Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი (მკალავიშვილი): ეს გასაჭირი მანამდე გასტანს, სანამ არ მოვუხმობთ ყველაზე დიდ...

მამა ბასილი (მკალავიშვილი): ეს გასაჭირი მანამდე გასტანს, სანამ არ მოვუხმობთ ყველაზე დიდ მკურნალს _ ღმერთს

მამა ბასილი (მკალავიშვილი)

გვესაუბრება გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილ მკალავიშვილი.

_ მამაო, თქვენ ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდით, რომ მსოფლიოს მოელის ღმერთის მკაცრი სასჯელი იმის გამო, რომ მთელ რიგ ქვეყნებში აღიარეს ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა შორის ქორწინება, იმართება გეიაღლუმები და ღვთის საწინააღმდეგო სხვა ქმედებები.

_ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

მე, როგორც სასულიერო პირი, მხოლოდ სახარების მიხედვით გესაუბრებით. მათეს სახარების 24-ე თავის მე-14 მუხლში ვკითხულობთ: “და იქადაგოს სახარება ესე სასუფეველისა ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა”. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე, რომელიც განკაცდა ჩვენთვის _ ცოდვილთათვის, მოევლინა მიწიერ ცხოვრებას, ამ სიტყვებით გაგვაფრთხილა, თუ არ ვირწმუნებთ მის მცნებებს, მკაცრად დავისჯებით:

ვინაიდან მაშინ იქნება დიდი ჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამითგან ახლანდლამდე, და აღარც არასოდეს იქნება” (მათ. 24, 21).

მივყვეთ მოვლენებს: ადრე ცალკეული ქვეყნები რომ ისჯებოდა ხანძრით, ქარიშხლით, წყალდიდობით, მიწისძვრით, ვერავინ ხვდებოდა მიზეზს განსაცდელისა. ვერ აცნობიერებდნენ, რომ ქვეყნიერებამ გადაუხვია ჭეშმარიტ გზას, ადამიანებმა აირჩიეს ხორციელი ფუფუნება, იოლი ცხოვრება, ღმერთი საერთოდ არ ახსენდებოდათ. სულიერი სიწმინდისგან განძარცულნი, ამჯერადაც სამართლიანად ისჯებიან _ ღმერთმა მოუვლინა მსოფლიოს საერთო ჭირი, უხილავი მტერი კორონავირუსის სახით, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა ურთულესია, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იხოცება. პირადად ჩემთვის ეს უხილავი მტერი კი არა, ხილულია, რადგან იგი ზეციერი მამის მიერ არის მოვლინებული. როცა წარღვნა მოავლინა უფალმან, მაშინაც სიბილწის მორევში იყო ჩაფლული კაცობრიობა.

_ კიდევ დიდხანს გაგრძელდება ასე?

_ გაგრძელდება მანამ, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ ცხოვნება თუ წარწყმედა ღმრთისგან არს. დროა, ყველამ ვაღიაროთ: “უფალო, ეს ყოველივე შენგან იყო ჩვენი უგუნურებისა გამო”.

მე მგონი, ამერიკის პრეზიდენტი თითქოს ჩახვდა, რომ ის, რაც ახლა ხდება, უფლის სასჯელია; აღიარა, _ ქრისტიანები ვართ და იქნებ გვეშველოსო.

ქრისტეს მეორედ მოსვლას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება. სამ-ოთხ წელიწადში გამეორდება უფრო მკაცრი სასჯელი, თუ კაცობრიობა ვერ მოინანიებს ცოდვებს. ზუსტი დრო არავინ უწყის.

_ როგორ გავარჩიოთ, ზოგი ქვეყანა მკაცრად რომ ისჯება, ზოგი ნაკლებად?

_ ლოგიკური შეკითხვაა. ესეც ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიქნებით ღმერთთან დაკავშირებული ჩვენი ქმედებით. ეს საშინელი ეპიდემია ყველა კონტინენტს რომ მოედო, ყველა ქვეყანა მაშინვე გაძლიერებულ ლოცვაზე უნდა გადასულიყო. სამწუხაროდ, მოხდა პირიქით: რომის კათოლიკური ეკლესიის მესვეურებმა დახურეს თავიანთი ეკლესიები, აკრძალეს ლოცვები, თუმცა მათ ლოცვებს რა მადლი აქვს?! მათ ხომ მე-11 საუკუნეში გადაუხვიეს მართლმადიდებლობას და მწვალებლობის გზას დაადგნენ. მეტად აღმაშფოთებელი და გულსატკენია, რომ მართლმადიდებელი ქვეყნების უმრავლესობამ დაკეტა ეკლესიები, შეწყვიტა წირვა-ლოცვების ჩატარება. ეს ხდებოდა დიდი მარხვის დროს, როცა აღდგომის მოლოდინში ეკლესიებში მიმდინარეობდა დატვირთული, გაძლიერებული ლოცვები, ასე იყო მომდევნო ბრწყინვალე შვიდეულშიც.

ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეს, შაბათს, უფალი, ნიშნად იმისა, რომ არ მივუტოვებივართ და ჩვენთან არს, გვიდასტურებს ზეციური სასწაულებრივი ცეცხლით, რომელიც მის საფლავზე გადმოდის მართლმადიდებელი მღვდელთმთავრის ხელში. ეს სასწაული მაუწყებელია იმისა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა, რომელიც ბევრ ქვეყანაში არ სწამთ, იქ მხოლოდ ფორმალურად მიდიან ცეცხლის წასაღებად. ფაქტია: სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც პატივს მიაგებენ ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა შორის ქორწინებას, იმართება მამათმავალთა აღლუმები, კაზანტიპის ფესტივალები, ღმერთის სასჯელი უმკაცრესია.

_ რას გვეტყვით უშუალოდ საქართველოზე?

_ ყველამ ვუწყით, რომ საქართველო ღმრთის რჩეული და ყოვლადწმიდა დედა ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. მრავალტანჯული ჩვენი სამშობლო მძიმე ჯვრით დღემდე მოაბიჯებს ღმრთის მადლითა და ღმრთისმშობლის შემწეობით, შევინარჩუნეთ ეროვნული ღირებულებები და, რაც მთავარია, სარწმუნოება. ამჯერადაც ღმერთმა გადმოგვხედა, შეისმინა ჩვენი ლოცვა-ვედრება. ამ ძნელბედობის ჟამს მსოფლიოში მხოლოდ საქართველომ არ დაკეტა ეკლესიის კარი, ჩვეულებრივად აღევლინებოდა ღმრთის სადიდებელი წირვა-ლოცვანი. ცოდვილი დედამიწიდან ქართულ ენაზე ისმინებოდა ღვთის სადიდებელი სიტყვა.

სწორედ ამიტომ საუბრობს მთელი მსოფლიო ჩვენს ქვეყანაზე, იმ კუთხით, თუ როგორ გავართვით თავი საშინელ პანდემიას მინიმალური (სხვა ქვეყნებთან შედარებით) დანაკარგით.

მე ღვთის მსახური ვარ, მთელი ცხოვრება სიმართლეს ვემსახურები, გულწრფელად მადლობას ვუხდი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას იმისთვის, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ორჯერ იხსნა ქვეყანა: პირველად შარშან, 20-21 ივნისის მოვლენების დროს სახელმწიფო გადატრიალებისგან, მეორედ _ კორონავირუსის პანდემიის პირობებში განხორციელებული ღონისძიებებით, როცა მედიცინის მუშაკები თავგანწირული იბრძვიან თითოეული ადამიანის გადასარჩენად.

მკაცრ გაფრთხილებას მივაგებ იმ პიროვნებებს, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, არ წავსულიყავით ეკლესიაში. მოწოდება და რჩევა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რჩევა შეიძლება მათი სამსახურებრივი მოვალეობის ნაწილი იყოს, ხოლო მოწოდება ცოდვის ტოლფასია, რომელიც მოეკითხება მათ შთამომავლობას. ვურჩევ, მოინანიონ აღსარებით.

აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგიერთმა ვაიპატრიოტმა შექმნილი სირთულეების თავიანთი პირადი მიზნების განსახორციელებლად გამოყენება სცადა.

ვიცით, რომ საქართველო არსებობის დღიდან გარემოცული იყო შინაური თუ გარეშე მტრებით. დღევანდელი რეალობით ნამდვილად არ მეგონა, საქართველოს ამდენი იუდა ისკარიოტელი თუ ჰყავდა.

შეგახსენებთ დიდი ილიას სიტყვებს: “ადამიანი თუ მთელი ერი იმისთვის არ არის გაჩენილი, რომ პური ჭამოს, არამედ პურს ჭამს იმიტომ, რომ კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს მისი შთამომავალი”. ჩვენ ვამაყობთ წარსულით, რამეთუ ჩვენმა სასიქადულო წინაპრებმა სასულიერო თუ ერის წარმომადგენლებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად საუკუნეების განმავლობაში ატარეს ერის ღირებულება, ჭეშმარიტი სარწმუნოება და ღირსეულად გადმოგვაბარეს. შევხედოთ სამარცხვინო აწმყოს. ე.წ. ჩვენი თანამემამულენი, ერისა და სარწმუნოების მოღალატენი, ამ საერთო გასაჭირის ჟამს ნაცვლად იმისა, რაღაც სასიკეთო გააკეთონ, ჩასაფრებულნი არიან და იგესლებიან.

განსაკუთრებით აქტიურობენ პირსისხლიანი სააკაშვილის ნარჩენები. ჩვენ, საქართველომ მოვიხადეთ ეს ულმობელი სენი. სააკაშვილის 9-წლიანი ფაშისტური რეჟიმი იყო ხილული, უკურნებელი ვირუსი. გავიხსენოთ 26 მაისი, 7 ნოემბერი, ჩვენი ეკლესიის ბარბაროსული დარბევა, მერაბიშვილის “2 გვამი”, ბოკერიას მიერ ციხის ამბოხის დროს ჩაცხრილული პატიმრები და მრავალი სხვა დანაშაული, რომლებიც ჩვენი თვალთახედვის მიღმა ჩაიდინეს.

გაბოროტებული ოპოზიცია აღდგომის დღეებში ზემოქმედებდა ხელისუფლებაზე, რათა ეთქმევინებინა, _ დახურეთ ეკლესიებიო. სულიწმიდის მგმობელი ნიაღვარი მოედინებოდა “მთავარი” არხიდან, “რუსთავი 2”-დან, ტვ-პირველიდან, “კავკასიიდან”. ეს ადამიანები საქართველოს ბედს არას დაგიდევენ. მათი მიზანია, როგორმე მთავრობაში მოსვლა, რათა ქვეყანა სატანის გზას გაუყენონ.

სწორედ მათნაირებს მიმართავს ქრისტე წმიდა სახარებაში: ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სამოსსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან მტაცებლობით და უსამართლობით” (მათ. 23, 25).

მათგან განსხვავებით ჩვენ ღმრთისმსახურნი ვართ, გვწამს უფლისა, მისი მცნებებისა, მისი მადლისა და ძლიერებისა. ჩვენ მხოლოდ ღმერთზე ვართ მინდობილნი. მხოლოდ უფალი იხსნის თავის ქმნილებას ყოველგვარი განსაცდელისაგან. ჩვენ არ გვაშინებს სოროსის ბინძური ზრახვები და აქ ჩვენ შორის დაბუდებული მისი წიწილები გიგა ბოკერიას მეთაურობით, რომლებიც გრანტების გამცემთა ყურმოჭრილი მონები არიან. რაც გინდა ეცადონ, ისინი ვერ დააჩოქებენ ჩვენს ერს, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რამეთუ ჩვენ არ ვცხოვრობთ მხოლოდ მიწიერი ფუფუნებით, სული გვაქვს სუფთა, მდიდარი.

_ მამაო, თქვენი აზრით, როდემდე გასტანს ეს გასაჭირი, კიდევ ბევრი მსხვერპლი იქნება?

_ სამწუხაროდ, კიდევ ორ-სამ თვეს გასტანს, შემდეგ მოსალოდნელია, შემოტრიალდეს რამდენიმე თვით, თუმცა ეს ჩვენზეა დამოკიდებული, სანამ არ მოვუხმობთ ყველაზე დიდ მკურნალს _ ღმერთს.

შეგახსენებთ სახარებიდან: იესო იერუსალიმს რომ მიდიოდა, სამარიასა და გალილეას შორის ერთი სოფლის შესასვლელში ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა. მათხმა აღიმაღლეს და ამბობდნენ: “შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!”

ისინი რომ დაინახა, უთხრა: “წადით, ეჩვენეთ მღვდლებს”. როგორც კი წავიდნენ, განიწმინდნენ.

რომ დაინახა განვიკურნეთ, ერთი მათგანი მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს.

პირქვე დაემხო მის ფერხთით და მადლი შესწირა. ის კაცი სამარიელი იყო.

მაშინ იესომ თქვა: “ნუთუ ათივენი არ განიწმინდნენ? ცხრანი სადღა არიან?

როგორ მოხდა, რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?”

მას უთხრა: “ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა”. (ლუკ. 17, 11-19).

თუ ჩვენც მთელი არსებით, ღრმა რწმენით მადლობას შევწირავთ უფალს და ვთხოვთ შველას, ისიც არ დააყოვნებს და არ მოგვაკლებს შემწეობას.

მე მწამს, მიუხედავად შინაური თუ გარეული მტრების მცდელობისა, საქართველოს ჰყავს ისეთი პატარა არმია, რომელიც სიცოცხლეს მიიტანს ერის, სარწმუნოების სამსხვერპლოზე, როგორც გააკეთა ეს აკადემიკოსმა გურამ შარაძემ. ღმრთის შემწეობით გააგრძელებენ ქრისტეს ეკლიან გზას, რომელიც მიგვიყვანს ტაძრამდე, მიგვაახლებს უფალს, სამარადისო ცხონებას. “განა ღმერთი არ დაიცავს მათ, ვინც დღედაღამ შეჰღაღადებს მას”?

ღმერთმა დაგლოცოთ!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here