Home რუბრიკები პოლიტიკა ფქვილს სუნი არ ასდის, ბატონო ლევან, თუ, სიმართლე რომ თქვათ, ევროპელ ...

ფქვილს სუნი არ ასდის, ბატონო ლევან, თუ, სიმართლე რომ თქვათ, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ეწყინებათ?

აშშ-ს საქართველოს ერთი მოქალაქე 25 ცენტზე მეტი არ უღირს

ლევან დავითაშვილი

ამერიკის ბანკებმა ის ოქრო გაყიდეს, რომელიც მე-19 საუკუნიდან ხელშეუხებელი იყო. მსოფლიო მორიგი კრიზისის მოლოდინშია და პანიკა ისე დიდია, რომ ბრიტანელმა ბანკირებმა ამერიკის სარეზერვო ბანკში შენახული ოქროს ზოდების წამოსაღებადბოინგიდა დაცვაც კი დაიქირავეს. შესაბამისად, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება და უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გასულ კვირას გამეტებული 80 მილიონამდე დოლარი ზღვაში წვეთია იმისთვის, რომ ვალუტის გამყარება გრძელვადიან პერიოდში შეჩერდეს. ეს არც ვინმეს მოგონილია და არც ხელისუფლების ან ოპოზიციის ბრალი, ეს არის საყოველთაო ფონის ბრალი და ამას ნებისმიერი ექსპერტი დაგიდასტურებთ.

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას, გაგებით მოვეკიდოთო, მაგრამ ბატონი ბიძინა არ ჩანს. აღნიშნულის მიუხედავად, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ დაიზარებს, რუსეთის ბოსტანში ერთი ქვის სროლას და, რაღა თქმა უნდა, ლარის გაუფასურებაც დიდწილად სწორედ ჩრდილოელ მეზობელს ბრალდება. ვიღაც იკითხავს: რუსეთი რა შუაშიაო? ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს რომ მოვუსმინოთ, შუაში კი არა, თავშია და მთავარი დამნაშავეც ის არის. თურმე, საქმე ისაა, რომ საქართველოს ეკონომიკა დიდწილად რუსეთზეა მიბმული და, როდესაც რუსეთში სიტუაცია ირევა, მაშინ უფასურდება ლარი. ახლა კი, ისედაც საერთაშორისო სანქციებში მოქცეულ რუსეთს, სხვა ქვეყნების დარად, კორონავირუსი უტევს და თურმე სწორედ ამიტომ ეშვება ჩვენი ვალუტა ფსკერისკენ. ისე, სიმართლე რომ ითქვას, რეგიონულ ვალუტებს შორის გაუფასურება ყველაზე მეტად სწორედ ჩვენს ლარს დაეტყო და ეს მაშინ, როცა სომხეთი ჩვენზე გაცილებით მეტად არის დამოკიდებულჩამოკიდებული რუსეთზე. .., მხოლოდ რუსეთის ბრალი არ ყოფილა ლარის გაუფასურება და მიზეზები ჩვენს ეკონომიკაშიც უნდა ვეძებოთ, მაგრამ არა _ რუსეთზე ყველაფრის გადაბრალება ადვილია, რადგან ცალ კარში თამაში გამოგვდის, რუსი პოლიტიკოსები პასუხს არ გვცემენ და ჩვენც გავილაღეთ. ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ გადავხედავთ, საქართველოში რამე ცუდი თუ ხდება, ხელისუფლება და ოპოზიცია რუსეთის ფაქტორით “აპრავებს”. გაძვირდა პროდუქტი? _ რუსეთის ბრალია. გაუფასურდა ვალუტა? _ რა თქმა უნდა, რუსეთის ბრალია. რამეზე ვერ თანხმდება ხელისუფლება და ოპოზიცია? _ მერე რა, რომ რუსი პოლიტიკოსები კომენტარს საერთოდ არ აკეთებენ, მაინც მაგათი ბრალია. ნუ გაიკვირვებთ, თუ ცოტა ხანში კარანტინის დამრღვევების გაზრდილი რაოდენობაც რუსეთს დაბრალდება.

ახლა მედლის მეორე მხარეს შევხედოთ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ჯიუტად იმეორებს, რომ საქართველოში პროდუქტის და განსაკუთრებით პურის ფქვილის მარაგი არის. ის სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში მტკიცედ და დაბეჯითებით ამბობს: ნუ გეშნიათ, მარაგი გვაქვს და, თუ საჭირო იქნება, კიდევ შევავსებთო. საინტერესო კი ის არის, რომ ბატონ ლევან დავითაშვილს ერთხელაც არ წამოსცდენია, რომ 90% იმ ფქვილისა, რომლისგანაც პურს ვაცხობთ, რუსეთიდან შემოდის და კრიზისის პერიოდშიც სწორედ ჩრდილოელი მეზობლის იმედი გვაქვსო. ფქვილს სუნი არ ასდის, ბატონო ლევან, თუ, სიმართლე რომ თქვათ, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ეწყინებათ? და თქვენ როგორ იცით, ევროპის ქვეყნების უდიდესი ნაწილი ვისი ფქვილით იკვებება? სწორია _ რუსეთის და, რაც მთავარია, ჩვენგან განსხვავებით, ისინი რუსეთს არ აკრიტიკებენ, ყველაფერ ცუდს არ აბრალებენ, ცდილობენ, მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის ნერვებზე არ ითამაშონ. და ეს იმიტომ, რომ საკუთარი მოსახლეობა კორონავირუსით კი არა, შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე არ დააყენონ. როგორ გგონიათ, იმავე ევროპულ ქვეყნებს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების სიაში ამერიკა არ უწერიათ? მაგრამ იმას კი არ გაჰკივიან, _ ჩვენი საშველი ოკეანის გაღმააო, არამედ ცდილობენ, მაქსიმალურად დაიცვან ნეიტრალიტეტი და ისე მოიქცნენ, როგორც მათ ქვეყანას წაადგება. დავსვამდი ახლა კითხვას, _ სად არის ამერიკა-მეთქი, მაგრამ მაშინვე წამომაძახებენ: სტრატეგიულმა პარტნიორმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1.1 მილიონი დოლარი უკვე გამოყოო. ეს დაახლოებით ოთხი მილიონი ლარია და ისიც ვთქვათ, რომ სახელმწიფომ კორონავირუსთან ბრძოლისთვის უკვე დახარჯა 10 მილიონ ლარზე მეტი და ეს არასრულ ერთ თვეში, ანუ სტრატეგიულმა პარტნიორმა სტრატეგიულად გათვალა და ნახევარი თვის სამყოფი თანხაც ვერ გაიმეტა. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, ამერიკის მიერ გამოხრული ძვალივით გადმოგდებული 1.1 მილიონი დოლარი ისე გაიბერება, გადიდდება და ისე დიდ მნიშვნელობას შეიძენს, რომ შეიძლება საქართველოს ბიუჯეტს დაეტოლოს; იმ ბიუჯეტს, რომელსაც ამერიკისთვის გადასახდელი საგარეო ვალი უმძიმეს ტვირთად აწევს და ყოველწლიურად, სულ ცოტა, ას ამდენს, რამდენიც გასულ კვირას გვაჩუქეს, წლიურ პროცენტში ვიხდით. ეს გამოხრული ძვალი სწორედ იმისთვის არის გადმოგდებული, რომ კრიზისის გადავლის შემდეგ წამოგვაძახონ: გაჭირვების დროსაც არ მიგატოვეთო. ერთ სულ მოსახლეზე რომ გადავანაწილოთ შტატების ნაწყალობევი თანხა, კაცზე დაახლოებით 25 ცენტი გამოვა. ეგ არის ჩვენი ფასი ამერიკის თვალში, აშშ-ს საქართველოს ერთი მოქალაქე 25 ცენტზე მეტი არ უღირს.

