Home რუბრიკები საზოგადოება სულ უკან და უკან: რა და როგორ შეიცვალა საქართველოში ბოლო 30 წლის...

სულ უკან და უკან: რა და როგორ შეიცვალა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში

გრაფიკი #1 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG

სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დატოვა საბჭოთა კავშირი, რომელმაც, თავის მხრივ, 1991 წლის დეკემბერში ბელოვეჟის შეთანხმებით შეწყვიტა არსებობა. იმ პერიოდისთვის საქართველოში უკვე დაწყებული იყო სამოქალაქო დაპირისპირება და რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იყო სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ფორმირებები. წინამდებარე სტატიის მიზანი არ არის გარკვევა იმისა, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი. ეს, უბრალოდ, ფაქტია და მეტი არაფერი. მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა. ისტორიული თვალსაზრისით ეს არ არის დიდი დრო, მაგრამ ერთი ადამიანის სიცოცხლისთვის მთელი თაობაა.

რა შეიცვალა მას შემდეგ და რა მიმართულებით შეიცვალა? _ ამ კითხვაზე მიმომხილველთა უმეტესობა პასუხს ძალიან ემოციურად სცემს. ემოციები კი, როგორც წესი, რეალური სურათის აღქმას ხელს უშლის. ფაქტია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებების პერიოდი იყო. კარგი იყო ეს ცვლილებები თუ ცუდი, ცალკე საკითხია. მხოლოდ გაკვრით შევნიშნავ, რომ კარგიც და ცუდიც ბოლო 30 წელიწადში საკმარისზე მეტი იყო, იმდენი, რომ ამ ცვლილებების გადამუშავებას თაობები დასჭირდება.

ამჯერად შევეხები მომხდარი ცვლილებების რამდენიმე ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტს. ერთი სტატიის ფარგლებში ასეთი მასშტაბის მოვლენების ამომწურავი მიმოხილვის პრეტენზია ძალიან არასერიოზული იქნება.

მდგომარეობის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე მახასიათებელი მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებელია. 1989 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოში 5.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის მონაცემებით კი _ 3.7 მილიონი. დაახლოებით ამდენივე იყო მოსახლეობის რაოდენობა 2018 წლის მონაცემებითაც _ მოსახლეობის რაოდენობა 31 პროცენტით, .. არსებითად შემცირდა. შეიძლება ვინმემ მითხრას, რომ 1989 წლის აღწერაში ჩართული იყო აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი და ამ ორი მაჩვენებლის შედარება არ შეიძლება, მაგრამ მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემებში შედარების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა მოცემულია 1965-2018 წლების პერიოდში სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ამდენად, მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე განთავსებული დროითი მწკრივის შედარება დაშვებულია.

როგორც მონაცემები აჩვენებს, 1965-1990 წლებში მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებელი ერთმნიშვნელოვნად იმატებდა. მაჩვენებლის მატება, პრაქტიკულად, წრფივია, რაც იმას ნიშნავს, რომ მატების ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი არის დრო. 1993 წლიდან დაიწყო მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, რომელიც დღესაც გრძელდება.

საინტერესოა, როგორი იქნებოდა მოსახლეობის რაოდენობა, ყველაფერი რომ ისე გაგრძელებულიყო, როგორც 1989 წლამდე იყო? რასაკვირველია, ეს საკმაოდ თამამი ფანტაზიაა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1965-1989 წლებში ჩამოყალიბებული ტენდენცია პრაქტიკულად წრფივია, ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია. სხვა თანაბარ პირობებში მოსახლეობის რაოდენობა 2018 წელს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე 5.8 მილიონი იქნებოდა, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით _ 6.6 მილიონი.

(იხ. გრაფიკი #1)

ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით ბოლო 30 წელი საქართველოსთვის კატასტროფული იყო. საინტერესოა, როგორი იყო ბოლო 30 წელიწადი ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებისთვის.

იმავე მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ცვლილებები რესპუბლიკებისთვის არსებითად განსხვავებულია. მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებით საქართველო ბოლოდან მესამე ადგილზეა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1989 წელი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა აღებული, საქართველო უდავოჩემპიონიამოსახლეობის 31-პროცენტიანი შემცირებით, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეც შემცირება ძალიან არსებითია _ 22 პროცენტი.

 საქართველოსთან ერთად მოსახლეობის შემცირების მხრივ ბალტიისპირეთის ქვეყნებილიდერობენ”. ჩვენი უშუალო მეზობლებიდან სომხეთში მოსახლეობის რაოდენობა 17 პროცენტით შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანში 40 პროცენტით მოიმატა.

მოსახლეობის რაოდენობის მატებაა განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებში _ ტაჯიკეთში მოსახლეობის რაოდენობა 77 პროცენტითაა მომატებული, უზბეკეთში _ 65% -ით, ხოლო თურქმენეთში _ 63 პროცენტით. შუა აზიის რესპუბლიკებიდან ყველაზე ნაკლებად, “სულ რაღაც”, 47 პროცენტით ყირგიზეთის მოსახლეობამ მოიმატა.

საყურადღებოა, რომ მოსახლეობის რაოდენობა უმნიშვნელოდ შემცირდა რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთი მიგრანტების ერთ-ერთი უდიდესი მიმღებია, ცხადია, რომ ეს უმნიშვნელო შემცირება მნიშვნელოვანწილად იმიგრაციის დამსახურებაა.

(იხ. გრაფიკი #2)

გრაფიკი #2 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG
გრაფიკი #2 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG

ამდენად, დემოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველოსთვის ბოლო 30 წელი თამამად შეიძლება შეფასდეს, როგორც კატასტროფული.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 30 წლის დეტალური განხილვა ერთ საგაზეთო სტატიაში ვერ მოხერხდება და მხოლოდ რამდენიმე მაკროპარამეტრით შემოვიფარგლები. უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი. მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში სულ 17.6 მილიარდი 2010 წლის საერთაშორისო აშშ დოლარი იყო, რაც ერთ სულზე 4721 აშშ დოლარია. როგორც მსოფლიო ბანკის მონაცემებიდან ჩანს, საქართველოს ეკონომიკაში პრობლემები 1986 წლიდან დაიწყო, თუმცა ეს პრობლემები მეტნაკლებად 1988 წელს მოგვარდა, 1990 წლიდან კი კვლავ დაიწყო დაცემა და კატასტროფის სახე მიიღო 1992-1993 წლებში. 1995 წლიდან დაიწყო გამოცოცხლება, რომელიც მეტნაკლები წარმატებით დღემდე გრძელდება, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 1988 წლის ანალოგიური მაჩვენებელის 78 პროცენტია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 1988 წლამდე კიდევ 22 პროცენტი გვაკლია.

რა მოხდებოდა, ყველაფერი 1965-1985 წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციის მიხედვით რომ გაგრძელებულიყო? რასაკვირველია, ეს დაშვებაც ძალიან თამამია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1965-1985 წლებში ჩამოყალიბებული ტენდენცია მყარი და წრფივი იყო, ამ დაშვებას არსებობის უფლება აქვს. ასეთ შემთხვევაში, .., სხვა თანაბარ პირობებში მთლიანი შიდა პროდუქტი 2018 წელს 51 მილიარდი 2010 წლის აშშ დოლარი, ანუ დღევანდელზე თითქმის სამჯერ მეტი იქნებოდა.

(იხ. გრაფიკი #3)

გრაფიკი #3 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG
გრაფიკი #3 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG

ამდენად, დემოგრაფიული და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, სხვა თანაბარ პირობებში ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი 2018 წელს 4721-ის ნაცვლად 2010 წლის 8643 აშშ დოლარი (დღევანდელზე თითქმის ორჯერ მეტი) იქნებოდა. მეტ მთლიან შიდა პროდუქტთან ერთად მოსახლეობაც მეტი იქნებოდა და აქედან გამომდინარე, ეს განსხვავება მარტივად აიხსნება.

მოსახლეობის რაოდენობის შემცირებით არის განპირობებული ისიც, რომ ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი 2018 წელს უმნიშვნელოდ აღემატება 1988 წლის მაჩვენებელს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის სრული მოცულობა 1988 წლის მხოლოდ 78 პროცენტია. მოსახლეობა, ფაქტობრივად, შემცირდა 22 პროცენტით და სწორედ ეს 22 პროცენტია ის განსხვავება, რაც 1988 და 2018 წლის საერთო და ერთ სულზე გადაანგარიშებულ მაჩვენებლებს შორის აისახება.

(იხ. გრაფიკი #4)

გრაფიკი #4 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG
გრაფიკი #4 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG

საინტერესოა, როგორ შეიცვალა ანალოგიური მაჩვენებელი სსრკ-ის დანარჩენ ქვეყნებში. ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და მოლდავეთის 1991 წლამდე მაჩვენებლები მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე არ არის, ხოლო დანარჩენი რესპუბლიკებიდან ერთ სულზე მშპ-მ ყველაზე უფრო მეტად, 153 პროცენტით, თურქმენეთში მოიმატა. სომხეთში იგივე ცვლილება 145 პროცენტია, ხოლო ბელარუსში _ 112 პროცენტი. საქართველოში მატება მხოლოდ 1 პროცენტია, ანუ ერთ სულზე მშპ 1988 წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია მოსახლეობის 22-პროცენტიანი შემცირების ფონზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა.

აზერბაიჯანში ერთ სულზე მშპ-ს 82-პროცენტიანი მატება მოსახლეობის 40-პროცენტიანი მატების ფონზე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე, მაგალითად, ბელარუსში ერთ სულზე მშპ-ს 112-პროცენტიანი მატება მოსახლეობის 7-პროცენტიანი შემცირების ფონზე.

ცვლილების ვექტორი ყველაზე უარესი უკრაინას აქვს, სადაც ერთ სულზე გაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტი 1988 წელთან შედარებით 28 პროცენტით შემცირდა მოსახლეობის 16-პროცენტიანი შემცირების ფონზე. ასევე უარყოფითია ცვლილების ვექტორი ტაჯიკეთში, სადაც 1988 წელთან შედარებით ერთ სულზე მშპ 26 პროცენტით შემცირდა, მაგრამ მოსახლეობის 77-პროცენტიანი მატების ფონზე.

 (იხ. გრაფიკი #5)

გრაფიკი #5 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG
გრაფიკი #5 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG

ამდენად, მდგომარეობა მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც არ არის არსებითად გაუმჯობესებული. საყურადღებოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებითად შეიცვალა ეკონომიკის სტრუქტურა. 2018 წლის მონაცემებით (წყარო: მსოფლიო ბანკი), საქართველოს ეკონომიკაში დამამუშავებელი ინდუსტრიის წილი 8.8 პროცენტი იყო და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიდან ამ მაჩვენებლით მხოლოდ აზერბაიჯანს აღვემატებით, რომლის ეკონომიკაც ნედლეულის ექსპორტზეა ორიენტირებული. ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიდან გამორჩეულია ბელარუსი, სადაც დამამუშავებელი ინდუსტრიის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 21 პროცენტია.

სამწუხაროდ, მსოფლიო ბანკის საიტზე არ მოიპოვება იმავე მაჩვენებლის მონაცემები 1990 წლამდე, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი არსებითად არის შემცირებული. მაგალითად, საქართველოში 1996 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 17 პროცენტია, ხოლო 1996 წელს მრეწველობა, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო. 1996 წელთან შედარებით მშპ-ში დამამუშავებელი ინდუსტრიის წილის მაჩვენებელი განახევრებულია 1990 წელთან შედარებით.

(იხ. გრაფიკი #6)

გრაფიკი #6 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG
გრაფიკი #6 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG

დამამუშავებელ მრეწველობაში შექმნილი მშპ ნომინალურად იზრდება, მაგრამ მცირდება მისი წილი ეკონომიკაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები უფრო სწრაფად იმატებს, რაც საქართველოში, დამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარების დონიდან გამომდინარე, მისასალმებელი ტენდენცია ნამდვილად არ არის.

ზემოთ აღვნიშნე, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა თვისობრივად შეიცვალა. დეტალური აღწერა და ანალიზი ერთი საგაზეთო სტატიის ფარგლებს აღემატება. ეს ცვლილება, უწინარესად, დასაქმების სტრუქტურაზე აისახა. სტატისტიკის სხვა სამსახურებისგან განსხვავებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულია სამუშაო ძალისა და შინამეურნეობების გამოკვლევის მონაცემთა ბაზები, რაც ძალიან დიდი იშვიათობაა მთელ მსოფლიოში.

დღევანდელისგან განსხვავებით დეტალური სტრუქტურის ძველი მონაცემები, სამწუხაროდ, არ მოიპოვება, მაგრამ გამსხვილებული ჯგუფების შედარებითაც ნათლად ჩანს, რომ დასაქმების სტრუქტურა არსებითად არის შეცვლილი. პირველ რიგში, აღსანიშნავია დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 27-პროცენტიანი შემცირება. განსხვავებულია დასაქმების სტრუქტურაც. განსაკუთრებით ხაზგასასმელია დასაქმებაში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილის არსებითი ზრდა 1985-1990 წლების საშუალოდ 25-27 პროცენტიდან 2018 წლის თითქმის 40 პროცენტამდე. მთლიანად დასაქმებაში სოფლის მეურნეობის 25-პროცენტიანი წილიც ძალიან მაღალია, მაგრამ ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე 40 პროცენტი. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 80-იან წლებში მიწათმოქმედება გამსხვილებულ სამეურნეო ფართობებზე იყო, ხოლო 2019 წელს მიწათმოქმედების ბაზა საშუალოდ 2.2 ნაკვეთად ფრაგმენტირებული საშუალო 0.78 ჰექტარი მიწაა და, შესაბამისად, საქმიანობის ეფექტიც ძალიან დაბალია.

აგრეთვე, აღსანიშნავია დასაქმებაში მრეწველობისა და მშენებლობის სექტორის წვლილის შემცირება 1985-1990 წლების დაახლოებით 30 პროცენტიდან 2019 წლის 13 პროცენტამდე. 1980-იანი წლების მონაცემებიდან ვერ ხერხდება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორის გამოყოფა, თუმცა, დიდი ალბათობით, ამ სექტორის წვლილის შემცირება კიდევ უფრო არსებითია (ბოლო წლებში მშენებლობის ბუმის და შესაბამისად მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა შედარებით დიდი რაოდენობიდან გამომდინარე). ასევე აღსანიშნავია განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებში დასაქმებულთა წილის არსებითი კლება 20-21 პროცენტიდან 13 პროცენტამდე.

(იხ. გრაფიკი #7)

გრაფიკი #7 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG
გრაფიკი #7 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოში დასაქმების ასიმეტრიულ სტრუქტურასთან ერთად ძალიან დიდი პრობლემაა შრომის მწარმოებლურობა. დეტალური სექტორული ანალიზი ძალიან ღრმა კვლევას მოითხოვს და მოსაწყენი იქნება მკითხველისათვის. საკმარისია, განვიხილოთ საშუალოდ ერთ დასაქმებულზე გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ არის მომზადებული. ამ მაჩვენებლის მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველო ბოლო ადგილზე არ არის ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის, მაგრამ არც ლიდერია.

ერთ დასაქმებულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით ლიდერობენ ლიტვა და ესტონეთი, ხოლო აუტსაიდერები არიან ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ეს მაჩვენებელი გაანგარიშებულია 2011 წლის აშშ დოლარის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით (ანუ ე.წ. PPP) და ეს არ არის არც აშშ დოლარის გაცვლითი კურსი და არც საერთაშორისო აშშ დოლარი.

(იხ. გრაფიკი #8)

გრაფიკი #8 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG
გრაფიკი #8 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG

აქაც მნიშვნელოვანია ცვლილების ვექტორი. ყველაზე ბოლო პერიოდი, რომელთანაც მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე არსებული მონაცემების შედარება შეიძლება, 1991 წელია. ამ პერიოდისთვის, როგორც ზემომოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა უკვე გაუარესებული იყო. ამდენად, ზრდის ცვლილების მასშტაბის შედარებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ საწყისი წერტილი წინა წლებთან შედარებით დაბალია და, შესაბამისად, 1988 ან 1985 წელთან შედარებით ცვლილება გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

ამ მაჩვენებლის მიხედვითაც, 2019 წლის მონაცემებით, საქართველო ბოლო ადგილზე არ არის ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის, მაგრამ არც ლიდერია, არსებითად ჩამორჩება სომხეთს, ესტონეთსა და ყაზახეთს. ცვლილების თვალსაზრისით ყველაზე უარესი მდგომარეობა უკრაინასა და ტაჯიკეთშია.

 (იხ. გრაფიკი #9)

გრაფიკი #9 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG
გრაფიკი #9 წყარო: მსოფლიო ბანკი, DATA.WORLDBANK.ORG

ასეთია სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების ძირითადი ვექტორები ბოლო 30 წლის განმავლობაში. მდგომარეობა არათუ არ გაუმჯობესებულა, არამედ გაუარესდა კიდეც. რაც მთავარია, საქართველოში გაჩნდა კონფლიქტის ორი ზონა, რომელთა ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენის შესახებ სიტყვაც არ მითქვამს, მაგრამ ეს პრობლემა უპირველესია ყველა პრობლემათა შორის.

რასაკვირველია, ეს ცვლილებები სულაც არ აკნინებს 1990 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს უდავოდ იძლევა. კერძოდ. იმას, რომ მხოლოდ კეთილშობილური მიზანი წარმატების გარანტია არ არის და თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა შემსრულებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. წარმატება თითქმის გარანტირებულია, როდესაც კეთილშობილურ მიზანს პროფესიონალი ემსახურება. სამწუხაროდ საქართველოში, 1980-იანების ბოლოს ასეთი თანხვედრა არ მოხდა.

დასასრულ, მთავარი კითხვა _ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მერე?!

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ამის თაობაზე მკითხველის შეკითხვებს პასუხი გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” 2020 წლის მე-4 ნომერში გავეცი.

საქართველოში, უწინარესად, მომავლის მოდელია შესაქმნელი, ვინაიდან პროექტის გარეშე სახლის აშენება ძალიან არასერიოზული საქმეა. ასევე არასერიოზულია სახლის მშენებლობის დაწყებამდე პირსაბანი ნიჟარის ფერზე თავგადაკლული დისკუსია.

სხვათა შორის, ეკონომიკა ბერძნული სიტყვაა და სახლის მშენებლობას ნიშნავს.

ნოდარ კაპანაძე,

სტატისტიკოსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here