Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველო პლაცენტით არის მიბმული რუსეთზე

დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველო პლაცენტით არის მიბმული რუსეთზე

“ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც კოსაჩევის წინადადებას აკრიტიკებს, მკვდრადშობილი პოლიტიკური აზროვნების ნიმუშია”

დიმიტრი ლორთქიფანიძე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩევის მიერ რამდენიმე დღის წინათ გაკეთებულ განცხადებას საქართველოსა და უკრაინასთან საპარლამენტო დიალოგის აღდგენის თაობაზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლება და .. გაერთიანებული ოპოზიცია შეფასებებში კვლავაც სრულ უნისონში აღმოჩნდნენ (რაც მოულოდნელი, ალბათ, არავისთვის ყოფილა), ხოლო მათ მიერ მართული და დაფინანსებულილიბერალურიმედია ისევ ჩვეული დესტრუქციული რიტორიკით გაჯერებულმა ახალმა ანტირუსულმა ისტერიკამ მოიცვა. მეტიც, მმართველმა გუნდმა, რომელიც თავის დროზე სწორედ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების დაპირებით მოვიდა (და ამ დაპირებით მოიპოვა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა), მოცემულ ეტაპზე კრემლთან დიალოგი გამორიცხა.

უმაღლეს სახელისუფლო დონეზე ხაზგასმით ითქვა, რომ არსებულ ვითარებაში რუსეთთან დიალოგის წინაპირობა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან დიალოგი დიალოგისთვის საქართველოს დააზიანებს: “სიღრმისეულად თუ გავაანალიზებთ, ეს თემა გაცილებით რთულია, ვინაიდან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს… დიალოგი დიალოგისთვის ჩვენთვის ცოტა დამაზიანებელი იქნება და არა მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იყოს”, _ განაცხადა მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ.

რა გზავნილია დღეს საქართველოსთვის კოსაჩევის განცხადება დიალოგის თაობაზე და შესაძლებელია თუ არა ამ ყველაფრის მიღწევა ამ ხელისუფლების პირობებში?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, კონსტანტინე კოსაჩევმა ამას წინათ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან საპარლამენტო დიალოგი აღადგინოს. ამ განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჩვეული ანტირუსული ისტერიკა მოჰყვაროგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ჩვენთვის ეს განცხადება და რას მოგვცემს რეალურად საპარლამენტო დიალოგი რუსეთთან, თუ, რა თქმა უნდა, აღდგება ეს დიალოგი?

_ ის პოლიტიკოსები, რომლებიც მუდმივად განგაშს ტეხენ და ერთგვარი აგრესიული რიტორიკით აფასებენ ხოლმე რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დიალოგის აუცილებლობაზე გაკეთებულ განცხადებებს, იქნება ეს კოსაჩევის, ლავროვისა თუ სხვა რომელიმე მაღალჩინოსნის, ქართული პოლიტიკური სივრცის ჩვეულებრივი რუდიმენტები არიან, რომლებიც ძალიან მალე ამოწურავენ თავს, იმიტომ, რომ რეალობა ქართულრუსული ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაა. სხვანაირად ქართული სახელმწიფოს განვითარების შესაძლებლობა წარმოუდგენელია და, რაც დრო გადის, ამაში სულ უფრო ვრწმუნდებით.

რაც შეეხება ამ ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობას, თუ ჩინური მთავარი პოლიტიკური სლოგანის შინაარსს გავიზიარებთ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჯერ ეკონომიკაა პრიორიტეტი და შემდგომ _ პოლიტიკა, დავრწმუნდებით, რომ საქართველო პლაცენტით არის მიბმული რუსეთზე. დამოკიდებულია თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ, მაგალითად, ისეთი სასიცოცხლო სეგმენტი ეკონომიკაში, როგორიცაა ხორბლით მომარაგება, თითქმის მთლიანად ხორციელდება რუსეთიდან. ლაპარაკია ჩვენთვის ხელსაყრელ ფასში იმპორტის 90%-ზე. არაფერს ვამბობ ენერგომატარებლების შესახებ დადებულ შეთანხმებებზე, რომლებითაც საქართველო ასევე ძალიან ხელსაყრელი ფასებით სარგებლობს ნავთობპროდუქტებზე, აგრეთვე, თხევად აირზე… მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის ვითარდება და იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ფინანსური კრიზისი მწვავდება, რომელსაც საქართველოც გვერდს ვერ აუვლის, რუსეთის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივი პარტნიორის, როლი და მნიშვნელობა მატულობს. ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ამ ობიექტურ მოცემულობას და, როცა იქიდან დიალოგზე ისმის განცხადებები, აქედან ანტირუსული ისტერიკით არ უნდა უპასუხონ.

