1886 წელს ილია აქვეყნებს წერილებს სათაურით “კერძო და სათემო მიწათმფლობელობა”, რომლებშიც საქართველოში მიწის საკუთრების საკითხზე მსჯელობს, ქართველი გლეხკაცის მისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე. ილიას თქმით, მას ისე “მტკიცედა აქვს გულსა და გონებაში გამჯდარი ამა მიწების საშვილიშვილოდ კუთვნილება, რომ ვერასგზით წინააღმდეგს ვერ დააჯერებთ”-ო; გლეხები არიან სწორედ ის პატრონები, რომლებიც ჰყიდიან მას “ერთმანეთში თავისუფლად და დაუბრკოლებლივ” და ამის სრული უფლება აქვთო. დიახ, ერთმანეთში გაყიდვის და არა უცხოელებისთვის, გადამთიელებისთვის მიყიდვისა და სამკვიდროს დაკარგვის, რასაც, წლებია, სახელმწიფო აკეთებს.
“ჩვენი სოფელი დამყარებულია და აგებული კომლეულობაზედ”-ო, _ წერს ილია.
მაგრამ ჩვენი, XXI საუკუნის, ქართული სოფელი რაზეა დამყარებული და აგებული?
ვის ხელშია დღეს ქართული მიწა, ვინ ხნავს, თესავს და იღებს ჭირნახულს?
ამას წინათ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ერთი ემიგრანტი ქალის ნათქვამი გაიხსენა _ “მთვარე დავტოვე სახლის დარაჯადო”. ეს მწარე რეალობაა დღევანდელი საქართველოსი. სამწუხაროდ, მთვარის იმედად, გლეხის გარეშე დარჩენილი სოფელი ვერც აყვავდება და ვერც გაძლიერდება. ახლა, ალბათ, უნდა შევნატროდეთ იმ დროს, როდესაც ჩვენს გლეხკაცს უჭირდა სამკვიდროს დატოვება, რაზეც ილია მართალი წერს: “ძნელია ჩვენის გლეხკაცობისათვის ადგილიდამ დაძვრა, ამიტომაც იშვიათია ჩვენში უბინაოდ ტანტალი და სულ ცნობილი არ არის ერთგვარი დანაშაულობა, რომელსაც “ქპრლჭდნმჩეყივრ” ჰქვიან. ამიტომაც ჩვენში ბინადარს მცხოვრებს “მკვიდრი” ჰქვიან და არა “დგმური”, როგორც ზოგიერთს ენაშია”-ო.
საქართველო ოდითგან მიწათმოქმედების ქვეყანა იყო, სოფელს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ისევ დიდ ილიას თუ დავესესხებით, წინათ ჩვენებური გლეხკაცი სოფლის ცუდ გადაწყვეტილებას უფრო შეიწყნარებდა, ვიდრე გარეშე კაცის რჩევას. დღეს სადღაა ასეთი სოფელი?! განა სოფელი შეიძლება ეწოდოს რამდენიმე კაცისა და “მთვარის იმედად” დატოვებულ ეზო–კარ–მიდამოებს?!
ნუთუ დროსთან ერთად რეალობაც შეიცვალა და დღეს არც ისეთი ტრაგიკული და რთულია გაღატაკებული სოფლების მიტოვება და უცხოეთში გადახვეწა?! არადა, წინათ ჩვენში რომ გლეხკაცს თავი დაენებებინა თავისი ადგილისთვის, ჯერ გულიდან უნდა ამოეღო თავისი თემი, თავისი ოჯახის წარსული, თავისი მამა–პაპა, “რომელთა ნაშთი, ძეგლი თვითოეული ვაზია, თვითოეული ხეა, მამა–პაპის ხელით დარგული და ოფლით მორწყული, და რომელსაც იგი სამკვიდროს ეძახის. ყოველ ამის გულიდამ ამოღება ძნელია”.
დღეს ჩვენი მიწის მიმართ ინტერესს უცხოელები უფრო ავლენენ. 2017 წლის მიწურულს, როცა საქართველოს მიწების გასხვისების აკრძალვასა თუ შეჩერებაზე დაიწყეს საუბარი, საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში უკვე იყო ქვეყნის მიწების 5%. 2010 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში უცხოეთის მოქალაქეებმა საქართველოში სხვადასხვა სახის 37 386 მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირეს, ანუ 13 412 ჰექტარი დაისაკუთრეს. არადა, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სადაც თითო მოსახლეზე მაქსიმუმ 0,17% სასოფლო სამეურნეო მიწა მოდის.
ევროპასა და ამერიკას თუ ვბაძავთ, უპირველესად იმაში მაინც მივბაძოთ, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება _ ჩვენც ისევე გავუფრთხილდეთ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებს, როგორც ევროპელები და ამერიკელები, რომლებიც უცხოელებზე მიწის ძალიან ცოტა პროცენტს ასხვისებენ; უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის გაყიდვა არ შეიძლება!
კერძო და სათემო მიწათმფლობელობა
ვინც ჩვენებურს სოფლებს და მათს ეკონომიურს განწყობილებას და ვითარებას დაჰკვირვებია, ერთს დიდს ნაკლს შეჰნიშნავდა. ეს დიდი ნაკლი უფრო ძლიერ თავს იჩენს იმისთანა სოფლებში, საცა მომეტებული ნაწილი მკვიდრთა სახელმწიფო გლეხკაცობაა, ანუ, როგორც უწინ იტყოდნენ, სახასო. ამისთანა სოფლებში მიწათმფლობელობას ორგვარი თვისება შეჰრჩენია დროთა განმავლობაში, და რამოდენადაც დიდი ხანი გასულა, იმოდენად ეს ორგვარი თვისება მიწების მფლობელობისა უფრო განვითეულებულა და განმტკიცებულა გლეხკაცობის თვალში. ეხლანდელი სოფელი რომ გაშინჯოთ მიწათმფლობელობის თვალით, ჰნახავთ, რომ თითქმის ყოველი სახასო სოფელი მიწათმფლობელობის კვალობაზედ ორს დიდს ნაწილს წარმოადგენს. ერთი ნაწილი მიწებისა, უფრო უკეთესნი, უფრო შემუშავებულნი და უფრო მომცემნი, მკვიდრთა გლეხთაგან სათვითოოდ დაჩემებულნი არიან, კერძოდ განსაკუთრებულნი და საშვილიშვილოდ დაჭერილნი. ამგვარს მიწებს ზოგან ნაფუძრებს ეძახიან და უფრო ხშირად კი საბლის მამულებს. ამგვარი მიწები ჩვენთა გლეხკაცთა თვალში არაფრით და არა-ნიშნებით არ განირჩევიან კერძო საკუთრებისგან, თუმცა კი, გლეხს რომ ჰკითხოთ, იგი მიწები სახასონი და სახელმწიფონი არიან. ამისთანა მიწები მემკვიდრეობით გადადის ერთიდამ მეორეზედ; გლეხი, პატრონი მიწისა, აგირავებს, ჰყიდის ერთმანეთში თავისუფლად და დაუბრკოლებლივ. ჩვენს გლეხკაცობას არამაც თუ არ მოუთავსებია გულში, არამედ ფიქრადაც თავის დღეში