მეორე გადაცემა
კაცობრიობის ეგზისტენციალური კრიზისი და საქართველოს ახალი პერსპექტივები
ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო. გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” წარმოგიდგენთ გადაცემას “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე, ვალერი კვარაცხელია.
_ “ყოფნა-არყოფნა, საკითხავი აი, ეს არის!” _ ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში ათქმევინა შექსპირმა დანიის პრინცს და მას შემდეგ ეს ფრაზა დადის მსოფლიოში, როგორც მუდმივი შეხსენება კაცობრიობის მარადიული დილემისა.
მსოფლიო დღესაც გამძაფრებულად განიცდის ყოფნა-არყოფნის მიჯნაზე დგომის სიმწვავეს. მას ამ განცდას პანდემიაზე მეტად ის უმძაფრებს, რომ ვირუსის უკან მსოფლიოს ბინძური ძალების ბინძურ საცეცებს ხედავს.
ამ საკითხზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენი გადაცემა მარჩიელობას რომ არ დაემსგავსოს, კაცობრიობის წინააღმდეგ მსოფლიოს ბოროტი ძალების შეთქმულების თემას თავი დავანებოთ და, რასაც რეალურად ვხედავთ, იმაზე ვიმსჯელოთ.
რეალობა კი ასეთია:
კორონავირუსმა თუ არ შეგვიწირა, შესაძლებელია, მისმა შედეგებმა შეგვიწიროს.
მსოფლიო ეკონომიკაში კოლოსალური რყევები ხდება, მიწისძვრა და ცუნამი კი წინაა.
მხოლოდ ორი მაგალითით შემოვიფარგლები:
1.2020 წლის პირველ კვარტალში (კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ), ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებების თვალსაზრისით, მოხდა ორიენტაციის წარმოუდგენელი ცვლილება. ჩინეთის საბაჟო სამმართველოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამ უზარმაზარი სახელმწიფოს სავაჭრო პარტნიორობამ დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაინაცვლა. დროის ამ უმცირეს მონაკვეთში “ასეანის”, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობა 6,1 პროცენტით თუ გაიზარდა, ევროკავშირთან ვაჭრობა 10,4 პროცენტით შემცირდა, აშშ-თან კი _ 18,3 პროცენტით.
დააკვირდით ამ რიცხვებს და მსოფლიო ეკონომიკური რყევების გრანდიოზული მასშტაბები და ზოგიერთი ტენდენცია თვალწინ დაგიდგებათ.
2.ნავთობით ვაჭრობის მსოფლიო ისტორიაში არნახული პრეცედენტი აღინიშნა. 21 აპრილს ნავთობის ფასი ისე დაეცა, რომ უარყოფითი ნიშანი შეიძინა. მოხდა არა მხოლოდ ნავთობით ვაჭრობის, არამედ, საერთოდ, ვაჭრობის ისტორიაში გაუგონარი, ვაჭრობის ფილოსოფიის საწინააღმდეგო და პარადოქსული მოვლენა. ნავთობის გამყიდველები ნავთობის შემსყიდველებს გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ იმაში, რომ მათი პროდუქცია წაეღოთ. ბარელი ნავთობის უარყოფითმა ფასმა 40 დოლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავდა, რომ, თუკი შემსყიდველი, ვთქვათ, მილიონ ბარელ ნავთობს შეისყიდდა (სიტყვა “შესყიდვა” ამ შემთხვევაში მხოლოდ პირობით ხასიათს ატარებს), ნავთობის გამყიდველი მას 40 მილიონ დოლარს გადაუხდიდა. ე.ი., მილიონ ბარელ ნავთობს საჩუქრად რომ გაატანდა, ამ საჩუქარს ზემოდან კიდევ 40 მილიონ დოლარსაც მოაყოლებდა, ოღონდ შემსყიდველს საჩუქარზე უარი არ ეთქვა.
უნიკალური ფაქტია, ხომ?!
ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ამიერიდან ასე გაგრძელდება. არა, აქ სხვა რამეზეა საუბარი. ინდონეზიაში ან იაპონიაში ცუნამი რომ მოვარდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ უკუიქცა და ოკეანე კალაპოტში ჩადგა, მაგრამ ცუნამმა ოკეანის ფსკერზე მომხდარი ბიძგების ძალა და დამანგრეველი შედეგები გვაჩვენა. ნავთობის ფასის უარყოფით ნიშანში გადასვლამ ჯერჯერობით ეკონომიკური რყევის სიძლიერე გვაჩვენა, დამანგრეველ შედეგებს კი ახლო მომავალში უნდა ველოდოთ. სხვათა შორის, ფიზიკური ცუნამის შემდეგ ოკეანე გაცილებით სწრაფად უბრუნდება კალაპოტს, ვიდრე ეკონომიკური ცუნამის შემდეგ _ ეკონომიკა. ამიტომ, სულაც არ ჩანს ლოგიკას მოკლებული ის შემაშფოთებელი პროგნოზი, რომელიც გასულ კვირას მსოფლიო საზოგადოების წინაშე გაცხადდა.
დევიდ ბიზლი, საერთაშორისო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი: _ დღეს მინდა განგაშის ზარებს შემოვკრა. ჩვენ შეიძლება თავს დაგვატყდეს ბიბლიური მასშტაბის შიმშილი.
ვალერი კვარაცხელია: _ უმძიმესი ნათქვამია. სამწუხაროდ, დამაიმედებელი და ოპტიმისტური პროგნოზი თითქმის არ ჩანს.
პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა Foreign Policy-მა ეკონომიკისა და ფინანსების დარგში მსოფლიო დონის მოაზროვნეებს, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატებს სთხოვა, პროგნოზი გაეკეთებინათ პოსტკორონავირუსული ეპოქის ეკონომიკის შესახებ (გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მათი პროგნოზებიდან ამოკრეფილ უაღრესად მნიშვნელოვან წინადადებებს).
ჯოზეფ სტიგლიცი, ნობელის პრემიის ლაურეატი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი: _ ადრე ეკონომისტები ამტკიცებდნენ, რომ გლობალურ მსოფლიოში საზღვრები არაფერს ნიშნავს, მაგრამ ახლა საზღვრებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. კორონავირუსთან დაკავშირებულმა კრიზისმა ყველას შეგვახსენა, რომ საბაზისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ერთეულად სახელმწიფო რჩება.
რობერტ შილერი, ნობელის პრემიის ლაურეატი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი: _ პანდემიამ ჩამოაყალიბა საომარი ვითარების ატმოსფერო. ვინაიდან ამ ომში ჩვენ ყველა ერთ მხარეს აღმოვჩნდით, შესაძლებელია, ვიპოვოთ მოტივაცია იმ ახალი საერთაშორისო ინსტიტუტების შესაქმნელად, რომლებიც დაგვეხმარება რისკების უკეთესად გადანაწილებაში სახელმწიფოებს შორის.
გიტა გოპინატი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი: _ 1930 წლის შემდეგ ყველაზე მძლავრმა დაცემამ ეკონომიკაში თვალნათლივ დაგვანახვა, რამდენად მოწყვლადია ღია საზღვრები. ყველა, ვინც ჩართული იყო მიწოდების გლობალურ ჯაჭვში და, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ის, თუ რამდენად საშიშია სხვებზე დამოკიდებულების ასეთი მაღალი ხარისხი, მომავალში იზრუნებენ საკუთარ მოქმედებათა არეალის ლოკალიზაციისთვის და არავითარ შემთხვევაში გლობალიზაციისთვის.
კარმენ რაინჰარტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი: _ პანდემიის შემდეგ ფინანსური არქიტექტურა, ალბათ, ვერ დაუბრუნდება ბრეტონ-ვუდსის ეპოქის გლობალიზაციას. საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსებს მიადგება სერიოზული და ხანგრძლივი ზიანი. პანდემია კიდევ ერთი ჩაჭედებული ლურსმანი აღმოჩნდება გლობალიზაციის კუბოში.
