პატრიარქი ბართოლომეოსი, როგორც ჩანს, ტომოსით დასაჩუქრების სერიის განხორციელებას აპირებს. მიიღებენ თუ არა მაკედონიელი და ჩერნოგორიელი “რასკოლნიკები” ფენერისგან ავტოკეფალიას და რით ემუქრება ეს მსოფლიო მართლმადიდებლობას? მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ჩერნოგორიის “რასკოლნიკური” ეკლესიებისთვის ტომოსის გადაცემის პროცესი დაიწყო.
2018 წელს, აღდგომის შემდეგ, ფენერს (ასე ჰქვია სტამბოლის ისტორიულ რაიონს, რომელშიც განლაგებულია კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზიდენცია _ გ.გ.) ეწვია უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო და შეათანხმა უკრაინელი “რასკოლნიკებისთვის” ტომოსის გადაცემა. ამ საქმეს მასმედიაში მოჰყვა სკანდალური ინფორმაციის გაჟონვა, თუ რამდენი ნაღდი ფული გადაიხადა მან დოკუმენტში. მიუხედავად აქტიური პროტესტისა როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან, პოროშენკომ ტომოსი მაინც მიიღო.
2020 წელს, შობის შემდეგ, 13 იანვარს, ფენერს ესტუმრნენ ჩრდილოეთ მაკედონიის ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერმინისტრები _ ზორან ზაევი და ოლივერ სპასოვსკი. მათი მიზანი იყო ზუსტად იგივე, რაც თავის დროზე პოროშენკოსი _ შეთანხმება ტომოსის მიღების თაობაზე. მაკედონიურ ტომოსს, ისევე, როგორც უკრაინულს, ახლდა ფინანსური სკანდალი. ზოგიერთი მედიასაშუალების მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში მაკედონიის პრემიერი ამბობდა, რომ მზად იყო, ფენერში ჩაეტანა საკმაოდ ბევრი ნაღდი ფული. როგორც ჩანს, მოლაპარაკება გაიმართა და ზორან ზაევიც ისევე მიიღებს ტომოსს, როგორც პოროშენკომ მიიღო.
“მსოფლიოს პატრიარქმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ, სერბეთისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინააღმდეგობის მიუხედავად, უარი არ უთქვამს მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე”, _ იუწყებოდა მაკედონიური ინტერნეტგამოცემა Religija.
ბართოლომეოსთან გამართული მოლაპარაკების შედეგით ძალიან კმაყოფილი იყო მაკედონიის პრემიერი, რომელმაც განაცხადა: “ვიმედოვნებ, რომ მსოფლიოს პატრიარქი გაგებით მოეკიდება დიალოგს მართლმადიდებელი მორწმუნეების წინაშე მდგარი პრობლემის გადასაწყვეტად, მსოფლიოს საპატრიარქოს ჩარჩოებში დაიწყება დიალოგი მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემის მოსაგვარებლად”.
როგორ აგვარებს პრობლემებს მსოფლიო საპატრიარქო “რასკოლნიკურ” ეკლესიებში, უკვე ვიცით უკრაინის მაგალითზე.
ტომოსის მიღების რიგში შემდეგია ჩერნოგორია. იქაური “რასკოლნიკების” მეთაური, “მიტროპოლიტი” მიხეილ დედეიჩი დარწმუნებულია, რომ მასაც ექნება ტომოსი.
დედეიჩმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა: “კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა, რომელთანაც მე მღვდელი ვიყავი, თქვა, რომ შეისწავლის ბალკანეთის ისტორიას და რომ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებსაც უნდა მიეცეს ავტოკეფალია. ეს ეხება ჩერნოგორიისა და მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიებს”.
რა თქმა უნდა, ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მაგალითზე ყველა ხვდება, როგორი იქნება ეს “ავტოკეფალია”. ეს არის არა ნამდვილი ავტოკეფალია, არამედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსადმი მორჩილება. ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ხომ გაცილებით ნაკლები დამოუკიდებლობა აქვს, ვიდრე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტონომიის (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტონომიის) სტატუსით.
ფენერი თავის ორბიტაზე იზიდავს “რასკოლნიკურ” ეკლესიებს, რომლებიც მზად არიან, დაემორჩილონ პატრიარქ ბართოლომეოსს და ფულიც კი გადაიხადონ ამაში. პროცესი დაიწყო და ნებისმიერი სახელმწიფოს, რომლის ტერიტორაიზეც არის რაღაც რელიგიური სტრუქტურა, რომელიც თავს მართლმადიდებელს უწოდებს, შეუძლია, მიმართოს კონსტანტინოპოლს ტომოსისთვის. მსურველები შეიძლება იყვნენ ანტიოქიის ეკლესიის ტერიტორიაზე, ასევე იერუსალიმის და სხვაგანაც.
