Home რუბრიკები საზოგადოება “ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, პური იმოდენად მოვიყვანოთ, რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს,...

“ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, პური იმოდენად მოვიყვანოთ, რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს, ჩვენ და ჩვენს შინაურს ბაზარს ეყოს”

ილია ჭავჭავაძე

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ კორონავირუსმა არა მხოლოდ აწმყო შეცვალა, მომავალიც განსაზღვრა და ამაში, უპირველესად, ღვთის ნებას ხედავს, რადგან, “ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა, დედამიწას გული გადაუხსნა, შიგ აუარებელი, ულეველი სიმდიდრე ჩაუდვა და ადამიანს უანდერძა: იშრომე, გაისარჯეო და ეგ სიმდიდრე დედამიწის გულიდამ ამოიღე და შენს სადღეგრძელოდ მოიხმარეო” (ილია).

ადამიანები კი ამ ულევ სიმდიდრეს უდიერად მოვექცით _ გავჩეხეთ ტყეები, დავაბინძურეთ წყალი და ჰაერიერთი სიტყვით, ეკოლოგიურად მძიმე ვითარება მივიღეთ, რითაც, უპირველესად, საკუთარ თავს შევუქმენით საფრთხე.

ჩვენ კი, ქართველებმა, მიწა მივატოვეთ: აღარ ვხნავთ, აღარ ვთესავთავჩეხეთ ვაზი, “შვილივით ნაზარდი”; მიწას ვყიდით ან მეზობლებს ვჩუქნით; ქვეყნიდან უკანმოუხედავად გავრბივართ და ამის მერე ერთი ნაწილი საზოგადოებისა იმაზეწუხსდა წუწუნებს, რომ გადამთიელები დაეპატრონნენ ყველაფერს. წუწუნი, წყევლაკრულვა და ლანძღვაგინება თავის მართლების საუკეთესო ხერხად გავიხადეთ, “შემოდგომის აზნაურებივითმივსტირით წარსულს, ვსხედვართ ჩამქრალ კერასთან და ვკითხულობთ: გვეშველება რამე?

ნეტა, ვის ვეკითხებით ანდა ასე რა უნდა გვეშველოს?!

ისევ ერის მამას მოვუსმინოთ, რომლისთვისაც წარმატებული სახელმწიფო არა დიდი საბიუჯეტო შემოსავლების მქონე ქვეყანა, არამედ კარგი პირადი შემოსავლების მქონე ხალხის ქვეყანაა.

სწორედ ადამიანებზე მოფიქრალი ილია გვასწავლის, რომქვეყნისთვის, ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ, რომ ყოველის კაცისათვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს, საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემშინაობის განურჩევლად”.

1886-1887 წლების მიჯნაზე ილია აქვეყნებს წერილების სერიასპურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში”. ეს თემა საინტერესოდ ჩავთვალეთ იმდენად, რამდენადაც დღევანდელ სიტუაციაში, როცა მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ბევრ სოფელშიმთვარის იმედადდატოვებულ სახლებში შუქი აინთო, ველმინდვრებს ბართოხიანი ადამიანები შეესივნენ, გაცოცხლდა გარემო. იქნებ სწორედ ესაა დასაწყისი, ის ნანატრი დასაწყისი აღმშენებლობისა, რომელსაც, ათეული წლებია, ვერა და ვერ დავუდეთ სათავე.

ამ დღეებმა ქართველობა გაგვაერთიანა, დამჯერი და დაწესებული ინსტრუქციების ზედმიწევნით შემსრულებელნიც გაგვხადა. ჩვენ თვითონვე გვიკვირს, იმ ფონზე, როდესაც საუბარია მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისებზე, სურსათის ექსპორტის შესაძლო შეფერხებაზე, სასურსათო მაღაზიებში იმაზე ნაკლები მყიდველია, ვიდრე კორონავირუსის ეპიდემიამდე იყო. პურის ფქვილი და ხორბალი ვეღარ შემოვაო (ჩვენ ხომ მხოლოდ უცხოეთიდან შემოტანილ პურზე ვართ დამოკიდებულნი) და, რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, პანიკას არავინ აჰყვა. ერთი სიტყვით, მე პირადად თავი ლამაზ სიზმარში მგონია, კოვიდ-19 რომ არ მახსენებდეს თავს. და რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ მომავალში საქართველო თვითონ გახდეს პურის მწარმოებელი ქვეყანა? თუ ექსპორტზე არ გაიტანს, მოსახლეობას მაინც გვექნებაპური ჩვენი არსობისა”. ხომ იყო პერიოდი საქართველოს ცხოვრებაში, როდესაც ქართველი კაცი თავის სამყოფ ხორბალს თესავდა?

პურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში

თბილისი, 9 დეკემბერი, 1886 წელი

“საქვეყნო ბაზარში დიდი ცილობაა, რომელსაც მეცნიერნი “კონკურენციას” ეძახიან. რომ ამ ცილობაში ჩვენმა პურმა თავი გაიტანოს და საქვეყნო ბაზრის მოედანზედ თავისი შესაფერი ადგილი დაიჭიროს, ორი აუცილებელი სიკეთე უნდა სჭირდეს: ერთი რომ თვისებით და ღირსებით სხვაზედ კარგი იყოს და მეორე სხვაზედ იეფი, თვისებისა და ღირსების კვალობაზედ.

რაც შეეხება თვისებას და ღირსებას ამიერკავკასიის პურისას, ამ მხრით ჩვენებური პური ბევრს სხვას არ ჩამოუვარდება, და თუ დღეს მაინცდამაინც ამ მხრით აკლია რამ, საქმე ადვილად გასასწორებელია, რადგანაც ჩვენებური მიწა და ჰაერი ყოველს განკარგებას სასოფლო წარმოებისას ხელს უწყობს და ყოველგვარს პურს მოიყვანს ჩვენში მაღალის ხარისხიდამ დაწყებულს დაბალ ხარისხის პურამდე. ეს დღესაც არის ჩვენში და კეთილად განწყობილი ვაჭრობა უფრო გააძლიერებს შემდეგისათვის. მაშასადამე, დაგვირჩა გამოსაკვლევად: იეფობით შეუძლიან ჩვენებურს პურს შეეჭიდოს სხვა ქვეყნის პურს საქვეყნო ბაზარში, თუ არა?

ტფილისი, 19 დეკემბერი, 1886 .

წინა წერილებში ჩვენა ვსთქვით, რომ რადგანაც პურის მოსავლისა ჩვენში სასტატისტიკო ცნობანი არა გვაქვს, ჩვენ მოკლებულნი ვართ საბუთს ჯეროვანი და უტყუარი სიტყვა წარმოვსთქვათ მასზედ თუ, გვაქვს ჩვენ გასასყიდი პური, თუ არა. ისიც მოვახსენეთ მკითხველებს, რომ თუნდაც გვქონდეს, პურის გატანა საქვეყნო ბაზრამდე ძალიან ძვირად გვიჯდება და ერთი-ორად ჰხდის პურის ფასსა. გზა და გადატანა ამ შემთხვევაში თავისას არ იშლის და მაშასადამე იმისათვის, რომ ჩვენმა პურმა სხვის პურს იეფობაში ცილობა გაუწიოს, ფასი თვით პურისმომქმედმა უნდა დაიკლოს. ჩვენის ფიქრით, ის ამბავი, რომ ამ უკანასკნელ ხანებში ჩვენი პური საზღვარგარეთ გადის, ჩვენს ეკონომიურად გაღონიერებას კი არ უნდა მიეწეროს, არამედ რაიმე უეცარს შემთხვევას, რომელიც შესაძლოა ხვალ არ იყოს და რომელზედაც, მაშასადამე, არარაიმე დასკვნა არ აიგება ჯერხანად მაინც. წარსულ 1885 წელს, როცა ამ პურის ვაჭრობამ ჩვენში ცოტა რომ გაიღვიძა, ფოთისა და ბათუმის ნავთსადგურებიდამ სულ 681.595 ფუთი პური გაუტანიათ. ამ 1886 წელს კი ამ რიცხვმა ოთხ მილიონ ფუთამდე აიწია. შემთხვევაა ეს, თუ დასაწყისია კარგა მაგრად ფეხმოკიდებულ ვაჭრობისა? სწორედ შემთხვევაა, ჯერ იმიტომ რომ 1885 და 1886 წელს ფასი პურისა ჩვენში ისე დაეცა, რომ თუმცა საზღვარგარეთ გატანა ძვირად უჯდებოდათ, მაგრამ თითონ პურის ფასი ისეთი დაბალი იყო, რომ ამ სიძვირეს გზისას და გატანისას იტანდა საქვეყნო ბაზარზედ. მეორე ისა, რომ ერთმა დიდმა პურის მოსავლის ქვეყანამ და პურის გამსყიდველმა ამ ხანებში ვეღარ მიაწოდა პური საქვეყნო ბაზარსა. ეს ქვეყანა რუსეთია. ამას გვიმტკიცებს ეხლახან პეტერბურგიდამ მიღებული დაბეჭდილი წიგნი, რომელსაც სათაურად აქვს: “1886 წელიწადი, როგორც სასოფლო-სამეურნეო წელიწადი”. ამ წიგნიდამა სჩანს, რომ რუსეთს, რომელსაც 1884 წელს საქვეყნო ბაზარში გაუტანია 13.000.000 “ჩეტვერტი”, წელს თითქმის საშინაოდ საკმაო პურიც არ მოსვლია… ამ 1886 წელს მოვიდა ძალიან ნაკლებადაო. გაზაფხულის პურმა ორთა-შუა რიცხვს ვერ გადააჭარბაო. ამ ორიოდე სიტყვიდამა სჩანს, რომ რუსეთი ამ 1886 წელს ვერ შეიძლებდა, საბაზროდ გაეტანა ბევრი პური.

