პლანეტაზე პროფესიონალური ფეხბურთი გაჩერდა, მაგრამ ფეხბურთელები, მწვრთნელები და კლუბების ხელმძღვანელები უარს არ ამბობენ სახიფათო კორონავირუსთან ბრძოლაში მონაწილეობაზე და დიდი გარჯით მოპოვებულ მილიონებს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს წარმომადგენლებს ურიცხავენ.
ინგლისი
ინგლისში თავი გამოიჩინა “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, რომელმაც მშობლიური ბარსელონის მედიკოსებს მილიონი ევრო გადაურიცხა. ბრიტანული კლუბები კი ასეთი ხელგაშლილები არ არიან. მაგალითად, “მანჩესტერ სიტიმ” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” 50-50 ათასი გირვანქა სტერლინგი გაიღეს და საკვები უყიდეს ვირუსით დაავადებულებს, აგრეთვე, იმ პირებს, რომლებსაც მათთან კონტაქტი ჰქონდათ და იზოლაციაში იმყოფებიან.
100 ათასი ევრო გაიმეტეს ლონდონის “არსენალის” ბოსებმა. ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი, ესპანელი მიკელ არტეტა ბრიტანულ ფეხბურთში პირველი იყო, ვინც ვირუსით დაავადდა, მაგრამ ახლა ის თითქმის გამოჯანმრთელდა.
“უოტფორდმა” თავისი სტადიონი “ვიკარაჯ-როუდი” დაავადებასთან ბრძოლის შტაბად გადააქცია. იქ ახლა მედიკამენტებს ინახავენ და დაავადებულთა ნაწილს მკურნალობენ ინგლისის საავადმყოფოებში ადგილები სულ უფრო ნაკლები რჩება.
მშობლიურ ესპანეთს დაეხმარნენ პედრო და დავიდ დე ხეა პირველმა 3 ათასი ხარისხიანი რესპირატორი გაგზავნა ექიმებისთვის, მეორემ კი ესპანეთის დედაქალაქის რეგიონს 300 ათასი ევრო გადაურიცხა წამლების შესაძენად.
კიდევ ერთხელ დაამტკიცა პატრიოტის რეპუტაცია მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც მშობლიურ ეგვიპტეს, სადაც უკვე დაიღუპა ორი გავლენიანი გენერალი, მილიონი გირვანქა სტერლინგი შესწირა. სადიო მანემ კი თავის სამშობლოს, სენეგალს, 45 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა.
ახლა უკვე “ტოტენჰემის” მწვრთნელმა, პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ კი კვლავ დაამტკიცა, რომ “განსაკუთრებულია” (ასე ეძახის თავის თავს), მან ვოლონტიორის (“მოხალისის”) როლი მოირგო _ საკვები და წამლები მიაქვს ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომლებსაც გარეთ გასვლა აკრძალული აქვთ ვირუსის გავრცელების გამო.
ესპანეთი
ლიონელ მესიმ მილიონი ევრო გაიღო ბარსელონის საავადმყოფოსთვის, იქ კარანეტინის პირობებშიც კი მღერიან მის სახელს. საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო კლუბი “ბარსელონაც”, რომელმაც, დიდი ფინანსური დანაკარგების მიუხედავად, 30 ათასი ნიღაბი შეიძინა კატალონიის მთავრობისთვის.
მადრიდის “რეალი” ინგლისური “უოტფორდის” გზით წავიდა და თავისი სტადიონი “სანტიაგო ბერნაბეუ” მედიკოსებს გადასცა ახლა იქ სამედიცინო მოწყობილობებისა და მედიკამენტების საწყობია, აგრეთვე, ცდილობენ სტაციონარის მოწყობას, თუ საავადმყოფოებს დაავადებულთა სამკურნალოდ ადგილები არ ეყოფათ. პარალელურად “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სამედიცინო მოწყობილობები შეიძინა მადრიდის საავადმყოფოებისთვის გადასაცემად. კაპიტანმა სერხიო რამოსმა კი 250 ათასი რესპირატორი, 15 ათასი ტესტი და ათასი დამცავი კოსტიუმი იყიდა მედიკოსებისთვის.
იტალია
კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ იტალიაში გულუხვი შეწირულობების მხრივ გამოირჩევიან ტურინის “იუვენტუსის” მფლობელი ანდრეა ანიელი და მილანის ყოფილი პრეზიდენტი, იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი ორივემ 10-10 მილიონი ევრო გაიღო მომაკვდინებელ ვირუსთან საბრძოლველად. ეს თანხა საკმარისია ინტენსიური თერაპიის 800 დროებითი განყოფილების მოსაწყობად. მილანის “ინტერის” ჩინელმა მფლობელებმა ექიმებისთვის 300 ათასი ნიღაბი და რესპირატორი შეიძინეს, კიდევ 500 ათასი _ “ნერაძურის” (“ინტერის”) მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა ანტონიო კონტეს მეთაურობით.
დაავადებასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი დოლარი გამოყვეს (თითოეულმა ცალ-ცალკე) “მილანმა”, “ფიორენტინამ” და “რომამ”. ლეონარდო ბონუჩიმ 120 ათასი გადაურიცხა იმ კლინიკას, რომელშიც მკურნალობდა მისი მცირეწლოვანი ვაჟი. ლორენსო ინსინიემ 100 ათასი გადაურიცხა მშობლიური ნეაპოლის ექიმებს, ამდენივე გადარიცხა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა _ მილანელი მედიკოსებისთვის, ფრანკ რობერიმ ფლორენციელებისთვის.
კრიშტიანუ რონალდუ, რა თქმა უნდა, პორტუგალიას ეხმარება. მისი ფულით ლისაბონში ინტენსიური თერაპიის სამი განყოფილება მოაწყვეს, ერთი პორტუში. თანხამ მილიონი ევრო შეადგინა. ამდენივე გაიღო რონალდუს აგენტმა ჟორჟ მენდეშმაც.
ბერგამოს “ატალანტას” გულშემატკივრებს კი თანხა, რომელიც “ვალენსიის” წინააღმდეგ მატჩზე დასასწრებ ბილეთებში გადაიხადეს, დაუბრუნეს (მატჩი ცარიელ სტადიონზე ჩატარდა უმაყურებლოდ) და ეს ფული _ 60 ათასი ევრო, ბერგამოს საავადმყოფოს გადასცეს.
გერმანია
აქ კორონავირუსთან ბრძოლის ავანგარდში არიან “ბაიერნის” ფეხბურთელები იოზუა კიმიხი და ლეონ გორეცკა მათ დააარსეს ფონდი We kick Corona და მასში თითოეულმა 500 ათასი ევრო ჩადო, სულ მილიონი. კარგი მაგალითი გადამდები აღმოჩნდა და ცოტა ხნის შემდეგ ფონდში 500 ათასი შეიტანა “მანჩესტერ სიტის” ჰაკბეკმა ლეროი სანემ, რომელსაც, როგორც ამბობენ, “ბაიერნში” გადასვლა სურს.
ფონდში მილიონი ევრო ჩარიცხა პოლონელმა ცენტრფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ.
დორტმუნდის “ბორუსიის” ლიდერმა მარკო როისმა დორტმუნდის უძველესი დაწესებულებებისთვის, რომლებიც კარანტინის გამო გაკოტრების პირას აღმოჩნდნენ, 500 ათასი გაიღო. თანხები გადარიცხეს, აგრეთვე, იულიან ბრანდტმა (“ბორუსია” დორტმუნდი), იულიან დრაქსლერმა (პსჟ) და ბენედიქტ ჰევედესმა (“ლოკომოტივი”).
გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეებმა და პერსონალმა კი ერთობლივად 2,5 მლნ ევრო გადაურიცხეს საავადმყოფოებს.
სხვები
პარიზის პსჟ-ს მფლობელებმა 100 ევრო გამოყვეს ნიღბებისა და დამცავი საშუალებების შესაძენად. ამას გარდა, ფეხბურთელების მაისურების გაყიდვით მიღებული ფული საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.
300 ათასი ევრო გაიღო “ლიონმა”, ამ თანხიდან 100 ათასი გადაურიცხეს კვლევით ლაბორატორიას, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს.
რიო დე ჟანეიროში ლეგენდარული “მარაკანა” საფეხბურთო ტაძრიდან კორონავირუსთან ბრძოლის შტაბად გადააკეთეს.
დონეცკის “შახტარის” მფლობელმა და უკრაინის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა რინატ ახმეტოვმა 9,6 მლნ ევრო გაიღო საავადმყოფოებისთვის მოწყობილობებისა და მედიკამენტების შესაძენად.
და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კეთილი საქმეებისა, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში გაკეთდა.
კაცობრიობა VS კორონავირუსი აი თანამედროვეობის მთავარი მატჩი და სასიამოვნოა, მასში ფეხბურთის ვარსკვლავები აქტიურად რომ მონაწილეობენ.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა