Home რუბრიკები საზოგადოება დავით გაიხარაშვილი: ტუღუშის დანიშვნას სჯობდა, მკვდარი დაესვენებინათ ციხეების უფროსად, ის უფრო მეტს...

დავით გაიხარაშვილი: ტუღუშის დანიშვნას სჯობდა, მკვდარი დაესვენებინათ ციხეების უფროსად, ის უფრო მეტს გააკეთებდა პატიმრებისთვის

1287

დავით გაიხარაშვილი 2006 წელს ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს, ციხის .. ბუნტისას სასიკვდილოდ სცემეს. პატიმრების დარბევას უშუალოდ  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია და მისი ხელქვეითები ახორციელებდნენ. ციხის საავადმყოფოში ექიმებმა დავით გაიხარაშვილი საბოლოოდ დააინვალიდეს, დღეს ყოფილი პატიმარი ვერ გადაადგილდება და მისი ჯანმრთელობა უმძიმესია. ახლა მას ციხის ექიმთან, პროფესორ რამაზ აღლემაშვილთან სასამართლო დავა აქვს, მოითხოვს ფულად კომპენსაციას.

_ ბატონო დავით, მართალია, თქვენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ძალიან ძნელია იმის გახსენება, რაც განიცადეთ, წამების კვალი ნათლად გაჩნიათ, მაგრამ გთხოვთ, გვიამბოთ, რა მოხდა 2006 წლის 31 მარტს, როდესაც თქვენ დაგაპატიმრეს

_ 2006 წლის მარტში დამაპატიმრეს. ჯერ პოლიციის სამმართველოში ვიყავი, მერე კაპეზეზე, ხოლო ბუნტის დღეს გადამიყვანეს ციხეში. ჯერ ბრალად წამიყენეს  იარაღის უკანონოდ ტარება, შემდეგ ყაჩაღობა, ბოლოს მანქანის ქურდობა, რაც აბსურდი იყო. ჩემი მოწმეები და ადვოკატი ტარიელ ჩოჩიშვილი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, დაზარალებული იძახდა, მშვენივრად ვიცი, ვინც მოიპარა ჩემი მანქანა, მაგრამ ეს ვინააო, ჩემზე ეკითხებოდა.

_ დაპატიმრებისას გცემეს?

_ რა თქმა უნდა, მცემეს, უნდოდათ, აღიარებითი ჩვენება მიმეცა, რასაც მე არ ვაძლეოდი. ისე დაიხურა ჩემი საქმე, ხელი არ მომიწერია მასზე.

_ რა ხდებოდა ციხეში გადაყვანის შემდეგ?

_ ძალიან აგრესიულად მექცეოდნენ, რაც მე ვერ ავიტანე, შელაპარაკებაც მომიხდა და წინააღმდეგობაც გავუწიე. ამის შემდეგ ჩამკეტეს კარანტინში, იმავე ღამეს ატყდა ბუნტი, 26 მარტი თენდებოდა, ღამის 4 საათზე ისმის ციხეში ხმაური… იქ თურმე ვიღაც პატიმარს აწამებდნენ და ისიც საშინელი ხმით ღრიალებდა და ითხოვდა შველას. საერთოდ, როდესაც ციხეში ან «რეზბალინცაზე» ვინმეს აწამებდნენ, სხვა პატიმრები სოლიდარობის ნიშნად ხმაურს ატეხავდნენ ხოლმე, ამჯერადაც ასე მოხდა. პატიმრები მხოლოდ ხმაურობდნენ, კარი არ გაუტეხიათ, «კლუჩნიკებმა» თვითონ გააღეს ჩუმად კარი და გაიპარნენ, რათა ისე გამოჩენილიყო, თითქოს პატიმრებმა ბუნტი ავტეხეთ და კარი გავანგრიეთ. ახლა, როცა კარი გაიღო, პატიმრებს საკნებში რაღა გააჩერებდათ? პატიმრები  დერეფანში გამოვიდნენ, საერთოდ, როგორც წესი, ციხის ადმინისტრაციას უფლება არ აქვს, ისროლოს მანამ, სანამ პატიმარი არ გამოცდება შენობას. აქ კი დერეფნებში გამოსულ პატიმრებს შენობაშივე აუტეხეს სროლა და უცბად მკვდარი პატიმრები მოცელილივით დაეცნენ.

_ შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენი პატიმარი დახოცეს მაშინ?

_ ზუსტი ციფრი მხოლოდ ახალაიამ იცის. ბევრი დაიხოცა, მაგრამ სად გაიტანეს ცხედრები, ნამდვილად არ ვიცი.

