Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: ვლადიმერ პუტინმა სკულპტურით, რომლის სახელწოდებაა “გადასვლა ბალკანეთში”, ყველას დაანახვა, რომ...

გულბაათ რცხილაძე: ვლადიმერ პუტინმა სკულპტურით, რომლის სახელწოდებაა “გადასვლა ბალკანეთში”, ყველას დაანახვა, რომ ის იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც მუდმივად გამარჯვებულია

გულბაათ რცხილაძე

5 მარტს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კრემლში ეახლა. შეხვედრა მას შემდეგ შეიქნა საჭირო, რაც სირიის პროვინცია იდლიბში საომარი ოპერაციები დაიწყო. კრემლში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრისას პოლიტოლოგების გარკვეული ნაწილის ყურადღება მიიქცია სკულპტურამ, რომლის ფონზეც მოლაპარაკება მიმდინარეობდა. რის სიმბოლოს წარმოადგენდა სკულპტურა და რა გათვალა რუსეთის პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა ამით _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:

_ ერდოღანი კრემლში ჩავიდა იმ დაძაბულობის განსამუხტავად, რომელიც შეიქმნა სირიაში, კერძოდ, იდლიბის პროვინციაში, სადაც შერეული მოსახლეობაა, მათ შორის, თურქმენული წარმოშობის, რომელიც ორიენტირებულია თურქეთზე. იქ თავიდანვე მოქმედებდნენ ტერორისტული ჯგუფები, რომლებმაც სახელი გადაირქვეს და წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთისა და სირიის მთავრობის გეგმას. ეს გეგმა ერდოღანთან ერთად შეიმუშავეს სოჭში გამართულ შეხვედრაზე. სოჭში მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს თავისუფალ მიმოსვლას ალეპოსა და დამასკოს შორის.

თურქული მხარე დაინტერესებულია თურქმენული ტომების დაცვით, ხოლო რუსეთი იცავს სირიის ლეგიტიმური მთავრობის ინტერესებს იდლიბის პროვინციაში, რომელიც სირიის ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვანია და რაც ალეპო-დამასკოს ტრასას უკავშირდება. რუსეთი, რომელიც ჩართულია სირიის კონფლიქტში, დაინტერესებულია იმით, რომ ეს ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი იყოს, რადგან ბევრ სფეროში კონტრაქტი აქვს გასაფორმებელი…

მოსკოვში თურქეთის პრეზიდენტის ჩასვლა სწორედ სიტუაციის განსამუხტავად მოხდა, რადგან რუსეთსა და თურქეთს შორის დიდი ენერგეტიკული პროექტები ხორციელდება.

ვლადიმერ პუტინმა სკულპტურით, რომლის სახელწოდებაა “გადასვლა ბალკანეთში”, ყველას დაანახვა, რომ ის იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც მუდმივად გამარჯვებულია

_ საქართველოს ხელისუფლება და არა მხოლოდ საქართველოსი, რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებს და იდლიბში განვითარებულ მოვლენებს სწორედ მას აბრალებს

_ ჩვენი ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ტაკიმასხარაობს, რადგან თვით რუსეთმა მიუსამძიმრა თურქეთს და შეხვედრისას პუტინმა გაიმეორა სამძიმრის სიტყვები _ რუსეთი თანაგრძნობას გამოხატავს თურქი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. ერდოღანმა მიიღო ეს სამძიმარი. მას არ უთქვამს, რომ რუსები აგრესორები არიან. ასე რომ, ჩვენს ქვეყანას მსგავს საკითხებს არავინ ეკითხება.

_ ნატოს დიდი აქტივობა არ გამოუჩენია თურქეთის დასაცავად, მხოლოდ შეშფოთებითა და მოწოდებებით შემოიფარგლა. არადა, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანააეს საკითხი საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ნატოს ქოლგის ქვეშ ვეძებთ თავშესაფარს

_ როდესაც თურქეთისთვის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და იდლიბში თურქი ჯარისკაცები დაიხოცნენ, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, პოზიცია ცოტა სასაცილო იყო. მან მაშინვე გამოთქვა შეშფოთება, აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს თურქეთს, ამიტომ ნატო შეიკრიბება, იმსჯელებს, მეოთხე პუნქტს (და არა მეხუთეს) განიხილავს და გააღრმავებს თურქეთის მხარდაჭერასო. ეს მათი მხრიდან იყო პროვოკაციის მცდელობა. სტოლტენბერგმა დაგმო შექმნილი ვითარება და სურდა რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების რადიკალური გაუარესება. ნატოს გენმდივანს აჰყვნენ მსოფლიოს პოლიტოლოგები და დაიწყეს საუბარი, რომ იქნება დიდი ომი. სინამდვილეში კი, რუსეთი და თურქეთი იდლიბის გამო სრულმასშტაბიან ომში არ ჩაებმებიან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით ერდოღანისთვის, იმიტომ, რომ თურქეთის თავკაცს სურს, გამოჩნდეს ძლიერ ფიგურად თავის ქვეყანაში. მას სურს, თავის ხალხს დაანახვოს, რომ აგვარებს სიტუაციას სირიაში, ამისათვის არ ერიდება ცეცხლის გამოყენებასაც კი. რუსეთი არ არის წინააღმდეგი, რომ ერდოღანი იყოს ძლიერი ფიგურა თურქეთში.

მნიშვნელოვანია ამერიკელი დიპლომატის, ჯონ ჰერბსტის, წერილი იმ პროცესებზე, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა: აშშ სირიაში პარტნიორები არ ჰყავს; ნატო თურქეთს არ დაეხმარება. იდლიბის პროვინციაში ვითარების გამწვავება არ უნდა გახდეს სირიაში აშშის დაბრუნების მიზეზი, ბაშარ ასადის დამხობის მიზნით; ქურთების გარდა, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე მოქმედებენ, ამერიკას არ ჰყავს შესაფერისი პარტნიორები, რომლებიც სირიის არმიას ეფექტიანად დაუპირისპირდებიან.

სირიის ჩრდილო-დასავლეთით მიმდინარე შეჯახებები ადასტურებს, რომ კრემლს აქვს ზღვარი, სადამდეც იგი თანახმაა, ელოლიავოს თურქეთს. მაშინ, როდესაც პუტინი ათი წლის განმავლობაში მოხერხებულად ქმნიდა უთანხმოებას თურქეთსა და ნატოს შორის, მან ნათლად მიანიშნა, რომ სირიაში რუსეთის მიღწევები მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ურთიერთობები ერდოღანთან… როგორც ჩანს, პუტინმა გათვალა, რომ თურქებზე დარტყმა არ გამოიწვევს ნატოს გამოსვლას თურქეთის მხარეს, იმიტომ, რომ ერდოღანის პოლიტიკა სირიაში დასავლეთის მიერ პრობლემურად აღიქმება”.

ჰერბსტი ასევე დარწმუნებულია: “იდლიბში თურქეთის ჯარის მიმართ დარტყმები ხაზს უსვამს თურქეთის იზოლაციას ერდოღანის მერკანტილური პოლიტიკის შედეგად. მან უნდა შეიგნოს, რომ მოსკოვი სირიაში მის წინააღმდეგ წავა, თუკი თურქული ჯარები შეეწინააღმდეგებიან ასადის წინსვლას. მან ასევე უნდა გაიგოს, რომ ნატო მხარს არ დაუჭერს, თუკი მისი თაღლითური პოლიტიკა კონფრონტაციას გამოიწვევს. ერდოღანს ასევე უნდა სცოდნოდა, რომ სარაკეტო სისტემა ?-400-ის შესყიდვა ვაშინგტონს ამ კრიზისში თურქეთის მხარდაჭერის საშუალებას მოუსპობდა”.

საქმე ის არის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთსა და დასავლეთს შორის ძალიან მოხერხებულად შექმნა პრობლემები. იმას, რასაც ახლა სტოლტენბერგი შეეცადა, პუტინი დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდა და საკმაოდ კონსტრუქციულადაც. საბედნიეროდ, ერდოღანი არ წამოეგო სტოლტენბერგის უნიათო პროვოკაციას და არ დაუპირისპირდა რუსეთს. მან მხოლოდ სირიის ქმედებები დაგმო, ის ვერაფერს ვერ უბედავს რუსეთს.

ფაქტია, ნატო ძალიან დასუსტებულია, მას აღარ აქვს უნარი, ჩაერიოს ასეთ კონფლიქტებში, თუკი რუსეთი თვითონ არ აუნთებს მწვანე შუქს. შესაბამისად, სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაზე დასავლეთში ვეღარ ლაპარაკობენ.

_ კრემლში, ერდოღანისა და პუტინის შეხვედრისას საზოგადოებისა და პოლიტოლოგების გარკვეული ნაწილის ყურადღება მიიპყრო სკულპტურამრა სკულპტურა იდგა ბუხრის თავზე, რაზე მიანიშნა ამით რუსეთის პრეზიდენტმა და ჩვენც ხომ გვეხება ამ სკულპტურის შინაარსი?

_ ეს იყო დეტალი, რომელიც საქართველოს ბედკრულ წარსულს მოგვაგონებს; წარსულს, როდესაც საქართველოს არ ეკუთვნოდა აჭარა ბათუმითურთ. რა შუაშია პუტინი და ერდოღანი? _ მოგახსენებთ: კრემლში პუტინმა ერდოღანი მიიღო დარბაზში, სადაც ბუხარზე დევს ძვირფასი საათი, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის გამოჩენილი ხუროთმოძღვრის, ევგენი ლანსერეს, მინიატურული სკულპტურით მორთული. ლანსერეს ნამუშევარი ასახავს რუსეთის იმპერიის არმიის გმირულ ბრძოლას ოსმალებთან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე 1877 წელს, კერძოდ, ბულგარეთში. სკუპლტურას ასე ჰქვია: “გადასვლა ბალკანეთზე”.

1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთმა იხსნა ქრისტიანული ბალკანეთი, თურქეთმა აღიარა რუმინეთისა და სერბეთის დამოუკიდებლობა, შეიქმნა ბულგარეთის ავტონომია, რომელიც მალე დამოუკიდებელი გახდა, ქრისტიანები უფლებებით გაუთანაბრდნენ მუსლიმანებს ოსმალეთის სხვადასხვა პროვინციაში.

ამ ომის შედეგად (ბერლინის 1878 წლის კონგრესზე დამტკიცებული) საქართველოს დაუბრუნდა აჭარა ბათუმითურთ და ისტორიული ტაო-კლარჯეთი.

აქვე აღვნიშნავ, რომ სკულპტურის, რომლის წინაც პუტინმა ერდოღანი დასვა, ავტორი 1920-იანი და 1930-იანი წლების პირველ ნახევარში ტფილისში ცხოვრობდა და საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდებაც მიიღო (1933 წელს).

პუტინის პროტოკოლმა ბრწყინვალედ იმუშავა. სიმბოლურად, გარკვეული დოზით ამ ნამუშევარში საქართველოს ისტორიაც აისახა. უნდა გვახსოვდეს ეს ისტორია და მხოლოდ სააკაშვილის ავაზაკური პერიოდით არ უნდა გავზომოთ, პერიოდით, როდესაც ყველაფერი გაკეთდა ქართველების რუსების წინააღმდეგ განსაწყობად. ამას ვერ ეღირსებიან.

ვლადიმერ პუტინმა სკულპტურით, რომლის სახელწოდებაა “გადასვლა ბალკანეთში”, ყველას დაანახვა, რომ ის არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მუდმივად გამარჯვებულია, მით უმეტეს, თურქეთთან. სკულპტურა და მისი შინაარსი გვეხება ჩვენც, ეს იყო ქართველების გასაგონადაც.

_ 6 მარტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. ოფიციალურ ინფორმაციაში ითქვა, რომ ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა ალიევს მადლობა გადაუხადა. რისთვის გადაუხადა მადლობა ღარიბაშვილმა ალიევს?

_ ეს მართლაც სამარცხვინო ფაქტი იყო. ღარიბაშვილს, ნაცვლად იმისა, რომ განვითარებულიყო, დაბრძენებულიყო, პირიქით დაემართა. ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში დიპლომატიური კრახი განიცადა. მას შეეძლო, ენისთვის კბილი დაეჭირა. არავინ თქვას, რომ ალიევისთვის მადლობის გადახდა ღარიბაშვილს ამერიკამ დაავალა. აზერბაიჯანს არასოდეს უთქვამს საქართველოსთვის მადლობა იმის გამო, რომ მთიან ყარაბაღს სომხეთის ნაწილად არ ვაღიარებთ. აქ სამადლობელი არაფერია, ბუნებრივია, რომ მეზობელი ქვეყნები ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. მადლობის გადახდა ჩვენი მხრიდან იყო ნონსენსი, სამარცხვინო _ დავითგარეჯა საერთოდ არ იყო ნახსენები ამ შეხვედრაზე. მართალია, მშვიდობიანი, მაგრამ ტერიტორიული დავა გვაქვს ამ ქვეყანასთან, პრინციპში, არც ისე მშვიდობიანი, რადგან აზერბაიჯანელები სამხედრო ძალით არიან მოსულნი. რამდენიმე ხნის წინათ ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ბრიტანელებმა თქვეს, საქართველოს ტერიტორია წითელ ხიდთან დანაღმულია აზერბაიჯანის მიერ, როდესაც ტერიტორიაზე საერთაშორისო კომისია შეეცადა ტერიტორიის განაღმვას, იქითა მხრიდან ტანკებით მივიდნენ და გამოაძევეს. არადა, საქართველოს ტერიტორიაა. ეს ინფორმაცია არსად დაწერილა, არავის უთქვამს. ასე რომ, თავდაცვის მინისტრმა თავის საქმე აკეთოს, მადლობების გადახდას კი თავი დაანებოს. საერთოდ, ვინ დაგეგმა ეს ვიზიტი, ვინ მოიგონა, რაში გვჭირდებოდა?! ერთობლივად ვგეგმავთ რამეს? საქმეს თუ არ გააკეთებენ, რა საჭიროა ტყუილი ვიზიტები?!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here