არ მოსდის, რომ ამგვარ მიწის აღებ–მიცემობაში, გადასვლა–გადმოსვლაში ვინმე წინ დაუდგება და ხელს შეუშლის. ასე მტკიცედა აქვს გულს და გონებაში გამჯდარი ამა მიწების საშვილიშვილოდ კუთვნილება, რომ ვერასგზით წინააღმდეგს ვერ დააჯერებთ. საიდამ წარმოსდგა სასოფლო მამულებში ეს ამგვარი მიწათმფლობელობა სრული კერძო საკუთრების ნიშნებითა, როგორ გამოცალკევდა იმ საერთო მფლობელობიდამ, რომელიც უეჭველად ცნობილია მეცნიერებისაგან როგორც პირველყოფილი კაცთა საზოგადოების ეკონომიური ქვაკუთხედი, _ ესე ყოველი შორი და რთული ამბავია და ამჟამად ამას ჩვენ ვერ გამოვუდგებით. ხოლო ამას კი გულდაჯერებით ვიტყვით, რომ ეს საერთო მფლობელობა ჩვენთვისაც უცხო არა ყოფილა, როგორც არ ყოფილა უცხო მთელს ქვეყნის კაცობრიობისათვის. ამისი ნიშნები დღესაც თვალსაჩინოდ შერჩენია ჩვენს სოფელს, და მეორეგვარი სოფლის მიწებისა აშკარად გვეუბნებიან. ეს მეორეგვარი მიწები, ზოგან “სასოფლოდ” წოდებულნი, ზოგან “საზოგადოდ”, ზოგან “სათემოდ” და ზოგან “სახასოდაც”, იმისთანა მიწებია, რომელიც ნაყოფიერებით პირველებზედ ნაკლებია, სოფელს მოშორებული და არავისაგან არ-დაჩემებული. აქ ვინც პირველად და ყველაზედ უწინ გუთანს მოჰკიდებს და მოხნავს, მოხნული მიწა იმ წელიწადს იმისია, მეორე წელიწადს სხვა ჰხნავს და ჰხმარობს. ყოველს მკვიდრს სოფლისას ნება აქვს, საცა-კი სხვას დაასწრობს, იქ მოხნას და რამდენიც უნდა, იმოდენა მოხნას. ხშირად, როცა ამგვარი სათემო მიწები მოუხნავად ჰრჩება და წელიწადი ხელს აძლევს, ამ მიწებს სასოფლოდ დააყორუღებენ ხოლმე სათიბად, მთელი სოფელი ინახავს ყორუღს, და როცა სათიბად მოესწრობა, მაშინ ან სასოფლოდ სთიბვენ და მერე თივას იყოფენ, ან, მინამ გასათიბია, გასათიბს ადგილს წილ-წილად დაიყოფენ ერთმანეთში. თუ მიწები სათიბად არ ვარგან ან, ზამთრის საძოვრად სასოფლოდ გასცემენ, ბევრჯერ უცხო კაცზედაც, და აღებულს საბალახეს ან სასოფლო საჭიროებას ახმარებენ, ან იყოფენ ერთმანეთში. რაკი ამ სათემო მიწებში ყველა მკვიდრს სოფლისას ნება აქვს, საცა უნდა და რამდენიც უნდა ჰხნას, რა თქმა უნდა _ მდიდარი და შეძლებული გლეხი შეუძლებელსა სჩაგრავს, იმიტომ რომ შეძლებული ყოველთვის შეუძლებელსა დაასწრობს ხოლმე გუთანსაც და ფარცხსაც. გარდა ამისა, ვიწროობამ აიძულა ბევრი მკვიდრი, რომ მამული სხვებსავით გაისაკუთროს, დაიჩემოს. აქაც, რასაკვირველია, ყოველი გარემოება შეძლებულს გლეხს აძლევს უპირატესობას შეუძლებელის წინაშე. იშვიათი ამბავი არ არის, რომ შეძლებულს გლეხს სათემო მამულში უკეთესი და კარგა ბლომა ადგილები დაეჭიროს და დაეჩემოს საშვილიშვილოდ. ამ სახით, სხვანი ხელცარიელნი დარჩენილან და იმა შეძლებულისაგან თავისავე სათემო მამულს ღალით იღებენ, რომ როგორმე თავი ირჩინონ. აი ის დიდი ნაკლი ჩვენის სოფლის ეკონომიურ განწყობილებისა, რომელიც დღეს ჩვენის სოფლის ტკივილს შეადგენს და რომელიც მიწათმფლობელობის საქმეს ერთის მხრით ძლევამოსილად კერძო საკუთრებისკენ მიეზიდება, და მეორეს მხრით შესანიშნავის მარცხით _ სათემოსკენ. ამას, რასაკვირველია, შველა უნდა. ამისთანაებში ყოველთვის გამჭრიახმა და მგრძნობიერმა გლეხკაცობამ იგრძნო ეს ტკივილი და წამალიც უპოვნა. ბევრგან განაჩენებია დღეს შემდგარი, რომელშიაც გლეხკაცობამ აშკარად აღიარა, რომ სახასო სოფელი _სოფლისაა საერთოდ და არა თვითეულის მკვიდრისა საკუთრივ. დაუდო რა თავის განაჩენს ეს დედააზრი საფუძვლად, დაადგინა, რომ ყველა მკვიდრი იმოდენად მონაწილეა მთელს სოფლის მამულში, რამოდენის მსურველიც არის, თუ სასოფლო მამული ყველას სურვილს გასწვდა. და რაკი დღეს მეტნაკლებობაა ერთმანეთში და დიდი უსწორმასწორობა, განაჩინა _ ხელახლად დაიდვას საბელი და გაყოფილ იქმნას სასოფლო მამულები. ამისთანა განაჩენები უკვე შემდგარია ქართლსა, კახეთსა, სომხითსა და ტფილისის მაზრის სოფლების მიერ. ჯერ მარტო ტფილისის მაზრაში 45 სოფელს შეუდგენია ამისთანა განაჩენი, აქედამ 12-ს უკვე დაუყვია კიდეც მამულები, 11-ი შესდგომია დაყოფვასა. ქართლში 16-ს სოფელს შეუდგენია განაჩენი, მათში 10-ს კიდეც დაუყვია მამულები, 2-ს განაჩენი არ შეუდგენია და ხელი კი მიუყვია, და 4-ი უკვე შესდგომია და ბევრი სხვანი. ამაზედ არა ერთხელ მოგვიხდება კიდევ ლაპარაკი ჩვენს გაზეთში და დღეს მარტო აღვნიშნეთ რა ეს სასიამოვნო და ფრიად სასარგებლო ფაქტი, ჩვენის მხრით ვიტყვით, რომ ბატონყმობის მოსპობის მერმეთ ამისთანა დიდმნიშვნელობიანი და ერთობ დიდი საქმე, ჩვენის შინაურის ცხოვრების შესახები, არა ყოფილა, და არ მომხდარა.
* * *
სახასო სასოფლო მიწების დაყოფვა ახალი ამბავი არ უნდა იყოს ჩვენის ეკონომიურის ცხოვრებისათვის. ქართლსა, კახეთსა, სომხითსა, ფშავსა, ხევსურეთსა და თუშეთში, მთავრობის დახმარებით, ხელი მიუყვიათ კიდეც ამ საქმისათვის და სწორედ აქედამა სჩანს უტყუარად, რომ ჩვენს გლეხკაცობას ანდერძად დარჩენია ძველთა დროთაგან. თორემ ეს რომ ახალი ამბავი იყოს, იუცხოებდნენ ჩვენში, ახლა კი მშვიდობიანად და უჩუმრად შეიწყნარეს. გარდა ამისა, ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ გლეხკაცობამ ამ საქმეს ხელი მოსჭიდა თავისის საკუთარის თაოსნობით. ესეც უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენში ეგ მამულების დროგამოშვებით დაყოფვა ჩვეულებად ყოფილა ძველთაგანვე და ჩვენს გლეხკაცობას გუნებაში შეჰრჩენია, ანდერძად დარჩომია. რომ ამ დიდის საქმის წარმართვისათვის გზა გავიხსნათ, რომ შევიგნოთ, ხელი როგორ უნდა შეეწყოს, რათა ამ ძველმა ჩვეულებამ არ მიიძინოს, _ საჭიროა ცხადად წარმოვიდგინოთ, რასთანა გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ხშირად გვესმის სამდურავი და ჩივილი გლეხკაცობისაგან, ვითომც მამულების დაყოფვის საქმე, ყველასაგან თითქმის ერთმხრივ საჭიროდ აღიარებული, აღსრულებაში ცუდად მოდისო. ამისათვის ჩვენ საჭიროდ დავინახეთ, ამ დიდს და რთულს საქმის ზოგიერთ მხარესათვის, ჩვენის შეძლებისამებრ, ცოტაოდენი შუქი მიგვეყენებინა და ჩვენისა ეჭვი სხვისთვისაც გაგვეზიარებინა. მივიღებთ რა მხედველობაში, რომ მიწების დაყოფვა უსათუოდ სოფლის განაჩენით უნდა მოხდეს, _ აშკარაა, პირველი კითხვა ის არის: ჩვენში ვის უნდა ჰქონდეს ხმა განაჩენის დადგენაში? თვითოეულს მუშაკს კომლისას, თუ კომლის თავკაცსა?
მეორე: ვადა ხელახლად დაყოფვისა მერმისისათვის წინათვე უნდა იყოს მოხსენებული განაჩენში, თუ არა?
მესამე: მამულები კომლზედ უნდა დაყოფილ იქმნან, თუ მუშაკაცობაზედ კომლში? საჭიროა თუ არა, რომ განაჩენში წინათვე, მამულების რაოდენობის კვალად, განსაზღვრულიყოს უდიდესი და უმცირესი წილი თვითეულის კომლისა? კარ-მიდამო, ვენახები, ნაფუძრები გასაყოფს მამულში უნდა ჩავარდეს, თუ არა? შესაწყნარებელია თუ არა გლეხის საჩივარი, ოდეს იგი მამულის დამყოფავთაგან რასმე უსამართლობას ჰგრძნობს თავის-თავის შესახებ? თუ შესაწყნარებელია, როგორ და რა გზით უნდა აღდგენილ იქმნას დარღვეული სიმართლე გლეხისა? ვიდრე ამ ცალ-ცალკე საგანს ცალ-ცალკე პასუხს მივცემდეთ, საჭიროა, ყოველს ამას ერთი უტყუარი სათავე მოვუპოვოთ და იქიდამ წარმოვადგინოთ ყოველივე მსჯელობა. ამისთანა სათავე თითონ სოფელია.
პირველი, რასაც ამ შემთხვევაში ზედ უნდა წააწყდეს ძალაუნებურად კაცი, შემდეგია: თითონ ჩვენი სოფელი, როგორც ეკონომიური ცალი, თვითმყოფი ცალკე სხეული, რა საფუძველზეა დამყარებული და აგებული? არავინ არ შეგვეცილება ვსთქვათ, რომ ჩვენი სოფელი დამყარებულია და აგებული კომლეულობაზედ. …აქ, ჩვენში, სოფელი არა ჰხუთავს ცალკე კაცს, თავისუფალს გზას აძლევს, რადგანაც აქ, ჩვენში, სოფლის ჯუქამში მარტო კომლია და არა ცალკე კაცი. …საჭიროა, ჩვენის ფიქრით, ეს გარემოება ხელზედ მაგრად დაიხვიოს კაცმა მამულების დაყოფვის საქმეში და გაკანონდეს, რომ ამ საქმეში მარტო კომლის თავკაცსა ჰქონდეს ხმა. დანარჩენს საკითხავებზედ თავ-თავის დროს მოვილაპარაკებთ.
