეთანხმდა” “იმედის” ხელმძღვანელობასთან, ეს “სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევა და დიქტატურა” იყო, ხოლო, როდესაც ნინო ჟიჟილაშვილი “ვერ თანხმდება” “ტვ პირველის” ხელმძღვანელებთან, ეს უკვე აღარ არის “საინფორმაციო პოლიტიკაში უხეში ჩარევა და დიქტატურა”? ეს როგორ?!
ქართული ტელესივრცისთვის ორმაგი და სამმაგი კი არა, ზოგჯერ ცხრამაგი სტანდარტიც ჩვეულებრივი მოვლენა რომ არის, ამის საილუსტრაციოდ გიორგი თარგამაძეც საკმარისია _ “იმედის” ყოფილი სახე და ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი “საყრდენი ჟურნალისტი”, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციის ყოფილი ლიდერი, ახლა დავით კეზერაშვილის ტელევიზია “ფორმულაში” იწონებს თავს თავისი “მდიდარი ჟურნალისტური გამოცდილებით” და იმის უტიფრობაც ჰყოფნის, განაცხადოს, რომ “ქართული მედია ასეთ ცუდ და მძიმე სიტუაციაში არასოდეს ყოფილა”.
სხვათა შორის, ისიც სათქმელია, რომ, სანამ გიორგი თარგამაძეს ამნეზია სჭირს და “ვერ იხსენებს”, როგორი ქოშინითა და მძიმე სუნთქვით ელაპარაკებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს “იმედის” სტუდიიდან მაყურებელს, “ხმაური ისმის ტელევიზიაში და სტუმრები მოვიდნენ”-ო, მანამდე არც ახალგამომცხვარი “მედიამაგნატი” ქიბარ ხალვაში ჩამორჩა უტიფრებისა და უთავმოყვარეოების ფერხულს და სასამართლოთი ძლივს მოგებულ “ახალ რუსთავი 2”-ზე სამუშაოდ მარიამ გაფრინდაშვილი დააბრუნა. ეს ის მარიამ გაფრინდაშვილია, ნიკა გვარამიას ფორმაციის “რუსთავი 2”-ზეც კი ყველაზე მეტი აგრესიულობითა და საჩვენებელი უტიფრობით რომ გამოირჩეოდა. ეს ის მარიამ გაფრინდაშვილია, მის მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული უზრდელობისა და უსინდისობის გამო 20 ივნისს პარლამენტზე მიტანილი შტურმისას ნიკა გვარამია პირდაპირ ეთერში რომ ეძახდა “ჩემო საუკეთესო-”ო. ეს ის მარიამ გაფრინდაშვილია, ნანა კაკაბაძის ოფისის კართან განგებ რომ დააგდო თავისი ხელით დაზიანებული მიკროფონი და შემდეგ სიუჟეტი რომ მოამზადა, _ ნანა კაკაბაძის ოფისის თანამშრომლებმა მიკროფონი დამიმტვრიეს და ჩემზე ფიზიკურად იძალადესო. ეს ყველაფერი გადაიღო ნანა კაკაბაძის ოფისის გარე ფასადზე დამაგრებულმა სათვალთვალო ვიდეოკამერამ, რომელიც გაფრინდაშვილმა ვერ შენიშნა, თუმცა არც ამ კადრების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ დაუხევია უკან _ ძველებურად განაგრძობდა ეთერიდან ცილისწამებებისა და უზრდელობის “მასტერკლასებს”…
აი, სწორედ ეს მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც ქიბარ ხალვაშისთვის “რუსთავი 2”-ის გადაცემის შემდეგ თითქოსდა წავიდა არხიდან, ახლა კვლავ “რუსთავი 2”-ზეა და მაყურებელს მედიის თავისუფლების შესახებ ელაპარაკება.
ასეა ქართული მედიის საქმე და აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ეს, ჟურნალისტებზე მეტად, მათი “დამსახურება” უფროა, ვინც მედიას აფინანსებს. სწორედ მათ ჩააგდეს ქართული ჟურნალისტიკა ასეთ სამარცხვინო დღეში. მაგალითისთვის წეღან ნახსენები ქიბარ ხალვაშიც გამოდგება. ადამიანი, რომელსაც მთელი ქონება დაუწვეს და ტელევიზია, რბილად და ჟარგონულად რომ ვთქვათ, “აახიეს”, არხზე სამუშაოდ ჯერ ტოვებს ვახო ბიჭიკაშვილს, ნიკა არაბიძესა და ნაცების სხვა ცნობილ ხელის ბიჭებს, შემდეგ უკან აბრუნებს მარიამ გაფრინდაშვილს. მოდი და ნუ იტყვი, რომ ასეთი უპრინციპო ადამიანი მეტსაც იმსახურებდა თურმე და კიდევ რბილად მოქცევია მას სააკაშვილი…
უთავმოყვარეობის პიკი კი, რაღა თქმა უნდა, ტელეკომპანია “იბერიის” ამბავი იყო _ ამ ტელევიზიის მფლობელმა ბიზნესმენმა ცოლ-ქმარმა მრავალწლიანი წუწუნის შემდეგ, რომ ტელევიზია მიშამ წაართვა, როგორც იქნა, ის დაიბრუნეს, თუმცა, პირველი შესაძლებლობისთანავე გადააბეს კუდი მიშასთან და “იბერიამ” “ქართული ოცნება” ლამის ოთხში ამოიღო, _ ბიუჯეტისთვის კუთვნილ გადასახადს რატომ ახდევინებთ ჩვენს მფლობელსო…
ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ “აჭარის ტელევიზიაზე”, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ფილიალში გამოჩნდა ვახო ხუზმიაშვილი, რომელიც მანამდე სწორედ “იბერიიდან” ლანძღავდა მთავრობას და პირადად ბიძინა ივანიშვილს ყველაზე დიდი გულმოდგინებით.
მოკლედ, საგაზაფხულო აჯაფსანდალი ქართულ მედიაში უკვე მზადაა და, თუ რაიმე “სპეცსანელებლები” კიდევ არ დაუმატეს, უკვე შეგიძლიათ, გემო გაუსინჯოთ.
ბაკურ სვანიძე