არგენტინელი და იტალიელი ფეხბურთელი, 1961 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი ომარ სივორი 1935 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა არგენტინის ქალაქ სან–ნიკოლას დე ლოს აროიოსში, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში, რომელიც არგენტინაში ნეაპოლიდან გადასახლდა.
სივორიმ ბავშვობიდანვე შეიყვარა ფეხბურთი. თამაში დაიწყო კლუბ “სან-ნიკოლასის” ახალგაზრდულ შემადგენლობაში. იქ ის თავშეუკავებელი საქციელით გამოირჩეოდა _ უყვიროდა პარტნიორებს, ჩხუბობდა, მაგრამ, ამასთანავე, ყურადღებას იპყრობდა საოცარი ფინტებითა და დრიბლინგით.
როცა სივორი 16 წლის იყო, “სან-ნიკოლასის” ერთ-ერთ მატჩს ესწრებოდა არგენტინაში ძალიან პოპულარული კლუბ “რივერ პლეიტის” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი რენატო ჩეზარინი, რომელსაც მოეწონა ჭაბუკი ომარის თამაში და კლუბში მიიწვია. სივორი თავდაპირველად “რივერ პლეიტის” მე-4 გუნდში თამაშობდა, მაგრამ 2 წლის განმავლობაში კლუბის ყველა დონე გაიარა და ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.
1954 წლის 30 იანვარს ომარ სივერის დებიუტი ჰქონდა “რივერ პლეიტის” შემადგენლობაში. ის ორივე ფეხით ძლიერად ურტყამდა და შესანიშნავი დრიბლინგით გამოირჩეოდა. იმ პერიოდის მისი ერთ-ერთი ცნობილი დრიბლინგი იყო არგენტინის მომავალ ჩემპიონ “ბოკა ხუნიორსთან” მატჩში, როცა სივორიმ მოედნის პატარა მონაკვეთზე რამდენჯერმე მოატყუა მეტოქე გუნდის 4 ფეხბურთელი. მატჩის დასრულების შემდეგ “რივერ პლეიტის” გულშემატკივრებმა სივორი ხელში აიყვანეს და ასე დატოვეს სტადიონი. ჟურნალისტებმა კი სივორის დრიბლინგს “ცირკი ცხვირსახოცზე” უწოდეს. 1955 წელს სივორიმ “რივერ პლეიტთან” ერთად არგენტინის ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ წელს კი მიღწევა გაიმეორა.
1956 წელს სივორის დებიუტი ჰქონდა არგენტინის ნაკრებში, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის მატჩში პერუს ნაკრებს ეთამაშებოდა. სივორიმ 43-ე წუთზე გაიტანა თავისი პირველი ბურთი. განსაკუთრებით ძლიერად ითამაშა 1957 წელს გამართულ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე _ 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ფინალში ბრაზილიის ნაკრებთან 3:0 გამარჯვების შემდეგ ომარ სივორით ტურინის “იუვენტუსი” დაინტერესდა და ფეხბურთის ტრანსფერში იმხანად სარეკორდო თანხა _ 10 მლნ პესო (93 ათასი გირვანქა სტერლინგი ან 160 მლრდ იტალიური ლირა) გადაიხადა. სწორედ სივორის გაყიდვით მიღებული თანხით დაასრულა “რივერ პლეიტმა” თავისი ცნობილი სტადიონის _ “მონუმენტალის” მშენებლობა.
იტალიაში კი სივორის თავისი ცხოვრების მთავარი თავგადასავალი ელოდა.
აპენინის ნახევარკუნძულზე ჩასვლისთანავე მის პატივსაცემად მიღება გამართა ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტმა უმბერტო ანიელიმ, რომელმაც სივორის უთხრა: “ამ მომენტს 2 წელიწადს ველოდი”. სივორიმ უპასუხა: “მე კი 5 წლის განმავლობაში ვოცნებობდი “იუვენტუსის” რიგებში თამაშზე”. შემდეგ სივორი წარუდგინეს გულშემატკივრებს, რომელთა თვალწინაც ფეხბურთელმა ბურთის აკენწვლა დაიწყო და ბურთის ძირს დაუშვებლად ჩაუარა ტრიბუნებს. 1957 წლის 8 სექტემბერს სივორიმ პირველი მატჩი ითამაშა “იუვენტუსის” მაისურით “ვერონასთან”. იმ წელიწადს “იუვენტუსმა” იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა. იტალიის ჩემპიონატში სივორიმ სულ 22 ბურთი გაიტანა _ ეს მესამე შედეგი იყო. ბომბარდირის წოდება კი მოიპოვა სივორის თანაგუნდელმა უელსელმა ჯონ ჩარლზმა 28 გოლით, რომელთა უმრავლესობა მან სივორის გადაცემებით გაიტანა.
1959 წელს “იუვენტუსმა” მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა. წარუმატებელი იყო ტურინული კლუბის გამოსვლა ევროპის ჩემპიონთა თასზეც (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა). კლუბის ერთადერთი წარმატება იყო იტალიის თასის მოგება _ ფინალში “იუვენტუსმა” მილანის “ინტერი” დაამარცხა 4:1. ამ მატჩში ტურინელთა მხრიდან მე-4 ბურთი სივორიმ გაიტანა.
1960 წელს სივორიმ “იუვენტუსთან” ერთად მოიგო იტალიის ჩემპიონატი და თასი. მან 31 მატჩში 28 გოლი გაიტანა და იტალიის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. იმ სეზონში ტურინის “იუვენტუსმა” სულ 92 ბურთი გაიტანა. მათი უმრავლესობა თავდამსხმელთა ტრიოს ანგარიშზეა _ სივორის, ჩარლზისა და ბონიპერტის შემადგენლობით.