* * *
…ამ კომლზედ აგებულმა ჩვენებურმა სოფელმა სხვა გზითაც იჩინა თავისი თავისებურობა. ჩვენი ქვეყანა, უფრო ბევრწილად, და მომეტებულად _ რასაკვირველია _ ჰავითა და დედამიწის მომცემლობითა, სულ სხვაა, და ამ მხრით თითქმის არაფერში ჰგავს რუსეთსა. ამ ჰავისა და მიწის გამო ჩვენებური მიწათმფლობელობა სოფლისა სხვარიგად წარიმართა. ჩვენში ყურძენი და მრავალგვარი ხეხილი ჰხარობს, ვენახი და ხილნარი საკმაოდ სარჩოს მომცემია, ასრე რომ ბევრგან ჩვენის გლეხკაცის ცხოვრების იმედი ამაზეა დამყარებული. ვენახისა და ხეხილის გაშენება ცოტა ადგილს და დიდს გარჯას, დიდს ხარჯს, დიდს დროს თხოულობს. ვენახსა და ხილნარს შიგ ჩატანილი აქვს უკვდავ განძსავით წინაპართა მთელი ჯაფა, მთელი მხნეობა და მეცადინეობა. ამიტომაც, ჩვენებურ გლეხკაცს ვენახი და ხილნარი მარტო გამორჩომის წყაროდ კი არ მიაჩნია, არამედ იმ წმინდა აუზადაც, სადაც მის მამა–პაპას თვისი ოფლი მიუდენია და მიუბარებია საშვილიშვილოდ. ჩვენებურ გლეხკაცის თვალში მის ვენახს, მის ხეხილის ბაღს, მის ნაფუძარს თავისი ისტორია აქვს, მართალია _ ბუნდი, წარსულის ღრუბლისაგან გამოურკვეველი, მაგრამ ღრმად კი ჩაჭდეული გულში, რომ ვენახი, ხეხილის ბაღი, სალაროა მის წინაპართა ჯაფისა, გარჯისა და მხნეობისა. ამიტომაც ძნელია ჩვენის გლეხკაცობისათვის ადგილიდამ დაძვრა. ამიტომაც იშვიათია ჩვენში უბინაოდ ტანტალი და სულ ცნობილი არ არის ერთგვარი დანაშაულობა, რომელსაც “бродяжничество” ჰქვიან. ამიტომაც ჩვენში ბინადარს მცხოვრებს “მკვიდრი” ჰქვიან და არა “დგმური”, როგორც ზოგიერთს ენაშია. ჩვენში რომ გლეხკაცმა თავი დაანებოს თავის ადგილს, უნდა ჯერ გულიდამ ამოიღოს თავისი თემი, თავისის ოჯახის წარსული, თავისი მამა–პაპა, რომელთა ნაშთი, ძეგლი თვითოეული ვაზია, თვითოეული ხეა, მამა–პაპის ხელით დარგული და ოფლით მორწყული, და რომელსაც იგი სამკვიდროს ეძახის. ყოველ ამის გულიდამ ამოღება ძნელია. ამ გარემოებას სოფლის მამულის მფლობელობაზედ თავისი ზედმოქმედება უნდა ექონია. ეგ ზედმოქმედება იმაში სჩანს, რომ თუმცა ჩვენს სახასო გლეხობას სასოფლო მამული სოფლისად მიაჩნია საერთოდ, და ამ აზრს არა შემთხვევაში არ ეურჩება, მაგრამ ამასთანავე თავისი საკომლო ადგილ-მამული საშვილიშვილოდ ეგულება. აქ ერთის მხრით _ საშვილიშვილოდ გულვება მამულისა და _ მეორეს მხრით _ მამულების დაყოფვა, მაშასადამე, თითქმის თავისად არ-გამოლოდინება, ერთმანეთს ეპირისპირებიან, ვითარცა წყალი და ცეცხლი. პირველ შეხედვით საოცარია, როგორ მოუთავსებია ჩვენს გლეხკაცობას ორი ამისთანა ერთმანეთის დამშრეტი საგანი? მაგრამ, აბა ნახეთ, რა ჭკვიანურად, რა წინდახედულობით ერთი მეორესთან მოურიგებია და შეუთვისებია! ჩვენს გლეხკაცობას, რომელსაც უწამებია, რომ სოფელი სოფლისაა და ამასთანავე საშვილიშვილოდ გამოლოდინება მამულისა გულში ჩარჩენია, ვადა არ დაუდვია მიწების დაყოფვისათვის. მამული, მისის ფიქრით, კუთვნილია თვითოეულის კომლისა, ვიდრე სოფელს არ გაუჭირდება და თითონ სოფელი არ აღიარებს მამულების დაყოფვის საჭიროებას. ეს საჭიროება დამოკიდებულია მეკომურთა გამრავლებაზედ სოფელში და სხვა ამისთანა იშვიათ გარემოებაზედ, რომელიც ბუნებითად ძალიან გვიან–გვიან იჩენს თავსა და შორს მერმისს ეკუთვნის. ორმოცი და სამოცი წელიწადი გლეხკაცისათვის მთელი საუკუნოებია. თითონ სიტყვაც “საშვილიშვილო”, გლეხკაცისაგან ასე შეყვარებული და ასე ხშირად ხმარებული, სხვა არა არის რა, გარდა ორის თაობის დროთა სიგრძის აღნიშვნისა: შვილისა და შვილის შვილისა, თითქო ამას იქით გლეხკაცის თვალი აღარ სწვდებაო. …კერძო საკუთრების დიდი ღირსება, მის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთაგან ერთხმივად აღიარებული, მამულის ჭერის ხანგრძლივობაა ერთსა და იმავე ხელში, წინათვე ბოლოდაუნახველი და, მაშასადამე, წამქეზებელიც ადამიანისა, რომ მის გაპატივებასა და კეთებაზედ არასფერი დაჰზოგოს. ჩვენმა გლეხკაცობამ, რაც კარგი რამ არის კერძო საკუთრებასა და სათემო მფლობელობაში, ერთსაც ჩამოათალა და მეორესაც და ერთად შეადუღა. იმით, რომ ჩვენმა გლეხკაცობამ მამულების დაყოფვას ვადა არ დაუდვა და დროთა–მსვლელობას კი არა, იმისთანა გარემოებაზედ მიაგდო საქმე, რომელიც კაცმა წინათვე არ იცის, როდის გამოიჩენს თავს და გვიან–გვიანაც იჩენს, _ მიწათმფლობელობას ხანგრძლივობაც კერძო საკუთრებისა საკმაოდ შეარჩინა და სათემო მფლობელობის სამართლიანი სასწორიც არამცთუ უღელში არ გადასტეხა, არამედ გაუმრუდებლად შეიმაგრა ხელში. თუ ზემოთქმულს მხედველობაში ვიქონიებთ, პასუხიც აშკარაა და მზა იმ ორის საგნის გამო, რომელიც სხვათა შორის გუშინდელს წერილში მოვიხსენიეთ, სახელდობრ: ვადა წინათვე უნდა დანიშნულიყოს სოფლის განაჩენში სამერმისოდ მამულების დაყოფვის შესახებ, თუ არადა კომლეულობაზედ უნდა დაყოფილ იქმნას სასოფლო მამული, თუ არა? ამაებზედ ჰოს მეტი არა ითქმის რა ჩვენში. ჩვენ საჭიროდაც ვხედავთ, კანონად დაიდვას, რომ არამც და არამც სოფელმა განაჩენში არავითარი ვადა არ მოიხსენიოს და თითონ მამულების დაყოფვაში მარტო კომლი იყოს სახეში მიღებული და სხვა არა–რა.