ადამ პოზენი, პეტერსონის სახელობის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი: _ გაძლიერდება ეკონომიკური ნაციონალიზმი, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ სახელმწიფოები თავიანთ ეკონომიკებს სულ უფრო შემოსაზღვრავენ გარე სამყაროსგან.
ესვარ პრასადი, ბრუკინგსისა და კორნელის უნივერსიტეტების პროფესორი: _ პანდემიით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური სასაკლაო მსოფლიოს სხეულზე ღრმა ჭრილობებს დატოვებს.
ადამ ტუზი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტის დირექტორი: _ მსოფლიოში დაიწყო რაღაც ახალი და საშინელი. მილიონობით მშრომელ ადამიანს კატასტროფა ემუქრება. ბევრმა რამემ, რაც ჩვენ ვიცოდით ფინანსებისა და ეკონომიკის შესახებ, უკვე განიცადა ღრმა ცვლილებები. ჩვენ ახლა მხოლოდ ის ვიცით, თუ როგორია ნამდვილი და რადიკალური გაურკვევლობა.
ლაურა დე ანდრეა ტაისონი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, პრეზიდენტ კლინტონის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე: _ პანდემიის შემდეგ დაჩქარდება ციფრიზაციისა და ავტომატიზაციის პროცესი და გაქრება საშუალო კვალიფიკაციის უამრავი სამუშაო ადგილი, გაიზრდება უთანასწორობა.
კიშორ მაჰბუბანი, სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის აზიის ინსტიტუტის დამსახურებული მეცნიერ–თანამშრომელი:
_ პანდემია COVID-19 დააჩქარებს ამერიკული გლობალიზაციიდან ჩინური გლობალიზაციისკენ შემობრუნების უკვე დაწყებულ პროცესს.
ვალერი კვარაცხელია: _ გამოჩენილ მეცნიერთა ამ გამონათქვამებმა, ალბათ, დაგარწმუნათ, რომ მსოფლიო ეკონომიკა რყევებს კი არ განიცდის, იგი, უბრალოდ, ამოყირავდა. ამ საინტერესო პროგნოზებიდან ორი ძირითადი დასკვნა გამომაქვს:
1.პანდემიის შემდეგ მსოფლიო თვისებრივად შეიცვლება, იგი სერიოზულ კრიზისში შევა და კაპიტალისტურ სახელმწიფოებში (მათ შორის, რუსეთშიც) მშრომელთა პირობები არსებითად გაუარესდება;
2.გლობალიზაციის ის მოდელი, რომელშიც ვცხოვრობდით, დასრულდა, მაგრამ გლობალიზაცია არ დასრულებულა. ამერიკულ გლობალიზაციას ჩინური გლობალიზაცია ჩაანაცვლებს.
პირველი პუნქტი რასაც ნიშნავს, მარტივად გასაგებია, მაგრამ რას ნიშნავს გლობალიზაციის დასასრული ან ამერიკული გლობალიზმის ჩინური გლობალიზმით ჩანაცვლება?
გლობალიზაცია, როგორც მოვლენა, მეცნიერულ–ტექნიკური რევოლუციის შედეგია. ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და სამიმოსვლო საშუალებათა განვითარებამ კულტურათა და ცივილიზაციათა ურთიერთშეღწევადობას უზარმაზარი ბიძგი მისცა, მსოფლიო ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა და პლანეტა თითოეული ადამიანის საკუთრებად აქცია, მაგრამ მსოფლიოზე ერთპიროვნული ბატონობისკენ ორიენტირებულმა ამერიკულმა პოლიტიკამ, საზოგადოების განვითარების ეს ბუნებრივი პროცესი, ისევე, როგორც დემოკრატია, საკუთარი ძალმომრეობრივი იდეოლოგიის სამსახურში ჩააყენა და, პრაქტიკულად, ამერიკანიზაციად აქცია. ახლა კი საფუძველი ეყრება ამ უაღრესად უარყოფითი პროცესის ალტერნატივას.