_ მაშინ დახოცილი პატიმრის მშობლებმა და ახლობლებმა ხმა რატომ არ ამოიღეს?

_ ახლა რატომ არ ამოიღეს? გააუპატიურეს ბიჭები, მოკლეს… ორი დღე იყვირეს და გაჩერდნენ.

_ გცემეს?

_ როგორც მითხრეს, სპეცრაზმელები შემდგნენ წიხლით, ჩამარტყეს ხერხემალში და გონება დავკარგე. როცა გონს მოვედი, სასწრაფოს მანქანაში ვეგდე ცოცხალ-მკვდარი. გადამიყვანეს მეექვსე საპყრობილეში.

_ საავადმყოფოში რატომ არ გადაგიყვანეს?

_ ვინ გადამიყვანდა? ისევ დამაბრუნეს დერეფანში, ტკივილისგან ფეხზე ვერ ვდგებოდი, ორი ბიჭი მეხმარებოდა, როგორც კი ქვემოთ ჩამიყვანეს, იქ ბაჩო  ახალაია დაგვხვდა თავისი ბიჭებით…

_ თავად ბაჩო ახალაია აწამებდა პატიმრებს? რა ნახეთ იქ?

_ მე იქ რაც ვნახე და ის, რასაც ბაჩო ახალაია აკეთებდა, წამებაზე უარესია, პირადად ბაჩო ახალაიამ მცემა, უფრო სწორად, მან ჯერ წიხლი ჩამარტყა და მერე მისი ბიჭები შემდგნენ. ბაჩო პატიმრების ცემას ან იწყებდა, ან ამთავრებდა. ჯერ თვითონ ჩაარტყამდა წიხლს, მერე მისი ბიჭები აგრძელებდნენ ან, როცა ბიჭები მორჩებოდნენ ცემას, ის წიხლს დაუმატებდა. ბაჩოს გარდა იყო ვინმე ხუჭუა, ის ბაჩოს მოადგილე იყო, თავისი სპეცნაზი ჰყავდა, პატიმრებს ლეწავდა და ამტვრევდა.

_ ახალაია პირადად ესწრებოდა პატიმრების წამებებს?

_ რა თქმა უნდა, თანაც  ყოველთვის მაგარი მთვრალი შემოდიოდა პატიმრებთან.

_ გაგინებდათ?

_ ახალაია გვაგინებდა და ყველანაირ უწმაწურ სიტყვებს ამბობდა, გვაგინებდა დედაზე და ყველაფერზე, კონკრეტულად კი ამბობდა, «თქვენი დრო დამთავრდა, თქვენი დედა… ახლა ჩვენი დროაო…», მაგათი დრო რა არის, მე ვერ გავიგე.

_ ისევ ბაჩო ახალაიაზე ჩაგეკითხებით, ის დროდადრო ატარებდა სადამსჯელო აქციებს თუ ყოველდღე?

_ ბაჩო ახალია 3 თვე ციხიდან არ გამოსულა, თითქმის ყოველდღეE ხდებოდა ცემატყეპა, ერთი დღე არ გვასვენებდნენ, როგორც ხორცის საკეპი მანქანა ბრუნავს, ისე ამუშავებდნენ პატიმრებს

_ გაუპატიურების ფაქტები იყო?

_ ჩემს დროს არა, მაგრამ მერე დაიწყო მეექვსე დაწესებულებაში წამება, თუმცა სხვა კოლონიებში მაშინაც ხდებოდა.

_ ვინ მონაწილეობდა მასში?

_ ძირითადად, ახალაიას ხალხი იყო ჯალათები, მისი ბრძანებით მოქმედებდნენ. უმრავლესობას მეგრული გვარები ჰქონდა. ერთი ჯალათი იყო გვარად მერაბიშვილი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, ეს იყო უსაზიზღრესი კაცი, მას მეტისმეტი მოუვიდა და მერე მოაშორეს იქიდან. თავში იმდენი მაქვს ნარტყამი, რომ ბევრი რამ აღარც მახსოვს…

_ «რეზბალნიცაზე» მომაკვდავი პატიმრები შეყავდათ?

_ ნუ იტყვით, იქ ხდიდნენ მომაკვდავებს. დაავადებულ ადამიანს, მწვავე ტუბერკულოზიანს რომ ჯანმრთელთან განათავსებ, რა მოხდება, ხომ წარმოგიდგენიათ? იქ არც სათანადოდ მკურნალობენ პატიმრებს, არც სათანადოდ ეპყრობიან.

