დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება ეროვნული სიბრძნე და გონიერება, შეუცდომელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, საქმის გამკეთებელი მთავრობა, ინტელექტუალური პარლამენტი და გაწონასწორებული ოპოზიცია. ქართველებში ისტორიულად ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, მის პრობლემებზე მოფიქრალი ადამიანები, რომლებიც არ ჩანან და მათ არც არავინ ეძებს. თუ ვინმე თავისით გამოჩნდა, მას სვავებივით დააცხრებიან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ხომ ვხედავთ, რა დღეში აგდებენ ბატონ პრემიერმინისტრს, იმიტომ, რომ ძლიერია. ასეთების ეშინიათ. მაგალითი ბევრია.
საქართველო, სამწუხაროდ, მედროვეების ხელშია ჩავარდნილი და მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, ალბათ, ისევ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელიც ნაკლებად აქტიურია.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბრძოლა იმ პრივილეგიების გამო მიმდინარეობს, რომლებიც მმართველ გუნდს ჰქონდა და აქვს: მაღალი ხელფასები, სამჯერ მეტი პრემიებითა და დანამატებით და სხვა უამრავი სიკეთე. ხალხი და მისი კეთილდღეობა კი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ და ისიც… მორიგი დაპირებების მისაცემად, რომლებსაც ტრადიციულად არავინ შეასრულებს.
შეიძლება ზოგიერთმა ჩვენმა მკითხველმა კიდეც იცის, მაგრამ მე სხვების გასაგონად მოვიხმობ ამ თვალსაზრისით ფრიად საგულისხმო ფაქტს. ისრაელის სახელმწიფოს პირველ პრემიერმინისტრ ბენ–გურიონს პირველი თვის ხელფასი რომ მიუტანეს, იკითხა, რამდენიაო საშუალო ხელფასი ქვეყანაში. უპასუხეს და გაირკვა, რომ მისი ხელფასი 20-ჯერ აღემატებოდა საშუალოს. მაშინ მან ყველას გასაგონად განაცხადა, რომ ასეთი სხვაობა უსამართლობაა, რომ პრემიერის ანაზღაურება საშუალოზე, მაქსიმუმ, 5-ჯერ მეტი უნდა იყოს, მინისტრების _ ამაზე ოდნავ ნაკლები, ხოლო პერსპექტივაში მთავრობის წევრების ხელფასები უნდა დადგინდეს საშუალო ხელფასის ზრდის ან შემცირების პროპორციულად.
მან სასამსახურო მანქანაზეც უარი თქვა და თავისი ძველი “მერსედესით”, რომელსაც თავადვე მართავდა, გადაადგილდებოდა.
რაღაც არ მახსოვს (თუ ვცდები, გამისწორონ), რომ ქვეყანაში მთავრობის წევრებიდან ვინმეს უარი ეთქვა მაღალ ანაზღაურებაზე. მე ხაზს ვუსვამ მთავრობის წევრობას და ამასვე ვიტყვი სახალხო რჩეულებზე, პარლამენტის წევრებზე.
დღევანდელი საქართველო ბრძოლის ველს ემსგავსება, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას (და არა ხელისუფლებას) რაც შეიძლება მტკივნეული დარტყმებით ავნოს. არც ხელისუფლების ნაწილია ინერტული, ისიც იბრძვის.
კარგად გვახსოვს, როგორი ზარ–ზეიმით წარმოგვიდგინეს 2016 წლის პარლამენტის “ახალი სახეები”, რომლებმაც ასევე ზარ–ზეიმით უღალატეს “ოცნებას” და საქვეყნო საქმეს, ხოლო ყველაზე კრიტიკულ მომენტში “ახლების” ნაწილმა კიდეც დატოვა უმრავლესობა, ზოგიერთმა _ პარლამენტიც.
რაც შეეხება ოპოზიციას, მისი წევრები პარლამენტში თითქმის არ დადიან, მხოლოდ ხანდახან შეივლის ზოგიერთი ჰაერის გასაფუჭებლად… თუმცა ხელფასს ისინიც და მათი კოლეგებიც სრულად იღებენ. ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ხალხის ფულს ისე იღებენ, სამუშაოზე არც კი ცხადდებიან? ეს ხომ უღირსი საქციელია, მაგრამ მათთვის ამის მთქმელიც არავინაა. რატომ? ესეც გასარკვევია.
