Home სხვადასხვა დაიჯესტი იცნობდეთ: მემარჯვენე მოძრაობის ახალი დროშა _ იზაბელა ნილსონ იარვანდი

იცნობდეთ: მემარჯვენე მოძრაობის ახალი დროშა _ იზაბელა ნილსონ იარვანდი

603
იცნობდეთ: მემარჯვენე მოძრაობის ახალი დროშა _ იზაბელა ნილსონ იარვანდი

იგი ჭკვიანი და ლამაზია, რაც არცთუ ცოტაა ერთი ქალიშვილისთვის. თექვსმეტი წლისაა. ცხოვრობს შვედეთში, დედა შვედია, მამა _ ირლანდიელი. ბავშვობა მიგრანტთა კვარტალში გაატარა, საკმაოდ კეთილმოწყობილ უბანში (შვედეთია, რაც უნდა იყოს), რომელიც მიგრანტთა პრობლემებით იყო სავსე. მას ანტიგრეტას უწოდებენ, რითაც ქალიშვილების შეხედულებების განსხვავებულობაზე მიუთითებენ.

ამ ქალიშვილის შესახებ არცთუ დიდი ხნის წინათ ალაპარაკდნენ… როგორც გრეტა ტუნბერგის ანტიპოდზე, რომელსაც ყველა იცნობს, ეკოლოგიური პროტესტებით სხვადასხვა დონეებზე ხშირი გამოსვლების წყალობით. იზაბელას კი ეკოლოგიური პრობლემატიკა ნაკლებად აინტერესებს: იგი ლაპარაკობს არაკანონიერი მიგრაციის პრობლემაზე, აპროტესტებს აშკარა გეიპროპაგანდას შვედეთის სკოლებში, მხარს უჭერს უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის კონსერვატიულ თვალსაზრისს, ამხელს ეთნიკურ სასკოლო ბანდებს და სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებს, რომლებზეც შვედეთის ხელისუფლება თვალის დახუჭვას ამჯობინებს.

და კიდევ აი, რისი თქმა გაბედა მან: მე მიყვარს ჩემი შვედეთი და მისთვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის ვიბრძოლებ. ვიკინგების ვაჟიშვილები და ქალიშვილები ერთხელაც იქნება და აღსდგებიან. მჯერა, რომ ღმერთები გვითვალთვალებენ და მკაცრად დასჯიან მოღალატეებს, დაუყოვნებლივ ნაციონალისტებად შეგვრაცხავენ და ანათემას გადაგვცემენ. აქ ხომ შვედეთია _ ტოლერანტობით დაავადებული საზოგადოება, უძლიერესი მემარცხენე ლობი, რომელსაც სიფრთხილის არქონას ვერ დასწამებ”.

ნახევარი წელიწადი მაინც არის, რაც იზაბელას შესახებ ევროსკეპტიციზმით დაავადებულ იტალიაში ლაპარაკობენ; საფრანგეთში, სადაც ეროვნული ფრონტისა და მარინ ლე პენის ფორუმებზე მისგან უკვე შექმნეს გმირის ხატება. მაგრამ ქალიშვილი მოწინააღმდეგეებმაც შენიშნეს, მისი Twitter წაშალეს ქსელში უცნაური მიზეზით _ “იგი ჯერ ძალიან პატარაა, ამგვარ საგნებზე რომ იმსჯელოს”.

ანტაგონიზმი ანტაგონიზმის გარეშე

სინამდვილეში იზაბელა ისეთი აქტივისტი არ არის, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. იგი მართლაც მონაწილეობდა რამდენიმე დემონსტრაციაში, რომლებიც შვედეთის მიერ “მიგრაციის შესახებ გლობალური ხელშეკრულების” ხელმოწერის წინააღმდეგ გაიმართა, მაგრამ შემდგომ მისი პოზიციის შესახებ ადამიანები იგებდნენ სხვადასხვა ინტერვიუდან, რომლებსაც მას ართმევდნენ ჟურნალისტები და ბლოგერები. მეორე მხრივ, ინტერვიუშიც კი მან შეძლო არსებული სისტემისა და სრულიად დასავლური გლობალისტური შეხედულების წინააღმდეგ ისე რადიკალურად გამოსვლა, რომ მიიპყრო ათასობით ადამიანის ყურადღება მთელ მსოფლიოში.