* * *
…ჩვენ მაგალითები ვიცით, რომ მამულები დაეყოთ და სხვაგან წასულებისათვის სოფელს ცალკე მამული შეენახოს, ვინიცობაა მოვიდნენ, უმამულოდ არ დარჩნენო. ამ სახით, სოფლის მამულში მონაწილეობა ჩვენში, ცხადია, მარტო უფლება იყო და არასდროს მოვალეობად არ ყოფილა. რაკი
ესრეა, განსაზღვრას უდიდესის და უმცირესის წილისას თვითოეულ კომლისათვის არც სიმართლე და არც საბუთი აქვს ჩვენში. ამიტომაც, საცა–კი მამული საკმარისია, ყველგან მიღებულია, კომლმა, რამდენიც ჰსურს, იმდენი მამული დაიჭიროს… რასაკვირველია, ეს არ ითქმის იმ სოფლებზედ, საცა მამული ცოტაა, ვიწროობაა, და ყველას უნდა თანასწორი წილი ირგუნოს. აქ ჩვეულება კი არ მოქმედობს, არამედ გაჭირვება, და ამიტომაც ამგვარი შემთხვევა ჩვენის დედააზრის შესარყევად არ ივარგებს. მაშასადამე, წინათვე სოფლის განაჩენში მოხსენებ ამისი, რამოდენაზედ მეტი და რამოდენაზედ ნაკლები მამული არ უნდა ეჭიროს თვითოეულს კომლს, არ უნდა შეწყნარებულ იქმნას. ხოლო კი საჭიროა, სოფლის ყრილობამ თავის განაჩენს ცალკე სიაც ზედ დაართოს, რომელი კომლი რამდენს მამულს ნდომულობს, თუ ვინიცობაა მამული საკმარისია, თუ არადა, რაც ხვდება წილად, _ და სად უნდა მიეზომოს. ეს რომ აუცილებელ და უსათუო წესად დაიდვას, მაშინ სოფლის მამულების დამყოფნი ვერავის დასჩაგვრენ, თავის ნებაზედ არ მიუთითებენ, აი შენ აქ გარგუნეთ მიწაო, და ამით სათავეშივე მოწყვეტილ იქნება წყარო იმ სამდურავისა და ჩივილისა, რომელიც დღეს ბევრგან ისმის გლეხკაცთა მიერ. მაშინ მამულების დამყოფნი, სოფლის მიერ ამორჩეულნი, მარტო აღმასრულებელნი იქნებოდნენ იმისა, რაც დადგენილია სოფლის კრებისაგან, საცა თვითოეულს კომლს თავისი ხმა აქვს და, მაშასადამე, შეძლებაც _ თავისი ინტერესი ასე თუ ისე დაიცვას.
…სოფელი ჩვენებურ გლეხკაცისათვის დიდი ავტორიტეტია; ტყუილად კი არ ამბობს ხოლმე გლეხკაცი: ორმა კაცმა რომ გითხრას, _ ბრმა ხარო, უნდა დასჯერდეო. რაც უნდა ცუდად გადუწყვიტოს საქმე სოფელმა, ჩვენებური გლეხკაცი სოფლის ცუდ გადაწყვეტილებას უფრო შეიწყნარებს, ვიდრე გარეშე კაცის ცუდს განაჩენსა. ჩვენ ვამბობთ ცუდს მაგალითისათვის, ხოლო დარწმუნებული ვართ, რომ იშვიათი შემთხვევა იქნება _ სოფელმა აქ სიმართლეს უმტყუვნოს, თუ კრება სოფლისა, ანუ ყრილობა, როგორც ეხლა ეძახიან, კომლის ნამდვილ მოთავეთაგან იქნება შემდგარი. ჯერ საჯარო კრებაზედ ყოველთვის ძნელია სამართლის გამრუდება და მერე თითონ ნამდვილნი მოთავენი კომლისანი სიმართლის საიმედო თამასუქს წარმოადგენენ თავისის ღირსების და საქმის ვითარების ზედმიწევნილ ცოდნითა.
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე