“საქართველო და მსოფლიოს” წლევანდელ მეორე ნომერში გამოქვეყნდა პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას ინტერვიუ “ახალი, ხალხის ინტერესებისთვის მოღვაწე პოლიტიკური ჯგუფების აღმოცენება იბლოკება”, რომელსაც გაზეთის მკითხველები გამოეხმაურნენ. მათ ბატონ ირაკლის რამდენიმე კითხვა დაუსვეს:
_ ბატონმა ირაკლიმ ძალიან საინტერესო ღონისძიებების ჩამონათვალი შემოგვთავაზა ქართული ღირსეული პოლიტიკუმის ჩამოსაყალიბებლად; იმედი გამოთქვა, რომ “საზოგადოების განათლებული ნაწილი უფრო გააქტიურდება ამ მიმართულებით”. საინტერესოა, იყო თუ არა მცდელობა ქართული ინტელიგენციის მხრიდან, “უფრო გააქტიურებულიყო”? ვინ ან რამ შეუშალა ხელი?
_ იყო ფრაგმენტული მცდელობები აკადემიური წრეების, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილის მხრიდან, შეექმნათ ეროვნული, რაციონალური პლატფორმა. ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ ხელი შეუშალა, თუმცა არც არავის შეუწყვია. ამაზე პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებას ეკისრება. დღეს, როცა მედიასაშუალებების უმრავლესობა პოლიტიკური ჯგუფების მიერ იმართება და ბიზნესმენების დიდი ნაწილი მხოლოდ გადარჩენასა და მოგებაზე ფიქრობს, ხელისუფლების “მწვანე შუქის” გარეშე მსგავსი საზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელება რთულია. ნებისმიერი სისტემური ორგანიზებული მუშაობა რესურსებს მოითხოვს. ბიზნესმენები კი მსგავსი ინიციატივების დაფინანსებას რისკად მიიჩნევენ და ეშინიათ, ხელისუფლების რისხვა არ დაიმსახურონ. ეს წინა ხელისუფლებისგან გამოყოლილი შიშიცაა, როდესაც ბიზნესს მხოლოდ მმართველი პარტიისა და მათი სატელიტების დაფინანსება ევალებოდა, სხვა შემთხვევაში აუცილებლად სანქციები მოჰყვებოდა. ხელისუფლება უნდა გამოვიდეს და მოუწოდოს ბიზნესს, დაეხმაროს საზოგადოებრივ ძალებს, მკაფიოდ უნდა გაცხადდეს, რომ ამას არ მოჰყვება სანქციები. დღეს ოპოზიცია სუსტია, ძირითადად, დისკრედიტებული, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მათი უმრავლესობა ამა თუ იმ ფორმით უკვე იყო ხელისუფლებაში და ვნახეთ, რა შეუძლიათ და რა არა. მედიის მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ველი აფერხებს ჯანსაღი პროცესების განვითარებას და ეს ქვეყნისთვის პრობლემაა. ხალხის უმრავლესობა ვერ ხედავს მისთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას. ეს კი არასტაბილურობის საფუძველია და, ადრე თუ გვიან, სერიოზულ დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს, რითაც ისარგებლებენ ჩვენი არაკეთილმოსურნეები ქვეყნის გარეთ.
_ ბატონო ირაკლი, ამბობთ, რომ “1990-იან წლებში ჩვენი უგუნურებით 260 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციის ინდუსტრია ჯართში ჩავაბარეთ”. ჩემი აზრით, უნდა იყოს: 1990-იან წლებში ჩვენი უგუნურებით 260 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციის ინდუსტრია ჯართში ჩაგვაბარებინეს ჩვენმა “სტრატეგიულმა პარტნიორებმა”. მეთანხმებით?
