რომ გავიგოთ, როგორ ადამიანს ზრდის თანამედროვე სისტემა, ეთმანეთს შევადაროთ სსრკ–ს პერიოდში გადაღებული მულტფილმი “მაუგლი” და აშშ–ში შექმნილი იგივე მულტფილმი. ყურადღება მივაპყროთ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ “ფასეულობების ორიენტირების პროგრამირება”. გასაოცარია, როგორ განსხვავდება ეს მულტფილმები ერთმანეთისგან! და როგორი განსხვავებული ადამიანების აღზრდას ემსახურებიან ისინი.
პერსონაჟები
საბჭოურ ვერსიაში ყველა პერსონაჟს აქვს საკუთარი ქარიზმა, განუმეორებელი დინამიკა და სახე, ამერიკულ ვერსიაში კი ყველა პერსონაჟი ერთნაირია _ ერთნაირად მოძრაობენ, ერთნაირად ლაპარაკობენ, მოკლებულნი არიან ქარიზმას და მასხარებს ჰგვანან. აქედან გამომდინარე საბჭოურ ვერსიაში ნათლად ჩანს ძლიერი მხარეების წარმოჩენის იდეა.
“მაუგლის” საბჭოური ვერსია ძალიან ღრმა და ემოციურად ძლიერი მულტფილმია. მასში ლაპარაკია მეგობრობაზე, ურთიერთდახმარებაზე, თანაც გუნდში თითოეული თავის ძლიერ მხარეს წარმოაჩენს: კაა ბრძოლაში არ ერთვება, მაგრამ ის ბრძენია და სთავაზობს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს (მწითური ძაღლების დამარცხება და სხვ.); ბაგირა _ უბრალოდ, ქალურობის იდეალია, ალფა-ქალის. ის ძლიერი და საშიში, ამასთანავე, გრაციოზული და ნაზია, თანაც გამოცდილი და ბრძენი (სწორედ მან ააგორა მაუგლის გადარჩენის თემა); ბალუ შესანიშნავი მასწავლებელია; აკელა _ ბრძენი და სამართლიანი ლიდერი; დედა–მგელი მზად არის, სიცოცხლე გაწიროს “აყვანილი” შვილისთვის; შერხანი ძლიერი, მძვინვარე და ეშმაკია, ის თამაშის წესებს არ იცავს და ამისთვის დამსახურებისამებრ მიეზღვება. ტურა მშიშარა და მულტფილმის ყველაზე საზიზღარი პერსონაჟია. ყველა პერსონაჟი ქარიზმულია და ნათლად ხედავს თავის ადგილს ჯუნგლებში.
“მაუგლის” ამერიკულ ვერსიაში მსგავსი რამ არ არის. ყველა პერსონაჟი ერთნაირად მოსულელო და “სასაცილოა”. განსხვავებული პლასტიკის მიუხედავად, ყველას ერთნაირი გრიმასები და ემოციები აქვს. კონცეპტი შეცვლილია _ მაიმუნს სურს, ადამიანი გახდეს, სპილოები მწკრივში დადიან, თვითონ მაუგლის კი ვერაფრით გაურკვევია, ვინ უნდა იყოს, ვის მიბაძოს. ბაგირა კი, საერთოდ, ხვადია!
ატმოსფერო და კონცეპტი
საბჭოურ ვერსიაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ლამაზი და ჰარმონიული არ არის. მკაცრი საბჭოთა რეალიზმი _ ეს მინუსია, თუმცა თავისებურად სიმბოლურია, რადგან საშუალებას იძლევა, გაერთო და ჩაწვდე მულტფილმის არსს: ეძებე შენი ძლიერი მხარეები და იპოვე შენი ადგილი საზოგადოებაში. ძალა მეგობრობისა, კოლექტივის, ცნობილი “ჩვენ ერთი სისხლისა ვართ” კოოპერაციაა ამოცანის გადაწყვეტისას. ერთობლივი ძალებით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე მარტოდმარტო.