ამჟამად ქსელში საკმაოდ ბევრია “ანალიტიკა”, რომლითაც თითქმის მასხრად არის აგდებული იზაბელასა და გრეტას _ მეორე ნორჩი შვედი აქტივისტის, ურთიერთდაპირისპირება. თანხვედრა პასპორტში ჩანაწერებს არ სცილდება, რადგან სხვა ყველაფერში თითოეული თავის ტალღას არის მომჯდარი, სხვადასხვა თემებზე ლაპარაკობენ, აპროტესტებენ სრულიად განსხვავებულ საკითხებს და პრაქტიკულად არსად არ გადაიკვეთებიან. ეს ასეა, მაგრამ ხალხის მოტყუება მაინც ძნელია და სპონტანურად წარმოშობილი მეტსახელი “ანტიგრეტა” სრულად ასახავს არსს იმისას, რაც ხდება. იზაბელა ზოგჯერ ხუმრობით დასცინის გრეტას, ყოველგვარი გაბოროტების გარეშე.

ისინი მართლაც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან თითქმის ყველაფერში. არცთუ ჭკვიან ტუნბერგს, რომელიც ეკოლოგიურ საშინელებათა გავლენის ქვეშ იმყოფება, საკუთრივ ცოტა რამ თუ ესმის მოცემული თემის, და იზაბელა, რომელმაც გაბედა მეინსტრიმის წინააღმდეგ წასვლა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცოდნისა და გრძნობის წყალობით, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობითა და არსებული ვითარების მისეული გაგებიდან გამომდინარე.

გრეტა აცხადებს მისთვის მოპარული ბავშვობის შესახებ, მაგრამ მას შინ უდგას სკამი, რომელიც ცხრა ათასი ევრო ღირს. მას უპირისპირდება შერეული ქორწინების შედეგად გაჩენილი ბავშვი, რომელიც გეტებორგის არცთუ კეთილმოწყობილ გარეუბანშია გაზრდილი. იგი სწავლობდა უბრალო სკოლაში, სადაც მიგრანტების შვილები დადიოდნენ. მშვიდობის ნობელის პრემიის შესაძლო ლაურეატი, რომლის პიარით, გამოჩენის თითქმის პირველივე დღიდან დაკავდნენ პროფესიონალები (ფრიად ძვირადღირებული პროფესიონალები), და ჯერჯერობით ბევრისთვის უცნობი გოგონა, რომლის შესახებაც წერენ უმეტესად თავიანთ ქვეყნებში მარგინალურებად მიჩნეული გამოცემები.

ისინი არა მხოლოდ დაპირნისპირებულები, არამედ გამომწვევად დაპირისპირებულები არიან: სხვების იდეების გამტარებელი და საკუთარი, ყველასთვის იოლად აღსაქმელი იდეების გენერატორი.

ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც ორი მტრული არმიის დროშები, როგორც ორი სიმბოლო, რომლებსაც ხელეწიფება ამ ორი არმიის შეტევაზე გადასვლა.

ასეთი “დროშების” არქონა მწვავედ იგრძნობოდა დიდი ხნის წინათ, თანაც, დაპირისპირებულთა ორივე მხარეს. ლიბერალური იდეების ძირითადი დამცველები და მატარებელნი შესამჩნევად დაბერდნენ და რაღაცნაირად ჩაქრნენ, დაკარგეს ქარიზმა. პირდაპირ თუ ვიტყვით, მათ გაიმარჯვეს, ლიბერალურმა დიქტატურამ დაბორკა დასავლური ცივილიზაცია, მაგრამ აშკარაა, რომ ეს გამარჯვება ყველასი და ყველასთვის ბედნიერებისკენ გაკვალული გზა კი არ არის, არამედ მხოლოდ ეფტანაზიისკენ გაჭრილი გზასავალი.

დროშების როტაცია

მემარცხენე არმიას (რომელიც გარკვეული აზრით უკვე “მემარჯვენე” გახდა, რადგან დიდი ხანია შეესისხლხორცა ხელისუფლებას და მას განასახიერებს) ძალიან სჭირდება დროშების შეცვლა, და გრეტა ტუნბერგის გამოჩენა სრულებითაც არ არის შემთხვევითი, დროშის ტარს დანატრებულმა ხელებმა ოსტატურად აიტაცეს იგი, აღმართეს არნახულ (ბავშვისთვის მაინც) სიმაღლეზე და ააფრიალეს იმ იმედით, რომ ახალ რეზერვისტებს მიიზიდავდნენ თავიანთ არმიაში. ამან იმუშავა: ათასობით ბავშვი გრეტას მიბაძვით აცდენს სასკოლო მეცადინეობას და საყვედურობს მთელ მსოფლიოს მათთვის მოპარული ბავშვობის გამო, მომავალ ეკოლოგიურ კატასტროფაში დაკარგული პერსპექტივის გამოც და ა.შ.

მაგრამ კიდევ უფრო მწვავედ სჭირდება ისინი პირობით მემარჯვენე არმიას, რომელიც გლობალურ მარცხს განიცდის. რაღაც დროით ასეთ დროშად იქცა ფრანგი ქალი მარინ ლე პენი. მაგრამ ამჟამად იგი უკვე აღარ არის ის ქერა ლამაზმანი, როგორიც იყო უწინ. პოლიტიკური ხატებაც ცოტა გაიცრიცა, ფერი დაკარგა საფრანგეთის სათავეში მოსვლის წარუმატებელი მცდელობისა და პოლიტიკური სკანდალების ფონზე.

ისეთი გაბედული გოგონას, თითქმის ბავშვის გამოჩენამ, როგორიც იზაბელაა, შეიძლება ბევრს შთაბეროს ძალა და დაარწმუნოს თავისი აზრებისა და შეხედულებების სისწორეში. იგი ჰგავს ზღაპრულ ბიჭს, რომელმაც შეჰყვირამეფე შიშველია!” ეს არქეტიპი მყარად არის ჩამჯდარი ევროპულ შეგნებაში, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დამახინჯებული ტოლერანტობით. მილიონობით ევროპელს ჯერ კიდევ უკვირს, რომ შვედურ საბავშვო წიგნებში წერია შემდეგი რამ: “მე ვარ ბელა, გოგონა პენისით”, “მე კი ვარ ლინუსი, ბიჭი ვაგინით”, “მე კი _ თინთინი და ელზა _ მე ვარ ბიჭიც და გოგონაც და რაღაც მათ შორის”.

უკვირთ, მაგრამ ეშინიათ დევნის, ან იმდენად არიან დაშინებული სხვადასხვა ჯურის “ავტორიტეტული” ფსიქოლოგებით, სექსოლოგებითა და “გენდერულ სპეციალისტთა” მიერ, რომ ვერ პოულობენ ძალას დაუფარავად გააჟღერონ თავიანთი უძალობა და გაოგნება.

იზაბელა აქ სჭირდებათ არა იმდენად როგორც გარკვეული დარგის ავტორიტეტი, არამედ როგორც მაგალითი, რომელიც დაარწმუნებს ადამიანებს თავიანთი შეხედულებების სისწორეში და შეარცხვენს თავიანთი სიმხდალის გამო.

პრობლემა არის ის, რომ მემარჯვენე არმია მარცხდება. ადამიანები კი, რომლებიც ჯოგის ინსტინქტით ხელმძღვანელობენ, ცდილობენ გამარჯვებულ მხარეს მიეკედლონ. მათ კი, ვინც “ანტიგრეტის” შეხედულებებს იზიარებენ, აღარ დარჩათ სერიოზული მედია საშუალებები, ადმინისტრაციული რესურსი და სპეცსამსახურები და ეს დროშა, საეჭვოა აღიმართოს ძალიან მალე. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ არც აღიმართოს.

შექმნილი ვითარება უკვე იმითაცაა საინტერესო, რომ შეიძლება ნამდვილად დაგვანახვოს, შერჩათ თუ არა სკანდინავებს ვიკინგების სულისკვეთება, გერმანელებს _ ტევტონი რაინდების სულისკვეთება, ესპანელებს _ კონკისტადორებისა, იტალიელებს _ რომაელების, თუ ეს მხოლოდ ხმამაღალი სიტყვებია. გამორიცხული არ არის, რომ დამპყრობთა და ცივილიზატორების განებივრებულმა შთამომავლებმა მდუმარე მაცქერალთა როლი ირჩიონ, მორჩილად უყურონ თავიანთი დიადი წინაპრების მონაპოვრის იავარქმნას ბარბაროსების მიერ, რაც ევროპის ისტორიაში არაერთხელ გამეორებულა.

ამიტომ, რაგინდ საინტერესო იყოს, დროშები თავისთავად, გაცილებით მნიშვნელოვანია არმიებისთვის თვალის მიდევნება, რომლებიც ამ დროშებით მიდიან საბრძოლველად. გაცილებით საინტერესოა დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და მათი მომავალი შედეგები, რომლებსაც შესაძლებელია ჟამთა სვლის კვალზე მოჰყვეს ევროპული ცივილიზაციის სრული კრახი.

ჯერჯერობით კი გავიხაროთ იმით, რომ ჯანმრთელ ძალებს გაუჩნდათ დროშა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here