მაოცებს ისიც, რომ “ქართულმა ოცნებამ” განათლებული ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში საერთოდ “ვერ იპოვა”. იქნებ ცუდად ეძებენ ან არც ცდილობენ ღირსეული პიროვნებების პოვნას? ასეთი ეჭვი თავისთავად ჩნდება, რადგან ღირსეული მოქალაქენი, ჭეშმარიტი პატრიოტები და პროფესიონალები ქვეყანაში ნამდვილად გვყავს. მათი დაუნახაობა წარმოუდგენელია.
თუ არ გინდა, რომ არ დაინახო!
“გაერთიანებული ოპოზიცია” გადამწყვეტი შტურმისთვის ემზადება. ძალიან აქტიურობენ ტელეეკრანებიდან. სწორედ ამ რევანშისტულ ძალას გასცემენ პასუხს ის ღირსეული პიროვნებები, რომელთა პოვნასაც “ვერ ახერხებენ” ხელისუფლებაში მყოფნი.
მე საქართველოს დამოუკიდებლობის თითქმის ყველა ეტაპის მომსწრე და მონაწილეც ვარ. კარგად ვიცნობდი მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძეს, აფხაზეთის არაფორმალებს. მერაბი ხშირად ატარებდა მიტინგებს ჩვენი ინსტიტუტის (მაშინ სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი ვიყავი) მოედანზე. იყო მწვავე კრიტიკა, მაგრამ არა ლანძღვა, როგორც დღეს ხდება, თითქოს გადავჯიშდით.
ერთხელ გვაცნობეს, რომ კელასურიდან პარტიის საოლქო კომიტეტის შენობის დასარბევად ვეებერთელა მასა დაიძრა, რომელსაც მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე და არაფორმალების სხვა ლიდერები მიუძღოდნენ.
გვაცნობეს ისიც, რომ საოლქო კომიტეტის შენობაში შესული იყო ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული ჯარის ნაწილი.
მანქანით ძლივს გავარღვიეთ მომიტინგეთა მასა და წითელ ხიდთან მე და პარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი ზურაბ ერქვანია წინ გადავუდექით დემონსტრანტებს. მერაბი დაფიქრდა და მითხრა: მოდი, ასე მოვიქცეთ _ ჩვენ ლენინის მოედნისკენ წავალთ და იქ სახელდახელო მიტინგს ჩავატარებთ და დავიმალებითო. საღამოს კი დამირეკა და მადლობა გადამიხადა: შევამოწმე და შენ მართალი იყავიო. ის ბრძენი კაცი იყო და ენდო ჩემს სიტყვას, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტი ვიყავი.
იქნებ მითხრას ვინმემ, რა მოვიგეთ იმით, რომ დსთ დავტოვეთ? _ არც არაფერი! დავკარგეთ კი ის შედარებით ნეიტრალური სივრცე, რომლის საზღვრებში ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკის ლიდერები დღესაც იკრიბებიან და თამამად საუბრობენ ყველა იმ პრობლემაზე, რომლებიც მათ ურთიერთობაში წარმოიქმნება. საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამ რა სარგებელი მოგვიტანა. ეს ხომ უმნიშვნელოვანესი ბერკეტი იყო რუსეთთან სალაპარაკოდ! დაიბარებდნენ რუსეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში და “საკუთარ მოედანზე” გაურჩევდნენ საქმეს და არ დავრჩებოდით “გირჩის” უკანალის ჩვენების დიპლომატის ამარა.
რატომ დავარბიეთ ერგნეთის ბაზრობა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, საერთო ბიზნესიც ჰქონდათ, ფულსაც შოულობდნენ და უპრობლემოდ მიმოდიოდნენ ე.წ. საზღვარზე? _ არ გვყავდა ჭკვიანი მთავრობა და იმიტომ.
ვინ უფრო ზარალდება იმით, რომ არ გვაქვს აფხაზეთთან რკინიგზა გახსნილი? საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 60 პროცენტითაა შემცირებული. კარგია იდეის დონეზე ანაკლიის პორტი, მაგრამ ეს პროექტი ისე სასწრაფოდ ჩაიგდეს ხელში საქმოსნებმა, რომ მხარეთა ვალდებულებები გამოკვეთილიც არ იყო. სამაგიეროდ ზოგიერთმა დიდძალი ფული იშოვა: არც ის საფრთხეები გაუთვალისწინებია ვინმეს, რომლებიც შეიძლება სამეგრელოს და, საერთოდ, შავი ზღვის სანაპიროს დაემუქროს. ასე საქმე არ კეთდება…
ოპოზიციამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში 3-წუთიან ჩაჯდომას კინაღამ საქართველო გადააყოლა. როგორც ამბობენ, ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესაჭრელად “ზონდერჯგუფებიც” კი ჰყავდათ მოხმობილი. ახლა ლავროვის ჩამოსვლას ელოდებიან, რომელიც ევროკავშირის მიერ დაგეგმილ კონფერენციას უნდა დაესწროს. ესენი ისევ ააგორებენ გამოსვლებს და შეეცდებიან, სისხლიც დაღვარონ. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ მოედანზე მთელი ევროპის გასაგონად მას უთხრან სათქმელი, არეულობას გეგმავენ. ლავროვი რომ არ ჩამოვიდეს (და, ალბათ, ასეც მოხდება), მაშინ რა იმიჯიც გვექნება ევროპის ქვეყნებში, იოლი მისახვედრია, მაგრამ ეს ოპოზიციას არ ანაღვლებს.
“გაერთიანებული ოპოზიციის” გამოკვეთილი ლოზუნგია: “რაც უფრო ბევრ ცოდვას ავკიდებთ “ოცნების” ხელისუფლებას, მით უკეთესი ჩვენთვის”. აღიარებენ ამით თავიანთ ქვებუდანობას. ამასთანავე, გვპირდებიან: მოვალთ და აგაყვავებთო. აშკარად ცრუობენ, გვატყუებენ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ახსოვს ის სისხლიანი წვიმები, რომლებიც თქვენმა, საქართველოდან გაქცეულმა ფიურერმა და მისმა ბანდამ დამართეს ჩვენს ქვეყანას.
“ივანიშვილმა მოგვატყუა ჩვენც, მთელი ევროპაც და კოსმოსიც”, _ გაიძახიან გაუთავებლად. ივანიშვილის დამცველად მე არ გამოვდგები, მაგრამ მკითხველს შევახსენებ, რომ იგი თავისიანებმაც “გადააგდეს”, როდესაც მისი “საარჩევნო ფორმულა” პარლამენტის უმრავლესობამ ჩააგდო. ივანიშვილმა დანაპირები არც ჩვენ შეგვისრულა _ არ დაგვიბრუნა სააკაშვილის მიერ წართმეული ქონება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს “ქართული ოცნების” უპირატესობა უდავოა, რუსეთთან გაყინული ურთიერთობა მან ვერ მოაგვარა. მე რუსეთს კარგად ვიცნობ, ასპირანტურა მოსკოვში დავამთავრე, ვიყავი რუსეთის სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი (ამჟამად _ უცხოელი წევრი), მყავდა ბევრი მეგობარი და ა.შ., ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, მით უმეტეს, რომ მას ჩვენ ვჭირდებით, როგორც მის მიმართ კეთილად განწყობილი ქვეყანა და ისიც გვჭირდება ჩვენ, მაგრამ პროცესი გაყინულია. რატომ? _ აი კითხვა, რომელიც პასუხს მოითხოვს.
საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი იყო და რჩება აშშ, მაგრამ ამით ხელი არ უნდა შეეშალოს რუსებთან ჩვენი ურთიერთობის მოგვარებას, მით უმეტეს, რომ ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი სწორედ რუსეთია.
რუსეთი რომ იმპერიული სახელმწიფოა, ყველამ იცის, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ვეომოთ? ვერ მოვერევით. გვრჩება ერთადერთი გზა _ მოლაპარაკება. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს გაბედულად და არა იმის შიშით, თუ რას იტყვის ოპოზიცია.
კარის მეზობელთან კარგ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს, თუ შენი მეზობელი დათვია.
საქართველო რომ გაბრწყინდება, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ როდის? ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
ნაპოლეონ ქარქაშაძე,
აკადემიკოსი
სრულად გეთანხმებით, ბატონო აპოლონ.