მართალიც არის: დღეს რუსეთში უჩივიან პურის ვაჭრობის დაკლებასა. ამ ჩივილში, რასაკვირველია, ის მიზეზიც არის, რომ უწინ თითქმის მარტო რუსეთი იყო ბოღაზი საქვეყნო ბაზრისა და ახლა კი ამერიკამ, ინდოეთმა და ავსტრალიამ ცილობა გაუწია, შესანიშნავი ადგილი დაიჭირა საქვეყნო ბაზარში და ბაზარს რუსეთის პური იმოდენა აღარ მოანდომა. 1868 წელს, როცა ამერიკამ კარგა საგრძნობლად გამოდგა ფეხი პურის საქვეყნო მოედანზედ, ამერიკის პური მოვიდა ევროპაში გასასყიდლად 6.834.000 ჩეტვერტი, რუსეთისა 12.062.000 ჩეტვერტი. მაშინ ინდოეთს სულ 600.000 ჩეტვერტი გამოეტანა და ავსტრალიას კი სრულიად არაფერი. შემდეგ ამერიკის პური უფრო და უფრო ჰმატულობს, და თუმცა ინდოეთიდამ პურის მოტანა თითქმის ისპობა, მაგრამ, მაგალითებრ, 1873 წელს მარტო ამერიკას გამოაქვს 22.872.000 ჩეტვერტი, რუსეთს კი 19.915.000. შემდეგს წლებში უფრო ძლიერდება ამერიკის პურის გამოტანა, მაგრამ რუსეთისაც ჰმატულობს. ამერიკა მაგრად ფეხს იკიდებს საქვეყნო ბაზარში, ხოლო როცა ავსტრალიასა და ინდოეთში რიგიანად მოაწყვეს პურის ვაჭრობის საქმე, ამერიკის პურის ვაჭრობა არამცთუ ჰმატულობს, კლებულობს კიდეც.