1961 წელს სივორიმ კვლავ გაიმარჯვა იტალიის ჩემპიონატში, გათამაშების დასრულების შემდეგ კი დაჯილდოვდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზით _ “ოქროს ბურთით”. იმავე სეზონში, 10 ივნისს, სივორიმ 6 ბურთი გაიტანა “ინტერის” კარში (“ინტერმა” იტალიის ფედერაციასთან კონფლიქტის გამო მეორე შემადგენლობით ითამაშა და დამარცხდა ანგარიშით 1:9) და დაამყარა რეკორდი, რომელიც დღესაც მოქმედებს.
“ოქროს ბურთის” შესახებ პირველმა ჩვენი კლუბის ვიცეპრეზიდენტმა მაცნობა. სიმართლე უნდა ითქვას, იმ მომენტამდე არაფერი მსმენოდა ამ პრესტიჟულ ჯილდოზე. პრიზი გადმომცეს ტურინში მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა თასის გათამაშების პირველი მატჩის წინ. იმ მატჩში ცუდად ვითამაშეთ და დავმარცხდით _ 0:1. სამაგიეროდ საპასუხო შეხვედრაში მადრიდში ბურთი გავიტანე და “რეალს” პირველი საშინაო მარცხი ვაგემეთ _ 1:0. რაც შეეხება “ოქროს ბურთს”, როცა არგენტინაში დავბრუნდი, ბანკში საიმედოდ შევინახე. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია”, _ განაცხადა ომარ სივორიმ.
იმავე წელს სივორიმ იტალიის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრებში გამოიძახეს. მან იტალიის ეროვნულ გუნდში პირველი მატჩი 1961 წლის 25 აპრილს ითამაშა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ და გამარჯვების გოლიც გაიტანა. იმავე წელს იტალია არგენტინას შეხვდა და 4:1 დაამარცხა. ორი ბურთი სივორიმ გაიტანა.
1961 წელს სივორიმ თავისი მესამე ტიტული მოიგო იტალიის სერია A-ში, შემდეგ კი გაემგზავრა ჩილეში მსოფლიო ჩემპიონატზე. 1961 წლის 7 ივნისს შვეიცარიასთან ნათამაშევი მატჩი სივორისთვის ბოლო იყო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში.
ევროპაში მოპოვებული საფეხბურთო რეგალიებისა და იტალიელი ტიფოზების აღტაცებას ოდნავაც არ შეუცვლია სივორის ხასიათი. მას ხშირად აძევებდნენ მოედნიდან (დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა 31 მატჩი), პარტნიორებთანაც ხშირად ჰქონდა კონფლიქტი, არც მწვრთნელებს ემორჩილებოდა.
1964 წელს “იუვენტუსს” სათავეში ჩაუდგა პარაგვაელი მწვრთნელი ერიბერტო ერერა. მასთან სივორის დისციპლინის დარღვევის გამო მალე შეექმნა კონფლიქტი, რომელიც ანიელის კლანმაც ვერ ჩააქრო. სივორი იძულებული შეიქნა, “იუვენტუსი” დაეტოვებინა და “ნაპოლიში” გადასულიყო. “ნაპოლიში” სივორი მალე იქცა ლიდერად, თუმცა მისი შედეგიანობა საგრძნობლად შემცირდა.
1968 წელს გამართულ “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” შეხვედრაში მოხდა დიდი ჩხუბი. “იუვენტუსის” ფეხბურთელებმა, რომლებმაც იცოდნენ თავიანთი ყოფილი თანაგუნდელის თავშეუკავებელი ხასიათის შესახებ, პროვოკაცია მოუწყვეს მას და… ატყდა გაწევ-გამოწევა. ფეხბურთელები და მწვრთნელები ძლივს დააშოშმინეს პოლიციელებმა. სივორის 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, მაგრამ მან უარი თქვა იტალიაში თამაშზე და სამშობლოში გაემგზავრა, მალე კი კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
ასე დასრულდა სივორის, როგორც ფეხბურთელის კარიერა, ფეხბურთელისა, რომელსაც შეეძლო, მარტოს მოეტყუებინა მოწინააღმდეგის ნახევარი გუნდი საყვარელი ფინტით _ ბურთის ფეხებს შუა გაძვრენით, რისთვისაც მას “გვირაბების ოსტატი” შეარქვეს.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ სივორიმ მწვრთნელობა დაიწყო _ წვრთნიდა არგენტინის “რისარიო სენტრალს”, “ესტუდანტესს”; 1972 წელს სათავეში ჩაუდგა არგენტინის ნაკრებს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დატოვა გუნდი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებთან ჩხუბის შემდეგ. ამის შემდეგ ის წვრთნიდა “რივერ პლეიტს”, “ნაპოლის”, “ველეს სარდფილდს” და “რასინგს”, შემდეგ კი იტალიაში ტელეკომენტატორად მუშაობდა.
ომარ სივორი 2005 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა.
მიღწევები:
* არგენტინის ჩემპიონი _ 1955, 1956 წწ.;
* სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი _ 1955, 1957 წწ.;
* იტალიის ჩემპიონი _ 1957, 1960, 1961 წწ.;
* იტალიის თასის მფლობელი _ 1959, 1960, 1965 წწ.;
* “ოქროს ბურთის” მფლობელი _ 1961 წწ.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა