პოლიტიკური კრიზისები, პოლიტიკური რეჟიმების დამხობის მცდელობა, ამომრჩევლის ქუჩაში გამოყვანისკენ მოწოდება თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მსგავსი მოწოდებები ისე ხშირია, რომ ქართველ კაცს, უბრალოდ, რეაქცია აღარ აქვს, თუმცა მსგავსი ნიჰილიზმი მხოლოდ აქციების სიხშირით არ არის განპირობებული, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. ახლა მოკლედ _ მორიგ პოლიტიკურ კრიზისზე:
მორიგი პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტის მიერ “ჩაგდება”, არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებისა, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ამ ზაფხულს დაჰპირდა რუსთაველზე შეკრებილ რევანშისტებს. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წლიდან საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო მხოლოდ პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში. დაპირებას წინ უძღოდა ხანგრძლივი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა მაჟორიტატული სისტემის “მანკიერებაში” საზოგადოების დარწმუნებასა და პროპორციული სისტემის უპირობო უპირატესობის მტკიცებას.
პროპორციული სისტემის დანერგვა დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ხელს აძლევთ მხოლოდ არსებულ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ტოტალური კონტროლის პირობებში ხელეწიფებათ საკუთარი იდეების გაპიარება და ამომრჩევლისთვის თავსმოხვევა. ვაშინგტონის ინტერესების გამტარებელი ხსენებული პოლიტიკური სუბიექტების ურთიერთშეთანხმებული ქმედებით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვერ მოხერხდა და ფეხი ვერ მოიკიდა ეროვნულმა ძალამ. დღეისათვის სწორედ ამ სუბიექტებისთვის გახდა მიუღებელი მაჟორიტარული სისტემა, რომლის საშუალებითაც შეიძლება პარლამენტში მოხვდეს ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა ქვეყნის, ერისა და საკუთარი კუთხის ბედზე.
მაჟორიტარულ სისტემაზე კოლექტიური თავდასხმა განპირობებულია იმით, რომ ის ხელს უშლის არსებულ პოლიტიკურ სუბიექტებს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების კონტროლით მიიღონ მაქსიმალური შედეგი, რადგანაც, ადამიანის ცნობიერებაზე მასმედიის დიდი ზეგავლენის მიუხედავად, ძნელია, აიძულო ვინმე, მხარი არ დაუჭიროს ეროვნულად მოაზროვნე, დიდი ავტორიტეტის მქონე მაჟორიტარს. სწორედ ამ არჩევანის წართმევას ისახავს მიზნად პროდასავლური პოლიტიკური სუბიექტების მაჟორიტარული სისტემის კოლექტიური კრიტიკა.
ივანიშვილი თავდაპირველად დასთანხმდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, მაგრამ, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ პროცესებზე მის მიერ კონტროლის დაკარგვის შანსი ძალიან მაღალი იყო, ამიტომ მის ქისაზე დაკიდებული დეპუტატების საშუალებით კანონპროექტის ჩავარდნა გაითამაშა, თან მწუხარებაც გამოთქვა და ყველაფერში აგრესიული “ოპოზიციონერი” დეპუტატები დაადანაშაულა, თითქოს მათ მოახდინეს დეპუტატების პროვოცირება და კანონპროექტის წინააღმდეგ მათ მიერ ხმის მიცემა.
საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებამ “აღაშფოთა” და რუსთაველზე გამოიყვანა ყველა პოლიტიკური გვამი, რომლებმაც ერთხმად შემოუძახეს ივანიშვილს და მოითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, რაც საქართველოს ძველი თუ ახლანდელი დამანგრეველი პოლიტიკური სუბიექტების ინტერესებშია და რომლებიც მუდმივ წინასაარჩევნო მზადყოფნაში არიან. მათთვის სრულიად საკმარისია ორი თვე, რათა ურთიერთბრალდებებითა და პროვოკაციებით მოახდინონ საკუთრი ამომრჩევლის ორგანიზება და დარაზმვა.
ერთადერთი, ვისაც ხელს არ აძლევს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ეროვნული ძალის მოლოდინში დაღლილი ქართველი კაცია. ეროვნული ძალის გამოჩენის მოლოდინში საზოგადოების ამ ნაწილმა, დიდი ხანია, შეწყვიტა ბოლო ათწლეულებში არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა. საზოგადოების ხსენებულ ნაწილს დღესაც აქვს არჩევნებამდე ეროვნული ძალის გამოჩენის მოლოდინი, თუმცა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ვერ ჩამოყალიბდება და ამომრჩევლამდე თავის სათქმელს ვერ მიიტანს ეროვნული ძალა, რომლის გამოჩენის იმედსაც ქართველი კაცი არ კარგავს. სწორედ ამის ეშინიათ ვაშინგტონის მონა პოლიტიკურ სუბიექტებს, გადაჯგუფებით ცდილობენ ამომრჩევლის მოტყუებას და პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენას. ეროვნული ძალის გამოჩენა საქართველოში მიუღებელია ამერიკული ისტებლიშმენტისთვის, ამიტომ მართვადი პოლიტიკური სუბიექტების მანიპულაციით ყველაფერს აკეთებს ქართველი ამომრჩევლის მოსატყუებლად.
ქართველ საზოგადოებაში, დიდი ხანია, მომწიფდა ანიტიამერიკული განწყობა, იცვლება დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ. ამომრჩეველი ხედავს, რომ იზრდება მოსკოვის ავტორიტეტი და გავლენა, მასზე დასავლეთის ლიბერალური ელიტის კოლექტიური თავდასხმის მიუხედავათ. აღნიშნულმა მდგომარეობამ ბევრი ქართველი რუსოფობიც ჩრდილოეთისკენ გაახედა, თუმცა ესეც ამომრჩევლის მოტყუების კიდევ ერთი ხერხია. ამერიკის მიერ მართული პოლიტიკური სუბიექტები რუსეთთან სხვადასხვა ფორმით დიალოგის ინიცირებით ცდილობენ ამომრჩეველთა მოტყუებას და მოსკოვთან დიალოგზე ორიენტირებული სუბიექტების იმიჯის შექმნას.
მშიერი ქართველი კაცი დაიღალა დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისებით, რაზეც კარგად მეტყველებს ბოლო წლების არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა და საპროტესტო მოწოდებების მიმართ მათი გულგრილი დამოკიდებულება. საზოგადოება მიხვდა, რომ არ არსებობს პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც შეასრულებს მათ დაკვეთას.
ევროპული და ევროატლანტიკური “გაბრწყინების” მოლოდინში საზოგადოება ისე დაამშიეს, რომ ყველა სრულწლოვანი საქართველოდან წასვლაზე ოცნებობს. ის, ვისაც წასვლა არ შეუძლია, მონური შრომით, მევახშეებისგან გატყავებული ცდილობს ლუკმაპურის შოვნას. დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაშია. მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ჩატარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ხვდებიან, რომ მათ კეთილდღეობაზე ეს არანაირ გავლენს არ მოახდენს და დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი არის მხოლოდ ვაშინგტონს დამონებული პოლიტიკური სუბიექტების ურთიერთდაპირისპირება ძალაუფლების მორიგი გადანაწილების მიზნით.
დავით სუხიაშვილი,
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი