ჩვენს ერსა და ქვეყანას ისტორიის განმავლობაში ბევრი უმძიმესი პერიოდი გამოუვლია, მაგრამ მათი შედარება დღევანდელთან შეუძლებელია. წერილის სათაურად დასმული ორი რიტორიკული კითხვა სწორედ ქვეყნის უაღრესად კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარეობს _ არ არსებობს ცხოვრების არც ერთი სფერო, მეურნეობის არც ერთი დარგი, რომელშიც არათუ წინსვლა, რამე სტაბილურობა მაინც იყოს. ყველგან კატასტროფული რეგრესია, გვაქვს მხოლოდ როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით მიღებული “დემოკრატიული” რეალობა: ლეგალიზებული სათამაშო ბიზნესი, ლეგალიზებული ნარკომანია, პროსტიტუცია, სექსუალურად გაუკუღმართებული სუბიექტების დიქტატი და ცხოვრების წესის თავსმოხვევა საზოგადოებისთვის. გვინდა ასეთი “დემოკრატია” და მიღწევები? _ არა!
რევერანსებითა და ენის მოჩლექით საუბრის დრო დამთავრდა. აქამდეც ყველაფერს თავისი სახელი უნდა დარქმეოდა. და მაინც მეტად კორექტულად მინდა გაგიზიაროთ რიგითი ქართველის თვალით დანახული ჩვენი ყოფა, რომლის შემოქმედნიც მოქმედებით თუ უმოქმედობით, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენვე ვართ.
პრობლემა იმდენი და ისე ნაირფეროვანია, რომ, მართალი გითხრათ, არ ვიცი, რომელს შევეხო და რომლით დავიწყო. და მაინც, რადგან ყველა დროსა და ხალხებში პროგრესისა და განვითარების პირველწყარო ერის გონიერი და განათლებული ფენა არის ინტელიგენცია; მინდა, ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის შესახებ ჩემი აზრი გაგიზიაროთ.
წიგნიერება, განათლება, სამეცნიერო ხარისხი, წოდებები თუ სხვა რეგალიები მეცნიერებასა და ხელოვნებაში არაფრის მაქნისია, თუ ადამიანი კაცამდე ვერ ამაღლდა და ღირსებით შემკულ პიროვნებად არ ჩამოყალიბდა. როგორც დრომ გვიჩვენა, ასეთები ჩვენს ინტელექტუალურ წრეებში ერთეულებია _ უმეტესობა კი დაბრმავებულ–დაყრუებულ–დამუნჯებული დუმს და თვიდან თვემდე, როგორც ახლა მიღებულია გამოთქმა, “ინტელიგენციის გადასარჩენად”, სინამდვილეში კი ამ დუმილისათვის გამოწერილ სტიპენდიას ელოდება. არადა, ამ შემთხვევაში დუმილი, ოქრო კი არა, ღალატია, რადგან ახლა, ალბათ, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ქვეყანას მიმდინარე მოვლენებზე მათი ხედვა, პროცესების აკადემიური ანალიზი და განვითარება–აღორძინებისთვის გზის დასახვა. ამ დუმილში ყველაზე დრამატულია ის, რომ იგი ერის მორალურ-ზნეობრივ დეგრადაციას ემსახურება, რადგან ინტელიგენციის უმოქმედობით შექმნილი ვაკუუმი შევსებულია საზღვარგარეთიდან დაფინანსებული სხვადასხვა არასამთავრობოს მიერ. შედეგად, ვცხოვრობთ მათ მიერ დადგენილი დღის წესრიგით, მომავლის განვითარების გეგმებს ვსახავთ მათი რეკომენდაციებით. დასაქმების, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმების, და კარიერული წინსვლის აუცილებელი და საკმარისი (კვალიფიკაცია და კომპეტენცია მხედველობაში არ მიიღება) პირობაა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება და მათ რეკომენდაცია. უკვე იქამდე მივედით, რომ ქვეყანაში ყველა საკვანძო თანამდებობაზე არასამთავრობოთა წიაღში აღზრდილი სუბიექტები სხედან. სჯერა ვინმეს, რომ საქართველოდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ რომელიმე ქვეყანაში ჩვენზე ისე შესტკივათ გული, რომ აქ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნიან და მილიონებით ჩვენზე ზრუნვის გამო აფინანსებენ?! _ მე არა! მე მჯერა ხალხური სიბრძნის: ფრთხილად იყავი, როდესაც მტერი გაქებს! მგონი, ღირს, დავფიქრდეთ.
განათლების სფეროში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე ბევრი იწერება. აქცენტი, ძირითადად, კეთდება სასწავლო პროგრამების შედგენასა და სახელმძღვანელოებში შეტანილ მასალებზე, რაც თავისთავად მეტად მნიშვნელოვანია. მაგრამ აღზრდის პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლის მოტივაცია, მით უმეტეს დღევანდელი პედაგოგიური მეთოდოლოგიით აღზრდის პირობებში. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ცოდნა საჭირო არ არის; ხედავს, როგორ აღწევს კარიერულ წარმატებას საეჭვო რეპუტაციის, გაუნათლებელი სუბიექტი, ხოლო განათლებული და ზნეობრივი პიროვნება უმუშევარი და მშიერია, ამ ფონზე მასწავლებლისა და მშობლის მოწოდება მოზარდისადმი, რომ მან ისწავლოს, დარჩება მხოლოდ მოწოდებად ნულოვანი შედეგით.
საზოგადოდ, ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემის გასაღები ეკონომიკაა. თუ ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდება, ნელ-ნელა გამოსწორდება მდგომარეობა ყველა სფეროში და ქვეყანა პროგრესის გზას დაადგება.
დღეს მრეწველობის აღორძინებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს აგრარული სექტორი, მით უფრო, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური კუხით, მას უდიდესი დემოგრაფიული მნიშვნელობაც აქვს.
სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ხელისუფლება ხმაურიანი, მყვირალა და არაფრისმომცემი კამპანიების გარდა ქმედითს არაფერს გვთავაზობს. სოფლის თემაზე სათქმელი ბევრია, მაგრამ აქ ამის საშუალება არ არის, მოკლედ კი _ დოვლათს ქმნის ბაზარი. დღეს ქართველი გლეხისთვის დახშულია არათუ გარე ბაზარი, სახელმწიფომ იგი შიდა ბაზრიდანაც განდევნა არაკვალიფიციური და მავნებლური საბაჟო პოლიტიკის გზით. საქართველო მცირემიწიანი და, ამასთანავე, უნიკალური მიკროკლიმატის მქონე ქვეყანაა. ჩვენთან მოყვანილი პროდუქტი გემოვნებითა და არომატით გაცილებით აღემატება სხვა ქვეყნის ანალოგებს, მაგრამ მცირე ფართობზე ერთეული პროდუქტის წარმოება ძვირი ჯდება ვიდრე დიდ ფართობზე, ამიტომ იგი ფასში კონკურენციას ვერ უწევს ბაზარზე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტს. ქართველი გლეხი იძულებულია, მისი წარმოებული პროდუქტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მალე ფუჭდება, როგორმე ისე გაყიდოს, რომ არ იზარალოს. კახეთში ხშირია შემთხვევები, როდესაც ატამს არც კი კრეფენ, ისე დაბალია მისი გასაყიდი ფასი. სურვილის შემთხვევაში ხელისუფლებას შეეძლო, შეპირებული და აუშენებელი 100 ქარხნის ნაცვლად ორი საკონსერვო (წვენების) კომბინატი აეშენებინა. ხელისუფლების აგრარული პოლიტიკის ყველაზე კარგი შემფასებელი ჩვენი სავაჭრო ობიექტების დახლები და საქართველოს დაცლილი სოფლებია.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც შევეხები. დღეს ელექტრონული და ბეჭდვითი მედია მონოპოლიზებული აქვთ პროდასავლურ ლიბერალურ ძალებს და იქიდან ეროვნული სულისკვეთების საღი აზრის საზოგადოებისთვის მიწოდება გამორიცხულია, დარჩენილია “საქართველო და მსოფლიოს” ჩათვლით რამდენიმე გაზეთი და, როგორც მკითხველი, ჩემს თვალსაზრისს გაგიზიარებთ: ფაქტებისა და მოვლენების საზოგადოებამდე მიტანა არ არის საინფორმაციო საშუალების ძირითადი ამოცანა, რადგან მკითხველმა შეიძლება არასწორად აღიქვას. ჟურნალისტის პროფესიონალიზმსა და საინფორმაციო საშუალების საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე დიდად არის დამოკიდებული, რა კუთხით იქნება გაშუქებული ესა თუ ის მოვლენა და ფაქტი, რათა საზოგადოებამ ობიექტურად აღიქვას და მიზეზ–შედეგობრივად გააანალიზოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. სასურველია, მოვლენებისა და ფაქტების გაშუქებისას მეტი ადგილი დაეთმოს მათი გამომწვევი მიზეზების სიღრმისეულ ანალიზს.
როდესაც ადამიანი ან საზოგადოება კრიტიკულ სიტუაციაში ხვდება, იწყებს მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნას და, პირველ რიგში, აანალიზებს, როგორ მოხვდა ამ მდგომარეობაში. ამ ფონზე საკვირველია, რომ ჩვენს ქვეყანაში არ აღმოჩნდა არც პიროვნება და არც პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც კითხვას მაინც დასვამდა _ რა მოხდა, რა გზით ვიარეთ, რომ ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურ–კულტურული განვითარების ზენიტში იმყოფებოდა, 30 წელიწადში ფსკერზე აღმოჩნდა. არადა, საზოგადოებას ჰაერივით სჭირდება ამ სამი ათეული წლის განმავლობაში განვლილი გზის თითოეული ნაბიჯის ყოველმხრივ აკადემიურ დონეზე შესწავლა–გაანალიზება და სათანადო დასკვნის გამოტანა, რათა საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ და ხანგრძლივი რეგრესი ქვეყნის აღმავლობა–განვითარებით შევცვალოთ. ვფიქრობ, ამის რესურსი ჯერ კიდევ გვაქვს.
მართალი გითხრათ, მაოცებს, რომ წიგნიერ და განათლებულ საზოგადოებაში (ასეთად მისი დიდი ნაწილი მიმაჩნია) ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტი გეოგრაფიულ მიმართულებას ენიჭება. კამათი, ძირითადად, მიმდინარეობს დასავლეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებებს შორის და, როგორც წესი, მიმდინარეობს არგუმენტებისა და საღი აზრის უქონლობის ან უგულებელყოფის ფონზე, დემაგოგიური ურაპატრიოტული მოწოდებებით და, ამდენად, უშედეგოდ. არადა, ნებისმიერმა ერმა და ქვეყანამ აუცილებელია, ობიექტურად გააანალიზოს, როგორც თავისი ქვეყნის, ასევე უახლოესი მეზობლების გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი სიმდიდრეები, ტრადიციები, სარწმუნოება, კულტურა, ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალი, მათთან ურთიერთობის ისტორია, რეგიონში არსებული, როგორც მათი, ასევე შორეული ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესები და გონივრული ურთიერთკომპრომისის გზით დაამყაროს მათთან კეთილმეზობლური ურთიერთსასარგებლო მეგობრული ურთიერთობა. აღნიშნულის გაანალიზების გათვალისწინებით დაგეგმოს, როგორც დოვლათის წარმოების სახეობა და მოცულობა, ასევე მოიძიოს მისი გასაღების ბაზარი; ბოლოს მიიღოს ზომები მინიმალური დანახარჯებით. მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით აწარმოოს, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკა.
პოლიტიკა ვახსენეთ და მოკლედ მასაც შევეხოთ: მთელი პოლიტიკური სპექტრი დღეს მონოპოლიზებული აქვს ერთ პროდასავლურ ლიბერალურ ძალას, რომელიც პოლიტიკაში წარმოდგენილია ორი ძირითადი გუნდით (პარტიით) _ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” სახით და მათი სატელიტებით. მათ შორის არ არსებობს რაიმე იდეური ან მსოფლმხედველობითი სხვაობა, მათ აქვთ საერთო პოლიტიკური მიზანი და, ამდენად, მათ შორის პოლიტიკური წაკინკლავება ამომრჩეველთა დაბნევაზე გათვლილი. სერიოზული დაპირისპირება მათ შორის სკამებისა და ქონების გადანაწილებისას ხდება, ისიც დასავლელი კურატორების მეთვალყურეობით. ხელისუფლებაში ყოფნისას ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები საუბრობენ გუნდურ მართვასა და გუნდურ პასუხისმგებლობაზე, მაგრამ, როგორც წესი, პასუხს არავინ არაფერზე აგებს, არც გუნდურად და არც პერსონალურად, რადგან, ფაქტობრივად, ხელისუფლების ცვლილებისას ხდება პროდასავლური ლიბერალური ძალის ერთი გუნდის (პარტიის) ჩანაცვლება მეორე გუნდით (პარტიით) და პასუხის მომკითხავი ამიტომ არავინაა _ კოაბიტაცია! და მაინც, ამ თითქმის კომიკურ სიუტაციაში ტრაგიკულია ის, რომ ყველა ისინი (პროდასავლური ლიბერალური ძალის წარმომადგენლები) საოცრად ერთსულოვანნი არიან და მათ ხელთ არსებული ყველა (ადმინისტრაციული, საინფორმაციო, ფინანსური) ბერკეტებით, მისაღები თუ მიუღებელი მეთოდებით ერთობლივად იბრძვიან, რათა ქვეყანაში არ ჩამოყალიბდეს ქვეყნის ეკონომიკურ–სულიერ აღორძინებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. რაგინდ დაუჯერებელიც უნდა ჩანდეს, ამ საქმეში მათ ეხმარებიან დეკლარირებულად ეროვნულ ღირებულებებზე მდგომი პოლიტიკური სუბიექტები (მათმა რაოდენობამ, მგონი, ორასს გადააჭარბა). როგორ? _ დღემდე არც ერთი პოლიტიკოსისგან არ მომისმენია განცხადება, რომ ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად აუცილებელია მეორე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება. ზოგი მოითხოვს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მათი აზრი გაითვალისწინოს და ყველაფერი კარგად იქნება; ზოგიც მოითხოვს მესამე ძალის ჩამოყალიბებას. მინდა, მათ შევეკითხო: რომელია მეორე ძალა და, თუკი ასეთი არსებობს, მაშინ ხელისუფლებასთან შეკითხვები და პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს, რადგან, როდესაც პარლამენტი დაკომპლექტებულია ორი ძირითადი ძალის წარმომადგენლებით და კიდევ რამდენიმე პარტიას გააჩნია მანდატების გარკვეული რაოდენობა, ქვეყანას მართავს მათ მიერ დანიშნული მთავრობა, გვყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, მაშინ ასეთ დემოკრატიულ ხელისუფლებასთან პრეტენზიის მქონე პაოლიტიკოსი თუ პოლიტიკური სუბიექტი განხილული იქნება, როგორც აგრესიული, მარგინალი და რადიკალი. მაგრამ, თუ გავაცნობიერებთ, რომ პარლამენტი დაკომპლექტებულია ერთი ძალით, ქვეყანას მართავს მათ მიერ დანიშნული მთავრობა და პრეზიდენტის სავარძელში ზის მათ მიერ ამომრჩევლებისთვის ყალბი დაპირებებით თავსმოხვეული დამოუკიდებელი (მისი დამოუკიდებლობის შეფასება თქვენთვის მომინდვია) პრეზიდენტი _ ეს უკვე დიქტატურაა, რომელსაც ვერც ჩვენ და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ ვამჩნევთ, რადგან ზემოთ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტები ამ “პატარა” გადაცდომით ერთმმართველ პროდასავლურ ლიბერალურ ძალას ლეღვის ფოთლად ეფარებიან. დიახ, დიქტატურაა მთელი თავისი დამანგრეველი შედეგებით და რომლის აღმოსაფხვრელად საზოგადოებას სამოქალაქო, მორალური თუ იურიდიული უფლებები და მოვალეობები საკმაოდ აქვს.
მინდა, აქვე გაგიზიაროთ ჩემი თვალსაზრისი რუსეთის ფედერაციასა და რუს ხალხთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ.
ჩვენი ყველა პრობლემა მაშინ დაიწყო, როდესაც ქართველებსა და რუსებს შორის დამაკავშირებელი ძმობის, მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის ხიდი ჩატყდა. ეს ძალზე ვრცელი, აქტუალური, ფაქიზი და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა. ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ურთიერთობის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს _ რუსებმა ჩვენ გადაგვარჩინეს ფიზიკურ განადგურებას, ხოლო ეთნიკურმა ქართველებმა უდიდესი როლი შეასრულეს რუსეთისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში მის გადარჩენასა და აღორძინებაში. ყოველთვის და განსაკუთრებით ახლა, როდესაც დასავლური აგრესიული ლიბერალიზმი დაუნდობლად ღიად ებრძვის ყოველივე მართლმადიდებლურს და ტრადიციულს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ და რუსები ერთ ღმერთს ვცემთ თაყვანს და ერთ ხატს ვთხოვთ შემწეობას.
