Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ეკლესიის მტრების მოწოდებებს არ უნდა ავყვეთ

მამა გიორგი (რაზმაძე): ეკლესიის მტრების მოწოდებებს არ უნდა ავყვეთ

“მორწმუნე მრევლს ხელი არ უნდა შეუშალო ტაძარში მისვლაში”

მამა გიორგი (რაზმაძე)

აღდგომის მოახლოებასთან ერთად საზოგადოებაში სულ უფრო მზარდია ინტერესი საკითხზე, როგორ და რა ფორმით ჩატარდება ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია. მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გამოთქმულმა სხვადასხვა მოსაზრებამ ეს თემა უკვე კამათის საგნად აქცია. მეტიც, ერთი მხრივ, აგრესიული ლიბერალური უმცირესობის დაჟინებულმა მოთხოვნამ პოლიციის მიერ ტაძრების ძალის გამოყენებით დახურვაზე და, მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების ბუნდოვანმა განცხადებებმა საპატრიარქოსთან მოლაპარაკებების შედეგად გარკვეული შეთანხმების მიღწევაზე მოსახლეობა კიდევ უფრო დააბნია. კრიზისის ფონზე გაურკვევლობამ ვითარება გაართულა, ხოლო მოლოდინმა, რომ 18 აპრილს სააღდგომო წირვაზე მიმავალი მრევლი, შესაძლოა, სამართალდამცველებისგან წინააღმდეგობას წააწყდეს, მმართველი გუნდისადმი გარკვეული უკმაყოფილება გააჩინა. ასე თუ ისე, აღდგომამდე 4 დღით ადრე სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების დეტალები უცნობია. გაუგებარია ისიც, ჩაითვლება თუ არა საგანგებო მდგომარეობის დამრღვევად ადამიანი, რომელიც 18 აპრილის ღამეს ტაძარში მისვლასა და წირვაზე დასწრებას გადაწყვეტს; მიუხედავად ამისა, სასულიერო პირების უმრავლესობისა და მორწმუნე მრევლის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია _ სააღდგომო ღვთისმსახურება ყველა ტაძარში ტიპიკონის სრული დაცვით უნდა ჩატარდეს

ცნობისთვის, საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე მერამდენედ გაავრცელეს განცხადება, რომ 18 აპრილს სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან და პროცესს თვალყურს სახლიდან მიადევნებენ. მათ შორის იყო პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. სამივე მათგანის განცხადება მთავრდებოდა მრევლისადმი მოწოდებით, რომ პანდემიის პირობებში ტაძარში მისვლისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. თუმცა განსხვავებით პრეზიდენტისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან, მთავრობის მეთაურმა მედიასთან განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მოქმედი აკრძალვები, პირველ რიგში, შეკრების უფლების შეზღუდვა ყველას თანაბრად, მათ შორის, მორწმუნე მრევლსაც შეეხებოდა…

როგორ ჩატარდება 18 აპრილს ტაძრებში სააღდგომო წირვა და რას ფიქრობს სამღვდელოება მოსალოდნელ გართულებებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მრევლის დიდი ნაკადის გამო შეიძლება სამართალდამცველებმა შექმნან? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, აღდგომამდე 4 დღე დარჩა და ყველას აინტერესებს, როგორ ან რა ფორმით ჩატარდება ტაძრებში წირვალოცვა. ხელისუფლება მუდმივად მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის პროტოკოლი და მაქსიმალურად შეიკავონ თავი ტაძრებში მისვლისგან. თქვენ, როგორც სასულიერო პირს, როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი, როგორ შეიძლება ჩატარდეს სააღდგომო ლიტურგია?

_ ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან მარტივია, თუ ხელისუფლებას გონიერება ჰყოფნის, უნდა მიხვდეს, რომ მორწმუნე მრევლს არ უნდა შეუშალოს ხელი ტაძარში მისვლაში და ადამიანი არ უნდა დააჯარიმონ იმის გამო, რომ სააღდგომო წირვას დაესწრო. ამას არ მოჰყვება კარგი შედეგი, იმიტომ, რომ ქვეყანა უკვე ისედაც უდიდესი განსაცდელის წინაშეა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს საპატრიარქოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, ჩემი აზრით, კარგი იქნება და ეს აუცილებელიცაა, რომ მთავრობამ გამონაკლისი დაუშვას სააღდგომოდ გადაადგილებაზე. დანარჩენი, რა იქნება და როგორ, ეს უკვე დეტალებია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ღვთისმსახურება წესისამებრ შესრულდეს. თუმცა, თუ არ იქნება გამონაკლისი დაშვებული, პრობლემა არც ეს არის _ ქუჩაში სიარულს არავინ აპირებს. ადამიანები ჩვეულებრივად მოვლენ ტაძარში 9 საათამდე, დაესწრებიან წირვას და ღვთისმსახურების შემდეგ იქნება ტრაპეზი. ეს გაგრძელდება დილის 6 საათამდე და შემდეგ დაბრუნდებიან სახლებში. სხვათა შორის, როგორც ცნობილია, უწმინდესი 11 საათზე აპირებს მისვლას სამების საკათედრო ტაძარში. საინტერესოა, ხელისუფლებაში ხომ არ მსჯელობენ, როგორ გამოუწერონ მას 3000-ლარიანი ჯარიმა?…

_ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება აქამდეც შეიძლება მივიდეს?

_ ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ჩირქი მოსცხონ ეკლესიას, მაგრამ ცხადია, ისინი პატრიარქს ვერაფერს შეჰბედავენ. დაჯარიმება ეს ისე ვთქვი, თეორიულად, თუმცა ის, რომ მმართველ გუნდში და არა მხოლოდ მმართველ გუნდში, ფაქტობრივად, პოლიტიკურ სპექტრში უღმერთობის დემონსტრირებას რომ არ ერიდებიან, ფაქტია. უღმერთობა და ურწმუნობაა, როცა თანამდებობის პირი გამოდის და ადამიანებს მოუწოდებს, ტაძრებში არ მივიდნენ. ჯერ ერთი, რატომ ჰგონია, რომ, თუ თვითონ შინ უნდა დარჩენა, სხვებმაც მას უნდა მიბაძონ; და მეორე _ ის, რომ ვიღაცას რწმენა არ აქვს და დაავადების გამო ტაძარში მისვლის ეშინია, ხომ არ ნიშნავს, რომ ყველას ეშინია? ვისაც ეშინია, ვისაც რამე ეთაკილება და აეჭვებს, შეუძლია შინ დარჩეს. არაა აუცილებელი ასეთი ხალხის მისვლა ტაძარში, თუმცა მოწოდება და პროპაგანდა, რომ ეკლესია კანონს არ ემორჩილება და ამის გამო ეპიდემიის გავრცელების წყარო შეიძლება გახდეს, უკვე მიზანმიმართული ბრძოლაა სარწმუნოებისა და მორწმუნეების წინააღმდეგ. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ამ ჩვენმა .. ლიბერალურმა მედიამ კიდევ ერთხელ გაიშიშვლა თავი იმით, რომ ჩაფრენილნი არიან სამღვდელოებას. არც დაავადებულები აინტერესებთ, არც მოხუცები და უმწეოები, დასდევენ სასულიერო პირებს და ცხვირში მიკროფონის ჩაჩრით ეკითხებიან: მაინც აპირებთ მრევლის ზიარებას? მაინც ჩაატარებთ სააღდგომო წირვას? სირცხვილია, უბრალოდ! მსოფლიო განსაცდელშია, ყოველდღე ათასობით ადამიანი იღუპება და იმის ნაცვლად, რომ ხალხს ლოცვისკენ, რწმენისკენ მოუწოდონ, 24 საათის განმავლობაში გაიძახიან: ეკლესიაში მისვლა საშიშიაო. საშიში არის ურწმუნობა და უღმერთობა.

_ ისე, ხალხს ტაძარში მისვლისგან თავის შეკავებისკენ ზოგიერთი სასულიერო პირიც მოუწოდებს

_ ადრეც ვთქვი თქვენთან ინტერვიუში და ახლაც გავიმეორებ, რომ ადამიანს, რომელსაც თავის ოჯახში არ აქვს წესრიგი, ცოლი გაერყვნა და ნახევრად შიშველი შვილი პოდიუმზე უდგას, არანაირი უფლება არ აქვს, სხვას მორალი წაუკითხოს. რაც შეეხება იმ ე.წ. სასულიერო პირებს, რომლებიც თქვენ ახსენეთ, შემიძლია, გითხრათ, რომ ისინი არ არიან სასულიერო პირები. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არ მერიდება ამის თქმა, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელიც ხალხს მოუწოდებს, ტაძარში არ მივიდეს, უფლება არ აქვს, სასულიერო პირი ერქვას. სხვათა შორის, ერთერთი პირველი, ვინც პანდემიის მასობრივად გავრცელების ფონზე ზიარება საფრთხედ შეაფასა და რაღაცებში დაეჭვდა, იყო მსოფლიო პატრიარქი. ამის შემდეგ ეკლესიები დახურეს და ცარიელ ტაძრებში ტარდებოდა წირვები. აი, ეს არის ზუსტად, ჩემი აზრით, ურწმუნობა და უღმერთობა. საქართველო არ უნდა აჰყვეს ასეთ რაღაცებს, თუმცა ჩვენი უწმინდესი, რა თქმა უნდა, ბრძენია და აქვე, თქვენი გაზეთის მეშვეობით, მინდა, მადლობა გადავუხადო მას იმ ვაჟკაცობისა და რწმენისთვის, რომელიც არასდროს განელებია.

_ საზოგადოება ხშირად ისმენს მოწოდებას, რომ თურმე ლოცვა სახლშიც შეიძლება. პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარეც ამას იმეორებს. რას ფიქრობთ ამ განცხადებებზე?

_ ხალხი, რომელმაც თავის დროზე მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, მხარს უჭერს სოდომიის ზეიმის ჩატარებას და ხვალზეგ, ალბათ, კაცის კაცზე ქორწინების დაკანონებასაც მოინდომებს, მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება აღდგომის ღამეს. სააღდგომო წირვა მათთვის ყოველთვის იყო პოლიტიკური პიარის ნაწილი. მორჩა.

სახლში ლოცვას რაც შეეხება, ჩვენ არავის ვაძალებთ ტაძარში მოსვლას. ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ან ეშინია და არ უნდა გამოსვლა, შეუძლია დარჩეს შინ, მაგრამ მორწმუნე მრევლს ხელი არ უნდა შეეშალოს. აი, ეს არის მთავარი და, თუ მათ მართლა აინტერესებთ ადამიანების კეთილდღეობა, მაშინ ეკლესიის კარს კი ნუ დახურავენ, ის მავნე პროპაგანდა გააჩერონ, რომელიც ამ ისედაც ურთულეს და უმძიმეს დროში პანიკას თესავს ადამიანებში.

_ მსოფლიო პატრიარქი ახსენეთ და საბერძნეთი ერთერთი პირველი იყო იმ მართლმადიდებელ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც პანდემიის გავრცელებისთანავე ტაძრებში ღვთისმსახურებები შეაჩერეს. რას ფიქრობს ამაზე საბერძნეთის სამღვდელოება და მრევლი, თუ არის თქვენთვის ცნობილი?

_ მეთვრამეტე საუკუნეში იყო ასეთი ბერძენი მოწამე _ კოზმა ეტოლიელი, რომელიც თურქებმა შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. როდესაც მას მონასტრის ძმები ეუბნებოდნენ, ალბათ, მეორედ მოსვლა დადგაო, ის პასუხობდა: არა, მეორედ მოსვლა იქნება მაშინ, როცა ბერძენი ერი აღდგომას ორჯერ იზეიმებსო… მოგეხსენებათ, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა გამოაცხადა, რომ აღდგომას სამღვდელოება იზეიმებს 19 აპრილს, ხოლო მრევლი _ 26 მაისს. ვფიქრობ, ეს ბევრ რამეს ცხადყოფს, თუმცა ურწმუნო ხალხისთვის არც წმინდანის წინასწარმეტყველება ნიშნავს რამეს და არც კარსმომდგარი განსაცდელი, რომელიც, წესით, გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს.

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხო: რამდენიმე დღის წინათ გამოვიდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე და განაცხადა, რომ ტაძრებში ღვთისმსახურების შეჩერებისკენ მოწოდებები ქრისტიანების ერთგვარ დევნად იქცაო. ეს იყო ადეკვატური განცხადება, მაგრამ გავიდა კიდევ რამდენიმე დღე მას შემდეგ და იმავე პიროვნებამ ტელეეთერიდან ხალხს მოუწოდა, რომ არ მივიდეს ტაძარებში. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანზე იყო ზეწოლა და, მინდა, მივმართო მას: ნუ შეგეშინდებათ ნურავის მუქარის და თითის დაქნევის. მთელი ერი ძალიან მადლიერი ვართ თქვენი და ყველა თქვენ გვერდით მდგომი ხალხის, მაგრამ არავის მოწოდებებს, მით უმეტეს ეკლესიის მტრებისას, არ უნდა ავყვეთ

_ მორწმუნე ადამიანებს რას ეტყვით?

_ ათონის მთაზე ერთ-ერთი ქართული მონასტრის კართან არის ასეთი წარწერა: “იდექით მტკიცედ და შეურყევლად”. ეს ნიშნავს იმას, რომ განსაცდელის ჟამს ადამიანი უფლის რწმენაში უნდა იყოს მტკიცე და შეურყეველი და სხვა დანარჩენში _ მხოლოდ ამის მერე…

მრევლს ვეტყვი, რომ განსაცდელი კარსაა მომდგარი, მაგრამ წინ უფრო მძიმე განსაცდელიც გველის. დაწყებულია მარჯვენით და მარცხენით დადგომა ქრისტესი, ამიტომ, ვინც აცნობიერებს ამას, იცის, რატომ არის ტაძარში ლოცვა აუცილებელი, ხოლო, ვინც ვერ აცნობიერებს, ვუსურვებ, გაეაზრებინოს ეს ყველაფერი…

ესაუბრა ჟაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. ვამაყობ და უფალს მადლობას ვწირავ,რომ მამა გიორგი არის ჩემი მოძღვარი.უფალმა დალოცოს,დაიცვას და გააძლიეროს ხილულ და უხილავ მტრებთან ბრძოლაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here