_ ჩვენ დასავლეთზე რომანტიკული წარმოდგენა გვქონდა. წარმოსახვაში ველოდით “მარშალის გეგმას”, ბევრი დღესაც ამის იმედზეა, მაგრამ ეს ფუჭი მოლოდინია. აღმოჩნდა სულ სხვა რამ: ჩამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ინდუსტრია. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. მსოფლიო კაპიტალისტურ სისტემაში მთავარი არის ბაზარი და კონკურენცია. დღეს არსებობს ჭარბწარმოება და პოტენციურ კონკურენტებს სხვადასხვა მეთოდით იშორებენ. მაგალითად, 1990-იან წლებში შემოვიდა უცხოური ფირმა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩაის მრეწველობას ააღორძინებდა. მათ კი მხოლოდ მუშაობის იმიტაცია ჰქონდათ წლების განმავლობაში. გავიდა დრო, ჩაის პლანტაციები გავერანდა, ჩაის ფაბრიკები მოძველდა, ჩაის გადამამუშავებელი ხაზები დაიჟანგა და ჯართში წავიდა. 300-მილიონიან ბაზარს ვამარაგებდით ქართული ჩაით. დღეს კი მხოლოდ პლანტაციების აღდგენას 500 მილიონი დოლარი სჭრირდება. ეს იყო კონკურენტის ჩამოშორების კარგად ორგანიზებული ოპერაცია მსოფლიო ჩაის წარმოების გიგანტების მიერ ჩატარებული. შედეგად, დღეს მივირთმევთ აზერბაიჯანულ ჩაის, ჩვენს მედიაში კი კვლავ გრძელდება შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება, რომ ქართული ჩაი უხარისხოა და ამ სექტორის განვითარებას აზრი არ აქვს. მამაჩემი ბათუმის მანქანათმშენებელი ქარხნის დირექტორი იყო, ინჟინერ-გამომგონებელი. ბავშვობაში მიწევდა ქარხნის საამქროებში ყოფნა, იქ 2000 კაცზე მეტი მუშაობდა და ჩაის გადამამუშავებელ ხაზებს აწარმოებდნენ, 22 ქვეყანა ყიდულობდა მათ დანადგარებს. ეს ქარხანა დავანგრიეთ, ჯართში ჩავაბარეთ და იქ სტადიონი აშენდა. სტადიონი კარგია, მაგრამ უნიკალური ქარხნის დაკარგვა გამოუსწორებელი დანაშაულია. ასეა ბევრი მიმართულებით. ავიღოთ “ფრონტერა”, რომელიც კახეთში ნავთობს ეძებდა 1997 წლიდან. ისინი ამბობენ, რომ 550 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საძიებო სამუშაოებში და 120 მილიონი ამოიღეს, თუმცა, 23 წელია, არ ეშვებიან. მე ამგვარი ბიზნესი არ გამიგია. სპეციალისტები უკეთ იტყვიან, მაგრამ გარედან ისე ჩანს, რომ ეს ყველაფერი ძიების იმიტაცია უფრო იყო. ვის უნდა აძლევდეს ხელს ნავთობის ფუჭი ძიების იმიტაცია? _ იმას, ვისთვისაც საქართველო ნავთობპროდუქტების გასაღების ბაზარია. ცოტა ხნის წინათ საქართველოს ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტი სტუმრობდა. მან გვითხრა, რომ წარმოების განვითარების გარეშე მუდამ ღარიბები იქნებითო. უცხოელებს მოუსმინეთ, მაგრამ ისე არ გააკეთოთ, როგორც ისინი გირჩევენ, ისე გააკეთეთ, როგორც ისინი თავის ქვეყნებში აკეთებენო. საბოლოო ჯამში, მაინც ჩვენ ვართ დამნაშავე უზარმაზარი ინდუსტრიის განიავებაში. ჩვენ თავის დროზე ქვეყნის ტექნიკური ელიტა, დარგების სპეციალისტები, “ჩავრეცხეთ” და სახლში დავსვით _ აქაოდა კომპარტიის წევრები არიანო. სლავური წარმოშობის ხალხი, რომლებიც, ქარხნებში, ძირითადად, ვიწრო სპეციალობის ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდნენ, დავაშინეთ და ქვეყნიდან გავაქციეთ. ახლა ყველაფერი თავიდან არის დასაწყები. ჩემი გამოთვლებით, იმ 260-მილიარდიანი ინდუსტრიიდან, რომელიც გვქონდა, შეიძლებოდა სიმძლავრეების 60%-ისა და სპეციალისტების უმრავლეობის შენარჩუნება.
_ ბატონ ირაკლი გოგავას არ ვეთანხმები მხოლოდ ერთში: ერთხელ, “ობიექტივში” სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ, თუ გვინდა ძლიერი სოფლის მეურნეობა გვქონდეს, სოფლების მაგივრად პატარა დაბა–ქალაქები უნდა იყოს და სოფლების მიწები უნდა გაერთიანდეს.
ამ მხრივ უფრო ნდობას ვუცხადებ პროფესორ პაატა კოღუაშვილს. ღმერთმა დაგვიფაროს საქართველო ქართული სოფლის გარეშე.
_ სოფლის მეურნეობა განაგრძობს დეგრადაციას. 2000 წელს იხვნებოდა 800 ათასი ჰექტარი, დღეს ამუშავებენ 207 ათასს. სოფლად თვითდასაქმებულია მოსახლეობის 43% და ის ქმნის მშპ-ს 8%-ს. ეს კატასტროფაა. მიწები პატარა ნადელებად არის დანაწილებული, მისი დამუშავება არარენტაბელურია და შრომის ნაყოფიერება მიზერულია. ისრაელში სოფლად ცხოვრობს 7%, ჰოლანდიაში _ 8%. ეს ორი ქვეყანა მსოფლიო ლიდერები არიან აგრარულ სფეროში. ურბანიზაცია გარდაუვალი პროცესია, ის მაინც მიმდინარეობს ველურად, მოუწესრიგებლად, არასწორად. აქ საჭიროა სახელმწიფო პროგრამა, რათა მოსახლეობა თვითდინებით მხოლოდ თბილისსა და ბათუმში კი არ მიდიოდეს ნაქირავებ ოთახებში, არამედ გადანაწილდეს სხვა ქალაქებში ნორმალურ პირობებში. ჩვენთან კლიშეებით აზროვნებენ, არსებობს კლიშე: “სოფელი არ უნდა დაიცალოს”, “სოფელში ჯანმრთელი ხალხია”. ქალაქის მცხოვრებთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 7-8 წლით მეტია, ვიდრე სოფლის. თანაც ამ კლიშეებს ვინც იმეორებს, უმრავლესობა ქალაქის მცხოვრებია და, ქუდი რომ შეუგდო, სოფელში არ გადავა საცხოვრებლად, ან თუ წავა, რამდენიმე თვეში უკან დაბრუნდება. ჩვენს ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში არ ექნება იმის რესურსი, რომ ურბანიზებული სოფელი მოაწყოს, როგორც ეს იტალიაში ან საფრანგეთშია, სადაც განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, მომსახურების იმ ხარისხს მიაწვდის, როგორიც ქალაქშია. ვფიქრობ, აუცილებელია ინდუსტრიალიზაცია–ურბანიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც, თბილისისა და ბათუმის გარდა, სხვა ქალაქებში მოხდება ახალი მიკრორაიონების მშენებლობა, სოფლის მოსახლეობის ორგანიზებული გადმოყვანა და დასაქმება. ბინები ახალგადმოსულ ოჯახებს უფასოდ უნდა გადაეცეთ ან შეიძლება მათ საკუთრებაში არსებულ მიწებში გაცვლა, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს საშუალება, გაამსხვილოს მიწები. ქალაქებში გადმოსული ხალხი მეტ პროდუქტს შექმნის და მეტ სარგებელს მოუტანს საკუთარ ოჯახსაც და ქვეყანასაც. ბევრიც უარს იტყვის გადმოსვლაზე. მათ კი უნდა დავეხმაროთ იქ, ადგილზე. გლეხი სოფლის მეურნეობას ვერ ააღორძინებს, სოფლის მეურნეობა მსხვილმა ფერმერმა უნდა ააღორძინოს. გლეხური მეურნეობები საჭიროა და აუცილებელიც, ალბათ, უფრო ორგანული, ეკოპროდუქტის წარმოებისთვის. ვინც ამ იდეას გააკრიტიკებს, ვურჩევ, თემა უფრო ღრმად შეისწავლოს, გააანალიზოს და, თუ მაინც არ დამეთანხმება, თვითონ გადავიდეს სოფელში და ასე გააძლიეროს. მეც მინდა სავსე და ძლიერი სოფელი, მაგრამ დღეს ეს არ არის რეალური და თავი არ უნდა მოვიტყუოთ. მომავალში შეიძლება, როცა ქვეყანა მდიდარი იქნება.
_ რა არის საჭირო სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად?
_ ამ საკითხზე რამდენიმე ათეული დისერტაციის დაწერა შეიძლება. რასაც გავიხსენებ, ინტერვიუს ფორმატში მოკლედ გეტყვით. აუცილებელია შემდეგი კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება: 1. მიწების გამსხვილება 100 ჰექტარიდან ზევით; 2. საირიგაციო, წვეთოვანი სისტემების მასობრივად მოწყობა და მათი ადგილზე წარმოება; 3. სათბურის ბუნებრივი აირის ტარიფის დაწესება (5-10 თეთრი 1 კუბურ მეტრზე); 4. თანამედროვე სასათბურე კონსტრუქციების, მასალების, ტექნოლოგიების ადგილზე წარმოება და მისი განვადებით გადაცემა ფერმერთათვის; 5. დიზელზე მომუშავე მსუბუქი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა და დიზელის ფასის დადგენა (50-70 თეთრი); 6. სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების გათავისუფლება გადასახადებისგან და მათი ხარისხის კონტროლი; 7. აგროდაზღვევის მასშტაბური პროგრამა; 8. სახელმწიფო აგრობანკი და 1-3%-იანი სესხები ფერმერებისთვის და სასოფლო-სამეურნეო გადამამუშავებელი საწარმოებისთვის; 9. სააქციო საზოგადოება “სავაჭრო ქართული სახლის” დაფუძნება, რომელიც სამართლიან ფასად და გარანტირებულად ჩაიბარებს მოსავალს, გადაამუშავებს და გაიტანს ექსპორტზე (ე.ი. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დამზადება-ვაჭრობის ცენტრალიზებული სისტემა); 10. სამაცივრე, სასაწყობო, შესაფუთავი, ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონების მიხედვით; 11. ინდივიდუალური მცირე ფერმერების ორგანული პროდუქტის წარმოების წახალისება; 12. ქარსაცავი ზოლების, ტყის ზოლების, ტბებისა და ტბორების მასიური გაკეთება; 13. პროდუქციის ხარისხის კონტროლი; 14. იმპორტული სურსათის ხარისხის კონტროლი, დემპინგის შეჩერება და იმპორტულ სუბსიდირებულ აგროპროდუქტზე საკომპენსაციო მოსაკრებელი; 15. ხორბლის, სიმინდის ადგილზე წარმოება; 16. სახელმწიფოს დონეზე მხარდაჭერა ქართული აგროპროდუქტის მეზობელ ქვეყნებსა და ევროკავშირში გატანისას.
მეცხოველეობას, მეთევზეობას ცალკე პროგრამა სჭირდება, ისევე როგორც გადამამუშავებელ კვების მრეწველობას.
_ ამ მხრივ ნდობას ვუცხადებ პროფესორ პაატა კოღუაშვილს. ღმერთმა დაგვიფაროს საქართველო ქართული სოფლის გარეშე!
_ ქართულ სოფელში მოსახლეობის 25% ოპტიმალური იქნებოდა ჩვენს სიტუაციაში. მომავალში, როცა გვექნება რესურსი, სოფელში მცხოვრებ ადამიანს მოვუაროთ ჯეროვნად, ანუ მივაწოდოთ ანალოგიური ხარისხის განათლება, ჯანდაცვა, კულტურა, სერვისები, რასაც ქალაქელი იღებს. ბევრი შეიძლება დაბრუნდეს. ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს საზღვრისპირა სოფლები ან კიდევ სპეციფიკური სოფლები, რომელთაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ და მათ სერიოზული ყურადღება სჭირდება. ეს ქვეყნის უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული.
_ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად მაქსიმალური გარანტიების მისაღებ ერთ–ერთ პროექტად საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად გადაქცევას მიიჩნევთ. საინტერესოა, ამ მხრივ გამოითქვა თუ არა დაინტერესება მსოფლიოს “ფინანსური მოთამაშეების” მხრიდან?
_ ამ საკითხზე გავიარე კონსულტაცია ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის _ “სიტიბანკის” ტოპ მენეჯერთან. ჩემი იდეა მან დადებითად შეაფასა და მითხრა, რომ სავსებით რეალურია მხოლოდ რეგიონის ქვეყნებიდან 200-300 მილიარდი დოლარის მოზიდვა საქართველოს ფინანსურ ჰაბში, თუ, რა თქმა უნდა, შესაბამისი შეღავათები, რეგულაციები და გარანტიები იქნება მთავრობისგან. უმთავრესი კი ამ საქმეში სამართალია, ანუ ამ ფინანსურ ცენტრს ინგლისური, შვედური ან გერმანული სამართალი უნდა მოემსახუროს. შესაძლებელია ეკონომიკური არბიტრაჟის ორგანიზებაც _ ეს ცალკე ბიზნესია და შემოსავლის მომტანი, ისევე როგორც სასამართლო.
რედაქციისგან: _ საქართველო არის განვითარებადი ქვეყანა _ ეს არის ჩვენი საერთაშორისო სტატუსი, რომელიც გაეროს მიერაა აღიარებული. დღეს გაბატონებული კონცეფციის მიხედვით, მსოფლიოში არის განვითარებული ქვეყნები და განვითარებადი ქვეყნები, რომლებსაც თავიანთი სტატუსის გამო არ ეკუთვნით მოწინავე მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. ამ და სხვა სფეროშიც ისინი უნდა იყვნენ განვითარებული ქვეყნების პროდუქციის მომხმარებლები. ეს დღევანდელი მსოფლიო წესრიგი საერთაშორისო ფინანსური წრეების მიერაა დადგენილი. აძლევთ კი ხელს დღევანდელი მსოფლიო წესრიგის მესვეურთ საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად გადაქცევა? ჩვენი გაგებით რეგიონული ფინანსური ცენტრი ხომ ქვეყნის განვითარებისთვის გვინდა. დაუშვებენ დღევანდელი არსთა გამრიგენი საქართველოს, როგორც ქვეყნის, განვითარებას?
_ ჰონგ კონგი ან სინგაპური რით იყვნენ ჩვენზე უკეთესები, როცა დაიწყეს ამ პროექტის განვითარება? მეთევზეების ჩამორჩენილი ქალაქები იყო. ეს უკვე ჩვენს მარიფათზე, კომპეტენციაზე, დიპლომატიურ ნიჭზეა დამოკიდებული. მე ვხედავ გზას, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. შევთავაზებთ კომპლექსურ მოდელს, უწინარესად, ჩვენი და შემდეგ ყველა დიდი მოთამაშის ინტერესის გათვალისწინებით.
_ ასეთი სტატუსის მიღება შესაძლებელია უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების გარეშე?
_ ფინანსური ცენტრის სტატუსის მიღება თავისთავად გულისხმობს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებს, სწორედ ამიტომაცაა ის ორმაგად საინტერესო.
_ კიდევ ერთი კითხვა იმავე ჭრილში: საერთოდ, შესაძლებელია საქართველოს განვითარება იმ საერთაშორისო პარადიგმის პირობებში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით?
_ რა თქმა უნდა, შეიძლება. მიმაჩნია, რომ 5-6 წელიწადში შესაძლებელია ეკონომიკის გაორმაგება. ამას ჰაერიდან არ ვამბობ, დეტალურად გავაანალიზე შესაძლებლობები, სტატისტიკა, ბაზრები. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის განვითარების დეტალური გეგმა, რომელშიც თითოეული სოფლის, დაბის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის განვითარება ზოგადი სიტყვებით კი არ იქნება წარმოდგენილი, არამედ კონკრეტულ ციფრებში: რა საწარმო შენდება, რამდენია ხარჯთაღრიცხვა, გასაღების ბაზარი, რამდენი დასაქმდება, რა იქნება ხელფასი, რას მიიღებს ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტი, რაში დაიხარჯება ამოღებული თანხა, რა საკრედიტო პორტფელია საჭირო, რა ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, რა კლინიკა უნდა აშენდეს, ბიბლიოთეკა, სკოლა, პროფსასწავლებელი, თეატრი, გზა, ხიდი და ა. შ. ფაქტია: ინდუსტრიის გარეშე არ არსებობს არც ერთი განვითარებული სახელმწიფო. სხვაგვარად სიღარიბისთვის ვართ განწირულნი. ინდუსტრიალიზაციის წარმატება წარმოუდგენელია განათლების გარეშე. შეგიძლიათ, ნახოთ საერთაშორისო ფონდები, არც ერთი არ გვიფინანსებს ინჟინრების, მშენებლების, ექიმების, ქიმიკოსების, ფიზიკოსების, გეოლოგების სწავლას. იურისტების, პოლიტოლოგების და სხვა ჰუმანიტარულ მიმართულებებს _ რამდენიც გინდა. არადა, განვითარება სწორედ ინჟინრებს, ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს მოაქვთ. განვითარების დეტალური გეგმა, დავარქვათ “ქართული პროექტი”, დიდი სამუშაოა, რესურსიც სჭირდება. ეს მთავრობამ უნდა ითავოს, მხოლოდ ისე, რომ მუშაობის პროცესში ინტერესთა ჯგუფების, ცალკეული უცხოური კომპანიების, იმპორტიორებისა და უცხო სახელმწიფოების ინტერესების დამცველი ხალხი გავლენას ვერ ახდენდეს გეგმის შემუშავებაზე. გეგმის გარეშე მხოლოდ მეტი გაღარიბება და ვალებში ჩაფლობა გვემუქრება. თანაც საჭიროა გრძელვადიანი _ 30-წლიანი გეგმა და ასევე მოკლევადიანი _ 4-5-წლიანი გეგმა. სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე განვითარება გამორიცხულია. არსებობს კლიშე “სახელმწიფო ცუდი მენეჯერია”. არა, ბატონებო, “ცუდი სახელმწიფოა ცუდი მენეჯერი”! შეხედეთ აშშ–ს, ფინეთს, სამხრეთ კორეას, ტაივანს, სინგაპურს, პოლონეთს… სახელმწიფოს უშუალო ჩარევით მოხდა ყველგან ეკონომიკური ბუმი. კერძო სექტორი ველური, დაურეგულირებელი კაპიტალიზმის პირობებში უპასუხისმგებლოა და მხოლოდ მაქსიმალური მოგებაა მისი მიზანი, რითაც აზარალებს ეკონომიკას, ხალხს, ქვეყანას და იმ ტოტს ჭრის, რომელზეც თვითონ ზის. სახელმწიფომ სწორი რეგულირების მეშვეობით უნდა ჩააყენოს ბიზნესი, ბანკები ქვეყნის განვითარების სამსახურში, თანაც ისე, რომ ბიზნესს ეს უღირდეს, ანუ მოგება მიიღოს და განვითარდეს, მეტი ხალხი დაასაქმოს, მეტი გადასახადები გადაიხადოს, რომლებითაც ჩვენ სკოლებს, თეატრებს, სპორტს, გზებს და სხვა სასარგებლო სოციალურ სფეროებს დავაფინანსებთ.
_ გარდა ოქროს ხანისა, საქართველო ყოველთვის იყო ფარვატერული ქვეყანა. ისტორია ამას ადასტურებს. თქვენ, ბატონო ირაკლი, შეგვახსენებთ, რომ გაერომ გადაშენების გზაზე მდგომ ერად გამოგვაცხადა და ამბობთ, რომ ჩვენ “მოთმინებით ვუსმენთ ყალბ ლიბერალურ დოქტრინებს და ვემსახურებით ყველას ინტერესებს, გარდა საკუთარისა”. გჯერათ, რომ საქართველომ ოდესმე შეიძლება თავი დააღწიოს სხვის ფარვატერში მიდევნების რეალობას?
_ დემოგრაფია და მოსახლეობის კლება ჩვენი ყველაზე მტკივნეული საკითხია. მას მხოლოდ ეკონომიკური განვითარებით არ ეშველება. არსებობს აპრობირებული საერთაშორისო გამოცდილება და მთელი წყება ინსტრუმენტებისა, რომლებითაც ვითარების გამოსწორება შეიძლება _ ამაზე რესურსი არ უნდა დავიშუროთ. ერთი ადამიანის გამოკვებას 0,6 ჰექტარი მიწა სჭირდება, ჩვენ 3 მილიონი ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო მიწა გვაქვს, საძოვრების ჩათვლით. გამოდის, რომ შეგვიძლია 5 მილიონი ადამიანის გამოკვება საკუთარი რესურსით. პრობლემა კი ისაა, რომ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ ამ რესურსის _ საკუთარი სურსათისა და აგროპროდუქტის წარმოებით ჩვენ მხოლოდ 1 მილიონ ადამიანს ვკვებავთ, ამიტომ გადაუდებლად აუცილებელია სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარება, რათა უზრუნველვყოთ თუნდაც ამ 3,7 მილიონი ადამიანის გამოკვება საკუთარი ძალებით და საფუძველი ჩავუყაროთ შემდგომ ზრდას. მსოფლიოში 1945 წლიდან მიმდინარეობს შობადობის კონტროლის მასშტაბური ღონისძიებები, 1970-იანი წლებიდან ეს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა, ხოლო 90-იანი წლებიდან პლანეტარულ სიდიდეს მიაღწია. ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და უფრო ინტენსიურ სოფლის მეურნეობას უნდა მივხედოთ. ისე უნდა მოვახერხოთ, რომ 4-5 მილიონი ადამიანის საკუთარი ძალებით გამოკვება შევძლოთ. დღეს სურსათის 80% უცხოეთიდან შემოგვაქვს. ნახეთ “რომის კლუბის” მოხსენება “ზრდის ზღვარი”, რომელიც მედოუზმა დაწერა 1970-იან წლებში და მიხვდებით, რასთან გვაქვს საქმე და რატომ ხდება ნეოლიბერალური დღის წესრიგის პროპაგანდა. სხვათა შორის, ამ მოხსენების წინამორბედი ქართველი მეცნიერების _ გვიშიანისა და გელოვანის მოხსენება იყო “რომის კლუბის” ეგიდით. ამ თემაზე მეტს აღარ ვისაუბრებ. სჯობს, საზოგადოებამ თვითონ გააანალიზოს.