კოლექტივი _ ეს მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. და კვლავ ინდივიდუალიზმის პატივისცემა. თითოეული აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. შედეგად, კეთილი სძლევს ბოროტს. საბჭოური მულტფილმი გვასწავლის, ვიყოთ პატიოსანი, ძლიერი და ვითამაშოთ ნათელ მხარეს, რადგან უკუნეთი აუცილებლად დამარცხდება. პერსონაჟები მზად არიან იბრძოლონ და თავი გაწირონ იმისთვის, რაც მათთვის ძვირფასია, და ბედმა ისინი დააჯილდოვა სიმამაცისთვის _ პრობლემა გვარდებოდა ან მშვიდობიანი გზით (როგორც საბჭოზე), ან მათ სასარგებლოდ (როგორც მულტფილმის ბოლოს).
სიმამაცე და ღირსება ჯილდოვდება. უღირსებობა, ეშმაკობა, ლაჩრობა _ ისჯება.
ყველა შრომობს: მაჩვზღარბებს გოგრები გადააქვთ, მგლები ნადირობენ და სწავლობენ (!), დათვი ასწავლის, ლიდერი ხელმძღვანელობს და ა.შ. დასკვნა: იშრომე და მიიღებ შედეგს.
ამერიკულ მულტფილმში ყველა ერთმანეთს “უტყაპუნებს” და “ეკაიფება.” ეს თითქოს სახალისოა: მულტფილმის საერთო კონცეპტი (იდეა) თითქოს გასართობია. არ არის ერთი აზრი, არის შეხლა-შემოხლის ატმოსფერო, ეგოიზმი, თითოეული თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. იდეა: იმღერე, იცეკვე, “დაიკმაყოფილე მოთხოვნები” _ და ყველაფერი რიგზე იქნება. ერთი შეხედვით, ცუდი გზავნილი არ არის, პოზიტიურია, მაგრამ ძალიან ჰგავს გართობას და არა შემოქმედებითი საქმიანობის აგიტაციას.
ამერიკულ ვერსიაშიც არის მეგობრობის თემა. მაგრამ იქ თითოეულ პერსონაჟს რაღაცის მიღება უნდა მაუგლისგან ან თავისი აზრის თავს მოხვევა. ბოლოს ვეფხვთან ბრძოლაც მხიარული და უბრალოა, და მაუგლი ამ ბრძოლაში ძალიან თავისებურად იქცევა, თუმცა ამის შესახებ ქვემოთ.
ახლა ყველაზე მთავარი: პერსონაჟი და მისი ურთიერთობები
საბჭოურ ვერსიაში მაუგლი რამდენიმე სერიის განმავლობაში ვითარდება გონებრივად და ფიზიკურად. ის სულ უფრო წარმოაჩენს თავის ძლიერ მხარეებს, სულ უფრო აცნობიერებს, ვინ არის. ის ხდება უფრო ძლიერი, ჭკვიანი, სწრაფი. მგლების ხროვის ბელადი ხდება, ამარცხებს მომხდურ მტერს, იღებს ხანჯალს, ვეფხვს შიშველი ხელებით ამარცხებს.
თავდაპირველად სწავლობს, როგორც ბავშვი, მაგრამ მალე მოიპოვებს დამოუკიდებლობას და თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. აქტიურია, ინიციატივიანი. ის გაბედულად მოქმედებს და თავი ღირსეულად უჭირავს.
ამერიკულ ვერსიაში მაუგლი მომხმარებელია. ჭირვეული და მარტოხელაა. არ შეუძლია თავისი ადგილის პოვნა ცხოვრებაში. ცდილობს, ხან დათვი იყოს, ხან _ სპილო, ხან კიდევ _ სვავი. მორალი თითქოს აშკარაა _ იყავი ადამიანი, რაც ბედმა გარგუნა, მაგრამ საერთო ემოციურ ფონს ქმნის ძიების განცდა და სასოწარკვეთილება კონფლიქტის გამწვავებისას. და როგორ გვარდება ეს კონფლიქტი? მულტფილმის ბოლოს მაუგლი თვითონ კი არ იღებს ადამიანებთან მისვლის გადაწყვეტილებას, არამედ ის მიჰყავს წლოვანებასთან შეუფერებლად “სექსუალურ გოგონას”.