ამერიკული გლობალიზაციის ჩანაცვლება ჩინური გლობალიზაციით ისე არ უნდა გავიგოთ, რომ თითქოს ერთი ზესახელმწიფოს ფლაგმანობას ეკონომიკურად დაწინაურებული მეორე ზესახელმწიფოს ფლაგმანობა ჩაანაცვლებს და ჯამში არაფერი შეიცვლება. არა, ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ საქმე გვაქვს ერთი სისტემის (კაპიტალისტურის) მეორე სისტემით (სოციალისტურით) შეცვლის ისტორიულ-რევოლუციურ პროცესთან.
ამერიკული (კაპიტალისტური) გლობალიზაცია ხალხთა დამონების პროცესი თუ იყო, ჩინური (სოციალისტური) გლობალიზაცია ხალხთა განთავისუფლებისკენ მიმართული პროცესი უნდა იყოს.
კაცობრიობას, სოციალიზმის გარდა, სხვა გამოსავალი არ აქვს.
კაპიტალიზმი ყველგან ერთი უბედურებაა და მას ყველგან ერთი სახე აქვს.სიდიდითა და სიმდიდრით გამორჩეულ რუსეთშიც კი კაპიტალიზმმა რუსული სახე ვერ შეიძინა და, სინამდვილეში, დასავლური იმპერიალიზმის გაგრძელებად იქცა. გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსი ხალხიც ისეთივე მოტყუებული დარჩა, როგორც მთლიანად საბჭოთა ხალხი. რუსები ამაში კარგად გაერკვნენ. 2020 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ (АКСИО-8), რომელშიც 86 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, უაღრესად საყურადღებო სურათი აჩვენა: რუსეთში სოციალიზმის მომხრეები საზოგადოების ნაკლებად უზრუნველყოფილ ფენაში უფრო მეტია, ვიდრე მეტად უზრუნველყოფილ ფენაში, მაგრამ ამ ნაწილშიც კი წარმოუდგენლად ბევრნი არიან: 38 პროცენტი 53 პროცენტის წინააღმდეგ (იხ. ИА REGNUM). საზოგადოების სოციალურად და ფინანსურად უზრუნველყოფილ ნაწილშიც კი თუკი 38 პროცენტი სოციალიზმის მომხრეა, წარმოიდგინეთ, რა ხდება მთლიანობაში. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, საით წავა რუსეთი ხვალ და ზეგ, როდესაც დასავლური იმპერიალიზმი საბოლოოდ მოექცევა ჩიხში და სოციალისტური ტენდენციები მთელ მსოფლიოში გაძლიერდება.
სწორედ ამ პანდემიისა და საერთო ძნელბედობის ჟამს გაისმა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ერთი საგულისხმო წინადადება, რომელმაც კოლექტიური დასავლეთის ოფიციოზსა და მათ მიერ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში სახელმწიფო გადატრიალებებისა თუ საარჩევნო მანიპულაციების გზით მოყვანილი სამთავრობო წრეების წარმომადგენლებში კოშმარული სიზმრის ეფექტი გამოიწვია.
ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: _ Преодолевая какие-то фобии прошлого, преодолевая страхи по поводу возрождения Советского Союза и советской империи, все-таки понимание того, что объединение усилий на пользу всем, пробивает себе дорогу неизбежно. И чувствуя эти преимущества – а эти преимущества чувствуют все участники этого процесса, – мы двигаемся дальше, совершаем новые шаги и идем вперед.
ვალერი კვარაცხელია: _ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმაო, _ ვამბობთ ხოლმე ქართველები ასეთ შემთხვევაში. ეს ის პუტინია, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ძვალივით რომ ჰყავს დასავლეთს ყელში გაჩხერილი. ეს ის პუტინია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას გეოპოლიტიკური ტრაგედია უწოდა. მის მიერ ნათქვამი იმის შესახებ, რომ ძალისხმევის გაერთიანება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის ხელსაყრელია, რა თქმა უნდა, შემზარავად იმოქმედებს მათზე, ვინც ჯერ კიდევ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი პოლიტიკური და იდეოლოგიური შაბლონებით აზროვნებს, მიუხედავად იმისა, რომ ის შაბლონები აგერ, ოცდამეერთე საუკუნის ოციანებში გაჩენილმა ბუნებრივმა თუ ხელოვნურმა ვირუსმა ერთიანად ამოაყირავა და პირი ისტორიის სანაგვისკენ აქნევინა.
იმავე განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ერთიანობის იდეისადმი დასავლეთის უკიდურესად შეშინებულ დამოკიდებულებასაც.
ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: _ до недавнего времени вообще даже не хотели разговаривать с нашим экономическим, именно экономическим, а не политическим, не военным объединением.
ვალერი კვარაცხელია: _ საქმეც ის არის, რომ დასავლეთს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის რამე სახის ინტეგრაციული პროცესების შესახებ გაგონებაც არ სურს. მათ შესანიშნავად იციან, რომ დღეს რუსეთის ხელისუფლებაში საბჭოთა კავშირის აღდგენაზე არავინ ფიქრობს, მაგრამ რეგიონული და ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური კავშირების უალტერნატივობას კარგად ხედავენ, ამას ახალი რეალობა უკვე მთელი სიმწვავით აყენებს. ეს აცოფებთ. პუტინი კი პირდაპირ აცხადებს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ეკონომიკურ კავშირში გაერთიანება მათი ეკონომიკური პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ბუნებრივი გზაა.
ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: _ “это абсолютно естественное дело!”
ვალერი კვარაცხელია: _ რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ახალ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანების აუცილებლობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და ბევრი ბუნებრივი წანამძღვარიც გააჩნია.
ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: _ Во всех странах свободно говорят на русском языке. Это огромное преимущество. У нас общая, доставшаяся от единой страны, инфраструктура транспорта, энергетики, связи – это еще одно колоссальное преимущество интеграции.
ვალერი კვარაცხელია: _ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში სოციალისტურმა ჩინეთმა საოცარ წარმატებას მიაღწია, მაშინ, როდესაც კაპიტალისტურმა დასავლეთმა სრული უმწეობა გამოავლინა. პანდემიასთან ბრძოლაში რუსეთიც ჯერჯერობით დასავლეთზე გაცილებით უკეთესად გამოიყურება და ეს, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ კაპიტალიზმის რელსებზე 30 წლის წინათ გადაყვანილი ეს სახელმწიფო ამ მძიმე საკითხს მაინც სოციალისტურად მიუდგა. ყოველ შემთხვევაში, კორონავირუსით დასნებოვნებულ მოქალაქეებს მკურნალობის საფასურს არ ახდევინებს, მაშინ, როდესაც აშშ–ის მოქალაქეებს მკურნალობა 42 ათასიდან 75 ათას დოლარამდე უჯდებათ.
სინგაპურელი პროფსორის კიშორ მაჰბუბანის სიტყვებში, რომელიც ზემოთ დავიმოწმეთ, მეცნიერულ პროგნოზირებასთან ერთად, არის რაღაც წინასწარმეტყველურიც. ამერიკული (კაპიტალისტური) გლობალიზაციის კრახის შემდეგ, ახალი (სოციალისტური) გლობალიზაციის მეგაპროექტი ევრაზიის თვალუწვდენელ სივრცეში ამჯერად ჩინეთიდან გავრცელდება და საამისო უპირველეს ინსტრუმენტად ჩინური აბრეშუმის გზა მოგვევლინება, რომელიც ახლა, ფანტასტიკურ ფიზიკურ განზომილებასთან ერთად, ფანტასტიკურ შინაარსობრივ დატვირთვასაც იძენს.
ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: _ Российская сторона неоднократно подчёркивала, что инициатива Председателя КНР «Один пояс, один путь» перекликается с российской идеей создания большого евразийского партнёрства, которое именно и предполагает «интеграцию интеграций», то есть тесное сопряжение идущих в Евразии различных двусторонних и многосторонних интеграционных процессов.
ვალერი კვარაცხელია: _ ეს იქამდე იყო ნათქვამი, ვიდრე მსოფლიო პანდემიურ ციებ-ცხელებაში გაეხვეოდა და სრულიად განსხვავებული რეალობის წინაშე აღმოჩნდებოდა. ისიც მართალია, რომ ჩინური აბრეშუმის გზის გლობალური პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილეობისას რუსეთი თითქოს ფეხს ითრევდა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ადრე ნათქვამი ეს წინადადება მოულოდნელად შექმნილ ამ ახალ ვითარებაში პროტოკოლური დატვირთვისგან სრულიად თავისუფლდება და სამეცნიერო, სამომავლო შინაარსს იძენს. ეს ყველაფერი, ერთად აღებული, საქართველოსთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს, თუკი ჩვენ დასავლეთის მიერ თავსმოხვეული ფსევდოღირებულებებისა და ძველი რუდიმენტებისგან თავის დაღწევას მოვახერხებთ. ახლა მთავარია, პანდემიას ნაკლები დანაკარგებით გადავურჩეთ. მსოფლიოს კი სხვა გზა აღარ დარჩენია, იგი აუცილებლად შეიცვლება, იმედია _ უკეთესისკენ, რადგან უარესის წარმოდგენა, ვიდრე დღეს არის, თუკი გლობალურ საომარ ვითარებას არ ვიგულისხმებთ, თითქმის შეუძლებელია.
ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”. მომავალ შეხვედრამდე!
P.S. საქართველოს ხელისუფლება მსოფლიოში შექმნილ ახალ რეალობაზე ფიქრს უფრო მეტ დროს უნდა უთმობდეს, ვიდრე საქართველოს დამნაშავე ექსპრეზიდენტის უკრაინის ვიცეპრემიერად დანიშვნაზე ფიქრს უთმობს. სააკაშვილისთვის უკრაინის მთავრობაში მაღალი თანამდებობის ბოძება სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან უკრაინის ხელისუფლებაში, დიდი ხანია, ფაშისტები არიან, რომლებიც თავიანთი რიგების ფაშისტებით შევსებას ცდილობენ.
გასაკვირი ისაა მხოლოდ, რატომ თვლის საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორად უკრაინას, რომლის ხელისუფლება ფაშისტი ლიდერების დროშებსა და პორტრეტებს ეთაყვანება, ფაშიზმთან მებრძოლი საბჭოთა ჯარისკაცების ობელისკებსა და მონუმენტებს კი ბულდოზერებით თხრის?!
ვალერი კვარაცხელია
დიდი მადლობა ბატონო ვალერი ასეთი ბრწყინვალე და ამომწურავი ანალიზისთვის.
აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ბრძანებთ! იქნებ დროა სწორი დასკვნები გავაკეთოთ! გმადლობთ ბატონო ვალერი!
აშშ–ის მთავრობამ 75 მილიონი დოლარი გადაგვახდევინა მორალურად მოძველებულ ჯაველინებში და, როგორ ფიქრობთ, 350 მილიონ დოლარს გვაჩუქებდა ლუგარის ლაბორატორიის აშენებაში? ახლა კი 500 ათას დოლარს გვახარჯინებს ყოველ წელს მათ მიერ შეკვეთილი კვლევების ჩატარებაში, რითაც სამკვდრო–სასისოცხლოდ გვაპირისპირებს რუსეთს! დამღუპველი იქნება რუსულ–ამერიკულ დაპირისპირებაში ჩარევა.
პირიქით, ორივე ქვეყანასთან მშვიდობიანი და ტკბილი ურთიერთობები უნდა გვქონდეს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკოთ და დავუმეგობრდეთ რუსეთსაც და ვიფიქროთ ევრაზიულ ეკონომკურ გაერთიანებაში შესვლაზე.