Home რუბრიკები საზოგადოება გრანი ქავთარია: ნერონსა და ჩვენს პრეზიდენტს შორის მთელი რიგი თვალშისაცემი მსგავსებაა

გრანი ქავთარია: ნერონსა და ჩვენს პრეზიდენტს შორის მთელი რიგი თვალშისაცემი მსგავსებაა

2138

სააკაშვილის ცნობილი საავტორო პროექტი «ჩარეცხილები» განსაკუთრებით მწვავედ უნივერსიტეტის პროფესურას შეეხო, რომელიც ცნობილი მეცნიერების განდევნით დასრულდა. ცნობილია, რომ 2006 წელს . ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში პროფესორმასწავლებლების დიდი რეპრესიები დაიწყო. თავის დროზე ამ თემას ფართოდ აშუქებდა პრესა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ძალა აღმართს ხნავს და სააკაშვილის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. მართალია, მეცნიერებმა უნივერსიტეტი დატოვეს, მაგრამ პროფესია _ არა. მეცნიერი მეცნიერად რჩება არა მარტო დროსა და სივრცეში, არამედ ისტორიაშიც, ისტორიის ჩარეცხვა კი შეუძლებელია. ისტორიკოსი (ძველი რომის სპეციალისტი) გრანი ქავთარია ერთერთი მათგანია, ვინც 2006 წელს უნივერსიტეტი დატოვა. მას შემდეგ ბატონმა გრანიმ რამდენიმე წიგნი გამოსცა, აქტიურად თანამშრომლობს პრესასთან და დღეს «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია.

_ ბატონო გრანი, ძველი რომის მმართველებიდან კონკრეტულად ვის გაგონებთ სააკაშვილი და რატომ?

_ კარგი შეკითხვაა. რა თქმა უნდა, ნერონს! სამწუხაროდ, ნერონსა და ჩვენს პრეზიდენტს შორის მართლაც მთელი რიგი თვალშისაცემი მსგავსებაა; ჩადის სააკაშვილი რომელიღაც რაიონში და მას ტაშით, ოვაციებით, შეძახილებით «მიშა! მიშა!» ხვდება ეგზალტირებული საზოგადოება. ამ სცენებს ჩვენ ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც ვუყურებდით ხოლმე მთელი ამ ხნის მანძილზე. საარჩევნო პერიოდში კი ლამის ყოველ საათში თუ არა, დღეში სამ-ოთხჯერ მაინც გვაჩვენებენ პრეზიდენტის ტრიუმფალურ სვლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მისით აღფრთოვანებული ადამიანების ოვაციებს. ნერონსაც იგივე გატაცება ჰქონდა _ უყვარდა პუბლიკა, ტაში და ოვაციები. იგი გახლდათ უდიდესი მსახიობი და შესანიშნავი მომღერალი, უბრწყინვალესი განათლების მქონე, განსაკუთრებით უყვარდა ხელოვნება და შესანიშნავადაც ერკვეოდა ამ სფეროში, მაგრამ… მაგრამ ნერონი აბსოლუტური გიჟი გახლდათ და ეს ფაქტი ისტორიამ, რა ხანია, დაადასტურა.

_ სხვათაშორის, სააკაშვილის მოსვლის დღიდან საქართველოში დიდი გალაკონცერტების ჩატარება წესად იქცა და ამისთვის უზარმაზარი თანხები, მილიონები, იხარჯება ბიუჯეტიდან. ხალხი და მათ შორის .. ჩარეცხილი ინტელიგენციაც გადაულახავი ყოფითი პრობლემებით (კვება, კომუნალური და სხვა გადსახადები) იმდენად დაბეჩავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე მხოლოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობს. ძველ რომში განათლებულ, ინტელიგენტ ადამიანებს პატივს სცემდნენ, რამდენადაც ვიცი

_ პირიქით, ძველ რომში ინტელიგენტური პროფესიები, მაგალითად _ ექიმი, მასწავლებელი, მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, მხატვარი, მოქანდაკე, სამარცხვინო იყო. ერთადერთი და საამაყო მხოლოდ ხმალი იყო და, შესაბამისად, დაფასებულები და დიდ პატივში მხოლოდ მეომრები იყვნენ.

_ არადა, ძველ რომს, თავისი ხელოვნებითა და ზოგადად კულტურით, ერთერთი საპატიო ადგილი აქვს კაცობრიობის ისტორიაში. თუ მხოლოდ ხმალი იყო პატივის ღირსი, კულტურაში ასეთ დიდ სიმაღლეებს როგორ მიაღწიეს?

_ ჰორაციუსს უთქვამს: დაპყრობილმა საბერძნეთმა დაიპყრო დამპყრობელი რომი(!), რა თქმა უნდა, კულტურის თვალსაზრისით. ვის უნდა ეკეთებინა ხელოვნება? ბერძნებს! ერთ ფაქტს მოვიყვან ისტორიიდან: მეორე საუკუნის შუა ხანებში რომი საბერძნეთს იპყრობს. ბერძენი მსახიობები რომში ჩადიან და ხელისუფლებას სთავაზობენ _ სცენაზე ტრაგედიას წარმოგიდგენთო. მოგეხსენებათ, ევრიპიდეს, ესქილეს ტრაგედიები ცნობილი იყო ძველ საბერძნეთში. წარსდგნენ ბერძენი  მსახიობები რომაელების წინაშე, სცენაზე ტრაგედიას თამაშობენ და წარმოდგენის მსვლელობის დროს რომაელებს ჩაეძინათ. ადის სცენაზე რომაელი, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, კულტურის მინისტრი და ეუბნება ბერძენ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, რეჟისორს _ ახლავე შეწყვიტეთ ეს მაიმუნობა და კრივი გამართეთ! რა უნდა ექნათ ბერძენ მსახიობებს?! ცხადია, გამართეს კრივი. ჩაძინებულ რომაელებს გამოეღვიძათ და ისეთი აღფრთოვანებულები იყვნენ, რომ დარბაზი ლამის დაინგრა ტაშით.

აი, ასე დაიწყო ბარბაროსი რომაელების პირველი ზიარება ბერძნულ კულტურასთან, მაგრამ შემდეგ მოხდა მათთან გათანაბრება. რომაელები დიდი ბერძნული კულტურის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ და მოგვიანებით რომში სავალდებულოდ ითვლებოდა ბერძნული ენის ცოდნა. საერთოდ, ლათინურზე უკეთესად რომაელებმა ბერძნული ენა იცოდნენ, მხედველობაში მაქვს ძვ.წ.აღ. II საუკუნე, თორემ მანამდე რომაელები ბარბაროსები იყვნენ. ძვ.წ.აღ. I საუკუნეში კი რომაელებისთვის საბერძნეთი, ათენი და განსკუთრებით ალექსანდრია მეცნიერების, ხელოვნებისა და საერთოდ კულტურის ცენტრებს წარმოადგენდა. რომაელებს ბერძენი მასწავლებლები ჰყავდათ შინ.

_ პატრიციებს?

_ პატრიციებსაც და პლებეებსაც. პლებეები დაბალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ III საუკუნიდან დაიწყო მათი გათანაბრება პატრიციებთან და რომის სენატში ორჯერ მეტი პლებეი იყო, ვიდრე _ პატრიცი. მაგალითად, დიდი რეფორმატორები, ძმები გრაკჰუსები, პლებეები იყვნენ. V საუკუნეში კი შეიქმნა სახალხო ტრიბუნის თანამდებობა, რომელიც პლებეების ინტერესებს იცავდა. სახალხო ტრიბუნი აუცილებლად პლებეი უნდა ყოფილიყო, დიდი უფლებები ჰქონდა და მას შეეძლო სენატის მიერ დამტკიცებული კანონის შეჩერება. მართალია, იერარქიით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი კონსული გახლდათ, მაგრამ სახალხო ტრიბუნს კონსულის გამოცემულ ბრძანებაზე ვეტოს დადების უფლება ჰქონდა. იყო შემთხვევები, როდესაც პატრიციები პლებეების ფენაში გადადიოდნენ, რათა ტრიბუნები გამხდარიყვნენ.

_ გამოდის, გარკვეულ პერიოდში რომში დემოკრატია მართლაც ყვაოდა და  დღევანდელი ცივილიზებული მსოფლიო ბევრ სიკეთეს სწორედ რომაელებს უნდა უმადლოდეს. საინტერესოა, როგორ დაადგნენ რომაელები დემოკრატიის გზას, რამ განაპირობა ასეთი არჩევანი?

_ ძვ.წ.აღ. 509 წელს რომში მეფეთა ხანა დამთავრდა და უკანასკნელი მეფე, ტარკვინიუს ამაყი, სამარცხვინოდ გააძევეს რომიდან. ამ გადაწყვეტილებას, დღევანდელი გადასახედიდან, ცოტა არ იყოს, ღიმილისმომგვრელი ისტორია უძღვის წინ.

ტარკვინიუს ამაყის მეფობის დროს მოხდა ასეთი ამბავი: ქეიფობდნენ რომაელი ახალგაზრდები, მათ შორის იყო ტარკვინიუს ამაყის შვილიც, მთლად პატარა ბიჭი არა, ცოლშვილიანი კაცი გახლდათ. როდესაც ახალგაზრდები კარგად შეთვრნენ, ლაპარაკი დაიწყეს _ ჩვენ შორის ვისი ცოლია ყველაზე კარგიო. ყველამ თავისი ცოლის ქება დაიწყო, ვერ შეთანხმდნენ, გადაწყვიტეს კომისიის შექმნა და სამი კაცი შეარჩიეს. კომისიას უნდა ჩამოეარა და შეემოწმებინა, ვისი ცოლი რას აკეთებდა. საქმე ის გახლდათ, რომ უკვე შუაღამე იყო და, ალბათ, ამიტომაც ჩათვალეს მნიშვნელოვნად შემოწმება. ჩამოიარა კომისიამ და აღმოჩნდა, რომ ზოგიერთის ცოლს ეძინა, ზოგიერთის ცოლი სახლში არ დახვდათ, ზოგიერთის ცოლი კი სხვა კაცთან აღმოჩნდა. მხოლოდ ერთადერთის ცოლი ნახეს შინ, რომელიც მონა ქალების გარემოცვაში იჯდა და რაღაცას  აქსოვინებდა მათ. კომისიამ დაადგინა, რომ ყველაზე კარგი ცოლი სწორედ ის იყო. დაბრუნდნენ თანამოქეიფეებთან და გამოუცხადეს _ ყველაზე კარგი ცოლი არის ლუკრეცია კოლადინი. ტარკვინიუს ამაყის შვილმა შეურაცხყოფად მიიჩნია, რომ მისი ცოლი არ აღმოჩნდა ყველაზე კარგი, შურისძიება გადაწყვიტა და ძალა იხმარა ლუკრეციაზე.  შეურაცხყოფილმა ლუკრეციამ თავი მოიკლა და მეუღლეს წერილი დაუტოვა _ შენი ერთგული ვიყავი, მაგრამ ტარკვინიუს უმცროსმა ძალა იხმარა და ამის გამო თავს ვიკლავო. როგორც ისტორიკოსი წერს _ ამ ფაქტმა დიდი მღელვარება გამოიწვია რომში და მთელი ქალაქი ფეხზე დადგა. ტარკვინიუს ამაყი და მთელი მისი ოჯახი რომიდან განდევნეს. ეს მოხდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, 509 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ამის შემდეგ დამყარდა რომში დემოკრატია, ანუ ხალხის მმართველობა, რომი კი რესპუბლიკა გახდა.

_ ძალიან საგულისხმო ეპიზოდია, უმსგავსო საქციელისთვის მთელი სამეფო კარი განდევნეს ამაყმა რომაელებმა. მოდით, ისევ დღევადელობას  დავუბრუნდეთ: როგორც ისტორიკოსს, მსოფლიო პოლიტიკის მესაჭეთა შორის ვინ გეგულებათ  ძლიერ, დიდ პოლიტიკოსად?

_ ძნელია ასეთი პიროვნების გამოყოფა. ამერიკა ცდილობს მსოფლიო ბატონობას, მაგრამ გამოკვეთილი ძლიერი პოლიტიკოსი არ ჰყავს, ყოველ შემთხვევაში, ასეთი არ ჩანს.

_ და ბოლოს, კონკრეტულად ჩვენს პრეზიდენტზე რა აზრისა ხართ?

_ ძალიან მოკლედ შემოვიფარგლები: თანდაყოლილი მსუბუქი აზროვნება აქვს სააკაშვილს.

ესაუბრა ეკა კახიანი

 

3 COMMENTS

  1. ბატონი გრანი წესიერი, გულანთებული და ცნობილი მეცნიერია! სირცხვილია ეს კაცი უნივერსიტეტის პროფესორი არ იყოს! ესაა ლომაიას მიერ წელში გადატეხილი უნივერსიტეტის ხვედრი! მარგველაშვილის სამინისტრო კი დუმს!!!!

  2. ბატონი გრანი! ძალიან, ძალიან კარგი პიროვნება! მე უნივერსიტეტი ვერ წარმომიდგენია ბატონი გრანის გარეშე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here