ამერიკულ მულტფილმში მაუგლიზე ზრუნავენ, მას მართავენ: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მაუგლის არჩევანი არის მხოლოდ ის, ვის მიანდოს საკუთარი თავი. თვითონ არაფერს წყვეტს, მის ნაცვლად სხვები იღებენ გადაწყვეტილებებს. ე.ი., შექმნილია მართული მომხმარებლის სახე და არა დამოუკიდებელი პიროვნების.
საბჭოურ ვერსიაში მაუგლი გულწრფელად მეგობრობს პერსონაჟებთან, ეხმარება მათ, და ისინი ერთობლივად წყვეტენ რაღაც ამოცანებს. ყველა დადებით პერსონაჟს კარგი ურთიერთობა აქვს ერთმანეთში და მუშაობს გუნდთან ერთად. ისახავენ კონკრეტულ მიზნებს და აღწევენ მათ.
ამერიკულ ვერსიაში პერსონაჟები ერთმანეთს ეჩხუბებიან, ისე იყოფენ მაუგლის თითქოს მას არჩევანი არ აქვს (არადა, მართლა ასეა) და თითოეულს სურს, თავის მიზანს მაუგლის მეშვეობით მიაღწიოს. პერსონაჟები მშიშრები არიან, ისევე, როგორც თვითონ მაუგლი. ყველა ნერვიულია, ისტერიკული და მეტისმეტი ემოციური _ ხშირად ცვლიან გადაწყვეტილებებს, არათანამიმდევრულები ქაოსურები და დაბნეულები არიან.
საბჭოურ ვერსიაში მაუგლი პატივს სცემს თავის ძმებს, იცავს მათ, ითვალისწინებს ბრძნულ რჩევებს, ისინი მხარში უდგანან ერთმანეთს და ერთობლივად მოქმედებენ. ამერიკულ ვერსიაში კი მაუგლი მარტოხელაა, არ სურს სხვა პერსორნაჟებთან ახლო ურთიერთობა; კონფლიქტი აგებულია იმაზე, რომ არავის ნდობა არ შეიძლება.
ფინალური სცენა
საბჭოურ ვერსიაში მაუგლი ენერგიული, საყვარელი ბიჭიდან ლამაზ, წარმოსადეგ, ძლიერ, ღირსეულ და გაბედულ მამაკაცად გადაიქცევა. მისი დაღვინების აპოგეაა ეპიკური და საკმაოდ სასტიკი გამარჯვება შერხანზე. მაუგლი ძმებთან ერთად მოიფიქრებს გეგმას და განახორციელებს. მარტო ებრძვის შერხანს და, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლაში კარგავს ხანჯალს, შიშველი ხელებით ამარცხებს ვეფხვს. გამარჯვებაზე მიუთითებს ქვაზე გადაფენილი ტყავი. შემდეგ მაუგლის სიყვარული ეწვევა და ხვდება, რომ ჯუნგლებში ვეღარ იცხოვრებს. ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს მგლების ხროვიდან, დატოვოს “თავისი მაღალი პოსტი” ახალი ცხოვრების დასაწყებად. მგლები ეთხოვებიან მას და ეუბნებიან, რომ, თუკი რამე დასჭირდება, მის გვერდით იქნებიან.
აღსანიშნავია მაუგლისა და გოგონას სცენაც. პირველ რიგში, ისინი უკვე “დიდები” არიან. გოგონას, წარმოსადეგი მაუგლის დანახვაზე, ხელიდან უვარდება დოქი და გარბის, მაგრამ ხშირად იხედება უკან. მას ეშინია მაუგლისი და აინტერესებს კიდეც. თვითონ მაუგლიც გარბის და ბალუს მკერდზე ტირის, იმიტომ, რომ მასში სიყვარულმა იფეთქა და ის ხვდება, რომ დროა, მივიდეს ადამიანებთან. და მგლების ხროვის ბელადი, ცბიერი მტრის დამმარცხებელი, რომელმაც ჯუნგლებში ბევრ რამეს მიაღწია, სიყვარულის გამო მიდის ადამიანებთან ახალი მწვერვალების დასაპყრობად.
ასეთია პროგრესისა და წინ გაბედული მოძრაობის ისტორია. ბოლო კადრებში უკვე ზრდასრული, ძლიერი და გაბედული მაუგლი სოფლის ფონზე ემშვიდობება ძმებს და მიდის ახალი ცხოვრებისკენ.
ახლა ვნახოთ, რა ხდება ამერიკულ ვერსიაში:
მაუგლი, როგორი გამხდარი ბიჭიც იყო, ისეთივე დარჩა _ ის არ გაზრდილა, არანაირი ევოლუცია არ განუცდია. ის ბავშვია, უბრალოდ, ბავშვი _ ჭირვეული, დაბნეული, მარტოსული, რომელიც არავის ენდობა. ის ეძებს, ვის შეიძლება დაუმეგობრდეს _ ადრინდელმა მეგობრებმა ხომ ყველამ მოატყუა…
მაუგლი შეხვდება სვავებს, და იპოვის შერხანი. ახალი მეგობრები ლაჩრებივით გარბიან, მაგრამ მაუგლი არ იბნევა და თითქოს არც ჩხუბის ეშინია. შერხანი, როგორც ტიპური ამერიკელი ბოროტმოქმედი, მყისვე არ ანადგურებს გმირს _ გადაწყვეტს, დაელაპარაკოს და წაეთამაშოს. ბოროტმოქმედის ტიპური შეცდომა. ამ მომენტში გამოჩნდება ბალუ და იწყებს ჩხუბს შერხანთან. მაუგლი გარბის, მაგრამ შემდეგ იპოვის ჯოხს და ურტყამს ვეფხვს, სანამ ის ბალუს ჰყავს დაჭერილი, მაგრამ, როგორც კი ვეფხვი თავს გაითავისუფლებს, მაუგლი გარბის ყვირილით _ “მიშველეთ!” შემდეგ შემთხვევით ხეს დაეცემა მეხი და, სანამ შერხანის ყურადღება სვავებისკენ არის მიპყრობილი, მას კუდზე მაუგლი ჯოხს მიაბამს, და შერხანი ლაჩრულად გარბის…
ბალუ თითქოს კვდება: ასაქვითინებელია სცენა, რომელშიც დათვი ბაგირასგან გამოსათხოვებელ სიტყვას ისმენს და მისგან სახეში სილას იღებს (!), როცა ყველა შეიტყობს, რომ ბალუ ცოცხალია. შემდეგ მიდიან ჯუნგლებში. მაგრამ მაუგლიმ დაინახა გოგონა და გადაწყვიტა ახლოდან შეეთვალიერებინა. ბალუ შენიშნავს: “არ წახვიდე იქ _ ყველა პრობლემა მათგან მოდის” (მითითება სხვა სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობაზე). მაგრამ მაუგლი ბავშვი აღარ არის, გოგონა მას ლამაზი თვალებით აჯადოებს, და მაუგლიც, თითქოს ჰიპნოზისგან ტრანსშიაო, მისდევს გაქცეულ გოგონას, რომელიც ხელიდან აგდებს დოქს, რათა მაუგლიმ აიღოს და მიუტანოს. ბალუ უყვირის მაუგლის: “გატეხე, წავიდეთ ჯუნგლებში!” მაგრამ მხრებს იჩეჩს და გაბრუებული გოგონას მისდევს.
პერსონაჟები მღერიან სიმღერას, რა კარგია ჯუნგლებში ცხოვრება და დასასრული.
კიდევ რამდენიმე შენიშვნა. საბჭოურ ვერსიაში ძირითად პლანზე სახეებია და არ ჩანს უკანალი. ამერიკულ ვერსიაში კი სწორედ სხეულის ეს ნაწილი თამაშობს მნიშვნელოვან როლს და ხშირად არის წინა პლანზე. საბჭოურ ვერსიაში არ არიან აშკარად ბრიყვი პერსონაჟები. ამერიკულ ვერსიაში კი ყველა პერსონაჟი გონებაჩლუნგია.
საბოლოო ჯამში
საბჭოური მულტფილმი ზრდის ძლიერ, გაბედულ, მამაც და დამოუკიდებელ პიროვნებას, რომელიც ისახავს მიზნებს და აღწევს მათ. იყენებს კოლექტივის ძალას. ითვალისწინებს მოკავშირეებისა და მტრების ძლიერ მხარეებს და მოქმედებს გაბედულად და ეფექტიანად. ეს არის ძლიერი, თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული ლიდერი მამაკაცი ღრმა გრძნობებით. ბიჭის როლი მამაკაცად გაზრდაა.
ამერიკული მულტფილმი ზრდის მონას _ ჭირვეულს, ურწმუნო მომხმარებელს, ნევროზულს, მარტოსულსა და მოტყუებულს. რომელსაც ყოველთვის მართავს ვიღაც. რომელმაც არ იცის თავისი ძლიერი მხარეები, არ აწყობს გეგმებს, არ იღებს გადაწყვეტილებებს. ამას მის ნაცვლად სხვები აკეთებენ, მას მართავენ. ბოლოს აღმოჩნდება, რომ მაუგლი სულაც არ არის მთავარი პერსონაჟი. მთავარი პერსონაჟები არიან: უდარდელი დათვი და ბაგირა _ მამაკაცი, რომლებიც მართავენ ჯუნგლებს.
და, სხვათა შორის, იუმორზე. იუმორი საშუალებას გვაძლევს, ინფორმაცია არ აღვიქვათ კრიტიკულად და გავაფართოვოთ დასაშვების ზღვარი: ეს ხომ ხუმრობაა, ეს ნორმალურია. ამიტომ მითითებების მიცემა სწორედ იუმორის მეშვეობით არის კარგი. როდესაც ბავშვი უყურებს მულტფილმს, მას ჯერ ძალიან ცოტა გამოცდილება აქვს იმის გასარჩევად, რა არის ნორმალური და რა _ არა. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მულტფილმში პერსონაჟები რაღაცნაირად იქცევიან, და მათ არავინ კიცხავს _ ბავშვი ამ ქცევის მოდელს აღიქვამს, როგორც ნორმას, და ცხოვრებაში გადააქვს ის, რასაც ხედავს. ბავშვი, რომელიც უყურებს საბჭოთა მულტფილმს, იფიქრებს, რომ სიმამაცე და ღირსება ნორმალურია; მიზნების დასახვა და მათი მიღწევა ნორმალურია; ბრძოლა და გამარჯვება ნორმალურია. იყო საკუთარი ბედის შემოქმედი ნორმალურია. ბავშვი, რომელიც უყურებს ამერიკულ მულტფილმს, იფიქრებს, რომ, როცა ვიღაც გმართავს ნორმალურია; ღალატი და მარტოობა ნორმალურია, ნერვიულობა და ჭირვეულობა ნორმალურია, იყო მომხმარებელი ნორმალურია.
ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ მულტფილმს უყურებთ თქვენ და თქვენი შვილები (ძმისშვილები, დები, ძმები). რას დაინახავენ ისინი? ქცევის როგორი მოდელები იქნება მათთვის ნორმალური? რას განახორციელებენ ისინი ცხოვრებაში? და რას მოიმოქმედებთ თვითონ?
აი ეს არის სწორედ აღზრდა, ეს არის განათლება. დღეს ისინი უყურებენ დისნეის მულტფილმებს, ხვალ მოუსმენენ პაპსას, ზეგ მათი იდეალები და ფასეულობები შეიძენენ დასავლური კულტურისთვის დამახასიათებელ ეგოისტურ და მომხმარებლურ შეფერილობას. ყველაფერი უფრო სერიოზულადაა, ვიდრე გგონიათ. პრობლემის იგნორირებით, ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს მას, უბრალოდ, ძალაუფლებას გადავცემთ მათ, ვინც მასზე უარს არ იტყვის.
აი, ეს არის სულ. ინფორმაციის მეშვეობით _ ფილმებით, მულტფილმებით, მუსიკით, თამაშებით და ა.შ. _ მიმდინარეობს ვიღაცისთვის სასურველი ქცევის შაბლონების თავსმოხვევა. ეს განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვებზე. ამიტომ იყავით ფხიზლად! შექმენით ნათელი, ძლიერი, პატიოსანი, მამაცი! გაფილტრეთ ინფორმაციის ნაკადი თქვენთვის და, უწინარესად, თქვენი შვილებისთვის.
ინტერნეტში გამოქვეყნებული დანილ შარგანის წერილის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