Home რუბრიკები საზოგადოება “ეგრე არ დარჩეთ, ხალხნო!”

“ეგრე არ დარჩეთ, ხალხნო!”

”დარჩით სახლში!” – ღამე რომ გამოგეღვიძოს, ალბათ, ამ ფრაზას იტყვი საწოლზე წამომხტარი ადამიანი, იმდენჯერ გვიმეორებენ ტელევიზიით, საათობრივად… ნებისმიერი ვირუსი საშიშია, განსაკუთრებით ახალი ვირუსი, როდესაც მისგან განსაკურნად პირდაპირი მოქმედების წამალი არ არსებობს. ამაზე არ ვდავობთ, გასაგებია… მაგრამ, მოდით, ცოტა თვალები გავახილოთ და სხვა კუთხით შევხედოთ ყველაფერს. 

დღეს პრემიერმა, თავისი გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყანა დატოვა ”სახლში”, უმოქმედოდ! იცით რა მაინტერესებს? იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, რომლებიც ვეღარ ღებულობენ თვიურ ხელფასს, 300-400 ლარს, გნებავთ 500 ან 600, რომელიც ისედაც არ ჰყოფნიდათ თვიდან თვემდე საარსებოდ, ”სახლში დარჩენილებმა”, რისი იმედი უნდა იქონიონ? იმ ადამიანებმა, რომლებიც ბაზრობებზე (პირობითად) მაისურს ან წინდას ყიდიან და რამდენსაც გაყიდიან, იმდენი ერთი ან ორი ლარი რომ რჩებათ და ის არის მათი არსებობის საშუალება, რა უნდა ქნან? რა უნდა ქნას იმ ადამიანმა, რომელიც თავისი ხელფასის ნაწილს ბინის ქირაში იხდის და დღეს ის ხელფასი დაკარგა… რა უნდა ქნას იმ ბინის მეპატრონემ, რომელიც სწორედ ამ ადამიანის მიერ გადახდილი ქირის იმედად იყო? ზოგიერთი ”კოლმეურნეობის თავჯდომარისგან” განსხვავებით, ხომ ვხედავთ, რომ ყველაფერი ერთმანეთზეა ჯაჭვივით გადაბმული.

ყველაფერს დასავლეთის მაგალითზე რომ ვაკეთებთ, დასავლეთში მცხოვრებთ მაღალი ხელფასები აქვთ, აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენგან განსხვავებით, ბანკში დანაზოგი აქვს და ერთი-ორი თვით უხელფასოდ დარჩენა მათთვის ”ქვეყნიერების დასასრულს” არ წარმოადგენს. ჩვენი ქვეყანის ეკონომიკა, თითქმის მთლიანად, საცალო ვაჭრობაზეა აწყობილი – ასეთია დღევანდელი სამწუხარო რეალობა. ქვეყნის ასეთი გაჩერება ხომ ისედაც მწირი ეკონომიკის ნგრევას ნიშნავს. უბრალოდ, დავფიქრდეთ, რამდენი საცალო მოვაჭრეა დღეს გაჩერებული, რამდენი კაფე-ბარის, არასასურსათო მაღაზიის, სხვადასხვა სფეროს მომსამსახურე პერსონალი დარჩა უხელფასოდ. მარტის თვე უკვე გავიდა და აპრილის თვე, როგორც პრემიერი გვემუქრება, ამ მხრივ, გაცილებით მკაცრი გვექნება. ხელისუფლება პროდუქტებზე ფასების ზრდას, სადღეისოდ, ხელოვნურად აკავებს, რადგან ლარი ძალიან გაუფასურდა და თითოეული პროდუქტის თვითღირებულებამ, ბუნებრივია, მოიმატა.

საზოგადოების საშუალო ფენა ღარიბდება, ღარიბი ადამიანი კიდევ უფრო ღატაკდება. ასეთი სიტუაცია, ერთმნიშვნელოვნად, კატასტროფულად ზრდის უფსკრულს მდიდრებსა და ღარიბებს შორის, მთლიანად ანგრევს საზოგადოებას.

ორი თვის შემდეგ მოვა ზაფხული, დაცხება და ვირუსიც უკან დაიხევს, ეპიდემია შეწყდება… რა სურათი გვექნება ქვეყანაში? დღეს ”სახლში დარჩენილი” ხალხი გამოვა გარეთ და დაინახავს, რომ ყველაფერი გაძვირებულია, ფული კი, არ აქვს. უფულობა და გაჭირვება თავისთავად ზრდის კრიმინალს!

ჩვენ კი, დღეს ვდგავართ და ხბოს აღტაცებით, ყოველდღიურად ვითვლით – ამდენი ადამიანი დაინფიცირდა, და ამდენი – გამოჯანმრთელდა.

ბოლოს, დავასრულებ ჩვენი პრემიერის მენტორული, ჭკუისდამრიგებლური ტონით – ხელისუფალნო, ცოტა მასშტაბურად იაზროვნეთ… ყველამ! ნუ უყურებთ პრობლემას ვიწრო ჭრილში, თითქოს მარტო ვირუსის დამარცხება იყოს ქვეყნისთვის მთავარი ამოცანა, იდეაფიქსი… და ნუ გადააყოლებთ ”ნაბან წყალს” მთელ ქვეყანას!

ლევან ზანგურაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here