_ მიუხედავად თქვენ მიერ ნახსენები რიგი ეკონომიკური ფაქტორებისა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს განვითარებაში, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ანტირუსული განწყობა იზრდება. მეტიც, კრემლის ლანძღვაგინება იმ დროს, როცა ოფიციალური მოსკოვიდან განცხადებები კეთდება დიალოგის აუცილებლობაზე, იქცა ერთგვარ პოლიტიკურ ტესტად, რომლითაც განისაზღვრება ამა თუ იმ სუბიექტის მომავალი. როგორ შეიძლება ამ მავნე წნეხიდან თავის დაღწევა და კრემლთან პირდაპირი დიალოგის იდეის სათანადო პოლიტიკურ დონეზე წამოწევა?

_ საქართველო და რუსეთი დღეს არიან ისეთ ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმში, როგორებიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეა. სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ ეუთოს ასამბლეა 2016 წელს საქართველოში ჩატარდა და, რომ არა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობა, გიგი წერეთელი ამ ასამბლეის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. ანუ, როცა ნაცებს დასჭირდათ, რუსული დელეგაცია შემოუშვეს. ამ დელეგაციასთან ერთად ქვეყანაში იმყოფებოდა ლეონიდ სლუცკიც, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, სხვა რომელიმე პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე რომ ჩამოსულიყო ეს ადამიანი, რევოლუციას მოაწყობდნენ

რაც შეეხება შეკითხვას, როგორ შეიძლება, ქვეყანა გამოვიდეს იმ მოჯადოებული წრიდან, რომ რუსეთთან დიალოგზე საუბარი პოლიტიკურ რისკებს არ შეიცავდეს, კარსმომდგარი საპარლამენტო არჩევნების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა მიიღოს მკაფიო გზავნილები. საზოგადოება არ უნდა იყოს გულგრილი პროცესებისადმი და არ უნდა მოტყუვდეს ლოზუნგებით, რომ თურმე ჩვენი მომავალი ევროკავშირია. ევროკავშირი თვითონ ევროპის მომავალი არ არის, რაც, სხვათა შორის, “კოვიდ-19”-ის პანდემიამ საბოლოოდ დაამტკიცა. ანტირუსულ ისტერიკას რაც შეეხება, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს კოსაჩევის წინადადებას აკრიტიკებს და მას რუსული პროპაგანდის გამოვლინებად მიიჩნევს, არის ჩვეულებრივი მკვდრადშობილი პოლიტიკური აზროვნების ნიმუში, რომლის ადგილიც მმართველ ელიტაში არ უნდა იყოს.

_ თუმცა ერთია დაბრკოლებები, რომლებიც პოლიტიკურ სპექტრში არსებობს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად, და მეორე _ გარე ფაქტორები. ცალკეული დასავლური ძალები (ევროპის სახალხო პარტიის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სახით და ..) ყველანაირად ცდილობენ, თბილისსა და მოსკოვს შორის არ მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება. რა ბერკეტები აქვთ მათ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოსაპოვებლად?

_ ჩვენი ე.წ. ლიბერალური ელიტა, როგორც რვაფეხას, ისე აქვს დასავლეთს ინსტიტუციურად შეწოვილი. ეს გამყარებულია მთელი რიგი ვალდებულებებით და ცხადია, ისინი ამ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებენ.

ბერკეტებს რაც შეეხება, ხელისუფლებამ, რომელმაც დღიდან სათავეში მოსვლისა დაიწყო და დღემდე წარმატებით განაგრძობს ხალხის მოტყუებას, იცის, რომ, როგორც კი დაკარგავს გარე ძალების მხარდაჭერას, თუნდაც პოლიტიკური დივიდენდების დონეზე, მისი დღეები დათვლილია. აი, ეს არის ბერკეტი და მათ კარგად მოეხსენებათ, რომ ძალაუფლების ერთადერთი გარანტი დასავლეთია. ახლა რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ქართველმა ხალხმა ერთსულოვანი, პრინციპული გადაწყვეტილებით უარი უნდა თქვას მავნე პოლიტიკურ პრაქტიკაზე. არჩევნები ამის მთავარი საშუალებაა, ხოლო, თუ არჩევნებით ცვლილებების შესაძლებლობას წაგვართმევენ, სხვა კონსტიტუციური უფლებები და საშუალებებიც არსებობს…

_ უკრაინაში სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნაზეც გკითხავთ. საქართველომ საპასუხოდ კიევიდან ელჩი გამოიწვია, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ქართული დიპლომატიის შეცდომად შეაფასა. თქვენი აზრით, რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში?

_ სირთულეებსა და დაძაბულობაზე, ალბათ, ნაადრევია საუბარი, იმიტომ, რომ სააკაშვილის დანიშვნას არც საქართველოს ეკითხებიან და არც უკრაინას. ფაქტია: ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილ ექსპრეზიდენტს უკვე დაუფარავად მფარველობენ. სხვათა შორის, გაგახსენებთ, რომ თავის დროზე, როცა სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, შემდეგ კი დაკარგა უკრაინის მოქალაქეობაც და გახდა აპატრიდი, გაერომ ის აღიარა პოლიტდევნილად. ეს გადაწყვეტილება იმისთვის მიიღეს, რომ სააკაშვილს მოეპოვებინა პოლიტიკური სრულფასოვნება, თუმცა ჩვენმა ე.წ. ლიბერალურმა მედიამ მაშინ ამაზე თვალი დახუჭა და ეს თემა არ გაუშუქებია. იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება, შემდეგ პოლონეთში გადაყვანა, იქ სპეციალური სამგზავრო პასპორტის გადაცემა და ჰოლანდიაში წასვლა, სადაც ბინადრობის უფლება მიეცა, გაეროს მიერ იყო ორგანიზებული. რა გამოდის: გაერო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციაა, სააკაშვილის პოლიტიკური გადარჩენით და არა მხოლოდ გადარჩენით, რეაბილიტაციითაც იყო დაინტერესებული. აი, ეს არის ის საერთაშორისო მფარველობა, რომელიც სააკაშვილს ყოველთვის აძლევს პროცესების ზედაპირზე ტივტივის საშუალებას, თუმცა უკრაინელ ხალხს ისევე არ ეკითხებიან არაფერს, როგორც ჩვენ არ გვკითხეს თავის დროზე.

ზელენსკის განცხადებას რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ არსებობს 1993 წლის მინსკის კონვენცია, რომლის თანახმად, საქართველომ და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობაზე, სამართლებრივ დახმარებასა და ძებნილ პირთა გაცვლისა და ექსტრადირების ხელშეწყობაზე. ჩემი აზრით, ამ შეთანხმების უხეშად დარღვევა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ის, რაც მათ გააკეთეს, ამიტომ ბატონი ზელენსკი შეცდომებზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, სულ ცოტა, სინდისი უნდა ქენჯნიდეს, რომ ერთი პიროვნების პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობას ეწირება სახელმწიფოთა ურთიერთობა. სხვა დანარჩენი, რა იქნება და როგორ, დრო გვიჩვენებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, როგორ ფრთხილადაც უნდა მოიქცეს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების შესანარჩუნებლად, სააკაშვილის დაოკებას ვერ შეძლებენ. სააკაშვილი მუდმივად ეცდება, იყოს ყურადღების ეპიცენტრში და დესტრუქციული პოლიტიკით იტივტივოს პროცესების ზედაპირზე, რაც თბილისსა და კიევს შორის მუდმივად წარმოქმნის სირთულეებს. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერც ჩვენ და ვერც უკრაინული მხარე ვერ გავექცევით.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here