ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ამას წინათ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებსა და შემდგომ უკვე მათზე დაყრდნობით მედასავლეთე “ექსპერტ–ანალიტიკოსთა” შეფასებებს თუ დავუჯერებთ, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ეკლესიისა და სამღვდელოებისადმი ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდა. კვლევის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაოდენობამ იმ ადამიანებისა, რომლებიც საპატრიარქოს საქმიანობას ცუდად აფასებენ, 10%-მდე მოიმატა, 2% კი მას ძალიან ცუდად (კრიტიკულად), ხოლო 25% საშუალოდ აფასებს.
რაც შეეხება ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტზე დადებითი აზრის მქონე მოქალაქეებს, “ენ-დი-აი”-ის თანახმად, მათი რაოდენობა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კატასტროფულად შემცირდა. დღეს მხოლოდ 34% ფიქრობს, რომ ეკლესიისა თუ სამღვდელოების საქმიანობა ქვეყნისთვის სასარგებლოა, რაც წინა წლის მონაცემებზე 27%-ით ნაკლებია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა აღნიშნული კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის უშუალო მხარდაჭერითა და ფინანსური ხელშეწყობით მოამზადა, საველე სამუშაოები კი 2003 წელს დაფუძნებულმა უცხოეთიდან დაფინანსებულმა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” ჩაატარა.
შემცირდა თუ არა ეკლესიის რეიტინგი თუ ავტორიტეტი, რა მიზანს ემსახურება “ენ-დი-აი”-ის კვლევა და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსმა კვლევებმა საზოგადოების განწყობებზე?
“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.
_ ბატონო ვაჟა, ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებულ კვლევას თუ დავუჯერებთ, საქართველოში ეკლესიისა და სამღვდელოების ავტორიტეტი დღითიდღე მცირდება. მათი შეფასებით, ეს შეუქცევადი პროცესია და მას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს… რა აზრის ხართ ამ კვლევაზე?
_ ის, რომ “ენ-დი-აი”, როგორც ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი გავლენიანი უცხოური ორგანიზაცია, პოლიტიკური ინსტრუმენტია და მისი ესა თუ ის კვლევა არა რეალობის ასახვას, არამედ გარე ძალების მიერ საქართველოში გარკვეული დღის წესრიგის დამყარებას ემსახურება, არახალია. ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმიდან მოყოლებული გვეთამაშება და ზოგჯერ ეს თამაში მეტისმეტად კომიკური ხდება.
რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, შეფასება, რომ თურმე დღეს გაცილებით მეტნი არიან საპატრიარქოს საქმიანობისადმი უნდობლად განწყობილი ადამიანები, რომ თურმე ეკლესიისა და სამღვდელოების ავტორიტეტი დღითიდღე ეცემა, მეტყველებს ერთადერთ რამეზე _ “ქართულ დემოკრატიაზე გულდათუთქული” ჩვენი დასავლელი “კეთილისმსურველები” ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ, მიუხედავად მათი გააფთრებული წინააღმდეგობისა, მიუხედავად მათ მიერ ჯერ კიდევ წლების წინათ დაწყებული ბრძოლისა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, პატრიარქის რეიტინგი, ისევე როგორც მთლიანად ეკლესიისა და სამღვდელოების, მატულობს… ვიმეორებ: დღევანდელი “ენ-დი-აი” თავისი პოლიტიკითა და იდეოლოგიით არის 21-ე საუკუნის ნეობოლშევიკური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ოკეანის გაღმა და მისი საქმიანობა ერთი-ერთზე იმეორებს საქართველოს ისტორიაში ავადცნობილი უღმერთოთა კავშირების საქმიანობას. მე მხედველობაში მაქვს 1924-29 წლებში საბჭოთა კავშირში შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც ებრძოდა პატრიარქს, სამღვდელოებას, ეკლესიას და ა.შ. აი, ამ უღმერთოთა ერთ-ერთი უჯრედია დღეს “ენ-დი-აი”, თუმცა თავისი რესურსებით _ პიარტექნოლოგიების, პროპაგანდის საშუალებებისა და სხვა თვალსაზრისით, მას, რა თქმა უნდა, მეტი ბერკეტები აქვს საზოგადოების ცნობიერებაზე ზეგავლენის მოსახდენად.
_ რა შეიძლება იყოს მსგავსი კვლევების მიზანი?
_ მიზანი არის საზოგადოებაში ეკლესიისადმი უნდობლობის გაღვივება, ბოღმის, სიძულვილის გაჩენა და საბოლოოდ კიდევ უფრო მომატება ნიჰილიზმისა, რომელიც დღეს ისედაც ჭარბად არის ადამიანებში. “ენ-დი-აი”, “აი-რა-ი” თუ უცხოეთიდან დაფინანსებული სხვა ორგანიზაციები აქ მოვლენილია ერთადერთი მიზნით: თუ ვინმე ან რამე არსებობს ამ ქვეყანაში, რაც ხელს უშლის საზოგადოების მოქცევას დასავლური ნეოლიბერალური იდეოლოგიის ყალიბში, წელში გადატეხონ. ეს არის ორგანიზაციები, რომელთა მსგავსმა ხატმებრძოლმა ძალებმაც თავის დროზე ეკლესიები დაანგრიეს და ხატები ხელყვეს საქართველოში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დახვრიტეს პატრიარქები, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ამბროსი ხელაია, კირიონ მეორე (საძაგლიშვილი), საეჭვო ვითარებაში მოკლული გამოჩენილი მიტროპოლიტი გაბრიელ ჩაჩანიძე, გამოჩენილი მღვდლები: პეტრე და ანდრია კარბელაშვილები (ძმები) და ა.შ. თუმცა ფაქტია ისიც და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული გამძვინვარებული კამპანიის თვალსაზრისით, არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესი, რომელიც მიმართულია ქრისტიანული ზნეობის წინააღმდეგ, მართლმადიდებლობა კი, როგორც მთავარი ფუნდამენტი ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, უპირველესი მიზანია. ამ ანტიმართლმადიდებლური კამპანიის ერთ-ერთი “გმირი” არის მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი; კაცი, რომელმაც, ფაქტობრივად, მოშალა და დაანგრია საბერძნეთის ეკლესია და ახლა ზუსტად იგივე უნდა დამართონ საქართველოს…
_ კონკრეტულად რაში გამოიხატება მათი ეს მცდელობები?
_ თუნდაც იმაში, რომ გარკვეულ ძალებს ეკლესიაში უნდათ, საპატრიარქო მმართველობა ჩაანაცვლონ საეპისკოპოსო მმართველობით, ეს, პრაქტიკულად, ეკლესიის დაშლა იქნება. რაც შეეხება ისევ “ენ-დი-აი”-სა და საქართველოში მოქმედ სხვა მსგავს ორგანიზაციებს, ჩვენ სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ოდნავ მაინც მოფიქრალი ხელისუფლება გვყავდეს, უკვე დიდი ხნის დაწყებული იქნებოდა გამოძიება ამ ორგანიზაციის საქმიანობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ კვალიფიციური გამოძიების შემთხვევაში გამოჩნდება კანონდარღვევის უამრავი ფაქტი, რომლებიც სამართლებრივი საფუძველი გახდება ამ და სხვა მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვისა საქართველოში, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ამერიკის საელჩოდან იმართება, რა თქმა უნდა, ასეთი გამოძიების ჩამტარებელი არ არის…
_ როგორ ფიქრობთ, ის პროპაგანდა, რომელიც მიმართულია ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ და საზოგადოებაში უნდობლობის გაღვივებას ცდილობს, რეალურად ახდენს გავლენას ადამიანების ცნობიერებაზე?
_ დარწმუნებული ვარ, რომ “ენ-დი-აი”-ს მსგავსი ნეოლიბერალური ორგანიზაციები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ვერაფერს დააკლებენ. შაჰ–აბასმა, თემურ–ლენგმა და სხვა უფრო სასტიკმა დამპყრობლებმა ვერ შეარყიეს ჩვენი სარწმუნოება, იმიტომ, რომ იესო მაცხოვარი ბრძანებს: “ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას”.
პროპაგანდას რაც შეეხება, საბედნიეროდ, დღეს საზოგადოება კარგად არჩევს შავსა და თეთრს; იმ პროცესების ფონზე, რომლებიც დასავლეთში ვითარდება, ყველამ იცის, რეალურად რისკენ არის მიმართული ესა თუ ის პროპაგანდა. ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდ ანტილიბერალურ საქმეს დღეს აკეთებს თვითონ ლიბერალური პროპაგანდა, რომელიც ისტერიკის რეჟიმშია და თავისი ისტერიკული რიტორიკით სულ უფრო აძლიერებს ადამიანებში უკმაყოფილებას… სხვათა შორის, “ენ-დი-აი”-სა და მის მესვეურებს, რომლებიც ვითომ ადამიანის უფლებების დაცვასა და ტოლერანტობას ქადაგებენ, მინდა, შევახსენო დიდი ამერიკელი სასულიერო მოღვაწის _ სერაფიმ როუზის სიტყვები. ის ამბობს, რომ ამერიკა და მთლიანად დასავლეთი ჩავარდნილია მატერიალიზმის ჭაობში და ეცოდება ეს საზოგადოება, რადგან განწირულია. მატერიალიზმის ჭაობში ჩაძირული ხატმებრძოლების ხროვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ვერ დაანგრევს. პირიქით, მათი ბინძური კამპანია უფრო აძლიერებს ჭეშმარიტებას, ამტკიცებს და ამყარებს საზოგადოებას, რომელიც სწორ პოზიციაზე დგას. რაც შეეხება იმ ნაწილს ადამიანებისა, რომლებიც, შესაძლოა, დააბრმავა და მოწამლა ამ წლების განმავლობაში ლიბერალურმა სიბინძურემ, ყოველთვის დარჩება მარგინალურ უმცირესობაში, რომელსაც ჩვენი დროის ყველაზე სამარცხვინო ადამიანები უმაგრებენ ზურგს.
_ კონკრეტულად ვინ?
_ მაგალითად, ცრუ მამა პეტრე, აწ განყენებული ეკლესიის წიაღიდან; დეკანოზი მამალაძე, რომელიც უმძიმესი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს… სხვებზე არაფერს ვამბობ. თუმცა, რა ბრალდებებიც უნდა შეთითხნონ ამ ადამიანებმა პატრიარქის წინააღმდეგ, რა პროპაგანდაც უნდა ააგორონ და მერე იძახონ, აგერ, ვიღაცის დანაშაულების მტკიცებულებები გვაქვსო, საზოგადოებას ვერ დააბრმავებენ…
_ სხვათა შორის, ამას წინათ თორნიკე მამალაძემ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, მედიასთან განაცხადა, რომ მალე გაასაჯაროებს პატრიარქის დანაშაულების მტკიცებულებებს. როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდოთ დისკრედიტაციის ახალ კამპანიას?
_ ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ ამ განცხადებას მალევე მოჰყვა “ენ-დი-აი”-ს კვლევა. ეს ერთი პროცესია, რომელიც გარკვეული იდეოლოგიური ლოგიკითა და ურთიერთკოორდინაციით მიდის. რა შეიძლება ამას დავუპირისპიროთ? პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა იცხოვროს ქრისტიანულად და უფრო უნდა დაუახლოვდეს უფალს. ფორმალურად კი არ უნდა იარონ ტაძარში, გულით უნდა სწამდეთ. მეორე _ ქვეყანაში უნდა გაერთიანდნენ ეროვნულ-პატრიოტული ძალები, რომლებიც დღეს დაქსაქსული არიან და ხშირად ერთმანეთს უპირისპირდებიან.
_ საგარეო–პოლიტიკური კურსის მიმართულებით რა ცვლილებების აუცილებლობას ხედავთ?
_ პირველი და უმთავრესი, რაც, ჩემი აზრით, მოსაგვარებელია, ეს არის რუსეთთან ურთიერთობა. აუცილებელია პირდაპირი დიალოგი და ბლეფია ის, რომ ჩვენს პრობლემებს ამერიკა ან ევროპა მოაგვარებს. ჩვენ, კიდევ ვიმეორებ, ერთი-ერთზე, პირდაპირ, შუამავლების გარეშე უნდა ველაპარაკოთ ჩრდილოელ მეზობელს. ეს დიალოგი სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, რუსეთსაც, იმიტომ, რომ რუსეთიც მართლმადიდებელი ქვეყანაა და მისთვის ძალიან მძიმე ტვირთია პატარა მართლმადიდებელ საქართველოსთან დაპირისპირება. სხვათა შორის, რუსების უდიდესი წმინდანი სერაფიმე საროველი ერთი საუკუნის წინათ ბრძანებდა, რომ ივერია, რომელიც არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, უნდა იყოს დაცული და ხელშეუხებელი. ეს რუსებმა ძალიან კარგად იციან და ამაზე სასულიერო წრეებში ხშირად საუბრობენ. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში შედეგზე ორიენტირებული დიალოგის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. მათ არც ნება აქვთ საამისო, არც რესურსი და არც მოტივაცია; მათი უმთავრესი ინტერესი არის ძალაუფლების შენარჩუნება, რომლის ერთადერთ გარანტადაც დასავლეთი წარმოუდგენიათ და, ბუნებრივია, ამის გამო ყოველთვის დარჩებიან მათ ყურმოჭრილ მონებად. აი, ზუსტად ამიტომაა დღეს აუცილებელი ძირეული გარდაქმნები, რომელთა შემდეგაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა სამუდამოდ უნდა აეკრძალოს გარედან მართულ, ფულსა და ძალაუფლებას დახარბებულ ყველა ძალას. ამის გარეშე, უბრალოდ, საუბარიც ზედმეტია მომავალზე, რომელიც დღეს, პრაქტიკულად, არ გვაქვს და ახლო ხანებში, ალბათ, არც გვექნება…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია