საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის კრახის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის წინაშე ჩაწითლებული თვალებით წარდგა, _ აქაოდა, ღამეები არ მძინავსო. მაშინ მმართველი პარტიისა და, საზოგადოდ, ქვეყნის თავმჯდომარემ ამომრჩეველს ლამის დაუჩოქა, _ ოღონდ ახლა არ მიმატოვოთ, ოღონდ ახლა ამომიდექით მხარში და მე ვიცი თქვენი პატივისცემაო. ახლა კი ბატონი ბიძინა, უბრალოდ, არ ჩანს. მას არ გაუკეთებია განცხადება ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, არ გაუკეთებია პროგნოზი, რაც ერთგვარ უიმედობის განცდას იწვევს მოსახლეობაში.
ჩვენ თუ გვკითხავთ, ივანიშვილი აქამდეც უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ გვიან ახლაც არაა და აუცილებლად უნდა გამოჩნდეს. თუმცა, მან ქმედითი ნაბიჯები აშკარად გადადგა და “ქართუ ფონდი” მთლიანად ხელისუფლების სამსახურში ჩააყენა. ეს იმ პირობებში, როცა, მაგალთად, მამუკა ხაზარაძემ, რომლის ქონებაც დაახლებით 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, მხოლოდ ასი ათასი ლარი გაიმეტა და, რაც მთავარია, ამ ამბავს რეკლამა გაუკეთა. ივანიშვილი შეეცადა, საქმე უხმაუროდ გაეკეთებინა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, მას მოსახლეობის ნდობა აქვს და სწორედ მისი სიტყვა იქნებოდა დამაჯერებელი, ანუ, ჩვენი აზრით, ამის გაკეთებაც საჭიროა. ჯერჯერობით, მხოლოდ ის გავიგეთ, რომ გაუფასურებული ეროვნული ვალუტის შველას ეროვნული ბანკი ცდილობს, ოღონდ არაეროვნული ვალუტის გაყიდვით. ყველამ და, პირველ რიგში, თვით ბანკის შეფებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს მოკლევადიანი პროცესია, ახლა თუ დაცემა შეჩერდება, მხოლოდ 2-3 დღით, მერე კი ლარი ისევ აიწყვეტს და გაფრინდება. ჰოდა, ამიტომ ვამბობთ, რომ ივანიშვილი უნდა გამოჩნდეს და რამე თქვას, მწარე სიმართლე, ან აგვიხსნას, რა ხდება და რას უნდა ველოდოთ, სამომავლოდ რას აპირებს ხელისუფლება. მომავალი ბუნდოვანია, გეგმა არ არსებობს. აგერ, სწრაფი ტესტები უნდა ჩამოგვეტანა და ბოლო წამს გაირკვა, რომ ხარვეზიანი ყოფილა. დაიწყო მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან და როგორ დასრულდება, კაცმა არ იცის. პარალელურად, პროფესიონალი ექიმები გვეუბნებიან, რომ კრიტიკულ ფაზაში შევდივართ და სწრაფი ტესტი, როგორც ჰაერი, ისე დაგვჭირდება. ისიც ვთქვათ, რომ ვიღაცამ ფულის გაკეთება გადაწყვიტა და ვირუსის დასადგენი ანალიზის ჩაბარება 10 ლარი ჯდება, ანუ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ეს ანალიზი ჩაიტაროს. იქით ავიაკომპანიები ცდილობენ დიდი ფულის გაკეთებას და, თუ ქუთაისიდან ევროპაში გაფრენა 2 თვით ადრე ნაყიდი ბილეთით 30-40 ევრო ჯდებოდა, ახლა ბილეთის ფასი ათას ევროს ისე უკაკუნებს, თითქოს გაუფასურების ფონზე ათასი ევრო ლამის ოთხი ათასი ლარი არ იყოს. თავის მხრივ, ოთხი ათასი ლარი პენსიონერს თითქმის ორი წელი უნდა ეყოს დღევანდელი მდგომარეობით და ერთ ბილეთში ამ თანხის გადახდა საცოდაობაა. ჰოდა, პრემიერმა შეუტია ყველას _ ავიაკომპანიებს, აფთიაქებს (აფთიაქებს უფრო მსუბუქად), რადგან წამლებს ისეთი ფასი ადევს, თუ დაგჭირდა, შეიძლება ბანკში სესხის აღება გახდეს აუცილებელი, სურსათის მწარმოებლებს, მაგრამ ეს არ არის არც სამომავლო გეგმა და არც სტრატეგია. გვესმის, რომ დღეს ყველა ქვეყანა ფორსმაჟორშია და სპონტანურად მოქმედებს, მაგრამ, სანამ კრიტიკულ ფაზაში შევალთ, ხომ უნდა გვითხრა, ჩვენ რომ სახლში ვრჩებით და ჩვენთვის რომ მუშაობენ, რა მიმართულებით აპირებენ წასვლას?
ექსპერტების ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკა დიდ დარტყმას ვერ მიიღებს, რადგან არ არის მსოფლიო დონის მოთამაშე და, რაც მთავარია, საქართველოში არ იწარმოება პრაქტიკულად არაფერი, რაც საერთაშორისო ბაზარზე იმ ოდენობით გადიოდეს, რომ მისი ექსპორტის შეჩერებამ სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს. ეს გავიგეთ, შარი ხეირად შეიძლება გვექცეს (აბა, ბოლო ორი-სამი წელი ტვინი რომ წაიღეს, საქართველოს ეკონომიკა დუღს და გადმოდუღსო, სად არის ეს “არნახული ეკონომიკური წინსვლა”?!), მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. საქართველოდან რომ არაფერი არ გადის, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი შემოდის და, გაუფასურებული ლარის ფონზე, პროდუქტები რომ გაძვირდება, სახლში გამოკეტილმა მოსახლეობამ როგორ იყიდოს?! თუ დეპოზიტები აქვთ ქართველებს და ნელ–ნელა გამოიზოგავენ ფულს, რათა კრიზისი გადააგორონ და შემდეგ ისევ დაგროვება დაიწყონ?! ხომ ფაქტია, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა ძალიან მალე მივა შიმშილის ზღვრამდე. ძალიან კარგი, თუ პროდუქტების დეფიციტი არ იქნება, მაგრამ პროდუქტი მაშინ არის შენი, როცა იყიდი და შინ მიიტან. აი, ეს “იყიდი” არის მთავარი პრობლემა, ეროვნული ვალუტა მსყიდველუნარიანობას ყოველდღიურად რომ კარგავს, თვალნათლივ ჩანს. ბიზნესმენებმაც ამოიღეს ხმა და განაცხადეს: თუ ლარს რამე არ ეშველა, იძულებული ვიქნებით, 1 აპრილიდან ფასები გავზარდოთო, რაც იმას ნიშნავს, რომ, 23%-ით გაუფასურებული ლარის პირობებში, ფასები, სულ ცოტა, 25%-ით მოიმატებს, რასაც საქართველოს მოსახლეობა, უბრალოდ, ვერ გადაიტანს.
გარდა იმისა, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია უპასუხისმგებლოდ ეკიდება შექმნილ ვითარებას და არ ითვალისწინებს არანაირ რეკომენდაციას, რითაც საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფთ, მთავარ პრობლემად და პანიკის გამომწვევ უმთავრეს მოტივატორად სწორედ სახელმწიფოს სამომავლო გეგმის არქონაა. არა, კი გამოდიან ოპოზიციის ლიდერები, _ ჩვენ გვაქვს ანტიკრიზისული გეგმაო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ტრიუკია. ერთი სული აქვს ოპოზიციას, ხელისუფლებას რაიმე შეეშალოს, რომელიმე მიმართულებით ჩავარდნა ჰქონდეს და მაშინვე ატეხავს ერთ ამბავს: ჩემი გეგმა რომ გამოეყენებინათ, ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდითო. თანაც ამას ისე უტიფრად იტყვიან, თითქოს თავის დროზე თვითონ არ იყვნენ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და… არაფერს არ აკეთებდნენ. ზოგადი მიდგომაა ასეთი, ხალხი არ აინტერესებს არავის, პოლიტიკოსებს სურთ, ნებისმიერი დრო და ვითარება სათავისოდ გამოიყენონ. თუ ხელისუფლება ამ გამოწვევას თავს გაართმევს, გვერწმუნეთ, ოპოზიციის ანტიკრიზისული გეგმები არავის გაახსენდება, ოპოზიციაც მიივიწყებს ამ ამბავს, მაგრამ საკმარისია ერთი, ერთადერთი შეცდომაც კი, რომ ხმაური ატყდება.
ჰოდა, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ივანიშვილის გამოჩენა და მისი განცხადების მოსმენა. სწორედ ივანიშვილმა უნდა ილაპარაკოს ანტიკრიზისულ გეგმაზე. ისიც ვთქვათ, რომ ანტიკრიზისული გეგმა მისი ჩარევის გარეშე ვერ და არ შედგება. ახლა კი ისე ჩანს, რომ ქვეყნის მმართველი შუშის სასახლეშია ჩაკეტილი. სწორედ შუშის სასახლის კარი უნდა გაიხსნას ფართოდ, მოთხოვნების დაცვით, ანუ ივანიშვილის ქმედება მაგალითი უნდა იყოს ერისთვის. შეუძლია ეს ივანიშვილს და ეგებ მისი სიტყვა მოტივატორიც გახდეს ადამიანებისთვის, რათა მომავალზე უფრო მეტი იფიქრონ და გაცილებით დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ იმ რეგულაციებს, რომლებსაც ხელისუფლება გვაკისრებს.
ყველაზე თამამ ექსპერტსაც კი გაუჭირდება პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ხვალ. რეალობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად მსოფლიოში საათობრივად იცვლება და ქვეყნის ლიდერებს სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. საქართველოში მიმდინარე პროცესებზე _ კარგზეც და ცუდზეც, პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა დაიკისროს. თუ ცუდის მოლოდინი აქვთ, ესეც უნდა გვითხრან; ხოლო თუ კარგის იმედი, იყვირონ: ჩვენ ვართ, ჩვენ ვაკეთებთო. სხვაგვარად, გაურკვევლობა ყველაზე დიდ შიშსა და პანიკას თესავს. ლარი კი მხოლოდ ეროვნული ბანკის დოლარების მარაგის იმედად ვერ იქნება, რაღაც არის მოსაფიქრებელ-გასაკეთებელი. ბოლოს ისე არ გამოვიდეს, ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი ეროვნული ვალუტით მოვაგვაროთ.
ჰო, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ არ გავიხსენოთ 75 მილიონად ნაყიდი “ჯაველინები”. დაზეთეთ მაინც, ბატონებო, ჟანგი არ მოეკიდოს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი გადასახადებიდან შეკოწიწებული 75 მილიონი გვაქვს გადახდილი თუ გადაყრილი. ტანკს თუ არა, ვირუსს მაინც ესროლეთ.
ბესო ბარბაქაძე