სხვაგვარად რომ იყოს, ესპანეთის მთავრობა მთელი კვირის განმავლობაში დაჩოქილი არ იდგებოდა ამერიკის სარდლობის წინაშე, _ ეგებ თქვენი ჯარები მოგვაშველოთო, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება, ამერიკას თავისი ჯარისკაცების ჯანმრთელობით გარისკვა არ სურს. გესმით, საკუთარ მებრძოლებს მშვიდობიანობის პერიოდში უფრთხილდება და ჩვენ კი რუსეთის ხახაში გვერეკება: მიდით, ეჩხუბეთ, აკრიტიკეთ, ეომეთ და თქვენ გვერდით ვარო. საქართველოს კი არა, ამერიკამ დანარჩენ მსოფლიოს ჩაუკეტა საზღვარი და არანაირი სურვილი არ აქვს, ქვეყანაში შეუშვას. ჰო, ახლა ისეთი დრო დადგა, ყველამ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და, როგორც იქნა, პირველი შოკის გადავლის შემდეგ, ემანუელ მაკრონმა იზოლაციაში მყოფ ანგელა მერკელს დაურეკა და უთხრა: იქნებ იტალიასა და ესპანეთს დავეხმაროთ, სირცხვილიაო. სანამ ევროპის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები მსჯელობენ, მანამდე იტალიასა და ესპანეთში ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება. სწორედ იქ არსებული საფრთხეებისა და, თამამად შეიძლება ითქვას, უკონტროლო სიტუაციის გამო, საქართველოს ხელისუფლება ავიარეისებს ნიშნავს, რათა ემიგრანტები სამშობლოში დააბრუნოს.

აი, ახლა დაძაბეთ გონება და გაიხსენეთ: რამდენჯერ ახსენა ან ხელისუფლებამ, ან ოპოზიციამ რუსეთში მცხოვრები ქართველები, მით უმეტეს, რომ რუსეთში ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა და იქ მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს, თანაც ყველა ამბობს, რუსები ინფიცირებულთა რეალურ სურათს მალავენ, სინამდვილეში იქ კატასტროფააო? ჰოდა, თუ ფიქრობთ, ბატონებო, რომ რუსეთში კატასტროფა ხდება, რატომ ერთხელ არ წამოგცდათ, _ ჩვენი თანამემამულეები ჩამოვიყვანოთ, რეისები იქაც დავნიშნოთო? იმიტომ, რომ რუსეთიდან ქართველობა რომ წამოვიდეს, საქართველო არ არის მზად მათ მისაღებად. დამატებით ლამის მილიონი უმუშევარი (აქ რომ არავის დაასაქმებენ, ადვილი მისახვედრია) ქვეყნისთვის მართლა კატასტროფა იქნება. ესეც არ იყოს, რუსეთში მცხოვრები ქართველები რაოდენობრივად საქართველოში ყველაზე მეტ თანხას გზავნიან და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს ის ყოველთვიურიუცხოური ინვესტიციაა”, რომელზეც საქართველოს ეკონომიკა და ლარის სიმყარეა ჩამოკიდებული, ამიტომ ყველა ერიდება ამ თემას, ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ რეალური სურათი ზუსტად იციან. ისევ ამერიკა და მის მიერ სამადლოდ მოგდებული 1.1 მილიონი ლარი ავიღოთ. სულ ცოტა, ხუთი ამდენი მოდის ყოველთვიურად საქართველოში რუსეთიდან; სულ ცოტა, ხუთ ამდენს იღებენ საქართველოს მოქალაქეები და არსებობენ მათ ხარჯზე, ვინც რუსეთში მუშაობს, ცხოვრობს და იქიდან ჯოხით არავინ ერეკება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ პრაქტიკულად ერთადერთი სახმელეთო გზა, რომლითაც შეიძლება არსებობისთვის საჭირო პროდუქტი შემოვიდეს, რუსეთზე გადის და ამ გზის ჩაკეტვა და ჩახერგვა სწორედ დასავლეთის წაქეზებით არაერთხელ ვცადეთ.

ეჭვი გვაქვს, საქართველოში საყოველთაო კარანტინს მალე გამოაცხადებენ და, პანიკასთან ერთად, აუცილებლად გველის ეკონომიკური გაჭირვებაც. ჰოდა, ახლა სწორედ ის დროა, დასავლეთისთვის კუდის ქიცინსა და კეკლუცობას თავი დავანებოთ და საქმეს მივხედოთ. ახლა მსოფლიო გადარჩენისთვის იბრძვის და ჩვენც, უწინარესად, სწორედ საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ხალხზე უნდა ვიფიქროთ, მერე _ დანარჩენზე. სხვაგვარად, მართლა 25 ცენტი ყოფილა ჩვენი ფასი.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ბერა ივანიშვილმა შვილის სახელით STOP COVID19-ის ფონდში 1.1$ მილიონი დოლარი გადარიცხა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here