Home რუბრიკები ეკონომიკა დავით იაკობიძე: შემოდგომაზე ისეთი ვითარება შეგვექმნება, როგორიც 90-იანი წლების დასაწყისში იყო

დავით იაკობიძე: შემოდგომაზე ისეთი ვითარება შეგვექმნება, როგორიც 90-იანი წლების დასაწყისში იყო

დავით იაკობიძე

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი დავით იაკობიძე.

_ ბატონო დავით, ეკონომიკის კრიზისს, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად შეიქმნება, ხშირად ადარებენ გასული საუკუნის 30-იანი წლების დიდ კრიზისს, დიდი დეპრესიის სახელით რომ არის ცნობილი.

_ არ არის სწორი. “დიდი დეპრესია” გამოწვეული იყო ეკონომიკური მიზეზებით. მოხდა ისე, რომ ფული ერთ მხარეს აღმოჩნდა, საქონელი _ მეორე მხარეს. ბაზარი, ე.ი., ფარული ხელი ვეღარ აწესრიგებდა ადამიანებს შორის პროპორციებს გაცვლა-განაწილების პროცესში, რამაც რადიკალური ჩარევა მოითხოვა. მაშინ ჯონ ქეისმა, საღი აზრიდან გამომდინარე, მოსთხოვა აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტს, აქტიურად ჩარეულიყო ვითარებაში, _ არ უნდა დაველოდოთ ბაზრის მიერ პრობლემის მოწესრიგებასო. ამის გამო გააკრიტიკეს _ მდგრადი ეკონომიკა თვითონ გამოსწორდებაო. ქეისმა უპასუხა, რომ ყველანი მოკვდავნი ვართ და ხანგრძლივად ვერ დაველოდებითო.

თუ კორონავირუსის კუთხით განვიხილავთ პერსპექტივას, ვნახავთ, რომ ეკონომიკური მახასიათებლები დაახლოებით იგივეა, მაგრამ მიზეზები სულ სხვა: დეფორმაცია ხდება ადამიანთა შორის ურთიერთობის მთელი სისტემის, რომელშიც ეკონომიკა ერთი ნაწილია.

აქ არის კულტურული, სოციალური, ფსიქიკური პრობლემები, ე.ი. ადამიანებს შორის იქმნება უნდობლობის დიდი გარსი, რომელშიც ვიწყებთ ცხოვრებას, რაც ყველაზე მეტად დამანგრეველია არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ იმ სოციალური გარემოსთვის, რომელთანაც ადაპტირებულები ვართ. ეს განაპირობებს იმას, რომ, რაც მოსალოდნელია, ეკონომიკურ კრიზისზე უარესია.

ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებზე იმიტომ ამახვილებენ ყურადღებას, რომ სწორედ ეკონომიკა არის ის ნაწილი, რომელმაც საფუძველი უნდა დაუდოს მომავალ ურთიერთობათა დინამიზმს, ევოლუციას. ლაპარაკობენ ნავთობის მიწოდებაზე, ხორბლის მარაგის საკმარისობაზე, ადგილობრივი ბაზრის ჩაუშლელობაზე, სოციალურ დახმარებებზე და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი იქითაა მიმართული, რომ დღეს გავძლოთ, გადავიტანოთ ეს კორონავირუსი, ხოლო რაციონალური გზა, რომელიც დინამიურად განვითარების საშუალება იქნება, შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს.

_ .., ჩვენ მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი არ გველოდება?

_ ცხადია, არა! რადგან ეს არის სოციალური პრობლემების დეფორმაცია.

_ გვაშინებთ, ბატონო დავით?

_ გეუბნებით იმას, რაც რეალისტურია, შეულამაზებლად.

_ უცხოელი ექსპერტები ამბობენ, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის წინაშე დგას. ჩვენს გაზეთშიც გამოქვეყნდა მათი ეს პოზიცია.

_ ვიღაცები მართლაც ლაპარაკობენ, რომ ომია… ნგრევის ელემენტი ომში ერთ-ერთია. რაც ომის დროს დანგრეულა, შეიძლება ორ-სამ წელიწადში აღადგინო, მაგრამ ვერ აღადგენ იმ კავშირებს, რომლებიც მეწარმეთა შორის იყო, ადამიანთა ჯგუფებს შორის მოქმედებდა.

_ და გააუქმა კორონავირუსის პანდემიამ?

_ კორონავირუსი ზუსტად ასეთ ურთიერთობებს ურტყამს. არსებული ლოგისტიკური კავშირები, აწყობილი სავაჭრო გზები ეჭვქვეშ დგება, გარანტიებს საფუძველი ეცლება. ახლახან ერთი გემი ნავსადგურში არ შეუშვეს. ასეთი მაგალითები უკვე ბევრია და გაცილებით მეტად აზარალებს საზოგადოებრივ- ეკონომიკურ ცხოვრებას, ვიდრე ომით გამოწვეული ნგრევა. უფრო საზარალოა ის, რაზეც ვილაპარაკე _ ინგრევა ნდობაზე, პასუხისმგებლობაზე აგებული ადამიანთა ურთიერთობათა სისტემა. ადამიანები აღმოჩნდებიან ისეთ სიტუაციაში, როცა აღარ შეეძლებათ, გააგრძელონ ისეთი ტიპის ურთიერთობები, რომლებიც წინასწარ იყო განცხადებული და საფუძვლად ედო დღევანდელ საერთაშორისო სისტემას. ჩნდება ახალი პრობლემები. მაგალითად, ახლახან შეიკრიბა ოპეკი (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ნავთობის ფასის დასარეგულირებლად. მექსიკამ უარი თქვა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე, თავისი არგუმენტები ჰქონდა. ნავთობის ფასი დაეცა. ამ სიტუაციამ უარყოფითად იმოქმედა რუსეთზე. კორონამ ურთიერთობები გაართულა იმითაც, რომ პარტნიორს უპირატესობის მქონე მხარის კატეგორიულობით ვეღარ დაელაპარაკები. საქმეში შემოდის კორონა, როგორც მესამე ფაქტორი, რომელიც შეუსწავლელია _ სად და რა ფორმით გამოავლენს თავის ნეგატივიზმს, არავინ იცის.

_ მომავლის სცენარი როგორი გესახებათ, ბატონო დავით?

_ როგორც ჩანს, შემოდგომისთვის სასურსათო კალათა შეცვლილი იქნება. თუ დღეს კიდევ გვაქვს არჩევანი, რომელი ტიპის საქონელი ვიყიდოთ, შემოდგომაზე ამის საშუალება აღარ გვექნება. ისეთი მდგომარეობა ჩამოგვიყალიბდება, როგორიც 90-იანი წლების დასაწყისში იყო.

პირველი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არის ის, რომ გაგვიმართლა, გვყავს ასეთი მაღალკვალიფიციური ექიმები და გვაქვს ასე კარგად აწყობილი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ეფექტიანად ებრძვის პანდემიის გამომწვევ მიზეზებს, რამაც საშუალება უნდა მოგვცეს, რაციონალურად გამოვიყენოთ ამ ექსტრაორდინალური სიტუაციის საჭიროებისთვის გამოყოფილი ორი მილიარდი ლარი: ერთი ნაწილი _ სოციალური დახმარებისთვის, იმ ადამიანების საოჯახო ბიუჯეტების შესავსებად, რომლებსაც ყოველდღიური შემოსავლები ჰქონდათ, ყოველდღიურ შრომაზე იყვნენ დამოკიდებულები, პენსიონერების მხარდასაჭერად, და მეორე ნაწილი აუცილებლად უნდა მივმართოთ შემოდგომისთვის სასურსათო კალათის მინიმალურად შესავსებად.

ეს რომ გავაკეთოთ ამ მოკლე დროში, ფულის მოძრაობის სიჩქარე წარმოების პროცესის ტემპს უნდა დაემთხვეს. ამისთვის უნდა შევარჩიოთ რამდენიმე კულტურა.

პირველი, სადაც ფული ყველაზე სწრაფად ტრიალებს, არის მეფრინველეობა, კვერცხი. ექვს თვეზეა ლაპარაკი. ამიტომ ქათმითა და კვერცხით შეიძლება ჩვენი ბაზრის შევსება. დღეს ბაზარზე ძალიან ბევრია უცხოეთიდან შემოტანილი ქათამი და კვერცხი. ეს სტრუქტურა თუ შეიცვლება, ამ პროდუქტზე მეტი მოთხოვნა გაჩნდება.

მეორე პოზიცია არის თევზი. სწრაფად შეიძლება აქ ფულის მოტრიალება. საყურადღებოა თევზის ფქვილიც, როგორც მესაქონლეობის საკვები პროდუქტი.

და სწრაფად, რაც შეიძლება მეტ ფართობზე უნდა დაითესოს სიმინდი. სიმინდზე უნდა გავაკეთოთ ორიენტაცია. საგაზაფხულო სამუშაოები _ თავისთავად და, რა თქმა უნდა, _ კარტოფილი.

მე ამ მიმართულებებს ვხედავ. ეს პროდუქტი მასობრივად უნდა შემოვიტანოთ ბაზარში. იგი განსაზღვრავს პომიდვრისა და კიტრის ფასს, ბახჩეული კულტურების საბაზრო ღირებულებას, საერთოდ. დღეს მაღალ მატერიებზე კამათის დრო არ არის. ადამიანების საარსებო პირობების უზრუნველყოფაა ამჟამად უპირველესი ამოცანა და ვალდებულებაც. მაგრამ არა მხოლოდ ეს.

ვთქვათ, ლელა კაკულიას პროგნოზი გამართლდა (იცინის) და ორ კვირაში ალაგდა ძირფესვიანად კორონავირუსი. დაგვრჩა მოხნული ფართობები, დათესილი სიმინდი, მეფრინველეობაში ჩადებული ფული. რა არის იმაში ცუდი, თუ შექმნი მესაქონლეობის ბაზას, აღარ დაგვჭირდება ქათმისა და თევზის საკვების დანიიდან შემოტანა. საკუთარი გვექნება. სომხებმა, სხვათა შორის, სწორედ ამ მიმართულებით გადაწყვიტეს თავიანთი პრობლემა: თუ დაკვირვებიხართ, ჩვენს ბაზარში გასაყიდად გამოტანილი ძეხვეულის ნახევარი სომხურია. ცხიმების წარმოების გამართვაც არ უნდა იყოს რთული: სიმინდის ზეთი, მაგალითად, რით არის ცუდი?!

ანაკლიის პორტი და თხილი, სხვა არაფერზე რომ არ არის ლაპარაკი, მოცდენაა. დღეს სიმინდისკენ უნდა მივიხედოთ, ტექნიკა გვაქვს, “სიმინდის დეიდაშვილი”, როგორც უწინ იტყოდნენ, თოხი აღარ არის.

_ მიხაკო ორაგველიძეს უთქვამს ერთხელ _ სიმინდი სახელია, თორემ გვარი მაგას თოხი აქვსო.

_ თოხი არ უნდა ხალხს, თორემ სიმინდი როგორ არ უნდა! ტექნიკის გამოყენებით ისეთი საკითხები გადაწყდება, შენგან მოწონებული.

ეს მიმაჩნია უპირველესი საზრუნავად. ადამიანზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის პრობლემების გადაწყვეტა. ეს _ თავისთავად. ამ სფეროში რჩევას ვერავის მივცემ. მსოფლიო მნიშვნელობის ხალხი გვყავს, ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის ორგანიზაციაზე ამერიკელებს აკვალიანებს. ასეა თენგიზ ცერცვაძეც.

აქ გული საგულეში გვაქვს და ეს გვაძლევს საშუალებას, სხვა საკითხებსაც მივხედოთ და მოვუაროთ.

_ გახსოვთ, ალბათ, მრეწველებმა რომ წამოიწყეს მოძრაობააწარმოე საქართველოში”. ეს პატრიოტული მოწოდება საქართველოში ისეთი მასშტაბით ვერ გავრცელდა, როგორსაც ველოდით. თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ დღევანდელი რთული ვითარების დაძლევა ადგილობრივი წარმოების განვითარება უნდა იყოს

_ იმ მოძრაობის მოთავენი ჩვენი ცნობილი ბიზნესმენები იყვნენ _ გოგი თოფაძე, ბესო ჯუღელი, მაგათ დაუდგა გვერდით ჭყონიაც. ისინი იმ არსებული საწარმოების სიმძლავრეებზე ლაპარაკობდნენ, რომლებიც ტექნოლოგიურად მოძველებული იყო. ლაპარაკობდნენ აბრეშუმის ქსოვილის წარმოების აღდგენაზეც. დღეს ამაზე მოთხოვნა არ არის. მკვდარი ეკონომიკა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ვერ ახერხებდა თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში ადაპტაციას. ახლა ლაპარაკია ისეთ საწარმოებზე, რომლებიც კონკურენტუნარიან გარემოში მსოფლიო ბაზრის მიერ ნაკარნახევი კრიტერიუმით იმუშავებს.

_ ინვესტიციების როგორი პერსპექტივა გესახებათ პოსტკორონავირუსულ საქართველოში?

_ უპირველეს ყოვლისა, ზუსტად უნდა იცოდე, სად გაქვს გადაწყვეტილი შემოტანილი ფულის დაბანდება, გათვლილი უნდა გქონდეს, რა რესურსს ფლობ, რა სამუშაო ძალა გყავს, რა ნედლეული გაგაჩნია. შემდეგ უნდა მიმართო იმ ორგანიზაციას, რომელიც ამას (რაც შენ გაქვს გადაწყვეტილი) გააკეთებს იმ უახლესი ტექნოლოგიით, რომელსაც შესაბამისი ბაზა და ნედლეული სჭირდება. გვაქვს ეს ყოველივე? რით შეგვიძლია დავაინტერესოთ ინვესტორი? პროექტები გვაქვს? ეს ყველაფერი ზუსტად უნდა იყოს გათვლილი და მომზადებული, თორემ ავანტიურისტულ მიწვევაზე არც ერთი ინვესტორი არ გამოგვყვება. კორონავირუსმა ურთიერთობების საფუძვლები შეარყია, ამიტომაა საჭირო, რომ თვითონ მოვიძიოთ და აღვადგინოთ ეს გზები. ეს არ არის პრობლემა, რომელსაც ვერ გადაწყვეტ.

_ პოლიტიკური ბარიერები არ დააბრკოლებს? მაგალითად, რუსეთის ბაზარზე უარი უნდა ვთქვათ?

_ რუსეთთან ურთიერთობა რომ გართულებული გვაქვს და არასოდეს არ ყოფილა ასეთ დაბალ ნიშნულზე, ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სტრატეგიული ობიექტები მის ხელშია _ ენერგეტიკის სფერო, მშენებლობის სფეროში ვთანამშრომლობთ, ხორბლის მარცვალი იქიდან შემოგვაქვს. გასაღების ბაზარზე აღარაფერს ვამბობ, ისედაც ცნობილია.

_ .., პოსტკორონავირუსულ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობა პოლიტიკურზე უფრო პრიორიტეტული იქნება?

_ ეკონომიკა ამ ვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, თუმცა განმსაზღვრელი არ ეთქმის, მაგრამ სწორედ ეკონომიკიდან უნდა დაიწყოს სხვა ურთიერთობების აღდგენა. პოლიტიკური სიმპათიები კი არ არის ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი, არამედ ის შესაძლებლობები, რომლებიც დაგვეხმარება, სწრაფად დავძლიოთ კორონას მიერ წარმოქმნილი პრობლემები. Covid-19-ის პანდემიის დამარცხების შემდეგ შექმნილი ვითარება არანაკლებ რთულად გასავლელი გვექნება, რადგან ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაში აღმოჩნდება, და არამხოლოდ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. დიახ ბატონებო! კომუნისტები მართლები იყვნენ, როცა ქვეყნის კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია მოახდინეს! ახლაც არ გვაწყენდა ახალი ინდუსტრიალიზაცია და აგრარიზაცია! გლობალიზაციამ ყველას გადაუარა კატოკივით, კორონავირუსი კი გლობალიზაციისა და დამორჩილების ერთ-ერთი დამხმარე საშვალებაა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here