დღეს საქვეყნო ბაზარში ბევრნი მოცილენი არიან, მაგრამ, როგორც ვატყობთ, ამ ცილობამ უფრო ამერიკის პური შეჰხუთა, რუსეთის პურს კი ვერა დააკლორა და რუსეთს მაინც დიდი ადგილი უჭირავს. ამის შემდეგ ადვილად გასაგებია, რომ რუსეთში პურის უმოსავლობას რა დიდი ზედმოქმედება უნდა ჰქონდეს პურის ვაჭრობაზედ საქვეყნო ბაზარში. ზემოთ ნათქვამისაგან სჩანს, რომ რუსეთი ამ 1886 წელს პურზედ ნაკლებად იყო. ამ გარემოებას, უეჭველია, უნდა აღეძრა პურის ვაჭრობა იმ ადგილებშიაც, სადაც თავის-დღეში არა ყოფილა. აი გამოცანა იმისი, რომ 1886 წელს ამიერკავკასიიდამ 4.000.000 ფუთი პური გაიტანეს ევროპაში. ეს მაშ რა არის, თუ არ შემთხვევა!.. როგორც ერთის მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ისეც ერთი ეს მაგალითი საკმაო არ არის, ჩვენდა სამწუხაროდ, გული დავაჯეროთ, რომ პურის ვაჭრობამ ჩვენში სამუდამო დვრიტა დაიდო. ღმერთმა ჰქმნას, რომ ჩვენს დაუჯერებლობას სამერმისოდ საბუთი არა ჰქონდეს და პურის ვაჭრობა გაძლიერდეს ჩვენში, მაგრამ ტყუილი სიხარულიც უქმი თამასუქია და გვეშინიან ბოლოს მარტო ეს გაუქმებული სიხარული არ დაგვრჩეს ხელში და არა ვსთქვათ: ესეღა დაგვრჩა სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა.

ტფილისი, 20 დეკემბერი, 1886 .

რომ 1886 წელს გაძლიერდა ჩვენში პურის ვაჭრობა და ჩვენის ქვეყნიდამ საქვეყნო ბაზარში 4.000.000 ფუთი პური გავიდა, _ ეს ამბავი უნდა მიეწეროს სხვა მიზეზსაც იმ მიზეზთა გარდა, რაც ჩვენ წინა წერილებში მოვიხსენიეთ. ეს სხვა მიზეზნიც იმისთანავე შემთხვევითნი არიან, როგორც წინანდელნი, მხოლოდ სხვა მხრით-კი. წინანდელი მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ იმ ქვეყნებმა, რომელთაც დიდძალი პური გამოაქვთ საქვეყნო ბაზარში გასასყიდად, უმოსავლობის თუ სხვა მიზეზის გამო პური ამ 1886 წელს ნაკლებად გამოიტანეს და ბაზარს პური უჭირდა. ბაზარს პურის შოვნა გაუჭირდა და დიდი დანაკლისი იგრძნო მარტო იმით კი არა, რომ საკმაო პური არ მიიტანეს, პურის ნაკლებობა ბაზარში იმით უფრო გაძლიერდა, რომ იმ ქვეყნებმაც, რომელნიც პურის უქონლობის გამო, პურსა ჰყიდულობენ, ამ 1886 წელს უფრო ბევრი პური მოითხოვეს, იმიტომ რომ ამ წელს მოუსავლობამ საკუთარის პურისამ პურის საჭიროება გაუძლიერა…

ტფილისი, 5 იანვარი, 1887 .

ჩვენი წერილები პურის ვაჭრობის თაობაზედ ჩვენში სავსე არ იქნება, რომ ერთი ის გარემოებაც არ წარმოვუდგინოთ მკითხველს, რომლის გამოც ჩვენში აღძრული 1885 და 1886 წელს პურის ვაჭრობა შემთხვევას უნდა მიეწეროს და არა მკვიდრად დაყენებულს წარმატებას პურის მოყვანისას. ვის არ ახსოვს, რა რიგად დაიწია ჩვენში პურის ფასმა 1884 წელს და ამ დაწეულმა ფასმა საგრძნობლად არც 1885 წელს აიწია. გარდა ამისა, თუმცა ფასები მეტად დაწეული იყო, ამ 1884 წელს თითქმის მუშტარი არა ჰყვანდა ჩვენს პურსა… საქვეყნო ბაზარს პურისას 44.640.000 ჩეტვერტის მუშტარი ჰყოლია და გამსყიდველი-კი 58.650.000 ჩეტვერტისა. ამ სახით საქვეყნო ბაზრისათვის თოთხმეტი მილიონი ჩეტვერტი პური მეტი ყოფილა იმაზედ, რაც საჭირო იყო. აშკარაა, პურის ფასი უნდა დაცემულიყო საქვეყნო ბაზარში; აშკარაა, რაკი ჩვენს საზღვარგარეთ ამოდენად მეტი პური იყო, რომ იქაც მუშტარი ვერ ეშოვნა, ჩვენში იქიდამ პურის სასყიდლად არავინ მოვიდოდა 1884 წელს. ამან ძალიან დასწია პურის ფასი ყველგან და ნამეტნავად ჩვენში.