დასასრულ, რა არის გამოსავალი, რა გვეშველება? ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში გარდატეხის შესატანად აუცილებელია ეროვნული, პატრიოტული, სახელმწიფოებრივი და ტრადიციების ერთგული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა. ამოცანა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. გვახსოვდეს, რომ დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე დომინანტი პროდასავლური ლიბერალური ძალა არის მცირერიცხოვანი, მაგრამ აგრესიული, ანტიეროვნული, კარგად ორგანიზებული, უხვად დაფინანსებული და “დემოკრატიული დასავლეთიდან” პოლიტიკურად მხარდაჭერილი. მას არ აქვს რაიმე ნათელი მიზანი ან პოლიტიკური ხედვა. ერთად დგანან მხოლოდ ანგარების გამო და მათი “ანი” და “ჰოე” ფულია.
მეორე ძალა ჯერ ორგანიზაციად არ ჩამოყალიბებულა. არ არსებობს არც საინფორმაციო და არც მატერიალური ბაზა, მაგრამ მის შექმნას ელის საქართველოს მოსახლეობის 80%. ეს ის ხალხია, რომელიც დადის არჩევნებზე და გამწარებული ყველა კანდიდატს გადახაზავს; ისიც, ვინც მოქალაქეობრივი ვალდებულების გამო მიდის არჩევნებზე და, მისი აზრით, ნაკლებ უბედურებას უჭერს მხარს; ისიც, ვინც რამდენიმე პურის საყიდელი ფულის გადამხდელს აძლევს ხმას; ისიც, ვინც ოჯახის გამოსაკვებად საზღვარგარეთაა გადახვეწილი, და, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ვინც უიმედობით სასოწარკვეთილი, ბანკებისა და სამედიცინო დაწესებულებებისგან გაძარცვული და ხვალინდელ დღეზე ხელჩაქნეული საერთოდ არ დადის არჩევნებზე. მერწმუნეთ, რომ სამშობლოს სიყვარულითა და სიმართლით შეკრულ ამ ძალას წინ ვერ დაუდგება ვერავითარი ძალა, რაგინდ კარგად ორგანიზებული და დაფინანსებულიც უნდა იყოს.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვარ გაზეთის რიგითი მკითხველი, რიგითი ქართველი და თავს უფლებას ვერ მივცემ, ვინმეს რაიმესკენ მოვუწოდო, მაგრამ მინდა, ყველას ვთხოვო, ვისაც წერილში აღნიშნული საკითხები აწუხებს (არ აქვს მნიშვნელობა, ჩემს ხედვას ეთანხმება თუ არა), დავუკავშირდეთ რედაქციას, ვისაც სურვილი ექნება, შევხვდეთ, ვისაუბროთ. იქნებ კამათში უფრო საღი, რაციონალური, კონკრეტული აზრი და საკითხები გამოიკვეთოს და ასე დავძრათ ადგილიდან ჩვენი სიმართლის ურემი. გვახსოვდეს, გზა გრძელი და რთული გვაქვს გასავლელი, დრო კი ძალზე ცოტაა 2020 წლის არჩევნებამდე.
ტარიელ სუხიაშვილი
ბრყინვალე და აქტუალური სტატიაა. ავტორი სწორად აღნიშნავს, რომ „განვითარების პირველწყარო ერის გონიერი და განათლებული ფენა არის ინტელიგენცია“. ვაჟა-ფშაველაც ხომ ამბობს: „ერის ძალა ყოველთვის ინტელიგენცია ყოფილა და იქნება…“ მაგრამ დღეს სწორედ ეს „ერის ძალაა“ დაკოდილი: იგი, სამეცნიერო ხარისხებით, წოდებებითა თუ სხვა რეგალიებით გაამპარტავნებული და მილიარდერი ივანიშვილის „გადარჩენის სტიპენდიით“ მოსყიდული, არა მარტო დუმს, არამედ მოღალატურად თეთრს შავად და შავს თეთრად გვაჩვენებს. ავტორი მართალია: „ახლა, ალბათ, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ქვეყანას მიმდინარე მოვლენებზე მათი ხედვა, პროცესების აკადემიური ანალიზი და განვითარება–აღორძინებისთვის გზის დასახვა “.