გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთიდან აშშ–ის დაახლოებით 300-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდება. მათ შორის იქნებიან დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები. სპეციალური რეისი ჩინეთში უკვე გაფრინდა. ჩარტერული რეისით იაპონიის დაახლოებით 200 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდება. ქვეყნის მთავრობა კიდევ დამატებით 2 ჩარტერული რეისს გეგმავს, რათა უჰანიდან, საიდანაც დაიწყო გავრცელება საშიშმა კორონავირუსმა, იქ დარჩენილი 400-მდე მოქალაქე გამოიყვანოს.
ევაკუაციის გეგმებზე საუბარი გაიმართა ავსტრალიის მთავრობასა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. ქვეყანაში ამბობენ, რომ უჰანიდან მოქალაქეების გამოყვანა უახლოეს დღეებში იგეგმება.
სამხრეთ კორეა საკუთარ მოქალაქეებს 4 ჩარტერული რეისით გაიყვანს. ჩინეთის დატოვებაზე განაცხადი სამხრეთ კორეის დაახლოებით 700-მა მოქალაქემ გააკეთა.
მიმდინარე კვირას სპეციალური რეისები ჩინეთის მიმართულებით საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდანაც განხორციელდება.