სახელმწიფო მოხელეებთან როცა გვიწევს საუბარი, ისინი ყოველთვის გვეუბნებიან: რატომ არაფერს წერთ ჯანდაცვის რეფორმაზე, ჩვენ ხომ გავაკეთეთ ის, რაც, რეგიონში კი არა, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი უპრეცედენტოაო?! რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლები საყოველთაო ჯანდაცვას გულისხმობენ, რომლის გამოც, მათი თქმით, ასიათასობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს და კრედიტის აღებას ოპერაციის გაკეთების გამო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, მაგრამ… თვითონ გვთხოვეს, აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვასა და საზოგადოდ, ჯანდაცვაზე გააკეთეთო და აგერ, ბატონო, არ დაგზარდით.
დავიწყოთ იმით, რომ მიმდინარე წელს სწორედ ჯანდაცვის სახელით გააძვირეს აქციზი სიგარეტზე და, ვინც არ იცის, იმის გასაგონად ვიტყვით _ სიგარეტის კოლოფი 7 ლარი თუ ღირს, 4 ლარი აქციზის გადასახადია, 3 ლარი კი თამბაქოს ღირებულება, ანუ ნახევარზე მეტი ბიუჯეტში მიდის, რომლიდანაც ხელისუფლების წარმომადგენლები კოლოსალურ ხელფასებს იღებენ. სხვათა შორის, მომავალი წლის 1 იანვრიდან საქართველოში მოწევა სტადიონებზეც აიკრძალება. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ხელისუფალნი სტადიონზე ნამყოფები არ არიან, თორემ, როგორ გინდა, სიგარეტის გარეშე საქართველოს ნაკრების თამაშს უყურო? მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანდაცვა საყოველთაო აღარ იქნება, სიიდან არაერთ ადამიანს ამოიღებენ და საბოლოოდ მივალთ იქამდე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა სოციალურად დაუცველებს შეეხება, ზუსტად ისე, როგორც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში იყო. საზოგადოდ, ამჟამინდელი ხელისუფლება ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ მიდის იქით, რომ ყველაფერში წინამორბედს დაემსგავსოს და როგორ ვთქვათ, ეს კარგი და მისასალმებელიაო?!
მთავარი რეფორმა, რომელიც ჯანდაცვას მომავალი წლიდან შეეხება, კლინიკების ერთიანი ფასებია. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, კლინიკაში, რომელსაც უდგას ძვირად ღირებული აპარატურა, ექოსკოპია ღირს 50 ლარი. სხვა კლინიკაში, რომელსაც შედარებით მოძველებული აპარატი აქვს, ექოსკოპია ღირს 30 ლარი. ჰოდა, ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს, ყველა კლინიკას სამედიცინო მომსახურების ერთი ფასი ჰქონდეს, რადგან სახელმწიფომ ზუსტად იცოდეს, რას და როგორ იხდისო. ერთი შეხედვით, ეს ცუდი არ არის, გეცოდინება, რომ ფასი ერთია და კარგ კლინიკაში წახვალ, მაგრამ ძაღლის თავიც მანდ არის დამარხული. როგორ გგონიათ, კლინიკები სწორებას 30 ლარზე (პირობითად) გააკეთებენ თუ 50-ზე? რა თქმა უნდა, გააძვირებენ და გარდა იმისა, რომ იაფფასიანი აპარატურის მქონე კლინიკებს კლიენტი, უბრალოდ, აღარ ეყოლება და ისინი დაიხურება, სამედიცინო მომსახურების გაძვირება მოსახლეობას უმძიმეს ტვირთად დააწვება. სახელმწიფო ისევ ხელებს გაშლის: ჩვენ პატიოსნად ვიხდით თანადაფინანსების თანხასო. ის მეორე ნაწილი კი, რომელიც მოსახლეობის გადასახდელია, უმძიმესი ხარკი იქნება. სწორედ ხარკი, რადგან ქვედა ფენას მონური ხელფასი აქვს და ხარკს კიდევ მონები იხდიან.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ყველაზე ცუდი პუნქტი არის ის, რომ სახელმწიფო ქრონიკულ დაავადებებს არ აფინანსებს. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, თუ ალერგია გაქვთ ყვავილის მტვერზე და ეს არის ქრონიკული, სახელმწიფო დაფინანსებით არ გეხმარებათ და მთელი ცხოვრება მარტომ უნდა იხადოთ მკურნალობისა თუ წამლის ფული. ვიღაცამ, შესაძლოა, იკითხოს: სახელმწიფოს რატომ ავალდებულებო? კი არ ვავალდებულებთ, ბატონებო, ეს მათი დაპირება იყო, ამით ამაყობენ და კეთლი ინებონ, დაპირება შეასრულონ. ესეც არ იყოს, დღემდე გაუგებარია, საყოველთაო ჯანდაცვის ფორმატში რატომ ვერ ხვდება ასეულობით ბავშვი, რომლებსაც მკურნალობა გადასარჩენად ესაჭიროებათ. ვერც იმას აგვიხსნის ვინმე, რატომ არის 70 წლის კაცისთვის ვარიკოზული ვენების გადაუდებელი ოპერაცია კოსმეტიკური ჩარევა და რატომ არ აფინანსებს სახელმწიფო? ჰო, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, თუ ვენებზე ოპერაცია გჭირდებათ, გეუბნებიან, რომ ეს კოსმეტიკური ხასიათისაა და სახელმწიფოს არ აქვს უფლება, დააფინანსოს. ანუ, სახელმწიფოს აზრით, 70 წლის კაცი ფეხების ფორმაზე ზრუნავს და არა ჯანმრთელობაზე.
როცა ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით წამლის ფასს. ისე, ძალიან საინტერესოდ თქვა რამდენიმე თვის წინათ პარლამენტარმა და “პსპ”-ს მფლობელმა კახა ოქრიაშვილმა, საქართველოში წამალი კი არ არის ძვირი, ხელფასებია დაბალიო. რა თქმა უნდა, როცა პარლამენტარი ხარ და სუფთა ხელფასი თვის ბოლოს 4 ათას ლარს უკაკუნებს, სხვისი ხელფასი დაბალი მოგეჩვენება და არც წამლის ფასი იქნება მაღალი. სახელმწიფოს ამ მიმართლებით სრული ანარქია აქვს. ანარქიაა ის, რომ, მაგალითად, სოდის აბები, რომელიც ევროპაში 1,5 ევრო ღირს, საქართველოში 120 ლარად იყიდება. რაც მთავარია, ევროპაში თუ იყიდი, საქართველოში ორ კოლოფზე მეტს ვერ შემოიტან, კანონი არ განებებს და ეს კანონიც სწორედ სააფთიაქო ქსელებზე მორგებული გვგონია. არ არის საჭირო პროფესორობა და ანტიმონოპოლიურ სამსახურზე ტირილი, ხომ არსებობს კონკურენციის სააგენტო, რომელსაც ცხონებული ნოდარ ხადური ხელმძღვანელობდა? ახლა ვინ არის მისი ხელმძღვანელი, ეგებ ის მაინც გვითხრან და დაავალონ, რომ სააფთიაქო ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეისწავლოს, მაგრამ ასე არ მოხდება და იცით, რატომ? იმიტომ, რომ წამლების ბიზნესიდან კონკრეტულ ადამიანებს ყოველთვიურად მილიონობით შემოსავალი მისდით და მოსახლეობის გამო ისინი ამ შემოსავალზე უარს არ იტყვიან.
ახლა იმას დაგისაბუთებთ, რატომ არის სააფთიაქო ქსელი შეკრული და რატომ არიან ისინი ერთმანეთთან მოლაპარაკებულები. სოდის აბები ავიღოთ. ნებისმიერმა ქსელმა აღნიშნული წამალი 50-ჯერ (?!) რომ გააიაფოს, მაინც სოლიდური მოგება დარჩება და, ახლა თუ ყიდის დღეში ათ კოლოფს, გაყიდის ათჯერ მეტს და იმაზე მეტს მიიღებს, ვიდრე ასჯერ გაძვირებული წამლით, მაგრამ არც ერთი ქსელი არ აიაფებს. რომ ვთქვათ, ამდენს ვერ ხვდებიანო, ძალიან გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან ყველაფერს და, პირველ რიგში, იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საჭმელს არ შეჭამს, გადასახადს არ გადაიხდის, ყველაფერს მოიკლებს, მაგრამ წამალს აუცილებლად იყიდის. ეს იციან კარგად სააფთიაქო ქსელის შეფებმა და სახელმწიფოს მიერ “გამწვანებული” ადამიანების ყვლეფას წლიდან წლამდე წარმატებით ახორციელებენ. რაც მთავარია, სახელმწიფო მათ ამ ყველაფერში ეხმარება და ერთხელაც არავის დასცდენია ის, რომ ეგებ წამლები გაიაფდეს და მიუახლოვდეს იმ ფასებს, რომლებიც რეგიონში გვაქვს. რატომ უნდა ღირდეს ჩვენზე მძლავრი ეკონომიკის მქონე თურქეთში წამალი ათჯერ და ოცჯერ უფრო იაფი? რატომ უნდა უღირდეს საქართველოს მოქალაქეს თურქეთში წასვლა და წამლის იქ ყიდვა, თუ დიდი ოდენობით სჭირდება? იმიტომ, რომ ასეთები ერთეულებია, მასა კი იძლებულია, აქ შეიძინოს, აქ დაიხარჯოს. პენსიონერი ვერ წავა თურქეთში წამლის საყიდლად და, როცა პენსია 200 ლარია და წამალში თვეში 100 ლარი მიდის, ისიც ხომ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ეს 100 ლარი საჭმელსა და გადასახადებზე, უბრალოდ, არავის ეყოფა?! ზაფხულისთვის პენსიის მომატება რომ იგეგმება, ეგეც ვიცით, მაგრამ 20 ლარით გაზრდილ პენსიას ვერავინ იგრძნობს. ახლავე შეგვიძლია გადაჭრით იმის თქმა, რომ ამ ნამატს ავტომატურად მოჰყვება პროდუქტისა და წამლების ფასის ზრდა, მოსახლეობამ შვება რომ არ იგრძნოს. თითქოს ყველაფერი შემთხვევით ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ შემთხვევითობა ერთხელ ხდება, მრავალჯერ მომხდარი კი უკვე კანონზომიერებაა. ჰოდა, ამ კანონზომიერებაშია ჩასმული ის, რომ რამდენჯერაც პენსია იმატებს, იმდენჯერ ზუსტად იმ პროცენტულობით იმატებს წამლის ფასი და პენსიონერი შვებას ვერ გრძნობს.
ჰოდა, სანამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაგვაყვედრით, ბატონებო, სანამ იმაზე დაიწყებთ საუბარს, რომ თურმე რეგიონში კი არა, ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო პროგრამა განახორციელეთ, გადახედეთ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს, დააკვირდით იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 22 მილიონი ლარი მოაკლდა, დააკვირდით იმას, რომ ფასების გათანაბრებით მოსახლეობას გადასახადი ეზრდება და მერე გველაპარაკეთ. მანამდე კი, სანამ უპრეცედენტო პროექტებზე დაიწყებთ საუბარს, ორიოდე კვირის წინ რუსეთში გადაღებულ ვიდეოსაც მოუსმინეთ, სადაც ქვეყნის პრემიერს, დიმიტრი მედვედევს, ერთ-ერთი კორპუსის წინ მოხუცმა ქალმა სთხოვა: ორი კვირაა, ცხელი წყალი აღარ მოდის ჩვენთან და იქნებ დაავალოთ შესაბამის სტრუქტურებს, პრობლემა მოაგვარონო. გესმით, ბატონებო, ცხელი წყალი აღარ მოდის ორი კვირააო. მოგვდიოდა ჩვენც თავის დროზე და… არ იყო ეს უპრეცედენტო!
ბესო ბარბაქაძე