ამას გარდა, ცოტა ხნის წინათ დაწყებული ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიების მიწების მიტაცება ფენერის მიერ, ნათლად აჩვენებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სურვილს, დაიმორჩილოს არა მხოლოდ “რასკოლნიკური” წარმონაქმნები, არამედ ადგილობრივი ეკლესიებიც.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ფენერი შეგნებულად წვავს ბოლო ხიდებს, რომლებზე გავლითაც კიდევ შეიძლებოდა ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნამდე არსებულ მართლმადიდებლურ ერთიანობასთან დაბრუნება. უკრაინელი “რასკოლნიკების” აღიარების საპასუხოდ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაწყვიტა ევქარისტული კავშირი ფენერთან. რას მოიმოქმედებს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია მაკედონიისა და ჩერნოგორიის “რასკოლნიკური” ეკლესიების აღიარების საპასუხოდ, ადგილი გამოსაცნობია. დიდი ალბათობით, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც გაწყვეტს ევქარისტულ კავშირს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან.
ამრიგად, ჩვენ თვალწინ იქმნება მართლმადიდებელი ეკლესიის ორი, ასე ვთქვათ, ჯგუფი, რომლებსაც ერთმანეთთან არ აქვთ ევქარისტული ურთიერთობა, მაგრამ გავიხსენოთ: “მწამს ერთიანი, წმინდა, მოციქულის ეკლესიის”. და თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: სად არის ჭეშმარიტი ეკლესია? თუ, რა თქმა უნდა, მისთვის ეკლესიაში ყოფნა სულის ხსნის საწინდარია და არა ლამაზი წეს-ჩვეულება.
თუკი ექსპერტების მოსაზრება გამართლდება და პატრიარქი ბართოლომეოსი მისცემს (მიჰყიდის) ტომოსს ჩერნოგორიასა და მაკედონიას, ხოლო სერბეთის ეკლესია გაწყვეტს ევქარისტულ ურთიერთობას ფენერთან, მაშინ შეიქმნება ვითარება, როცა ზემოხსენებულ ერთ-ერთ ჯგუფში იქნებიან რუსეთისა და სერბეთის ეკლესიები, მეორეში _ კონსტანტინოპოლის, აგრეთვე, ელადისა და ალექსანდრიის, ე.ი. ის ადგილობრივი ეკლესიები, რომლებიც დათანხმდნენ კონსტანტინოპოლის უფროსობას და ეს გააკეთეს ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების ფორმით.
რაც შეეხება სხვა ადგილობრივ ეკლესიებს, ჯერ კიდევ 2 წლის წინათ მათ კიდევ ჰქონდათ ფიქრისა და არჩევანის შესაძლებლობა, მაგრამ I მსოფლიოს კრების 1700 წლისთავის წინ, 2025 წელს, და რომსა და კონსტანტინოპოლს შორის უნიის მომწიფების გათვალისწინებით, მათ უნდა გადაწყვიტონ, ვისთან არიან _ ფენერთან, რომელსაც თავიანთი მომხრეები ლათინებთან გაერთიანებისკენ მიჰყავს, თუ მართლმადიდებლებთან, რომლებიც არ იწონებენ ერეტიკოსებთან ურთიერთობას.
როგორ განვითარდება ეს ორი ჯგუფი (ვუწოდოთ ერთს მართლმადიდებლური, მეორეს _ ფენერმადიდებლური)?
ფენერმადიდებლური ჯგუფის ძირითადი მახასიათებელი _ ეს არის მზადყოფნა, ფეხქვეშ გაეგოს ძლიერთა ამა ქვეყნისათა. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურის შექმნაში და სულაც არ დაუმალავთ თავიანთი განზრახვა. შემდეგ კი საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შეძლეს, რომ ელადისა და ალექსანდრიის ეკლესიებს ეღიარებინათ ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.
ამ ჯგუფის მეორე მახასიათებელი არის ფენერის ძალაუფლების აღიარება და საკუთარ თავზე მაღლა დაყენება.
განცხადებები, რომ მომავალში მხოლოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უნდა მოიწვიოს საყოველთაო მართლმადიდებლური კრებები, აჩუქოს სხვებს ავტოკეფალია, იყოს ბოლო ინსტანციის მოსამართლე და ა.შ., რეგულარულად ისმის ფენერმადიდებელთა მხრიდან.
მესამე მახასიათებელი _ ლიბერალიზმი საეკლესიო დოგმატებისა და წესების მიმართ.
ამ ლიბერალიზმის მეშვეობით ფენერმა
* ნება დართო სასულიერო პირებს, დაქორწინდნენ მეორედ;
* “რასკოლნიკები” მათი მხრიდან მონანიების გარეშე აღიარა;
* განაცხადა, რომ შესაძლებელია ურთიერთობა კათოლიკებთან, დოგმატური განსხვავებების მიუხედავად.
ეს ლიბერალური მიდგომა იძლევა შესაძლებლობას, განაცხადონ, რომ დასაშვებია სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან გაერთიანება, ეკლესიის სხვადასხვა დოგმაზე განსხვავებული თვალსაზრისის მიუხედავად, ე.ი. ამ ყბადაღებული ერთიანობის გამო შეიძლება უკანა პლანზე გადაიწიოს ჭეშმარიტებამ, ეკლესიის კანონებმა და მორალის ნორმებმა. მთავარია ერთიანობა და ყველას ყველასადმი სიყვარული.
ერთიანობა _ ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ უნდა გავერთიანდეთ ჭეშმარიტების და არა სიცრუის გარშემო.
საზოგადოდ, ფენერმადიდებელთა ჯგუფის განვითარების გზა _ ეს არის გაერთიანება ლათინებთან, შესაძლოა, სხვებთანაც და საეკლესიო ცხოვრების ლიბერალიზაცია.
მართლმადიდებელ ჯგუფებს კი რთული დროება ელით.
უწინარესად, ის გაწვალდება ფენერმადიდებელთა ანტიკანონიკური ქმედებებით. უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, აგრეთვე, ჩერნოგორიასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა დევნა კვლავ გაგრძელდება ამა თუ იმ ფორმით. შესაძლოა, მათ მიუერთდეს სხვა რეგიონებიც. მართლმადიდებლებს ჩამოართმევენ უფლებას, ჰქონდეთ თავიანთი სახელწოდება, წაართმევენ ტაძრებს და ეკლესიის საკუთრების უფლებას, გამოაცხადებენ, ფაქტობრივად, უკანონოდ.
ამასთანავე, მართლმადიდებლებისთვის, ფენერმადიდებელ ჯგუფთან ევქარისტული ურთიერთობის არარსებობის გამო, განვითარების შესაძლებლობა არის პლანეტის იმ რეგიონებში, რომლებშიც ადრე ამ განვითარებას აფერხებდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. დღეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია, ფენერისა და ალექსანდრიის ინტერესების გაუთვალისწინებლად თავისი მრევლი ჰყავდეს თურქეთში, აზიის ქვეყნებსა და აფრიკაში. ასეთი მრევლის რაოდენობა მომავალში, რა თქმა უნდა, მოიმატებს.
კიდევ ერთი დადებითი მომენტი არის ის, რომ ფენერმადიდებლების ლიბერალიზმისა და ეკუმენიზმის ფონზე მართლმადიდებლები უნდა გადაიხარონ ეკლესიის დოგმებისა და კანონების მიმართ უფრო საპასუხისმგებლო დამოკიდებულებისკენ. ვატიკანის მიმართ პატრიარქ ბართოლომეოსის რევერანსების ფონზე, ძნელი წარმოსადგენია, რომ მოსკოვის პატრიარქი კირილეც ანალოგიურად მოიქცეს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვატიკანის მიმართ გაცილებით კონსერვატიული იქნება.
აგრეთვე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიები უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებენ 2016 წლის კრეტის კრების შედეგების მიმართ, რომლებიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აძლევს განსაკუთრებულ უფლებებს მართლმადიდებლობაში, რითაც ცდილობენ რეალიზაციას კონცეფციისა “პირველი, მასთან თანაბრობის უფლების გარეშე”. ისე, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის თავზე იწვნია ფენერის “განსაკუთრებული უფლებების” არსი.
ამ მართლმადიდებელი ეკლესიების ჯგუფისთვის, ეპისკოპოსებისთვის, მორწმუნე ადამიანებისთვის ყველაზე სასიხარულოა იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ვართ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში. როგორც მიტროპოლიტმა ონოფრემ თქვა 2019 წლის დეკემბერში ეპისკოპოსთა შეკრებაზე, “ქრისტეს თაყვანისმცემელო მეუფენო, მამებო, დედებო, ძმებო და დებო, ნუ შეშინდებით, ჩვენ რომ ჭეშმარიტ რწმენაში ვცხოვრობთ. ვიმყოფებით ეკლესიაში, რომელიც დააფუძნა ქრისტემ და არა ადამიანებმა”.
მოამზადა naspravdi.info-ზე გამოქვეყნებული წერილის მიხედვით
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
ბართლომეს ეტყობა, მამონას სიყვარულმა ღვთის შიში გადაავიწყა (ან საერთოდაც არ სწამს ღმერთი). ერეტიკოსი მანამდეც იყო, ახლა კი სქიზმის მეთაურობაც იკისრა. ღმერთი მოჰკითხავს, როცა მის წინაშე წარსდგება, მართლმადიდებელ ეკლესიაში დათესილი საცდურისა და არეულობის გამო. იგი სულიერი დაღუპვის ტრაგიკული ნიმუშია.