აი, მაგალითად, დავით ასათიანი ექიმი კი არა, ჯალათია, ის ახლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ზის, ასათიანი ჩამოყალიბებული მკვლელია, ახალაია და კალმახელიძე მასთან მონაგონია. არ ვიცი, დღემდე ამაზე ხმას რატომ არ იღებენ, ძალიან მიკვირს.

_ როგორ გაგათავისუფლეს ციხიდან?

_ ექიმებმა იცოდნენ, რომ მაინც განწირული ვიყავი და მოვკვდებოდი, მაგრამ მანამდე, სანამ «რეზბალნიცაზე» გადამიყვანდნენ, მიხაილოვის საავადმყოფოში დამაწვინა დედაჩემმა. ექიმმა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან იყო შეკრული, საბოლოოდ დამაინვალიდა და დამღუპა. ამიტომ მიხაილოვის  საავადმყოფოს ექიმ რამაზ აღლემაშვილისგან ვითხოვ კომპენსაციას ჩემი დაინვალიდებისთვის.

_ რას მოითხოვთ მისგან?

_ რაც მე მეკუთვნის, ის დამიბრუნოს, ჯანმრთელობას ვგულისხმობ, თუ ვერ დამიბრუნებს, მაშინ გადამიხადოს და მე თავად დავიბრუნებ ჯანმრთელობას.

_ ამ საშინელი ფაქტებისა და ვიდეომასალის გამომზეურების შემდეგ კვლავ გრძელდება პატიმრების წამება?

_ უარესია. ახლა, როგორც კი საპროტესტო მუხტი ჩაქრება, მაშინვე გაუარესდება ყველაფერი, ასჯერ მეტი მოხდება. მაქვს ინფორმაცია, რომ  პატიმრებს ახლაც ძალიან ცუდ დღეში აგდებენ. ტუღუში არაფერს წარმოადგენს, გინდ ყოფილა ის და გინდ არა. რაც ტუღუში დაინიშნა, მას შემდეგ კიდევ ოცი პატიმარი სცემეს. ახლა რომ ეუბნებიან სტუდენტებს, შედით და არჩევნებს ჩავატარებთო, ნეტავი ვისთვის ატარებენ არჩევნებს? ამბობენ ერთი კვირა ვაცადოთ ხელისუფლებასო, ერთი კვირა კი არა, შეიძლება ერთი წამი წყვეტდეს ადამიანის სიცოცხლეს. ახლახან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ისევ ნაცემი და გაუბედურებული არიან პატიმრები. არც იმ საჩვენებლად დაპატიმრებულ ჯალათებს არ დასჯიან, ისინი რომ დასაჯონ, უარესს იტყვიან მაგათზე და ამიტომ არ სურთ ამის გამოაშკარავება. არავის არ უნდა არჩევნები, ეს ყველაფერი ხალხის გადასარჩენად უნდა იყოს და ხალხს თუ გაწირავენ, მაშინ უარესს მიიღებენ….

_ პატიმართა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი წამებაა?

_ სიკვდილიანობის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში წამებაა, ზოგი ამ არასათანადო მოპყრობის შედეგად ავადდება და კვდება. იცით, რამდენმა პატიმარმა ვერ გაუძლო წამებას და თავი მოიკლა? გადით და ნახეთ, უპატრონო სასაფლაოზე რამდენი პატიმარია დამარხული, ყველა მიცვალებული უნდა ამოითხაროს და ინახოს, ვის რა ორგანო აკლია.

_ დღეისათვის პატიმრების ახლობლებს კვლავ ეშინიათ?

_ პატიმრების ახლობლებს კიდევ ეშინიათ და ვერ გავიგე, ახლა მაინც რისღა ეშინიათ? ისე არიან გაუბედურებული, გაუპატიურებული, კაცია თუ ქალი  ვეღარ გაიგებ… ამაზე უარესი რაღა უნდა დაგვემართოს, შე დალოცვილო?..

_ გიორგი ტუღუშის დანიშვნა პენიტენციალურ სისტემაში შეცვლის რაიმეს?

_ როგორ გითხრათ, გიორგი ტუღუში არც ღვინოა და არც წყალი, მე არ ვიცი, 500-გვერდიანი მოხსენება ჰქონდა თუ შიგ სვანური ლექსები ეწერა? ტუღუშის დანიშვნას სჯობდა, მკვდარი დაესვენებინათ ციხეების უფროსად, ის უფრო მეტს გააკეთებდა.

ესაუბრა ეთერ ბალაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here