პურის ფასის ძლიერმა დაწევამ ის შედეგი იქონია, რომ ინგლისმა ირჩია საპურედ სახნავ-სათესს მიწებზედ პურის მაგიერ სხვა უფრო ძვირის ფასის მცენარენი რამ მოეყვანა და ამიტომაც ხვნა-თესვა პურისათვის შეამოკლა ასე, რომ ასზედ თოთხმეტი დააკლო. ამერიკაში პურის ფასის დაწევის გამო ბევრს ადგილას მოსული ყანები აღარ დამკეს და ისე მიანებეს თავი მინდვრებზედ, რადგანაც მომკისა და გალეწვის ფასადაც არა ჰქონდათ იმედი პური გაეყიდნათ. ინდოეთში 227, 481 აკრითნაკლები მიწები მოხნეს და მოთესეს. ამის გამო პურის რაოდენობამ 1885 წ. და ნამეტნავად 1886 წ. ძალიან იკლო და ფასმა აიწია.

ხორბალი

რაკი საქვეყნო ბაზარს პური შემოაკლდა იმ ადგილებიდამ, საიდამაც აქამდე მოსდიოდა პური, რა თქმა უნდა მუშტარი ყველგან დაიწყებდა ძებნას პურისას. ამის გამო პურის მუშტარი საზღვარგარეთიდამ ჩვენშიაც მოვიდა და მას აქეთია პურის ფასი ჰმატულობს. აშკარაა, ეს მაგალითი და იშვიათი შემთხვევა ჭკვას ასწავლის ინგლისსაც და იმისთანა პურის ბოღაზებსაც, როგორნიც არიან ამერიკა, ინდოეთი და ავსტრალია. არასგზით მოსალოდნელი არ არის, რომ 1885 და 1886 წლებით განსწავლული ინგლისი, ამერიკა, ინდოეთი და ავსტრალია, ჩვენ თავის მუშტარს პურისას დაგვითმობს. პირიქით, ყოველს ღონეს იხმარებენ, რომ ჩვენი საკუთარი მუშტარიც წაგვართვან. ეს უსაბუთო შიში არ არის და ძალიან ჭკუაზედ ახლოა, თუ კაცი კარგად დააკვირდება მიწათმოქმედებისათვის ავკარგიანობას ჩვენის ქვეყნის გარეთ. ამ საგანზედ შემდეგს ნომერში ზოგიერთს მოსაზრებას წარვუდგენთ მკითხველსა.

ტფილისი, 7 იანვარი, 1887 .

საკვირველი გახშირება სამიწათმომქმედო მაშინებისა ამერიკაში ხარჯს პურის მოყვანისას მეტისმეტად აცოტავებს. თითქმის არ არის იმისთანა სამუშაო მიწისა, რომ მაშინით არა კეთდებოდეს. გარდა ამისა, რომ ხარჯი იქ ამ გზით შემოკლებულია, თითონ მოსავალიც პურისა დიდია, იმიტომ, რომ ცოდნით ეკიდებიან საქმეს და ყოველს სახსარს და ღონეს მეცნიერებისას ჰხმარობენ მოსავლის განდიდების და გაძლიერებისათვის. რა თქმა უნდა, ესე ყოველი იმოდენად გააიეფებს პურსა, რომ ჩვენ ამაში ცილობის გაწევა არ შეგვიძლიან. თუნდ ესეც არ იყოს, მარტო ის გარემოება, რომ ყოველი კუნჭული ამერიკისა რკინისგზით არის შეერთებული ნავთსადგურებთან და რკინისგზებით პურის გადატანა დაუყოვნებელია, სწრაფია და იეფი, _ მარტო ეს გარემოება საკმაოა დააფოლოს ჩვენი პური საქვეყნო ბაზარში და იქიდამ, როგორც მეტიჩარა გამოდევნოს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ამერიკის მიწათმომქმედს დაუჯერებლად იეფი კრედიტი აქვს სახელმწიფოსაგან, ასე რომ გაჭირების დროს მიწათმომქმედი სუბუქად და ადვილად ხელს ინაცვლებს. ამას ისიც ზედ დაურთეთ, რომ დიდს აღებმიცემობაში საზოგადოდ და პურისაში საკუთრივ პატიოსნება და ნამუსიც დიდს საქონლად მიაჩნიათ ამერიკაში. ჩვენებური ვაჭარი ისე თითქმის არ გაჰყიდის, რომ მუშტარი არ მოატყუოს და ამით ეხტიბარი არ გაიფუჭოს სამერმისოდ. აქ, ჩვენში, ვაჭრობა მოტყუებაზედ უფროა დამყარებული, ვიდრე იმის ცდაზედ, რომ საქონლის სიკეთით და იეფობით მუდამი მუშტარი აიჩინოს კაცმა და თავნის ხშირად და ბევრჯელ გადატრიალებით იმდენი მოიგოს, რამოდენისაც ერთხანად ვაჭარს სიხარბე აქვს. ამერიკელი ვაჭარი ცოტა სარგებელსაც სჯერდება, რადგანაც იქ თავნი იეფია და ამასთან ისეთი ეხტიბარი და ნდობა აქვს ევროპიის ვაჭრებთან, რომ უნახავადაც მარტო ერთის დეპეშით მილიონების პურსა ჰყიდის და ჰყიდულობს, და დარწმუნებულია, რომ არც ერთსა და არც მეორეში არც თითონ მოსტყუვდება და არც სხვას მოატყუებს. ყოველივე ეს იმისთანა გარემოებაა, რომ ამერიკის პურის ვაჭრობა ჩვენს ვაჭრობას პურისას არ ახეირებს საქვეყნო ბაზარში, თუ ერთი უბედური წელიწადი არ შეხვდა ამერიკასა.

მეორე დიდი ბოღაზი პურისა ინდოეთია, რომელსაც დღეს თითქმის მესამე ადგილი უჭირავს პურის საქვეყნო ბაზარში. ინდოეთში მუშა ძლიერ იეფია, და თუმცა დიდი სასიხარულო აქ არა არის-რა, მაგრამ ამ იეფობის გამო პურის მოყვანაც იეფად უჯდებათ. თვითონ მიწები ძლიერ ნაყოფიერია და ცდა ინგლისელებისა, რომ პურის ვაჭრობაში ინდოეთმა თუ არ აჯობოს ამერიკას, ბევრით აღარას ჩამორჩეს-რა, ამაო ცდა არ არის. ჯერ ეს წარმოიდგინეთ, რომ იქ ათას-ხუთასი მილიონი დესეტინა მშვენიერი მიწა ჯერ თავისუფალია, უქმად არის და ელის კაცის მარჯვენა ხელს, რომ სულ საყანედ გადაიქცეს. გარდა ამისა, ინდოეთი ევროპის ბაზარზედ უფრო ახლოა, ვიდრე ამერიკა. ეს გარემოება პურის გადატანის ფასს ჰცვლის ინდოეთის სასარგებლოდ და ამერიკის საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, ინგლისელები ჰცდილობენ ინდოეთის შიდა გზები იმოდენად კარგი იქონიონ, რომ პურის გამოტანა შიგნიდამ ნავთსადგურებამდე ბევრი არა ჰჯდებოდეს. იმის მაგალითად, თუ რამოდენად მარჯვედ მიჰყავთ ინგლისელებს ამ მხრით საქმე, საყურადღებოა შემდეგი ციფრები. 1853 წელს ინდოეთში რკინისგზები სულ 20½ ინგლისური მილის მანძილზედ იყო; 1860 წ. 839 მილი რკინისგზა ჰქონდათ უკვე; 1870 წ. _ 4,775; 1895 წ. _ 6,519 და 1881 წლის დასასრულს _ 9,875. ესე სწრაფათ კეთება რკინისგზებისა ამ სიდიდე მანძილზედ იმ ქვეყანაში, საცა იმოდენა სიმრავლეა მკვიდრთა და იმოდენა ბუნებური სიმდიდრეა, აშკარად გვაჩვენებს იმას, თუ რა ბედი მოელის ინდოეთს საქვეყნო ბაზარში საზოგადოდ და პურის ვაჭრობაში საკუთრივ.

თითქმის ამისთანა სახეირო გზაზედვე სდგას ავსტრალიაც, ეს მეოთხე ბოღაზი პურისა, და მოდით და თქვენ იქონიეთ იმედი, რომ, თუ არ უეცარი და იშვიათი რამ უბედურება ჩამოთვლილ ქვეყნებისა, სხვა რაიმე აიძულებს საქვეყნო ბაზრის მუშტარს ამ ბოღაზებს პურისას თავი დაანებოს და ჩვენში მოვიდეს სავაჭროდ!.. ამ იშვიათის უბედურობის იმედით ნურავინ ნუ მოსტყუვდება და ხვნისა და თესვის რაოდენობა მარტო შინაურს ბაზარზედ გაიანგარიშოს. თორემ თუ წასცდა და ამ 1885-1886 წლების იშვიათს მაგალითებს მიჰყვა, პური ამბრებში დაულპება და ზარალის მეტს არასა ჰნახავს. იმას აღარ ვიტყვით, რომ არც ამ წლების ფასებმა პურისამ იმოდენად აიწია, რომ დიდად სახარბიელო ყოფილიყო მიწათმომქმედისათვის. თუ ეს ასეა დღეს, როცა ასეთი იშვიათი და ჩვენთვის სახეირო წელიწადები შეგვესწრო, რა უნდა ვიგულისხმოთ მაშინ, როცა რუსეთს, ამერიკას, ინდოეთს, ავსტრალიას და სხვა ქვეყნებს თავისი ორთა-შუა მოსავალი მოუვათ!.. მაშინ ის იქნება, რაც 1884 წ. მოგვივიდა: შინ სახმარზედ ნამეტანი პური ფუთი შვიდ შაურად, ორ აბაზად და ცხრა შაურად ძნელად იყიდებოდა და ეს თითქმის მარტო მომკისა, კალოზედ მიტანის და გალეწვის ფასსაც არ ააყენებს; ხვნა-ფარცხვა, თესლი, ღალა კი ტყუილ-უბრალოდ იკარგება სამუდამოდ. აშკარაა, ჩვენი ქვეყანა ამ მხრით წელს ვერ გაიმაგრებს. ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, პური იმოდენად მოვიყვანოთ, რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს ჩვენ და ჩვენს შინაურს ბაზარს ეყოს. მიწათმოქმედება და საზოგადოდ სოფლის მეურნეობა ჩვენი სხვა იმისთანა საგანზე უნდა მიიქცეს, რომლის გამოც ჩვენთან ცილობის გაწევა საქვეყნო ვაჭრობაში ძნელია. ადგილი და ჰავა ამის ნებას გვაძლევს. სხვა რომ არა ვსთქვათრა, აი თუნდ ავიღოთ მაგალითად ღვინო. ამაში ჩვენ ბევრნი მოცილენი ვერ ამოგვიჩნდებიან და თუ ამოგვიჩნდებიან, აქაურის ღვინის სიკეთე ღონეს გვაძლევს ბრძოლისათვის და იმედს გამარჯვებისას”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

1 COMMENT

  1. ქვეყანამ უნდა შეძლოს და შეკეროს თავისთვის შარვალი, ქვედაწელი და, ბოდიში ამ სიტყვაზე, ნიფხავი – აი მაშინ მას ექნება იმედი მომავლის! მაგრამ, თუ ამის სურვილი და გაგება არ გააჩნია, მაშინ ძალიან ცუდად იქნება მისი ხვალინდელი დღე …

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here